კალმასობა (დღე მეოცე)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
კალმასობა
by იოანე ბატონიშვილი
იოანე ბატონიშვილის ნაშრომი

ხოლო ხვალისა დღე დილით ადრე წავიდნენ წმინდა ნონოს. წირვა მოისმინეს, პარაკლისი იხადეს და მერეთ ბოდბელს სთხოეს, რომ იოანეს ექადაგნა ხალხისათვის. ბოდბელმან ნება სცა. იოანეს მაზარა მოასხეს და კარში გამოიყვანეს, ჭანდრებთან დააყენეს და ხალხი სულ იმრგვლივ იმა მოედნის გარშემო დადგნენ, ვინადგან საყდარში ესეოდენი ხალხი ვერ დაეტეოდა. და რა დარიგდენ ხალხნი და დასხდენ, მაშინ იოანემ აქეთ-იქით თავი დაუკრა, მივიდა, ბოდბელს ხელს აკოცა, და აღვიდა იმა ჭანდრების ქვეშე მაღალს ტახტზედ. პირველად სთქვა „სახელითა მამისათა“ და მერე მოითხოვა შენდობა და სთქა: - მე თუმცა ყმაწვილი კაცი ვარ ჯერეთ და, ჩემის ხარისხის მიხედვით, არა თავსმეყვის ესეოდენსა ერთა შეკრებულებათა წინაშე წარმოდგომად და სიტყვის თქმად, გარნა ბრძანებასა ყოვლადსამღვდელოსასა და მეფის ძისასა ვერ ურჩ ვექმენ, რადგან მონოზონთა უფრორე მორჩილება თანააძთ თვისისა უფროსისა. იმა მიხედვით წინადაგიდებ თქვენ, ძალისამებრ ჩემისა, რაორდენსამე სწავლისა სიტყვათა... და მერეთ მოჰყვა შემდგომსა სიტყვასა. პირველად აღმოიოხრა და მწუხარებით სთქვა: ვაჲ! სადა ვარ მე და რასა ვხედავ მე! ვხედავ მე ადგილთა იმა წმინდათ მხეცთა განსასვენებლად, სირინოზთა და ეშმაკთა საროკველად, ხოლო ვირკენტავროსთა დასამკვიდრებელად, შვლითა თქვენთა განსახეთქელად, ცოლთა წარსატაცებლად და სახლებთა თქვენთა წარსატყვენველად. ქართველნო, კახნო და იმერნო, დაივიწყეთ თქვენ კეთილმოქმედებაჲ წინიპართა თქვენთა, სული ძველისა პატიოსნებისა, ძმათა ერთსულობისა, მორჩილება მეფისა და ამასთანავე სული მამაცობისაცა განდრეკილ იქმნა თქვენგან, ნაცვლად მისა დამკვიდრებულ იქნა უპატიოვებაჲ, განცხრომა და ფუფუნებაჲ, და იმათ ჰქმნეს შესაძლებელი წინასწარმისაღებელად მეზობლისად, რომელიცა თვინიერ ამისა შეუძლებელ იყო. საქმემან ამან კადნიერ ჰყო მტერი, შემოხდა იგი მამულად ჩვენდა, და დასთესა მტერობაჲ ძმათა შორის, სძლივა, დაიმონავა, და მიგვიღო ქონება და განიყვეს ალაფი. თავისუფალნი ძმანი ჩვენნი სჭვრეტთ ყოველსა ამას, მიუშვებთ თვისზედა დადებად ტვირთისა და ქედსა ზედა სახივთა, ვითარცა მონანი და ტყვენი. ესგვარვე, ქართველნო, დაივიწყენით კეთილმოქმედებანი წინაპართა თქვენთანი და მიეცენით რულვასა კიდედგან კიდედმდე ქვეყანისა თქვენისანი. უთანხმოებამან თქვნმან სამგზის ადგილსცა ავარიის მთავარსა ომარხანს. და შემოხდა