Jump to content

მოგონება შორეულზე

From Wikisource
მოგონება შორეულზე
ავტორი: ტერენტი გრანელი


იგი წავიდა გვიან,
თეთრი თოვლივით ცივი.
ზამთარი, როგორც ტყვია,
მოვა, ქარით და წვიმით.

შენსკენ მოვდივარ ერთი
და მესმის რეკვა ზარის.
სიკვდილი მომდევს გვერდით
და ვარ მოღლილი მგზავრი.

მოჩანს წამება დიდი
და მეც სამარეს ვეძებ.
სადღაც ვიღაცა მიდის
და ფიქრობს თავის ბედზე.

ჯვარზე შეღება ქრისტე
გულის უმანკო სისხლმა.
ამაღამ ველი ისევ
საშიშ ლანდიან სიზმარს.

იგი წავიდა გვიან,
თეთრი თოვლივით ცივი.
ზამთარი, როგორც ტყვია,
მოვა, ქარით და წვიმით.

რესურსები ინტერნეტში

[edit]