ირინეს ბედნიერება

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ირინეს ბედნიერება
ავტორი: დავით კლდიაშვილი
1897


ირინეს ბედნიერება
სურათი სოფლის ცხოვრებიდან ორ მოქმედებად
მოქმედნი პირნი

სამსონ სალამთაძე, შეძლებული მემამულე.
ეკა, ცოლი ამისი.
აბესალო, შვილი ამათი 28 წ.
ფილიპე ბარბაქაძე.
ირინე, მისი ქალიშვილი.
ვიქტორ, ყმაწვილი 28 - 30 წ.
პავლე როდამიშვილი, 25 - 28 წ.

სოლომონ, ნათესავი ირინესი.
სოგრატ,
ნესტორ ამხანაგები აბესალოსი.
ნიკოია, ბიჭი.
სტუმრები: ყმაწვილი კაცები და ქალები.

მოქმედება პირველი
სცენა წარმოადგენს ბარბაქაძის ეზოს. მარჯვნით მოჩანს დაბალი ოდის აივანი. მარცხნით ნიგვზის ხის ქვეშ გაშლილია სუფრა - სხედან აბესალო, ვიქტორ, სოგრატ, ნესტორ და სხვა ყმაწვილები. ცეკვა-თამაშია. იქით ღობეა და მოჩანს მეზობლის სახლები, დღეობაა ბარბაქაძისას. მოისმის დაირის ხმა. სცენაზე ლეკურის თამაშია, უკრავენ სალამურსაც. სტუმრები: ყმაწვილი კაცები და ქალიშვილები.
გამოსვლა პირველი
ფილიპე
(მოარბენინებს ცალ ხელში შამფურით მწვადს, მეორე ხელში თეფშს ცხელი ღომით).
მიირთვით... მიირთვით, თქვენი ჭირიმე!..
ყმაწვილები
ფილიპეს გაუმარჯოს!.. გაუმარჯოს ფილიპეს! (აწოდებენ ყანწით ღვინოს).
ფილიპე
თქვენი თავი მიცოცხლოს ღმერთმა ათას წელიწადს!.. ჩემი თავიც გამსახუროსთ!.. ჩემი საწყალი ოჯახი არ შეგძულებოდესთ... იცოცხლეთ მხიარულად, კეთილად და ბედნიერად! (დაიწყებს იმერულ მრავალჟამიერს, ყმაწვილებიც აჰყვებიან.)
აბესალო
(როცა ფილიპე ყანწს გამოცლის).
ბატონო ფილიპე, შენი სულის ჭირიმე, ერთი ლეკური, ლეკური, თუ გიყვარდე! ტაში, ტაში, ყმაწვილებო!
ფილიპე
კი, შენი ჭირიმე! კი, ჩემო ბატონო! (ფილიპე ცეკვავს, შემდეგ ირინეს გადასძახებს) ბოშო! (ორივე მამა-შვილი განაგრძობენ ცეკვას, მერე ირინე სახლისაკენ გაეშურება, თანვე გაჰყვება საერთო ყიჟინი. აბესალო ყვირის).
აბესალო
ბატონო ირინე!.. ბატონო ირინე!.. მიგვატოვა?! სოგრატ! ნესტორ! ახლავე აქ მოიყვანეთ! ახლავე მოიყვანეთ აქ! (ყმაწვილები წამოვარდებიან და გავლენ) უირინეობა შეუძლებელია!.. ბატონო ირინე!
ვიქტორ
კარგია, აბესალო, კმარა, ყმაწვილო!.. ნამეტანი არაფერი არ ვარგა!..
აბესალო
ვიქტორ, ახლავე აქ მოიყვანე ირინე, აქვე დამიჯინე ამ სუფრაზე, ჩემს გვერდით!.. ახლავე, ვიქტორ, გესმის!..
ვიქტორ
ყმაწვილო, ღმერთმანი, სხვანაირად მიიღებენ მაგ შენს საქციელს... მაგ შენს ხუმრობას რამე კუდს გამოაბამენ და, ვიცი, უსიამოვნებით გათავდება, სხვა არაფერი იქნება... ხომ იცი, სოფლის ამბავი!..
