ლოთი მგოსანი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ლოთი მგოსანი
ავტორი: ნოე ჩხიკვაძე


მე მსურს ვილხინო გიჟური ლხინით,
განუსაზღვრელათ მსურს მე ვილხინო,
დავითვრე ვნებით, დავითვრე ჟინით,
და ისე მოვკვდე, არ მოვიწყინო!

მთელი სიცოცხლე ვტიროდი მწარეთ,
ვტიროდი მწარეთ და თან ვგალობდი,
ცხოვრების შვილი, ცხოვრების გარეთ
მშიერ-მწყურვალი დავწანწალობდი.

ბევრჯერ დავრეკე მეგობართ ზარი,
ნაცნობ კარებთან ხშირად ვდრტვინავდი,
ყველგან მესმოდა: “შინ აღარ არი”, -
რადგან ხედავდნენ, არა ვბრწყინავდი.

შხამით და გესლით ვიყავ აღსავსე,
უდროვოთ საფლავს მითხრიდა ბედი,
მაგრამ მე მაინც მტრების წინაშე
არ მომიხრია ამაყი ქედი.

ხელთ მეპყრა ჩანგი სიყვარულისა, -
სიყვარულს მღერდა ჩემი ნაღარა,
მე კი არავინ არ შემითვისა,
მე არ არავინ არ შემიყვარა!

დავდნი, დავიწვი, როგორც სანთელი,
მეწვია ჭმუნვა, უიმედობა
და დამრჩა მხოლოდ უკანასკნელი:
ბრძოლა, სიგიჟე და თავხედობა!

და ჰა, დავაშრე ცრემლისა წყარო,
გამოვეთხოვე მეგობართ კარებს
და გადავწყვიტე: არ შევიყვარო,
ვიდრე არავინ არ შემიყვარებს.

რისთვის დავიწვე, რად დავიცალო,
როს სიჭაბუკე სულს განმიალებს?
მე გადავწყვიტე: მარად ვიმთვრალო,
ვიდრე სიკვდილი გამატიალებს!

მე მსურს ვილხინო გიჟური ლხინით,
განუსაზღვრელათ მსურს მე ვილხინო,
დავითვრე ვნებით, დავითვრე ჟინით,
და ისე მოვკვდე, არ მოვიწყინო!

რესურსები ინტერნეტში[edit]