Jump to content

ისევ სიშორეზე

From Wikisource
ისევ სიშორეზე
ავტორი: ტერენტი გრანელი


მთვარიანი ღამის ორი საათია,
შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე.
ფიქრში უიმედო ხმები გადადიან,
როცა სიშორეზე ტირის როიალი.

ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა,
ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით.
ჩემი იმედები ისევ გაიბზარა,
უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.

სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები
და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის.
მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები
და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.

ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის,
მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე.
გული ასვენია მაღალ სიჩუმეში,
თანაც სიშორეზე ტირის როიალი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]