მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული
ავტორი: ილია ჭავჭავაძე


მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,

ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!

შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,

ღამე თენდება ეგრედ ჩემი და დღე ღამდება.


დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,

გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,

და მე არ ვჩივი, — მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშრვება

ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.


მაგრამ მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,

ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,

რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში, კაცი არ არი,

რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო!..


6 აგვისტო, 1861 წ.

ყვარელი.