Jump to content

მე მოველ და მოვიტანე სიმღერების კონა

From Wikisource
მჭედელი
ავტორი: ნოე ჩხიკვაძე


მე მოველ და მოვიტანე სიმღერების კონა.
ყვავილები, უკვდავების სხივზე გაფურჩქნული,
რაც ოცნების გაზაფხულზე ვპოვე, მომეწონა:
სილამაზე ზეციური, სიტყვა ცელქი, ბრძნული.
მე მოველ და ყოველივე უნდა გახდეს სრული!

მე მოველ და თან წამომყვა მზე-თავისუფლება,
ჩაგრულთ სისხლით დანამული, ცრემლით მოქარგული.
მას მონა და მიწიერი ვერ დაეუფლება,
მასში ჰყვავის განახლების ტურფა გაზაფხული.
მე მოველ და უნდა გაქრეს გაჭირვება, წყლული!

მე მოველ და აჰა, ტანჯულ მიწას ეცინება,
მდელო შეკრთა, ალიკლიკდა ხევში ნაკადული,
ხუჭუჭ ვარდებს, ფერად ბარდებს შუქი ეფინება -
სიცოცხლე მღერს!.. მიწის შვილნო, სუ! განაბეთ სული!
მე მოველ და მოდით, ჰპოვეთ ტრფობა-სიყვარული!

მე მოველ და თანვე მომყვა ყოფნის განთიადი,
მზემ იფეთქა და გაუკრთა არემარეს რული,
ბნელს შეება წითელ დროშით ხალხი ხმა-დიადი
და იწვება საუკუნეთ ტანჯვის ზღვა უფსკრული!
მე მოველ და უნდა აღსდგეთ! უნდა გახდეთ სრული!