კალმასობა (დღე მეორე)
ხოლო ხვალისა დღეს, მადლობელი იმა მოხუცისა, იოანე განემგზავრა ხვედურეთისაკენ და ამა სვლასა შინა იხილეს ციციშვილი მომავალი. მაშინ იოანემ ჰრქვა ზურაბს: - ვინ არიან ესენი?
- ზ უ რ ა ბ ა: ვოლტერის მოწაფეო.
- ი ო ა ნ ე: რას ნიშნავს ეგე?
- ზ უ რ ა ბ ა: ღვთის უსიყვარულობას და კაცთ დაუნდობლობასა.
- ი ო ა ნ ე: პირველი გაგონებაა. მაშ მე მივსცემ მცნებას მაგისთვის, ერთადა ვართ აღზრდილი რეკტორისაგან თელავს.
- ზ უ რ ა ბ ა: მაშა ორნივ დიდი წმინდანი იქნებითო!
და ამა ჟამში მოვიდა ციციშვილი და, რა იცნა იოანე, ჰრქვა: - გვაკურთხენ, მამაო!
- ც ი ც ი შ ვ ი ლ ი: რა საქმე მიქმნია?
- ი ო ა ნ ე: ვოლტერის შედგომა!
- ც ი ც ი შ ვ ი ლ ი: ვითარის სახით?
ი ო ა ნ ე: ურწმუნოებით, ნათესავის არ დანდობით, თვისთა და მოყვარეთა და მეზობელთა მტრობითა. ც ი ც ი შ ვ ი ლ ი: ვინ ანბობს მაგას? ი ო ა ნ ე: ყვავნი ასრე იძახიან! ც ი ც ი შ ვ ი ლ ი: სასწაული ხომ ვერა ჰქენ რა, და ახლა მისნობა დაიწყე? ი ო ა ნ ე: ირწმუნე, შენთვის კეთილი მსურს, რადგან ერთადა ვართ აღზრდილი. ც ი ც ი შ ვ ი ლ ი: ვიცი, კეთილი გსურს ჩემთვის. და მოგონებაც ბევრი იციან, საზოგადოდ ეს სენია ჩვენში. ი ო ა ნ ე: მაგ სენის წამალი სიყვარულია და ის სიყვარული უნდა იყოს ჭეშმარიტება და უტყუელის გულით შედგომილი. ც ი ც ი შ ვ ი ლ ი: თუ მაგას მოიძიებ, ვგონებ, ვერავინ ჰპოვო მაგგვარი სრული მოსიყვარულე. ი ო ა ნ ე: და მაშა რაგვარსა? ც ი ც ი შ ვ ი ლ ი: პოლეტიკა როგორც ითხოვს. ი ო ა ნ ე: თვით ფილოსოფოსი იტყვის: პოლეტიკა განმარტებს კანონთა კეთილგონიერებისათა და არათუ ზაკვითისა და მაცთურყოფისა ცნობა არს. ც ი ც ი შ ვ ი ლ ი: და რა არს სიყვარული? ი ო ა ნ ე: ღმერთი. ღმერთი სიყვარული არს, და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა მისსა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღვთისა თანა!
[ამას მოჰყვება ტრაქტატი ღვთის შესახებ და განმარტება ათი მცნებისა და ცხრა ნეტარებისა].