აბესალო
თუ ძმა ხარ, შენი დარიგება შენთვის შეინახე და ახლა ის ამისრულე, რასაც გთხოვ... ირინე მომიყვანე და გვერდით მომისვი!..
ვიქტორ
თუ ჩემი ძმობა გწამს, თავი დაანებე იმ ბავშვს, აბესალო!.. თუ ჩემი ძმობა გწამს!.. შეხუმრებასაც თავისი სამზღვარი აქვს!..
აბესალო
სიდოური შეხუმრებაა?! კაცს გონება მეშლება, თვალები ეს არის წამომცვინდება მისი მზერით და ეს შეხუმრებაზე მელაპარაკება!.. ნუ ამაყენებ, ვიქტორ, მომიყვანე ირინე...
ვიქტორ
ხა, ხა, ხა! გასაკვირველია შენი დღევანდელი ამბავი!.. კაცმა დაგიჯეროს, რომ მართლა ასე აგიტაცა ამ საწყალმა ირინემ?!
აბესალო
უნდა დამიჯერო, რომ გეუბნები!
ვიქტორ
კარგია, თუ კაცი ხარ!
აბესალო
არ მოიყვან?
ვიქტორ
თითქოს პირველად გენახოს დღეს მაგი ქალი!..
აბესალო
არ დავკვირვებივარ დღემდის და იმიტომ არაფრად მიმაჩნდა. დღეს ამეხილა თვალები და გეფიცები, ვიქტორ, უმაგისოდ ერთ წუთას გაძლება არ შემიძლია!.. მომაჯადოვა, მომაჯადოვა მაგ დაწყევლილმა!
ვიქტორ
მოგაჯადოვა კი არა! გინდა თავის გასართობად გაიხადო და იმას კი აღარ ატან თვალს, რა ბოლო შეიძლება მოჰყვეს მაგ შენს გართობას.
აბესალო
გარწმუნებ, მე სრულიადაც არ ვხუმრობ, და ისევ გთხოვ, ირინე აქ მოიყვანო!...
ვიქტორ
გარწმუნებ, რომ თუ კიდევ განაგრძე ირინესთან შენი საქციელი, დღევანდელი დღე უსიამოვნებით გათავდება და ის იქნება... გინდა, მოწადინებული ხარ, ჩვეულებისამებრ, უსათუოდ შფოთი ატეხო, სხვა არაფერი!
აბესალო
მე მინდა, ირინე აქ მომიყვანო, სხვა არაფერი!
ვიქტორ
უსათუოდ გინდა, როდამიშვილი გაახელო და შფოთში ჩაითრიო რამეფრად... უამისოდ მოწყენილი ხარ...
აბესალო
როდამიშვილი ვინ ოხერია?!
ვიქტორ
ვინაა და, როგორც წეღან გითხარი, ირინეს საქმროა... ჯერ ოღონდ გამოუცხადებლად აქვთ პირობა მიცემული ერთმანეთისათვის...
აბესალო
ჩემი რა საქმეა... მე რას დავეძებ მერე? ახირებულია!
ვიქტორ
შენი საქმე ისაა, რომ ამ ქალიშვილთან უფრო მეტი თავდაჭერილობა გმართებს.
აბესალო
როდამიშვილის გამო?
ვიქტორ
ჰო!
აბესალო
ხა, ხა, ხა, ხა, ხა, ხა! ძალიანია, შენ ნუ მომიკვდები, ძალიანია! ვიღაცა ჩანჩურა როდამიშვილის გულისათვის ყოველივე სიამოვნება უნდა მოვიკლოთ... აბა კაცი ის ყოფილა - ჩვენ არაფერი!
ვიქტორ
ვაჟკაცს არ შეშვენის, აბესალო, ამნაირი სიტყვა.
აბესალო
არც ის შეშვენის, თავი მოიხაროს ყოველივე მაჩანჩალას წინაშე... როდამიშვილის გულის ამბავი რაში მეკითხება, როცა აქ გენია ტრიალობს და ჩაქრობას ითხოვს... როდამიშვილი რა ჩემი ფეხებია!.. მაშ არ გინდა თხოვნა ამისრულო - ირინე აქ მომიყვანო?! შენ გგონია, უშენოდაც არ მოხერხდება ეგ საქმე? (წასვლას აპირებს).