მამულად ჩვენდა, დააქცივნა ციხენი, დასწვნა სოფლები, იავარჰყო, დაატყვევა და უკუნიქცა. აჰა, აწცა პირისპირ ჩვენდა დგას, ვითარცა სახისა შინა თვისსა, უშიშრად. უთანხმოებამან თქვენმან გააბედვინა საჭურისს აღამამათხანს, შემოხდა მამულად ჩვენდა, აღიღო სატახტო ქალაქი, წარტყვევნა, დასწო, აღივსო ალაფითა და წარვიდა მშვიდობით. და კვალად იქადდა უკუმოქცევასა და აოხრებასა ჩვენსა, მხედველი უძლურისა სულისა ჩვენისა და თვინიერ მდევარისა ლტოლვილთა, რომელთაცა დაუტევენით სახლნი თვისნი და მიმოძრწოდით მთათა და ტყეთა შინა, არა მექონნი მიდრეკად თავთა თვისთა. ესეგვარი შემთხვეულებათა შინა არ გიტევათ ღმერთმან დაცემად და მოგივლინათ თქვენ შემწედ ჩრდილოჲთ კერძოდ მხედარნი. და მათ ძლით შემოკრბით კვალადვე თქვენსა. გარნა მსწრაფლ შემთხვეულთა საქმეთა უკანვე აქცივნეს მხედრობანი თვისნი. და მიზეზითა ამით უფრორე განმხნდა მტერი ჩვენი, და მოვიდა რანსა შინა (ყარაბაღს) უმეტესითა ძალითა განძვინებული აღსაოხრებლად ჩვენდა. ყოველთა ამა განწირულებათა შინა და დაცემულებათა არა გვიტევა ჩვენ ღმერთმან დაცემად, რომელიცა შემდგომად დაცემისა, ღმერთი კვალად არს უხილავად შემწე და აღმმართებელი. იგი არს ნათელი და ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწივა. მყის განზრახვაჲ უღთოჲსა მის ცუდ იქმნა, და მეყვსეულად სცნა მას ანგელოსმან უფლისამან, და სული წარხდა და იქნა მატლთაგან შესაჭმელ. ქართველნო! უკეთუ გექმნებისთ სასოება ღმერთსა ზედა, ესე ავარიის ხანი შეიმუსრება ხელთაგან თქვენთა, ესე ეგეოდენ არა არს საშიშ მტერ თქვენდა, უკეთუ იქმნებით თანხმაჲ, გარნა ურჩება თქვენი კვალადცა არა გიტევებსთ განსვენებად. ქართველნო! დაიმიწყეთ თქვენ კეთილმოქმედებანი წინაპართა თქვენთანი, იგინი იყვნენ თუმცა კირთებასა შინა სხვათა და სხვათა მპყრობელთა მიერ, ესე იგი, ვსთქვათ, ძველადგანვე, მაკედონელთაგან, რომაელთაგან, ბერძენთაგან, მეგვიპტელთაგან, სპარსთაგან, სკვიტელთაგან, ოსმალთაგან და ჩინგიზთაგან, გარნა სიყვარული მეფისა, მამულისა და სიმხნე სულისა ვერა დაატოვებინეს, იძლივნენ და სძლეს, იდევნენ და განდევნეს, და ესრეთ მოიგეს ვიდრე აქამომდე უკვდავებისა სახელი. მე ვსჭვრეტ აწმყოსა დროსა შინა სახეთა ზედან თქვენსა სხვათა და სხვათა გამოწერილობათა - რომელთამესა მცბიერობასა, რომელთამესა მლიქვნელობასა, რომელთამესა მოტყუობასა, რომელთამესა დაუნდობლობასა, რომელთამესა ანგარებასა და სხვანი. ესე ყოველნი არიან მტერ საშიშ თქვენდა, ესე ყოველნი მოგაუძლურებენ თქვენ, ესე ყოველნი