მივდივარ, გზაზე ადის ალმური
Appearance
მივდივარ, გზაზე ადის ალმური ავტორი: ტერენტი გრანელი |
მივდივარ, გზაზე ადის ალმური,
მივდივარ, ელავს შუადღე მშვიდი.
უცებ მომესმა ხმა სალამურის
და უცებ ხიდან აფრინდა ჩიტი.
გაზაფხულია, თუმცა არ მჯერა,
და მთაზე ისევ ლურჯი ფერია.
თბილისი ჩნდება შორს ალმაცერად
და ახლა თითქო აქ სოფელია.
გაზაფხულია, მივდივარ ნელა
და მიკავია ხელში ეს ია.
მე უარვყავი მთელი ცხოვრება,
ვიწამე ზეცა და პოეზია.