ვიქტორ (დაიჭერს).
აბესალო, თუ რაიმე პატივისცემა გაქვს ჩემი, თავი დაანებე ირინეს!.. თუ ძმა ხარს!
აბესალო
თუ ძმა ხარ, თავი დამანებე, ვიქტორ!.. თუ ძმა ხარ!.. სად მიმემალა ჩემი მზე, ჩემი მთვარე? უნდა მოვნახო ახლავე... შენი სულისა! (მიდის სახლისაკენ).
გამოსვლა მეორე
ვიქტორ, მერე როდამიშვილი
ვიქტორ
ეს შეჩვენებული მანამდი არ მოისვენებს, სანამ ერთ აყალმაყალს და დავიდარაბას არ ასტეხავს, ისეა ატეხილი! ნეტავი მაგ არ მოთრეულიყო დღეს აქ და არაფერი მინდოდა!
როდამიშვილი (აღელვებული).
ვიქტორ!
ვიქტორ
რა იყო, პავლე?
როდამიშვილი
ვიქტორ, უთხარი, ყმაწვილო, იმ შენს ნათლიისშვილს, უთხარი ცოტაოდენი მორიდება მაინც იქონიოს... მართალია, ჩვენზე უკეთეს საზოგადოებაში ნამყოფია, მაგრამ არაფერი საკადრისია ყველასი ასეთი ჩაუგდებლობა.
ვიქტორ
რა იყო, რა ქნა ამისთანა, პავლე ჩემო?
როდამიშვილი
განა თვითონ არ შეგიმჩნევია?! ბატონო, რა არის, ამ ყმაწვილ ქალს რომ ჩასცივებია, მოსვენებას არ აძლევს, წამოავლებს ხელს და აჯირგალებს, თითქოს სათამაშო იყოს მისი... უთხარი...
ვიქტორ
რა ვუთხრა, ყმაწვილო, გალეშილია, არაფერი ესმის ამ ქვეყნის.
როდამიშვილი
შენც არ მომიკვდე, ის იმდენად მთვრალი არ იყოს!.. და ამას კი გეტყვი, ვიქტორ, თუ მაგან ირინეს თავი არ დაანება, ღმერთმანი, მეტს აღარავინ მოუთმენს და ყველასათვის უსიამოვნებით გათავდება დღევანდელი დღესასწაული... ძმობას გფიცავარ, ვიქტორ!
ვიქტორ
შენგან არ მიკვირს, პავლე, ამნაირი სიტყვა რომ მესმის!..
როდამიშვილი
მაგ ვაჟბატონი იმ იმედით ბრძანდება, რომ ვერავინ გამიბედავს რამესო და თავისუფლად გრძნობს თავის თავს... როგორც სინდისიერ ყმაწვილ კაცს, გთხოვ, ვიქტორ, უსიამოვნება აგვაშორო...
ვიქტორ
თუ ძმა ხარ, დაწყნარდი, ნუ მიიღებ საწყენად მის საქციელს. შე კაცო, რომ იცოდეს თქვენი ამბავი, ირინეს სულაც არ გაცემდა ხმას...
როდამიშვილი
დიახ!.. მაგისთანა ვაჟბატონია სწორე!.. მაშინ ჯინაზე უარესს ჩაიდენდა!.. ა, შეხედე, შეხედე, ვიქტორ! შეხედე, რავა მოაპოწიალებს... შეხედე ერთი! და შენ მეუბნები - მოითმინეო?
გამოსვლა მესამე
იგინივე, აბესალო, ირინე და სტუმრები
აბესალო (შემოჰყავს ირინე ხელი-ხელ გაყრილი).
არსად თქვენი წასვლა აწი აღარ შეიძლება, არსად!.. არასფრის გულისათვის!..
ირინე
ახლავე გიახლებით... საქმე მაქვს... ახლავე გიახლებით!..
აბესალო
ყოვლად შეუძლებელია... ვეღარსად ვერ გაგიშვებთ! ვეღარსად... აბა სალამური!.. ტაში!.. ბატონო ირინე, უმორჩილესად გთხოვთ!.. ვასიკო! (გამოვარდება და ლეკურის საცეკვაოდ თავს დაუკრავს ირინეს).
ირინე
კატო ითამაშებს ჩემს მოსვლამდის!.. კატო, შენი ჭირიმე!
აბესალო (გზას გადაუღობავს).
არ ვიცი მე არც კატო, არც ქატო... ტაში, ყმაწვილებო!..
როდამიშვილი
ყოჩაღ, ბიჭო!.. ზრდილობაც ამას ჰქვია!
ვიქტორ
ჩუ, ყმაწვილო!
აბესალო
ტაში, ტაში! (ირინე ცეკვავს). შენი გულისა, შენი... (ირინე ცეკვას გაათავებს, თავს დაუკრავს, შემოტრიალდება და წასვლას დააპირებს. აბესალო ხელს სტაცებს და შეაჩერებს). ასე მალე, ასე მალე, ბატონო ირინე?
ირინე
დავიღალე, ღმერთმანი.
აბესალო
ასე ცოტათი გინდათ დაგვაჯეროთ? თქვენ არ მომიკვდეთ... ამას გახელება ჰქვია, სხვა არაფერი... გახელება!
ირინე
დავიღალე, ბატონო აბესალო... მეტი აღარ შემიძლია.
აბესალო
აბა, თუ დაიღალეთ, აგერ დაბრძანდით და დაისვენეთ... აბა, ყმაწვილებო, ”სულიკო”, ისე ტკბილად, ნაზად, ისე რომ ყველას გვიამოს... დასხედით, დასხედით!.. ჩვენსკენაა ლხინი წამოსული... (ყმაწვილები ”სულიკოს” მღერიან).
ირინე
ბატონო აბესალო, გთხოვ, ნება მიბოძოთ...
აბესალო
არ შეიძლება... თქვენთან ერთად ლხინიც გაგვშორდება...
ირინე
რა ვქნა, ღმერთმანი!
აბესალო
ვიქტორ!
ვიქტორ
რა გინდა?
აბესალო
თხოვე იმ ყმაწვილს, ასე მწყრალად რომ გვიყურებს, შემოგვჩერებია, ეგერ დაბრძანდეს სუფრის ბოლოში... ეგებ გული გაუკეთდეს... (ირინე უკმაყოფილოდ გადახედავს აბესალოს).
ვიქტორ
ვერაფერი ოხუნჯობაა, შენ არ მომიკვდე!.. შფოთი გინდა ატეხო, ყმაწვილო?!
აბესალო
თხოვე!.. ნუ იბღვირება-კი!
ვიქტორ
სუ, ყმაწვილო!
როდამიშვილი
გიჯობთ თავი შეიკავოთ და წინდახედულად ილაპარაკოთ!
აბესალო
ბიჭოს!.. ხა, ხა, ხა!.. ძალიან გულზე არ ყოფილა! ერთი ახლოს დამანახვეთ, ვინ ბრძანდება ეს გულ უშიშარი რაინდი! (დგება და როდამიშვილისაკენ მიდის, ვიქტორი არ უშვებს).
ვიქტორ
აბესალო, რა არის ახლა ეს?.. რა არის?..
როდამიშვილი
ტყუილა იქაჩებით... თქვენი არავის არ ეშინია, ამაზე დარწმუნებული ბრძანდებოდეთ!
ვიქტორ
პავლე, არ გრცხვენია! (ყველანი აირევიან) სირცხვილია, ყმაწვილებო, სირცხვილია, სხვა არაფერი!
აბესალო (იწევს)
ბატონო, შემახედვიეთ მხოლოდ... ახლოს შემახედვიეთ ამ უცნაური კაცისათვის... მეტს არაფერს გთხოვთ... ვიცნო ერთი მაინც!
როდამიშვილი
შევარცხვინე შენთან დამარიდებელი!..
ვიქტორ
(იქით მიექაჩება როდამიშვილს, აბესალომი სხვა ყმაწვილებშია. ყველანი შეწუხებულნი არიან).
პავლე, ჭკუაზე მოდი! ყმაწვილო, ამას მოველით შენგან?
როდამიშვილი
შემაშინა მაგისმა შეხედვამ, თუ რა ჰგონია?! (ვიქტორს გაჰყავს).
აბესალო
ძალიან არ იქაჩებოდა!.. მიყვარს გულადი კაცი! სიცოცხლეა!