განხრწნიან სიმტკიცესა თქვენსა და უკანასკნელ შეგიქმსთ თქვენ ტკივნეულებასა, ოხვრასა და ვალალებასა და შემდგომ იტყვით, რომელზეცა გვრისხამს ჩვენ. ჩვენ არაოდეს შეგვრისხამს ღმერთი, უკეთუ ჩვენ არა ვამიზეზებთ მას რისხვად ერთგზის, ათგზის და ათასგზის. გარნა მაშინცა მოწყალე არს იგი, და ვინაიდან მან შექმნა კაცი მიწისაგან, შთაბერა საღმრმო სული, ჰყო მსგავს თვისა პირველი მამა ჩვენი ადამ. და რომელმანცა არა დაიცვა მცნებაჲ მისი, სცნა და წარმწყდა, გარნა მაშინვე შეიწყალა იგი, და განათავისუფლა საკვრელთაგან წყვდიადისგან. ჩვენცა, შვილნი მისნი, თუმცა ქვეყანასა ამას ზედა მოსილ ვართ ხორცითა და ძვალითა, არამედ ჩვენ არა ვართ ხორც და არცაღა ძვალ. კაცი არს უკვდავ, კაცი არს არსება უხრწნელისა ბუნებისა, შენიშნულებაჲ მისი არს დიდ და საღმრთო! იგი წინადვე განსაზღვრებულ არს მმუფლებელად ხრწნადისა ქვეყანისა, მყოფად ხატად ღვთისა და წარმომაჩინებელად მისა ქვეყანასა ზედა. პირველ იმითა ჩვენც ვიყვენით ქვეყანა კეთილ, გამომცემელი კეთილის ნაყოფისა, ხოლო აწ ვართ ჩვენ დამაბრკოლებელ გამოღებად კეთილისა ნაყოფისა მით, რამეთუ დაუტევეთ ჩვენ კეთილი და შეუდეგით ბოროტს, შეურაცხვყვენით სიყვარული ღვთისა, შევიყვარეთ ამაოება, სოფლოური განცხრომა, დავსტკბით გემოთმოყვარებასა შინა, გულნი ჩვენნი აღივსნეს ანგარებით, თვალნი ჩვენნი დაიწუხნეს კეთილისთვის, სასმენელნი ჩვენნი არღა მივაქციეთ საღმრთოთა თხრობათა ზედა, და მსგავს ვიქმნენით პირუტყვთა უგუნურთა. წმინდათ აღწერეს საღმრთო წერილნი, გვასწავეს ნათლად მსახურება ღვთისა, მეფის და მამულისა, მორჩილება დედ-მამის, მწყემსმთავართა, ეგრეთვე სიყვარული მეზობელთ, მოყვასთა ჩვენთა, თანხმობა ურთიერთის კეთილთა ზედა. მათ მიიღეს სიბრძნე და ძალი მეცნიერებისა, სიწმინდე, ნეტარება სულისა წმინდისა მიერ. მათ გვიქადაგეს, გვასწავეს ჩვენ, რათა დაადგინონ კაცნი გზას ზედა ნეტარებისა. ესსახედვე მამულსაც ჩვენსა მოვიდნენ ნებითა ღვთისა წმინდანი, გვაცნობეს ძალი საიდუმლოებისა ღვთისა. გზა ჭეშმარიტებისა გვიჩვენეს ჩვენ. მოგვაქცივნა კერპთმსახურებისაგან წმინდამან მოციქულმან ღვთისმშობლისამან, მერეთ გვასწავეს, გვიქადაგეს ათორმეტთა მამათა, ასურეთიდამ ღვთისმშობლისგანვე მოვლინებულთა. ეგრეთვე გვასწავეს და გვითარგმნეს საღმრთო წერილი ძველის და ახლის სჯულისა წმინდათა მამათა ჩვენთა ქართველთა, წმინდამან ილარიონ კახელმან, გიორგი მთაწმინდელმან ქართველმან, ევთიმე ქართველმან, და სხვათა ფილოსოფოსთა ჩვენთა ელინთ ენისაგან. ეგრეთვე მეცადინეობდენ მეფენი ჩვენნი და მოიყვანეს ქრისტიანობაში დაშთომილნი ერნი საქართველოსნი, ესე იგი, მთის კაცნი, ძურძუკნი, მთიულნი, ფშაველნი, ხევსურნი და თუშნი. განეწყვნეხ მტერს და მოძულეს ქრისტიანობისასა დიდთა ხელმწიფეთა სპარსისა და ოსმალისა, იტანჯნენ ქრისტესთვის, იგვემნენ, მოიკლნენ: არჩილ მეფე, ლუარსაბ მეფე, ქეთევან დედოფალი, დიმიტრი თავდადებული, მეფე ვახტანგ მოწამე და სხვანიც, რომელნიმე გვემით, რომელნიმე პყრობილებით შესცვივდენ პირად-პირადსა განსაცდელში. ეგრეთვე ქართველთ თავადნი ეწამნენ თქვენისათვის: არგვეთისა, ქსნის ერისთავი, ჩოლაყაშვილი, ირანის მთავარნი, ველისციხის მთავარნი, ეგრითის მთავარნი და სხვანი, რომელნიც მოხსენებულ არიან სვინაქსარს. მიმხედნი მისნი, ვსულვთქამთ თავისუფლებისათვის და მივისწრაფით მისდამი, არამედ ვშთებით ჩვენ ტყვეობასა და მონებასა შინა ცოდვისასა. თუმცა ვმეცადინეობთ ჩვენ ურთიერთისადმი თანხმობასა, გარნა შური და სიძულვილი და ცუდდიდებობაჲ, რომელიცა დამკვიდრებულ არს ჩვენ თანა, არა გვიტევებს ჩვენდა სიტყვასა, რომელსა ვიტყვით, არა დაადგრების ჩვენ შორის. და ესე არს მიზეზი დაბრკოლებისა, ვითარცა მოციქულიცა იტყვის: რამეთუ ხორცთა გული უთქვამს სულისათვის და სულსა ხორცთათვის, და ესენი მხდომ არიან ურთიერთარს. უკეთუ ხორცი მოკვდების კეთილისა საქმისთვის, სული განცხოელდების. და უკეთუ სული მოკვდების ბოროტისთვის, ხორცი იტანჯების. და ესრეთ ორნივე მონაწილეობენ მისაგებელთა შინა კეთილისა და ბოროტისა. თქვენ, ერთის დედის შვილნო (ესე იგი, ერთის ქვეყნის შვილნო), ნუ მიჰბაძავთ. მათ, რომელნი არ შეიწყნარებენ სულსა ღვთისასა უზომოჲთა თვითმოყვარებითა, თვითრჩულობითა, მომაცთუნებლობითა, დიდებისმოყვარებითა, თავხედობითა, ანგაარებითა, შურითა, სიძულვილითა, ცრუ ბეზღობითა. ესევითართა ბოროტთაგან ივლტოდეთ, რათა არა იგმოს ქადაგებაჲ იგი სახარებისა, და გაქვნდინ სასოებაჲ ღვთისა ზედა, და მისგან მიიძეთ სასყიდელი. ერჩდით ხორციელთა უფალთა თქვენთა, ნუ ეძიებთ ორთა უფალთაგან მიღებად სასყიდლისა, რამეთუ არვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად. ნუ ვსცდებით, ძმანო ჩემნო, რამეთუ სოფელი ესე ყოვლითურთ შვენიერებითა თვისთა წარხდების და ჩვენცა გარდვიცვალებით. ყოველივე მსოფლიური დიდება და ქონებაჲ აქა დაშთების, ხოლო კეთილისა საქმე თანა წარგყვების. ვსდგეთ კეთილად, მოვიგოთ სიყვარული ურთიერთისადმი, შეუდგეთ კვალსა წინაპართა ჩვენთასა, მორჩილ და ერდგულ ვექმნეთ მეფეთა ჩვენთა! აჰა, მეფის ძე, რომელიც აწ მზა არს ერდგულობისთვის