მთის წყარო

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მთის წყარო
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1888 წელი


არაფერი ცოდვა არ მიქნია ჩემს სიცოცხლეში. ვერც ერთი სულიერი, თუნდ უსულო, ჩემს ცოდვას, ჩემს სიავეს ვერ იტყვის. ღმერთს ესე დაუწესებივარ: უნდა ვიდინო, ვიდინო; ყველამ ჩემით უნდა მოიკლას წყურვილი. გახურებულ ზაფხულის დღეში რამდენი ნადირი მოდის, სვამს ჩემს წყალსა. რამდენი დაღალულ-დაქანცული მუშა მოვა, მოიტანს ცელს, ნამგალს გასალესად. კაცნი მსმენ და ათასში ერთი თუ იტყვის: “დაილოცე, ცივო მთის წყაროვ, რომელი ღვინო შეგედრებაო?!” უმრავლესობა ზედ მაფურთხებს. რა ვქნა, მე ვერავის მივაფურთხებ. დეე, ისევ მე მაფურთხონ! რა ბედნიერადა ვგრძნობ ჩემს თავსა, ღმერთო! რა კარგი მეგობრები მყვანან გვერდსა! აი ჯერ ეს ლოდები, სქლად მწვანე ხავსი რომ გადაჰკვრია; აი კიდევ ჩემს თავზედ პირყვითელი კლდე რომ დაყუდებულა და დამცქერის, მეხურება თავზედ მუზარადივით. ეს დევებივით ქორაფები როგორ აწვდილან ზეცად და მზის სხივსაც არ უშვებენ ჩემამდის! სქელი, გველებივით დაკლაკნილი ფესვები ჩემს უბე-კალთაში ჩაუწყვიათ. ორისა თუ სამის ვერსის სიგრძეზე ვარ მხოლოდ ბედნიერი და უცოდველი, მერე დამლევს, ჩამნთქავს უზარმაზარი მდინარე, დაიკარგება ჩემი სახელი, ჩემი ვინაობა. როგორც უნდა, ისე მათამაშებს. თითონ ხომ ღრიალებს, ბორგავს, აწყდება აქეთ-იქით, ანგრევს დედამიწას, გლეჯავს ხეებსა და მიათრევს, მეც იმასვე ჩამადენინებს. მაგრამ მაშინ მე ის აღარა ვარ, რაც ეხლა, ამ წამში, როდესაც პირველად კლდიდამ ვიბადები. ოჰ, ამ მდინარისაგან გული მაქვს გახეთქილი! რამდენჯერ აქ მესმის ხოლმე ხალხის ჟივილ-ხივილი: “დაარჩო წყალმა კაცი, უშველეთ, ღმერთი არავის გწამსთო!” ცოტა არ არის, მეც ბრალი მედება. ვაჰ, ჩემო თავო!

ნეტავი დამბადებელს ესე არ დავეწესებინე და სულ დაუსრულებლად მედინა, მერწყო მცენარენი, დედამიწის ლამაზი გული, მომეკლა კაცთა და ცხოველთათვის წყურვილი! რა ბედნიერად ვგრძნობ ხოლმე ჩემს თავს, როცა მე ჩავუვლი გასახმობად დამზადებულს ბუერასა და იგი თავს დამიკრავს, სალამს მაძლევს, თან თავისის ფოთლებისას კაბას მიკერავს. მერე რომ ჩადუნიანში ჩავრაკრაკდები და ისინიც გარს შემომერტყმიან და ტრფიალით მომძახიან: “გაუმარჯოს მთის წყაროს, გაუმარჯოსო!” ახლა ზვავისაგან წამოთელილს თხილებსა და ყურძნებს დავულბობ დამჭკნარს ფესვებსა და მაღლა ავახედინებ... ოჰ, ღმერთო, ღმერთო, ჩემს ამაგს რად აფუჭებინებ იმ ტიალს, აბეზარს, დაუდეგარს, მოუსვენარს მდინარეს! წუხელის რა ცუდი სიზმარი ვნახე!.. ღმერთო დამბადებელო, ჩვენო პატრონო, ჩვენო შემნახველო, კარგად ამიხდინე!.. ვნახე, ვითომ ვიღუპებოდი. გვალვა, დიდი გვალვა დამდგარიყო; ბალახნი, ხენი, ჩემნი მშობელნი, დამჭკნარიყვნენ, მეც დავმშრალიყავი თითქმის. ღაბუა, ლამაზი “წიფლისჩიტა” ჩამოფრინდა ვერხვის ტოტიდამ და უნდოდა ჩემს გუბეში ბანაობა, მაგრამ ვეღარ დაისველა მხრები და დაიწყო ტირილი. ვხედავდი ამას და გული მიკვდებოდა: ``სად წახველ, ჩემო მადლო-მეთქი”, - ვდუდუნებდი. დამჭკნარნი დიყი, შუპყა, შამბი, არყი, ცაცხვი და ურძანი, - ყველანი ერთად შფოთავდენ: - ``მივაშველოთ წყაროს წყალი, არ დაგვიშრესო!” მაწვდიდენ ფოთლებიდამ, ტოტებიდამ, ფესვებიდამ თითო-ოროლა ნამობით, მაგრამ ვეღარასა მშველიდენ. თანაც ვითომ მიწამ პირი მიყო და დაუსრულებელს უფსკრულში უნდა დავღუპულიყავ. შემეშინდა და გამომეღვიძა. გული მიკანკალებდა, შუბლზე ოფლი დამსხმოდა. ავიხედე, ნისლებით გაჭედილიყო ხევ-ხუვი. ქორაფმა ტოტები დამკრა, აკვანი დამირწია და დამდუდუნა: “ნუ გეშინიან, პატარავ, არ დაშრები, არ დაიკარგებიო!” ამ დროს, დღისით ფრთხილი და წინდახედული, ზურგზე რქებგადაყრილი, “ყელყურლამაზიანი” ირემი მოვარდა გაჩქარებით, დაეწაფა ჩემს წმინდა წყალს, დალია და გაძღა. მაშინ გულდამშვიდებულმა ვსთქვი: - „არა ვარ გამშრალი, არაო!”.