და გაიყარნენ ამ სახით. წარსული იოანე მივიდა ხვედურეთს და ჰრქვა ზურაბს: იზრუნე რამე სადილადაო! ზ უ რ ა ბ ა: აქ საკათალიკოზო კაცი დგას! ი ო ა ნ ე: მაშ იმასთან მივიდეთ, ჩვენს წინამძღვარს მათი უწმინდესობა დია სწყალობს. ზ უ რ ა ბ ა: იქნება ეს კაცი თქვენს წინამძღვარს ვერც კი იცნობდეს და ჩვენ არა დაგვდიოს რაო. ი ო ა ნ ე: ასე უთხარი: დოსითეოსის დიაკვანიაო. ზ უ რ ა ბ ა: იქნება ვერ იცნობდეს დოსითეოსს. ი ო ა ნ ე: მაშ ასრე ჰრქვი: იოანე იპოდიაკვანია ქვაბთახევისა. იქნება აქ ოდესმე სალოცავად ყოფილიყოს. ზ უ რ ა ბ ა: ჯერ გაახლებაც არ იცის იმ მონასტრისა და რად იქნებოდა იქა? ი ო ა ნ ე: უთუოდ იქნებოდა. იქით რომ წყაროა, ვინც დალევს, შვილი მიეცემა. ზ უ რ ა ბ ა: ეგ წყარო ახლა აღმოუცენებია თქვენს წინამძღვარსა, ამას მე ვიცნობ, ჩემზედ უფროსი შვილები ჰყვანან. ი ო ა ნ ე: მაშ ღონე რამ მოიხმარე. და მერმეთ ზურაბმან აცნობა იოანეს ვითარება და მიიწვიეს სადილად. იოანემ ჩვეულებისამებრ მოიკითხა და აკურთხა იგინი. მოიღეს სადილი. რა ხელი მიჰყვეს, მოვიდა მაშინ ერთი დაბებკულით მოსილი მღვდელი, და აწვია სახლის პატრონმან. და ცხად უყო იოანეს მღვდლობა მისი, მაშინ იოანე ეამბორა ზურაბითურთ და დასხდენ. იოანემ ჰკითხა სადაურობა თვისი, ხოლო მან აცნობა რაჭველობაჲ თვისი. მაშინ ზ უ რ ა ბ ა: მღვდელო! რაჭველი ხარ თუ ქრისტიანე? მ ღ ვ დ ე ლ ი: ორივე. ი ო ა ნ ე: კარგა მოგიგოო! იამა მღვდელსა და ჰრქვა იოანეს: თქვენ ვინ ბრძანდებითო? ი ო ა ნ ე: ხელაშვილი, იპოდიაკვანი. მაშინ აღდგა ესე მღვდელი: უკაცრავად, რომ თქვენს ყოვლად სამღვდელოესობას ამ სამუშაოს ტანისამოსით ვიახელ! ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! მე ყოვლადსამღვდელო რად ვიქნები! მ ღ ვ დ ე ლ ი: მაშა მეტი ვინმე ბრძანდებით თქვენ? ი ო ა ნ ე: არაბ მამაო! მე ნახევარდიაკვანი ვარ. მ ღ ვ დ ე ლ ი: მართალს უბნობთ, ჩემი დიაკვანი ბარე ორი თქვენი სიგრძე იქნება. ი ო ა ნ ე: არა, მამაო, ეს საბელი ხარისხების მნიშვნელია: იპოდიაკვნობა, დიაკვნობა და მთავარდიაკვნობა, მერე მღვდლობა, მას უკან არქიმანდრიტობა და მერე მღვდელთმთავრობა. და შენც ხომ ამ სახით დიაკვანი იქნებოდიო. მ ღ ვ დ ე ლ ი: კი, ბატონო! ერისთვებს რომ ვახლდი, მღვდელს მიმაბარეს, წიგნი ვისწავლე და „ამ-დავითნს“ რომ ვიტყოდი და ბიჭად ვიყავ, დიაკვანს მეძახდენ. და მერე რომ დამაკურთხეს, მთავარდიაკვანი შევიქენი და ახლა ნიქოზელმა ბარე მღვდლად მაკურთხა. ი ო ა ნ ე: ახლა ხომ მიხვდი? მ ღ ვ დ ე ლ ი: კი, ბატონო! ი ო ა ნ ე მ წიგნში გამოსცადა, შეეძლო წარკითხვა. უთხრა მღვდელს: წიგნი გცოდნიაო! მ ღ ვ დ ე ლ ი: ბატონო ნახევარდიაკვანო! მეცნიერს გიხმობენ, და მეც მასწავლეთ რამე. ი ო ა ნ ე: ასე მალე რა გასწავლო? მ ღ ვ დ ე ლ ი: ქვე რაც იყოს! ი ო ა ნ ე: სიმვოლო იცით? მ ღ ვ დ ე ლ ი: სიმვოლო რა არის, საჭმელია თუ სასმელი? ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! მღვდელო, მრწამსი ხომ იცი? მ ღ ვ დ ე ლ ი: ეგ მრწამსიც ვიცი და „მამაო ჩვენოც“. ი ო ა ნ ე: მრწამსი სიმვოლო არს, რომ სარწმუნოების აღსარებას ნიშნავსო. და ესე მრწამსი ნიკიის კრებისა და სხვათაგან დამტკიცებული გვაქვს ჩვენ მოცემული, რომ მართლმადიდებელნი ასე უნდა აღვიარებდეთ ღმერთსა და უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესაო. მ ღ ვ დ ე ლ ი: „მამაო ჩვენო“ რაღას ნიშნავს? ი ო ა ნ ე: მაგისი განმარტება გრძელია, და ეგ ლოცვა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ ასწავა თვისთა მოწაფეთა, რომელსაც ჩვენ საუფლო ლოცვად უწოდოთ. მ ღ ვ დ ე ლ ი: ამას კარგა მივხვდი. ი ო ა ნ ე: შვიდი საიდუმლო იცი? მ ღ ვ დ ე ლ ი: საიდუმლო ბარე ბევრი ვიცი, მაგრამ ვერავის გავამხელ, ნამუსს კარგა შევინახამ. ი ო ა ნ ე: მე მაგას არ გკითხავ! მ ღ ვ დ ე ლ ი: მაშ მიბრძანეთ, რომელსა? ი ო ა ნ ე: შვიდნი საიდუმლონი წმინდისა აღმოსავლეთის ეკკლესიისა არიან შემდგომნი ესე: 1. ნათლისღება. 2. მირონის ცხება. 3. საღმრთო ლიტურღია. 4. კურთხევა მღვდლისა. 5. აღსარება, ნ. კურთხევა გვირგვინისა. 7. ზეთის კურთხევა. მ ღ ვ დ ე ლ ი: ბატონო, სადანა სწერია ეგენი? ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! მომიტანე კურთევანი და კონდაკი! მღვდელმა მოართვა იგინი იოანეს და იოანემ ყოველივე თავები და სარჩევი შეუნიშნა, აგრეთვე აიაზმის კურთხევა, და ამცნო: ყოველს სამღვდელოს მართებს, რომ ეს შვიდი საიდუმლო, მკვდრის ანდერძის აგება და აიაზმის კურთხევა კარგად იცოდესო, რომ გაუჭირვებლივ აღასრულოსო, და სხვა მეცნიერება თუგინდ არ იცოდეს, იმით არა უშავს რა, და თუ ესენი არ იცის, ვალქვეშ იქმნება და თავის სულს ავნებსო. მისცა მცნება და გაემართნენ ქარელისაკენ იმ სოფლიდამ კმაყოფილნი. რა ქარელსა შინა მივიდნენ, ცხადუყვეს ციციშვილს დივანბეგსა იოანეს ვინაობა. მან მყისვე მისცა სახლი და აგრეთვე სხვა საჭიროება და შესთვალა, ვითარ, „ამაღამ განისვენეთო და ხვალე ჩემისა შობისა დღე არის და ინებეთ ჩემთვის პარაკლისი და ისადილეთცა ჩემთანაო“. იოანემ მმადლობელმან ხელყო ხვალისათვის შესხმასა წერად ნიკოლაოზისათვის და ესრეთ განემზადა. ხოლო ხვალისა დღეს, შემდგომად წირვის დასრულებისა, მივიდნენ ყოველნი მუნებურნი აზნაურ-მსახურნი და იოანეცა ზურაბითურთ. ნიკოლაოზმა შეიტკბო ესენი ფრიად, აწვია თავის თანა, მოიკითხა და მათი მგზავრობის მიზეზი