მეგობარს (ტერენტი გრანელი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მეგობარს (ტერენტი გრანელი)
ავტორი: ტერენტი გრანელი


ახლა ღამეა და თითქოს ცივა
და წინ იშლება უსაზღვრო არე.
ახლა ღამეა, ოთახში ვზივარ,
აივანს ისევ ანათებს მთვარე.

ჩუმი ზაფხულის მწვანე ფოთლები
მაღალ აივანს გარს ახვევია.
შენ თქვი: ძვირფასო, ასე როდემდის!
და საიდუმლო ფიქრი გეწვია.

თეთრი დღეები მიჰქრიან თვალწინ,
ასე მგონია ვიღაც დამეძებს.
ჰა, შემოდგომა იწყება აწი
და ჩვენ ვსაუბრობთ ცისფერ ღამეზე.

ეს გრძნობა ისევ ებრძვის გონებას
და ძვირფას დღეებს დრომ დამაშორა.
მე ახლო ვხედავ ჩემს მოგონებას,
მე ახლო ვხედავ ძვირფას ლენორას.