მე რა ვქნა, სიკვდილს თუ ვერ ავცდები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მე რა ვქნა, სიკვდილს თუ ვერ ავცდები
ავტორი: ტერენტი გრანელი


მე რა ვქნა, სიკვდილს თუ ვერ ავცდები,
ქარმა ხეს ტოტი გადაუზნიქა.
და არსენალის ჯარისკაცები,
მესმის, უკრავენ ახლა მუსიკას.

გაივლის გრძნობა, როგორც ანთება,
მოვედი, ისევ დამაგვიანდა.
შემოდგომის დღე ნელა ღამდება,
მე კი მივყვები რკინის ლიანდაგს.

ხმები ისმოდა, ხმები დადუმდნენ,
სურვილი მქონდა წუხელ ძილისა.
მინდა, თბილისში სულ არ დავბრუნდე,
მინდა, ბოლომდე გავყვე რკინიგზას.

სულის ამნაირ ღელვას რა ჰქვია,
დგება ნათელი ისევ ზენარის.
შორს მიდის მტკვარი, ძირს ქალაქია
და მაღლა ისევ დგას არსენალი.

მე რა ვქნა, სიკვდილს თუ ვერ ავცდები,
ქარმა ხეს ტოტი გადაუზნიქა.
და არსენალის ჯარისკაცები,
მესმის, უკრავენ ახლა მუსიკას.

რესურსები ინტერნეტში[edit]