კალმასობა (დღე მეჩვიდმეტე)
ხოლო ხვალისა დღე იოანე განემართა ქიზიყისაკენ, გარნა ზურაბამ ურჩივა: - გზაც ის არის და მცირე რამ ვისაუზმოთ ერასტიანთან გირკოკს. და იმედი მაქვს, რომ იქ ვიშოვოთ ღვინოლჲ. იოანემ მოუწონა ესე რჩევა და მივიდნენ გირკოკს. იოანემ გაგზავნა ზურაბა და მოიკითხა ერასტიანი. მაშინ ნინია ერასტისშვილი, ეშკააღასი მემკვიდრისა, მუნ იყო და რა ზურაბამ ცხად უყო იოანეს მისვლა, მყისვე მიუწოდა იოანეს, და ნახვისავეთანა იცნა, მოიკითხა იოანე და თავისი ვინაობა გამოჰკითხა. იოანემ ყოველივე ცხადუყო. და მერე უთხრა ნინიამ: მცირეს ხანს ბაღში შევექცეთ, ვინემ სადილიც მოგვესწრობაო. იოანე გაჰყვა ბაღსა შინა. და მივიდნენ ერთს მშვენიერს ხესა ქვეშე და დასხდნენ. მაშინ ნინიამ ამოიღო უბიდამ ერთი წიგნი და მისცა იოანეს: - ესე წარმიკითხე, ეს არის, ჩემის მეუღლიდამ მომივიდა, რომელიც თავის სამშობლოდამ მწერს, სამაჩაბლოდამ. და რა სწერია, მიბრძანე, რომ პასუხი თქვენვე მიგაწერინო. უცხო დროს გნახე, აქ მწერალი არავინ იპოებოდა. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! დავით ბატონიშვილის ეშკააღაშმან წიგნი როგორ არ იცითო? ნ ი ნ ი ა: ყმაწვილობაში კი არვინ მასწავლაო და ახლა კი ვერ ვისწავლიო. მაშინ იოანემ წარუკითხა წიგნი იგი, რომელსა შინა იწერებოდა ავადმყოფობასა თვისსა და ექიმის შოვნასა ანუ წამლების გაგზავნასა. რა ესე წიგნი წარუკითხა იოანემ, შეწუხდა ნინია და სთქვა: - არც ექიმი მყავს, არც წამლები მაქვს. მაშინ ი ო ა ნ ე მ: ქალაქში ვერვის იცნობთ ექიმს? ნ ი ნ ი ა: თათულას ვიცნობო. ი ო ა ნ ე: მაშ იმას მისწერეთ წიგნი და, თუ ვერ წავა, წამლებს გაუგზავნის. ნინიამ დია დაუმადლა ეს რჩევა ჟა უთხრა იოანეს: - ამა წიგნისა პასუხი მომიწერეთ, როგორც შენგან ვიცოდე, კარგი საამური წიგნი. იოანეს მოართვეს ქაღალღი და საწერელი... ოდეს წარუკითხა წერილი იოანემ ნინიას, მყის ღაღადყო: - ბერო, ეგე წიგნი სხვისაგან ეგონების მიწერილი, რომელიც არშიყობის სახით არს მიწერილი, თუ ნინიაობით არ დამწერ. ი ო ა ნ ე: ბატონო ეშკააღაშო, ნინია ყმაწვილური სახელია და იოანე ნათლობის და ესე უმჯობესი არ არის? ნ ი ნ ი ა: არა, ნინიაობით დამწერე, და ეშკააღაშობით და ერასტისშვილობით. ი ო ა ნ ე: ბატონო, მეგობრობა რომ დავსწერე, სხვა ვერვინ მისწერს უცხო, თუ არ თავის მეუღლეს, ამსახედ. ნ ი ნ ი ა: არა, ამოფხიკე, ნონია დაწერე! მაშინ ი ო ა ნ ე მ: უი ჩემს თავს! ამისთანა მეცნიერი ეშკააღაში ჰყოლია მემკვიდრეს და, რასაკვირველია, საქმეს კარგად განუკარგავს. ამოფხიკა იოანემ და შთაწერა „ნინია“. მაშინ აჭამეს სადილი, იოანეს მადლი უთხრა და ერთი საპალნე ღვინო აჩუქა. და გაემართა იოანე ქიზიყისაკენ. საღამოს დროს მიიწივნენ კარდენახს. იოანემ უთხრა ზურაბას: - ამაღამ, აქ ვიყოთ, ხვალე საბაწმინდის ეკკლესია მოვილოცოთ და მერე ქიზიყს მივიდეთ. ზურაბამ მოუწონა და, რა შევიდნენ იმ სოფელში, დაუწყეს სახლს ძებნა, მაგრამ ვერ იშოვეს სადგომად, რადგან ყოველგან ჯარისკაცი იდგა. იოანე ამა სიარულსა შინა შეხვდა ბებურისშვილს, ანჯიქოდ წოდებულს. რა მან მწუხარება შეატყო იოანეს, ჰკითხა: - ვის ეძებთ? ი ო ა ნ ე: ამაღამ სადგომად სახლსა. ა ნ ჯ ი ქ ო მ უთხრა: ჩემთან წამოდო, მე გიშოვი სადგომსაო. ოოანემ მადლი მოახსენა და წარვიდნენ ერთად. ანჯიქომ მისცა ერთი სადგომი და უთხრა: - მცირე განისვენეთ და ვახშამი ერთად მივიღოთ. იოანეს სამზარეულოს გვერდით მისცეს სახლი, და მივიდა მუნ. მცირე ხანს