მანანა ორბელიანის სურათზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მანანა ორბელიანის სურათზე
ავტორი: ლადო ასათიანი
1941 წელი


შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავ სამარეში გძინავს,
ჯერ კარგად არც კი გამთბარა ჩემო პატარა ცირა.
შენი სახელი დავარქვი, მინდა შენ გგავდეს მარტო,
ერისთვის ქალო, ფიქალო, ადრე დამჭკნარო ვარდო!
მინდა რომ შენებრ ელავდეს და იყოს შენისთანა,
სამშობლოსათვის ღელავდეს სანამ ხედავდეს – მანამ,
მინდა, რომ შენებრ კერავდეს ის საქართველოს ალამს.
პირმოქარგულო ბალიშით, ძვლის ყაისნაღით ხელში…
შენი მარილი გამოჰყვეს, შენი წარბების ეშხი!
შენსავით გაიშრიალოს, ხმელეთი გადალახოს,
ქალობა დაიმკვეხაროს, ცა და ქვეყანამ ნახოს.
მე კი თუნდ მიწა მეყაროს სადმე, თბილისის ახლოს…
შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავი სამარე გფარავს,
ჩემი მანანა აკვანში ხან გაიცინებს, ხან არ,
ია და ვარდი ეტრფიან ეტყვიან იავნანას.