მამულისა დანთხევად სისხლისა თვისისა! ეგრეთცა თქვენ თანაძაგთ ქმნად ამისა. ოდესცა ველი განმზადებულ არს, მაშინ დროჲ მოწევნილ იქმნების დათესვად, რათა გამოვიდეს მთესველი და არა ყოვნოს. გარნა საჭირო არს ესეცა, რათა ამის ძლით მოუგოთ თავთა ჩთენთა ბედნიერებაჲ, მიგიღოთ სახეჲ ნინეველთა და ესრეთ სინანულით მოუწოდოთ ღმერთსა და ერთობით ვევედრნეთ და ვსთქვათ: „ვსცოდეთ და უსჯულო ვიქმენით და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ აწ, არცა ვყავთ, მეუფეო, ვითარ-იგი შენ გვამცენ ჩვენ, გარნა ნუ მიმცემ ჩვენ ხელთა უცხოთესლთასა სრულიად, მაღალო ღმერთო მამათა ჩვენთაო“. და მერე მტკიცედ უკვე სდეგით, მოირტყენით წელნი თქვენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისა, და შეისხენით ფერხთა თქვენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშვიდობისა ყოველსა შინა. აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისა, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებულთა დაშრეტად, და ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა დაიდეთ, და მახვილი იგი სულისა, რომელ არს სიტყვა ღვთისა. ესრეთ განვედით წყობად მტრისა, მეოხებითა წმინდისა ღვთისმშობელისა და ქართველთ განმანათლებელისა ნინოსითა და მთავარმოწამისა წმინდისა გიორგისათა და წმინდათა მეფეთა ჩვენთათა ვედრებითა შეგიწყალნეს ღმერთმან, დაგიცვნეს და განგარინნეს ხელთაგან დევთა და ვირკენტავროსთასა აწ და უკუნისამდე, ამინ! მაშინ ყოველთა ერთბამად ღაღადყვეს: - ცხონდი, მამაო იოანე, ცხონდი! და ესრეთ დასრულდა კრება. შემდგომად მოვიდა იოანე, ბოდბელს ხელს ემთხვია, ბოდბელმან მადლობა უბძანა, აგრეთვე ბატონისშვილმან მადლობა, ქება უბძანა და წარვიდნენ სადილად. შეკრბენ მუნ ყოველნი მოხელენი და თავადნი, მოვიდა ბოდბელიც, ეგრეთვე წინამძღვარი. იოანეც მოიყვანეს, მაგრამ არ ჯდებოდა მუნ სერზედ, რადგან ბოდბელი იქ იყო, და იმის წინამძღვარი. გარნა უბრძანეს მათ: - დღეს ღირსი ხართ ჯდომისა, რომ ვითარცა ამ დროს შვენოდა, ისე იქადაგეთ. იოანეც დაჯდა თავის ადგილსა. მაშინ ზ უ რ ა ბ ა მ: ყოვლადსამღვდელოო, ჩემს შეგირდს კი სვამთ სუფრაზედ და მე ოსტატს კი არ მიწვევთ, რა სამართალია? მაშინ ყოველთა გაიცინეს და ზურაბაც შეიყვანეს. ბ ო დ ბ ე ლ ი: ვინ მოგაბარა? ზ უ რ ა ბ ა: ქვაბთახევის წინამძღვარმა მომაბარა და ვისწავლე კალმასობა, ღვინის თხოვნა, ოქროების კარგა შენახვა; ახლა თათრებში რომ წავიყვანო, ჩხარსაც, იქ ვასწავლი ცხვრის და ძროხის შოვნას. ბ ო დ ბ ე ლ ი: ცუდი მასწავლებელი ჰყოლიხარ ამ ბერს, მისთვის, რომ ვერცხლის-მოყვარებას და სიხარბეს დააჩვევ. ზ უ რ ა ბ ა: მე ძნელად სადმე ვიპოვნი სამღვდელოს, რომ თეთრი არ უყვარდეს. ბ ო დ ბ ე ლ ი: როგორ? ზ უ რ ა ბ ა: ასე, რომ მონათვლენ ვისმე, იმ ყმაწვილის ნათლიას ან დედ-მამას გამოართმევენ მოსანათლავსა, დააქორწინებენ ვისმეს, საყდრის კარსაც დაუკეტენ, ვინემ არას მისცემენ, და ჯვარის საწერსაც გადაახდევინებენ. იმასაც არ დასჯერდებიან, ხალიჩაც და ფარჩაც უნდა ქვეშ გაუშალონ მექორწინეთ, რათა ისიც იმათ წაიღონ. მოკვდება ვინმე, სასაფლაოს ფასს, საიმტვერიოს, საწირავს, კიდევ წლის შაბათის საწირავს და პანაშვიდისას გამოართმევენ. სახლის გასანათლავს, საშობაოს, იმასაც გამოართმევენ. აგრეთვე ნიშანს ეძახიან, კარგი ცხენი ჰყავს ან კარგი თოფ-იარაღი აქვთ, მასცა წაიღებენ და ტაბლას ხომ, ასიც მივიდეს სასაფლაოზედ, ერთს ლუკმას გლახაკსაც არ დაუდებენ წილს. ამასთან ქვეშაგებს, ტანისამოსსაც მკვდრისას მთლად წაიღებენ. ესრეთ დაანელებენ ერთს ოჯახს და სხვა საკანონოები რაღა მოგახსენო საზოგადოდ. ბ ო დ ბ ე ლ ი: ასე სწერს მოციქული სამღვდელოსათვის: უკეთუ ჩვენ სულიერი დავთესეთ თქვენდიდ, რა არს თქვენგან, თუ ხორციელი მოვიმკოთ ჩვენ. ზ უ რ ა ბ ა: ჭეშმარიტად ბძანებთ, მაგრამ ამ საბრალო ბერმა სადაც რა ქადაგება ანუ სწავლა დათესა, მომკის მაგიერ ჯოხი, მუშტი, წვერის გლეჯა და ანაფორის დახევის მეტი ვერა მოიმკო რა. არ ვიცი, ამ კარგი ქადაგებისთვის რას მოიმკის. ბატონისშვილმან უბძანა ზურაბას: - ანაფორის მაგიერ ფილონს მიიღებს. იოანე ზე ადგა, მადლობა მოახსენა და ესრეთ დასრულდა სადილი. ზ უ რ ა ბ ა: შენი ჭირიმე, ეს რომ ფილონს მიიღებს, მე კაბა მერგებაო, რომ ასე გავზარდე ეს ბერი. იცინეს და მასცა ებოძა კაბაი. მერეთ წარვიდენ სადგურსა თვისსა. საღამო დროს დაიბარა ბატონისშვილმა იოანე დიაკვანი, უბძანა: - ვინემ ვახშამს მივიღებდეთ, მცირე რამე მოვიუბნოთ მეტადრე ფიზიკისათვის. ი ო ა ნ ე: იყავ ნება თქვენი! ბ ა ტ ო ნ ი ს შ ვ ი ლ ი: რასა გულისხმას ჰყოფთ სახელსა ქვეშე მეტაფიზიკისასა?

[ამას მოჰყვება მსჯელობა მეტაფიზიკის შესახებ].

შემდგომად ამისა დასრულდა უბნობა, ვახშამიც მუნ მიიღო იოანემ. და ოდეს აღდგნენ, იოანე გამოეთხოვა ბატონისშვილს, დალოცა და სახვალიოდ წარსვლა მოახსენა ქალაქისკენ. ბატონისშვილმანც უბძანა მშვიდობა და ესრეთ განიყარნენ. იოანე მივიდა წინამძღვართან, წინამძღვარმან მოამზადა წიგნები, მისცა თვისთა მეგობრებთან მიწერილი, და სახვალიოდ განემზადა წასასვლელად იოანე.