კალმასობა (დღე ოცდამეორე)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
კალმასობა
by იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილის ნაშრომი

რა გათენდა, იოანე და ზურაბა ამხედრდენ და გაანემამთნენ ქალქისაკენ. ზურაბამ უთხრა: - მოდი, ყარაბულაღზე მცირე რამ ვისაუზმოთ და მოურავის რძალი ეკატერინაც ვნახოთ, ყაფლანის-შვილის ქალი, იქნება იქიც ვიშოოთ ღვინო. იოანეს მოეწონა ეს რჩევა და გაემართნენ ყარაბულაღისაკენ. მცირე ხანს უკან მივიდნენ მუნ. რა სცნო მოურავის რძალმან მისვლა იოანესი, მყისვე დაიბარა. იოანე მივიდა, ეკატერინა წინ მოეგება. იოანემ მშვიდობით მოიკითხა და მანცა აგრეთვე, და ყოველივე იოანეს მოგზაურობის ანბავი გამოჰკითხა; და რა სცნო, რომ ღვინის საშოვრად დადიოდა კახეთში, აღუთქვა ამანაც ღვინოჲ საჩუქრად, იოანემ მადლობა მოახსენა. და წარემარონენ ნორიოსკენ. საღამოს ჟამს მიიწივნენ ნორიოს და სახლს ეძებდენ სადგურად. ამ ჟამში ზურაბამ იცნა მასხარა ოთარიკა და დაუძახა: - ოთარიკავ, გამარჯვება შენი! რა ოთარიკამ მოიხედა, იცნა ზურაბა, მოვიდა, მოიკითხა და მგზავრობის მიზეზიც ჰკითხა. ყოველივე აცნობა და მერე იოანეც გააცნო. მაშინ ოთარიკამ მიიპატიჟა ესენი სახლსა შინა თვისსა. გარდახდენ ცხენიდამ, ცხენნი გომურსა შინა დაუბა და ესენი თვისსა საკუთარსა სახლსა შინა შეიყვანა. ოთარამ აცნობა თავისი სახლობა. იოანემ მოიკითხნა. მერე ოთარამ უთხრა: - დედაკაცო, ფეხთ დაბანე იოანეს, რადგან რიგი არის სტუმართა. დედაკაცმან გახადა ფეხთ, მოიღო ვარცლი, შთაასხა თბილი წყალი და დაუწყო ფეხთ ბანა. რა ფეხებსა ზედა დაუწყო ხელის სმა და კანჭებსაც შეაცილა, იოანეს აუჩუჩუნდა დაფარული ასო და სთქო: „უი შე უკეთურო! რა დროსია!“ და რაოდენს ეცადა დაცხრომას, უფრორე აღტკინდა. და სთქო: „ჰოი, რა ყოფილა დედათა ბუნება და ანუ რა ხასიათი ჰქონიათ? ჰოი, ვითარცა ანდამატი მიმზიდველ არს რკინისა, ესენიცა ისე ყოფილან მიმზიდველნი. უი, დასცხერ და დაყუდენ, შე უკეთურო!“ მაშინ ოთარიკამ შეამცნია, რომელ დაფარული ასოჲ უჩუჩუნებდა იოანეს, უთხრა საჩქაროდ დედაკაცს: - დედაკაცო, არიქა, უშველე, გველი შესძრომია პერანგის ამხანაგში მამა სტუმარსა და ხელით შეიპყარ, არა ავნოს რა! მაშინ დედაკაცმან, ვერარას მცნობელმან, მსწრაფლიად ხელი წაავლო და სთქვა: - უი, რამსიდიდე გველი ყოფილა, მიშველე! და გამოსწია. მაშინ იოანემ დაუძახა. - დედაკაცო, არ მოგლიჯო ეგ უკეთური, გველი არ არის! რა ესე სცნო დედაკაცმან, წარმოხლტა, კარში გავარდა. ოთარამ და ზურაბამ იწყეს სიცილი, ხოლო იოანე იქმნა მწუხარე. მაშინ ზურაბამ უთხრა იოანეს: - ბატონო, ამ ოთარიკას ბევრი ხუმრობა უქნია, ნუ შეწუხდებით. რა ვახშმის დრო მოვიდა, ოთარიკამ დია კარგი ვახშამი მოართო, კარგად უმასპინძლა და სახვალიოდ იოანეცა და ოთარიკაც ქალაქისაკენ განემზადნენ.