მამულს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
მამულს
ავტორი: სოლომონ რაზმაძე
7 აპრილი, 1835


ნეტამც, მამულო, არ მოდებოდა
შენის ხილვისა სურვილის ალი,
ურვის სახმილში არ დადნებოდა
ეს ჩემი გული, მომაკლდა ძალი.
ეჰა, მამულო, ეჰა, მამულო!
გაჰქრი, რად მინდი უმისოდ სოლო!
მარად მტირალად არ დავაგდებდი
დედას საბრალოს, ჩემს სიცოცხლესა,
არც შვების დღესა დავუღამებდი,
არც გარდუქცევდი მას ბნელად მზესა.
ვაიმე, დედავ, ვაიმე, დედავ!
ვგოდებ ნიადაგ, რომ ვერა გხედავ!
მოხუცნი ღაწვნი მას დაუღარეს
მრავლის დენითა სისხლისა ცრემლთა,
გული და სული მას დაუღამეს
მწუხარებისა ულმო მახვილთა.
ვაიმე, დედავ, ვაიმე, დედავ!
ვგოდებ ნიადაგ, რომ ვერა გხედავ!