კალმასობა (დღე მეშვიდე)
ხოლო ხვალისა დღეს წარვიდენ ქრცხინვალსა. მისრული იოანე და ზურაბ ეძებდენ სადგურსა დასავანებლად მუნ, და მაშინ იხილა მაჩაბელმან პორტიშვილმან და იცნა ზურაბა და ჰრქვა: - ზურაბ! ვინა არს ეგე შენთან მყოფი ბერი? ზ უ რ ა ბ ა: ესე არს ქვაბთახევის მონასტრიდამ სწავლული კაცი და ვრონინებთ საკალმასოდ. მაშინ მ ა ჩ ა ბ ე ლ მ ა ნ: მწერალს ვეძებდი და უკეთეს ვის ვიშოვნი? გთხოვთ ჩემთან წარმოხვიდეთ და მე ვიზრუნებ თქვენთვისა. ამათ ნება სცეს და უბრძანა მსახურსა თვისსა წარყვანება მათი სადგურსა თვისსა. წარვიდენ ესენი, მიიღეს უცხოდ, და მოვიდა მაჩაბელი და იოანე მოიკითხა ალერსით და იოანემაც მადლობა ჰკადრა. და უკანასკნელ დია შეატყო მაჩაბელსა სახეზედან მწუხარება. ი ო ა ნ ე მ ა ნ ჰრქვა: ბრწყინვალეო თავადო! ვგრძნობ სახესა ზედან თქვენსა მწუხარებასა. მ ა ჩ ა ბ ე ლ ი: მართალს ბრძანებთ. ი ო ა ნ ე: შეიძლება მიბრძანოთ? მ ა ჩ ა ბ ე ლ ი: მეც ამისთვის მოგიწვიეთ. ი ო ა ნ ე: მიბძანეთ! მ ა ჩ ა ბ ე ლ ი: ჩემი უფროსი შვილი ჩემ უნებურად გლეხის ქალს ირთავს. და ეს არის, კაცი მომივიდა, რომ თუ არას უშველით, ამ კვირას ჯვარს დაიწერსო. და ამ სიბერის დროს ამ სირცხვილში მაგდებს. ი ო ა ნ ე: რატომ თავადის ქალზედ არავისზედ რთავთ? მ ა ჩ ა ბ ე ლ ი: რამდენი გამოურჩიე, მაგრამ ის გლეხის ქალი შეჰყვარებია. ი ო ა ნ ე: სიყვარულს ბევრი რამ შეუძლიან, მაგრამ შვილს კი არ უჯობს თავის დედ-მამის ურჩება, ამისთვის - სულითაც მავნებელ ექმნების და ხორცითაც. მ ა ჩ ა ბ ე ლ ი: გთხოვ, ასეგვარად მიმიწეროთ წიგნი, რომ საკადრებელი იყოს მისთვის, ეგების თავისი უგუნერებითი ფიქრი განაგდოს. ი ო ა ნ ე: დია, უფალო, მიბოძეთ ქაღალდი და საწერელი! მსწრაფლ მიართვეს იოანეს და იოანემ ხელჰყო შემდგომითა სახითა ამით მიწერა: „საყვარელო ძეო, გარნა ურჩო მამა-დედისაო! ძრწოდე განუსჯელობისათვის შენისა, ძრწოდე წყევისაგან მშობელთა შენთა! გეშინოდეს ღვთისა, და უკანასკნელ გენიისა, რომელსაცა სირცხვილეულნი საქმენი შენნი გიმზადებენ შენ. შენ მიგიღებიეს გონება, ოდესცა უგუნურებითსა სურვილსა აღუტყინებიეს შენ შორის ქორწინებისა ყოფად, და გწადნოის მდაბიოსა და არცა რაჲსამე ქალისა თანა შეუღლება, რომელიცა, თვინიერ გმობისა და კიცხვისა კიდე, არარაჲსამე შემძლებელ არს მორთმევად შენდა და გვარისადმი ჩვენისა. გწერ მამაშვილურად. უკეთუ სრულჰყოფ საძაგელსა განზრახვასა შენსა, მაშინ არღა იწოდები ძედ ჩემდა. წყევა ჩემი ყოველგან შეგიდგების შენ და იწოდები, ვითარცა ურჩი და განრყვნილი ძე, ვითარცა უძღები შვილი, მორონინე უდაბურთა ადგილთა შინა მშიერი და შიშველი, ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვამდე შენდა არა გექნების შენ შესაყრდნობელად არცა სახლი მამისა შენისა, არცა გვარეულთა შენთა და არცა სახლი ყმათა შენთა, არამედ ციხე საპყრობილოდ და კოშკი ბნელი საუკუნოდ სამყოფად, თხოვნითა მისისა სიმაღლისადმი. და ესრეთ შევედ თავსა შორის თვისსა, მოიგე გონება, განსაჯე და ნუ იყოფი უღირს მამისა შენისა, რომელიცა მოგელის შენ დამორჩილებულად“. ოდეს მიუვიდა წიგნი ესე, მყის ყმაწვილი მოეგო გონებასა და მოვიდა მამისა თვისისა თანა. მაშინ მაჩაბელმან იოანეს მადლი უბძანა და კარგად მოიმადრიალა. იოანემაც კარგად დააზავნა იგინი და ის დღე და ღამე მუნ გაათივა, ყოველგან მოიარა, მოიწონა ადგილი, და ხვალისა დღე გაემართა მეჯვრისხევისაკენ.