მისალმება ზამთრისადმი
Appearance
მისალმება ზამთრისადმი ავტორი: ტერენტი გრანელი |
იგი, რაც მწამდა,
ჩემთან ციმციმებს.
სალამი ზამთარს,
სიკვდილს, სიცივეს.
მთვარე და ნამი, -
ორი ლანდია მოგონებების.
უძილო ღამის
ცისფერ განთიადს მე ვეგებები.
წვიმები წივის,
მშვიდობით, გმადლობთ.
ოთახი ცივი
და უსინათლო.
ვიცი, რომ ვცდები
მე ღვთაებრივი.
მოსჩანან მთები
საფლავებივით.
დამეძებს გარეთ,
ვერ მოვიცილე.
სალამი ქარებს,
სიკვდილს, სიცივეს.