ყოველივე გამოსცნო. და მერე მოიღეს სადილი. რა გახშირდა ღვინის სმა, მუნებურთა დალიეს სადღეგრძელო ციციშვილისა და იოანესაც მოართვას თასი შესმად სადღეგრძელოსა, მაშის იოანე აღსდგა და იწყო შესხმისა ამისი თქმა: - ბრწყინვალეო კნიაზო და მდიგანბეგო ციციშვილო ნიკოლაოზ, მოწყალეო, ხელმწიფევ! დღეს თუმცა მოხარულ არნ ერნი სიციციანოსანი შობასა ზედა თქვენისა ბრწყინვალებისასა, გარნა ქარელი ესე უსაკუთრესად ადიდებს შემომქმედსა ქვეყანისასა შენთვის, და მეცა ამათთანა უგალობდ გალობასა დიდებისასა, რომელმანცა მოსცა თავი შენი ყმათა ამათ შენთა სამსავე დროსა შინა კეთილმზრუნველი და არცა აწ სიღრმესა შინა მოხუცებულობისასა არა დამტევებელი კეთილმზრუნველობისა შენისა ყმათა ამათ შენდამი. და ესე ადიდებს სახელსა შენსა, ესე აჩვენებს სიმტკიცესა სულისა შენისასა, ესე ცხადჰყოფს მშვიდობისმოყვარებასა შენსა და მოგვითხრობს მხნეობასა შენსა. ღირსო ქებისაო, ღირსი გალობისაო, რომელმან განატარე კეთილად ცხოვრება შენი ვიდრე სამეოცდაათისა წლისამ, არა ებრძოლე მხეცებრთა გვამთა, არავინ ჰკალ, არც მოიკალ, არც დააქციე სისხლი მართალი, განაგრძე სიცოცხლე შენი ბედნიერებით, და გვსურისცა ესგვარვე განტარებად დანაშთთა დღეთა შენთა. ნეტარ ხარ შენ, კაცო! ვსთხოვ მე ცოდვილი ზენასა, რათამცა შვილნიცა შენნი იყვნენ მომბაძველ კეთილისა მამისა და შედგომილ კვალთა შენთა. სცოცხლებდი, მოხუცო, და მე გიგალობ ესრეთ: „მრავალჟამიერ, მრავალჟამიერ, მრავალჟამიერ! და ესრეთ დაასრულა იოანემ და შესვა ღვინო. მაშინ მდაბლად მმადლობელმან ცხადუყო მირთმევად ხუთის კოდისა პურისა, ხოლო იოანე დუმნა. მაშინ
- ზ უ რ ა ბ ა: ბატონო მვდივანბეგო! ნადირშაიმაც ეგდენი გასცა მათ ზედა, ოდესცა ინდოეთიდამ გამარჯვებული მობრუნდა, ვინც რომ შესხმა მოახსენეს.
გამგონთა ყოველთა გაეცინათ.
- ნ ი კ ო ლ ა ო ზ: ნადირშაჰათ დამსვით და მე ოქროში ჩაგსვამთ!
- ი ო ა ნ ე: უი ჩემს თავს! რად გინდა თათრობა?
- ნ ი კ ო ლ ა ო ზ: თეთრი რომ მექნებოდა, მალე გამხსნიდი მე ცოდვისაგან!
- ი ო ა ნ ე: არ წარგიკითხავთ: „სჯობს მცირედი მართლისა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა“?
- ნ ი კ ო ლ ა ო ზ: არა ყოველნი ურჩიან მაგ ქადაგებასა.
- ი ო ა ნ ე: ვინც არ ურჩის, მარცხნივ იქნებიან.
მაშინ ზ უ რ ა ბ ა: შენ ხომ მარჯვნივ იქნები! და მაგით კი მაგდენს ვერას ვიკალმასებთ, თუ, საცა მიხვალ, ყველგან იქადაგე.
- ი ო ა ნ ე: რომელნი სოფლისაგანნი არიან, სოფლისასა ეძიებენ.
- ზ უ რ ა ბ ა: ყოველსა თავისი ჟამი აქვს.
და ამ სიტყვამან დაატევებინა უბნობაჲ მათი. გამოეთხოვნენ და მუნცა მიიღეს კმაყოფილება, და გაემართნენ ჭალას აბაშიძისაკენ.