ირინე
არ გეკადრებათ, ბატონო აბესალო!.. თქვენგან ამას არ მოველოდი!..
აბესალო (მოტრიალდება).
უკაცრავად... თქვენთან უკაცრავად, ბატონო ირინე!.. ღმერთო მომკალი!.. გაწყენინეთ განა!.. ნიავს მივცეთ, ქარს გავაყოლოთ ყოველივე უსიამოვნობა!.. ყმაწვილებო, აბა, ტაში, ტაში!.. (თვითონ იწყებს ცეკვას და იწვევს ირინეს. პირველი უარის შემდეგ ირინე გაჰყვება).
ყმაწვილები
ბრავო, ბრავო, აბესალო! ბრავო, ბრავო!..
ერთი ყმაწვილთაგანი მე-2-ს
როდამიშვილის ჯინაზე თამაშობს.
მე-2 ყმაწვილი
კი, ახელებს მას... შეატყო, რომ პავლეს სწყინსო ირინესთან შეხუმრება და განგებ ახელებს...
1-ლი ყმაწვილი
უნდა უსათუოდ ჩხუბში ჩაითრიოს...
აბესალო
(ცეკვის გათავების შემდეგ ხელზე აკოცებს ირინეს).
გმადლობთ, გმადლობთ, ბატონო ირინე! (სახლიდან მოისმის სიმღერა და დაირის ხმა, ყველანი იქით გაეშურებიან).
გამოსვლა მეოთხე
ირინე და აბესალო
აბესალო (უკან მისდევს ირინეს).
გინდოდათ გამქცეოდით?! ხომ დაგიჭირეთ!.. ხომ ვერ დამემალეთ!.. სად უნდა დამემალოთ?! სად უნდა წამიხვიდეთ?.. გარწმუნებთ, რომ ვერსად... ვერსად!
ირინე
რა გნებავთ, ყმაწვილო?
აბესალო
ეგრე მწყრალად?!. ეგრე კუშტად?!. ნუ, ნუ, თუ ღმერთი გწამთ... თუ კაცის სიბრალული გაქვთ! მაგ კილოთი ყოველ გაბედულობას მიკარგავთ... მხდალად მხდით...
ირინე (ვიქტორს დაინახავს).
ვიქტორ... ვიქტორ!
ვიქტორ
ბატონო!
აბესალო
ნეტავ შენ ყველგან მიმსწრები არ იყვე, ათასწილად აჯობებდა, ძმობას ვფიცავარ!
ვიქტორ
უკაცრავად შენთან, მაგრამ ხომ გაიგონე, რომ მიხმეს...
აბესალო
ა, ხომ ხედავ, ყველანი მშვიდობით ვართ და შენც შეგიძლია თავისუფლად განაგრძო შენი გზა...
ვიქტორ
თუ ირინე მიბრძანებს...
ირინე
არა, არა, მე გთხოვთ, აქ იყვეთ...
აბესალო
ღმერთო მომკალი! თუ არა და ამდენად გეშინიანთ ჩემთან მარტოდ დარჩენა?..
ვიქტორ
რაებს ლაპარაკობ, ყმაწვილო?
აბესალო
შენ რომ აქ არ იყვე, სწორედ უფრო წესიერად ვილაპარაკებდი და იმას ვიტყოდი, რისი თქმაც მსურს!..
ირინე
ვიქტორთან მე საიდუმლო არაფერი მაქვს... შეგიძლიათ თქვენი სათქმელი მაგასთანაც თქვათ...
აბესალო
უშენოთ რომ არაფერი გაკეთდება, რომ არაფერი ითქმება... ყველას მესაიდუმლე რომ ხარ!.. გასაკვირველია!.. ვიქტორ, თუ ძმა ხარ, ერთხელ მაინც დათმე... გთხოვ ძმურად!
ვიქტორ
არ გესმის, ყმაწვილო, თუ დაყრუვდი დღეს?.. არ გესმის ამ ქალის ნათქვამი?..
აბესალო
შენ რომ გხედავ აქ, ყურთასმენაც მაკლდება...
ვიქტორ
როგორც გეტყობა, ჩემო კეთილო, ძალზე მოგრევია ღვინო და მოსვენება გჭირია, რომ გამოფხიზლდე...
