მე ხეკორძულას წყალი შემისვამს
მე ხეკორძულას წყალი შემისვამს ავტორი: გიორგი ლეონიძე |
ხეკოძულას წყალი მისვამს
მცხეთა ისე ამიგია;
არც არაგავის, არცა მტკვრისა
ცვარი არსად გამიღია.
ხალხური
ვით მეთავთავე ქალები ჰკრეფენ
ყანის ნამკალში პურის თავთავებს,
ისე ვკრეფ ხალხში სიტყვის ნაფერფლებს,
და ალბათ, დიდხანს ვერც მოვათავებ.
მის ფქვილისაგან პურს გამოვაცხობ,
რომ ჩემს მშობელ ხალხს შეერგოს ლუკმად,
არა, ოცნებავ, არ შეურაცხმყო,
არ ჩამიტარო ნაშრომი უქმად!
მე ხეკორძულას წყალი შემისვამს,
და ლექსი ისე მიშენებია,
არა მოყვასი, არა ჩემი ძმა,
მე მხოლოდ ხალხი მიმშველებია!
და მეც მუშა ვარ ჩემი ხალხისა,
მისი მღერალი, მისი მოღვაწე,
მე სიყვარულმა, როგორც მაღირსა,
ჩემი სიცოცხლე ისე მოვხაზე.
მწყურია განა მართლა დიდება?
სიტყვა ვით სუნთქვა, ისე მჭირდება,
მწყურია განა მართლა სახელი?
არა. ― მომავლის გამოძახილი!
აღვმართე ლექსში ქართული დროშა
და ხალხს მივეცი საგალობელი,
ვიცი, ყოველთვის და ყოველ დრო-ჟამს,
მას ეყოლება თანამებრძობელი.