მე ისევ ვწევარ, გარეთ ქარია
Appearance
მე ისევ ვწევარ, გარეთ ქარია ავტორი: ტერენტი გრანელი |
მე ისევ ვწევარ, გარეთ ქარია,
გაყინულია ჩემი ხელები.
ახლა ეს ბედი ხომ სიზმარია,
მე ახლა ისევ შორს ვიხედები.
მე უსათუოდ მეტის ღირსი ვარ,
ისევ თეთრია ოცნების ნავი.
ღამეა, ვწევარ და ისევ მცივა
და სადღაც კატა ბავშვივით კნავის.
ისევ დაჰქრიან ქარები გარეთ
და შენი სული თითქოს თოვლია.
მალე ამოვა ყვითელი მთვარე
და მთვარე - ლურჯი ცის ფოთოლია.