უკან მოიყვანეს ერთი მამალი დიდი ცხვარი, დაჰკლეს და დაუწყეს კეთება, აგრეთვე ხუთი თუ ექვსი ქათამი, გოჭი. ესენიც მოამზადეს. მაშინ იოანემ უთხრა ზურაბას: - ესე მართლად თავადიშვილურად გვიპირებს მასპინძლობასა. ზ უ რ ა ბ ა: რასაკურველია, თქვენზედ დიდი კაცის შვილი ვიღა ეწვევა! ი ო ა ნ ე: არ იცი, ხელაანი აზნაურნი არიან? ზ უ რ ა ბ ა: რატომ არ მითხარ აქამდი, უკეთ გემსახურებოდი. ი ო ა ნ ე: არ იყო საჭირო, და ახლა გაცნობე ჩემი გვარი. ზ უ რ ა ბ ა: ქიზიყს რომ მოუახლოვდით, მით მოგეცა დიდი გული? ი ო ა ნ ე: მე ამით არ გავამპარტავნდები, მინდა მეცნობა ჩემი თავი. ამჟამად მოვიდნენ სხვანიც ბებურისშვილები, ვახშამიც მომზადდა და იოანესაც მიუწოდეს. მისრული იოანე მოიკითხამს მათ ლოცვით, ბებურიანნიც უთავაზებენ და გამოკითხვენ ვინაობასა მისსა. იოანემ ყოველივე აცნობა მათ და მასთან თავისი ხელაშვილობაც. ბებურიანთ იამათ და უთხრეს: - ჩვენი მეზობელი ყოფილხარ, აქ ბერულად ნუღარ მოიქცევი, ისე მოიქეც, ვითარცა ქიზიყელი მოყაზახეო. ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! დია ცუდად მიქადაგებთო. ა ნ ჯ ი ქ ო: შენც უნდა დაგგეშოთ, მოიცადეო. მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ: ბატონო ბებურისშვილო, ძაღლი ხომ არ არის, რომ დაგეშოთ? ა ნ ჯ ი ქ ო: მე უშოვნი იმას მღვდელს, რომ იმან დაგეშოს. გაგზავნა კაცი და ბებურისშვილი, მღვდელი, იოსებ დაიბარა. მღვდელი მყისვე წამოვიდა. რა შინ შემოვიდა მღვდელი, სთქვა: - გამარჯობა შენი, ანჯიქო და ბებურიანო. მათთაც უთხრეს: გაგიმარჯოს. და მერე აჩვენეს იოანე. მიესალმნენ ესენი ურთიერთას და მოიკითხეს და დასხდენ. გარნა იოანე ფიქრობდა, რომ: „ანჯიქო რა სახელია? მე არ მახსოვს, რომ წმინდას ერქვას რომელსამე და არ ვიცი, ეგების სომხების წმინდა იყოს ვინმე“. იმა ფიქრსა შინა რომ იყო იოანე, ჰკითხა მღვდელმან: - რას ფიქრობ, იოანე? ი ო ა ნ ე: ანჯიქოს, თუ რომლის წმინდის სახელია. მ ღ ვ დ ე ლ ი: ეს როგორ არ იცი, რომ ბებურისშვილს წმინდის სახელს ძნელად უწოდებენ! ი ო ა ნ ე: მაშა ვის სახელს? მ ღ ვ დ ე ლ ი: ან ლეკისასა, ანუ თათრისასა. ი ო ა ნ ე: რა საჭიროებისათვის? მ ღ ვ დ ე ლ ი: განსხვავებისათვის, რომ ყოველთ იცნან ვაჟკაცად და ყაზახად. ი ო ა ნ ე: მაშ თქვენ რას გეძახიან? მ ღ ვ დ ე ლ ი: იოსებს, მაგრამ უფრო ნაბიჭვრისშვილს, რომ უფრო ნაბიჭვარი ცქვიტი ყაზახი იქნება. ი ო ა ნ ე: მაშ კარგი მოძღვარი ჰყოლიხართ! მ ღ ვ დ ე ლ ი: მართლა, აჰა, ჩემი მოწაფენი: აიდემურ, ანჯიქო, ქაცახა, ჭუხონი, ვაჩა. და ამათ ვასწავლი ყოველთვის ქურდობას, ყაზახობას და არც ლეკების ხოცვას უშლი. ი ო ა ნ ე: ეგ ერთი კარგი, მაგრამ სხვებისა კი რა მოგახსენო. მ ღ ვ დ ე ლ ი: შენც ჩვენი მოწაფე უნდა შეიქმნა და ასე გასწავო. ი ო ა ნ ე: მე მოძღვარი მყავს. მ ღ ვ დ ე ლ ი: ვინა? ი ო ა ნ ე: დიმიტრი არქიმანდრიტი. მ ღ ვ დ ე ლ ი: ვიცი, ის უფრო ყაზახი არის ჩემზედ, მე აღარ გეჭირები. და მაზედ იცინეს ყოველთა. მოიღეს ვახშამი, გაიმართა ლხინი, დაიწყეს სიმღერა, ჩონგურის კვრა, ქოროღლის ლექსების თქმა და სიმღერა. და ასე შეაქციეს იოანე, რომ კიდეც ათამაშეს. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: ბატონო ბებურიანო, დიაღ მალე გაწრთვენით ეს ბერი. ბ ე ბ უ რ ი ს შ ვ ი ლ ი: ჩვენ ასე ვიცით. ამას ამ ორ დღეზედ ასე გავწვრთნით, რომ საქურდლადაც წავიყვანთ. და ამ შექცევით დაასრულეს ვახშამი. იოანე გამოეთხოვა და წავიდა თვისსა სადგომსა.