მე მივდიოდი, ქალი მღეროდა
Appearance
მე მივდიოდი, ქალი მღეროდა ავტორი: ტერენტი გრანელი |
მე მივდიოდი, ქალი მღეროდა
და სიცოცხლეზე უფრო ვნაღვლობდი.
მთვარე ზეციდან მტკვარს უცქეროდა,
როცა მადათოვს მივუახლოვდი.
საიდან გაჩნდა ასეთი სევდა,
როდის ელავდა ჩემს წინ სანთელი.
იდგა საღამო და მე მომსდევდა
შავი ფიქრების კორიანტელი.
მე სიმშვიდისთვის უფრო ვკვდებოდი
და ჩემზე ბევრი ლეგენდა ითქვა.
მაშინ დაღლილი შინ ვბრუნდებოდი
და ოთხშაბათის საღამო იდგა.
მე მივდიოდი, ქალი მღეროდა
და სიცოცხლეზე უფრო ვნაღვლობდი.
მთვარე ზეციდან მტკვარს უცქეროდა,
როცა მადათოვს მივუახლოვდი.