ლადო გუდიაშვილი (ესე)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ლადო გუდიაშვილი (ესე)
ავტორი: ტიციან ტაბიძე


(1926 წ. მისი სურათების გამოფენის გამო)


ლადო გუდიაშვილი, საქართველოში ექვსი წლის არყოფნის შემდეგ პირველად მართავს თავისი სურათების გამოფენას. მე მგონია, რომ დღეს ის უფრო მეტი თრთოლვით და ჟრუანტელით მოელის თავის გამოფენაზე ხალხს, ვინემ ამ რვა-ცხრა წლის წინ, როდესაც ის ჯერ სრულიად ბავშვი, მოულოდნელად ეჩვენა თბილისს „NSa”-ში გამოფენაზე: ჩვენ ვიცოდით, რომ ის იყო მხატვართა ექსპედიციაში, რომელიც აგროვებდა ქართული ფრესკების კოლექციას - დანგრეული, დარღვეული ტაძრებიდან და კოშკებიდან მოვიდა ის თვითონ როგორც ნიამორი და როგორც ფრესკა გათანგული ზვიადი ჩვენებით უსახელო ოსტატობით მოხიბლული. რუსეთის პოეტი სერგეი გოროდეცკი წერდა ამ გამოფენის გამო ლადო გუდიაშვილზე: „მე ვხედავ აღფრთოვანებულ ყრმას, რომელსაც უნდა ხელმეორედ ააშენოს დანგრეული საქართველოო“. ამბობენ, ას წელში ცა ერთხელ გაიხსნება ნატვრისათვისო და ამ ცის გაღებულ კარებს მიასწრო საქართველომ 1919 წელს, როცა გაიმართა პირველი ქართველი მხატვრების გამოფენა ყოფილ დიდების ტაძარში. და იმ ტაძარში, რომელიც მანამდე მხოლოდ ჩვენი მონობის დიდების ტაძარი იყო, სადაც ეკიდა საქართველოს დახეული დროშები, შამილის გამტყდარი ხმალი და ჰაჯიმურატის ტანზე შეხსნილი მუზარადები, რომელსაც გარს ერტყა რუსეთის ცარიზმის ზარბაზნები და იმპერატორის ალექსანდრე I მაცდური მანიფესტის თუჯის სიტყვები, გაიმართა ქართული მხატვრობის გამოფენა, რომელმაც შემდეგ საფუძველი დაუდო ეროვნულ გალერეას. ტფილისელებს არ უნდათ იმის მოგონება, რომ ამ გამოფენის რაინდები იყვნენ: ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე, რომელნიც შემდეგ, როგორც ლაურეატები გაიგზავნენ პარიზში. ცნობილია, რომ მხატვრებს ყველაზე უფრო უჭირთ მხატვრებზე კარგის თქმა - მაგრამ ბევრს ემახსოვრება ცნობილი მხატვრის, სერგეი სუდეიკინის მაშინდელი წერილი ქართულ გამოფენაზე. განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღნიშნავდა ის ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ტილოებს.

ჩვენი დროის ტემპი სხვა არის: ყოფილი „დიდების ტაძარი” დღეს ეროვნული გალერეაა. დღეს საქართველოს აქვს მხატვრობის აკადემია, სადაც მთელი არმია ემზადება ახალი მხატვრებისა. ლადო გუდიაშვილმაც გაიარა ექვსი წელი შემოქმედებისა პარიზში.

პარიზში მოსახლე მხატვრებიდან შეიძლება მხატვრების მთელი ქალაქი დაარსდეს. ყველაფერი, რაც ელის მიღებას, რაც თავის თავს ეზრდება, ვისაც უნდა თავის გამოცდა, მიდის პარიზში. ლადო გუდიაშვილისთვისაც აუცილებელი იყო ამ ბეწვის ხიდის გავლა.

როგორც გვახსოვს, უცხოელებიც და ჩვენებიც ურჩევდნენ ლადო გუდიაშვილს, არ დაწურულიყო პარიზის ოსტატობაში. იქ ოსტატობა ხანდახან ჯამბაზობაში გადადის: ლადო გუდიაშვილს კი ჰქონდა და აქვს ის, რაც არც ერთ ოსტატობაში არ გაიცვლება - ეს პირწმინდა სიცოცხლე ეროვნული შემოქმედებისა და პრიმიტივის გრძნობა: ჩვენ ყოველთვის გვახარებდა, რომ ლადო გუდიაშვილი მხატვრობის მემარცხენეობის პრობლემასთან აერთებდა ნამდვილ ხალხურ და ეროვნულ შემოქმედების ძირებს: მის გიდელის შარვლის ტოტებიან კინტოებს მემარცხენეობით ვერ მოიგონებ, მის „ედემში” ქალაქგარეთ მოქეიფე ქალებს წმიდა შუშანიკსა და ქეთევანში ვერ გამოარჩევ. ამ სარებსავით გრძელ წამწამებზე მღეროდენ ძველი პოეტები. საქართველოში მოცემულ „Nation Monite”-საც არ სჭირია გამოგონება.

საკმაოა, რომ ლადო გუდიაშვილმა მას პირველმა დაადო ხელი.

ჯერ კიდევ ლოტრეამონის მოლდარორს არ ეთქვა თავისი მონოლოგი, ყოველ შემთხვევაში ლადო გუდიაშვილისთვის მაინც, რომ მას ჰქონდა ყნოსვა გომბეშოს ფერის საღებავისა: აკი თვითონ ნიკო ფიროსმანი უხსნიდა მას საღებავის ალქიმიას. დიდებულია ეს დიალოგი ორი უდიდესი მხატვრისა: მაშინ ლადო გუდიაშვილს მემარცხენეობის არა გაეგებოდა-რა და ნიკო ფიროსმანმაც არაფერი იცოდა თავისი გენიოსი გულის ფეთქვის გარეშე. ლადო გუდიაშვილის შემოქმედება იხსნება ამ სამკუთხედით: ქართული ფრესკა და სპარსული მინიატურა, ნიკო ფიროსმანის პრიმიტივი - თანამედროვე საფრანგეთის მემარცხენე მხატვრობა. ჩვენ არ გვაინტერესებს, რომელ კუთხეს ამ სამკუთხედისას ექნება დღეს გადაჭარბება - საფუძველი ერთია: ნოყიერი და ცინცხალი ქართული მიწა და აგრეთვე ნოყიერი და ცოცხალი ნიჭი თვითონ ლადო გუდიაშვილისა.

უკანასკნელი საზომიც ეს არის.

მე ვნახე ჯერ მხოლოდ „პირიმზეს“ დეკორაციები ლადო გუდიაშვილისა, აქაც არის ეს ორმაგობა.

განზრახ მინდა ერთად ამეხილოს თვალი გამოფენაზე. ამის შემდეგ მე ვიტყვი კიდევ ჩემ აზრს. მანამდე ჩემი შეუცვლელი აზრია, რომ ლადო გუდიაშვილი აცახცახებულია შემოქმედებით. ის გრძნობს საქართველოს ძირებს და მის მიწის ყნოსვას - პოეტისთვის საკმაოა ამის შეხედვა. მე მგონია, ეს მხატვრისთვისაც მთავარია. დანარჩენებზე ოსტატს თვითონ ოსტატები ეტყვიან.


1926 წ.

18/IV

ტფილისი