აბესალო
ოჰ, ეგ კი მართალია... ეგ კი მართალია! და, თუ ძმა ხარ, მომასვენე!..
ირინე
უკაცრავად ვარ, ბატონო აბესალო, ამდენ სტუმარს სამსახური ეჭირვება...
აბესალო
კისერი უტეხია ყველას!.. ვის რას დავეძებ! მათზე ისიც ბევრია, რაც ემსახურეთ... ყველამ თავის თავს მოუაროს!.. თქვენი წასვლა აქედან ყოვლად შეუძლებელია!.. ვერსად ვერ გაგიშვებთ!..
ირინე
რა უნდა გავაკეთოთ აქ?..
ვიქტორ
აბესალო, ჭკუაზე მოდი... რავა გადარეულივით ლაპარაკობ!..
აბესალო
გადარეული ვარ, აბა, ვერ მატყობ?! ვერ მატყობ, რომ გადარეული ვარ?! და გევედრები, შენ ნუ მრევ კიდევ, შენ ნუ შემშლი უარესად... რა გინდა ჩემგან, კაცო?! ბატონო ირინე, უმორჩილესად გთხოვთ, ორი წამი მითავაზოთ, მაგრამ ეგ თაფლი კაცი, ეგ ქვეყნის მესაიდუმლე თავიდან მომაშორეთ...
ირინე
რა უნდა მითხრათ იმისთანა, რომ ვიქტორს არ გაეგონებოდეს? რა უნდა იყოს იმისთანა?
აბესალო
გთხოვთ!
ირინე
გთხოვთ, ამასთან მითხრათ...
აბესალო
თქვენ რომ იცოდეთ ჩემი გულის ამბავი, ასე მკაცრად, ასე უნდობლად არ მომეპყრობოდით... არც მაძლევთ საშუალებას გამოვთქვა ჩემი გულის ნადები და ამით მხოლოდ სულს მიხუთავთ, სიცოცხლეს მიმწარებთ...
ირინე
არ გეკადრებათ, ბატონო აბესალო, მაგნაირი ლაპარაკი...
აბესალო
ვიყვე შეჩვენებული, თუ ჭეშმარიტებას არ მოგახსენებდეთ... თუ სრულს ჭეშმარიტებას არ მოგახსენებდეთ... და გთხოვთ, რომ თქვენის მხრითაც გავიგონო... (ირინე წასვლას აპირებს) სად მიხვალთ? ვერსად ვერ წამიხვალთ, სანამ არ მომცემთ პასუხს, სანამ სიტყვას არ მომცემთ...
ირინე
გთხოვთ გამათავისუფლოთ, ბატონო აბესალო!
ვიქტორ
აბესალო, ყმაწვილო!
აბესალო
პასუხი მინდა გავიგონო თქვენგან, თუ...
ირინე
მერე ვილაპარაკოთ, ბატონო, მერე... ახლა არ მცალია...
აბესალო
მერე როდისღა? როდისღა მერე? მე ახლავე მინდა პასუხი!.. გადადება რაღა საჭიროა!.. ახლავე უნდა მითხრათ...
ირინე
არა, არა! ახლა მე თქვენთან ლაპარაკი არ შემიძლია! (გაუსხლტება და გაიქცევა).
გამოსვლა მეხუთე
აბესალო და ვიქტორ
აბესალო
სად წამიხვალ, სად?.. სად წამიხვალ?!
ვიქტორ
რას ჩადიხარ, ყმაწვილო?! რა ამბავში ხარ?!
აბესალო
გევედრები, თავი დამანებო!.. ხომ ხედავ...
ვიქტორ
რომ შენს ჭკუაზე არა ხარ...
აბესალო
ჰო, ჰო! სწორედ ჩემს ჭკუაზე არა ვარ!.. და თავი დამანებე, თორემ გაწყენიებ და დამემდურები!..
ვიქტორ
ყმაწვილო, თავი როგორ დაგანებო, როცა ვხედავ, რომ ირინესთან შენს საქციელს შეუძლია აქ ერთი აყალ-მაყალი ატეხოს... გეუბნები, იმ ქალს ამორჩეული ჰყავს საქმრო, ის კაცი თავს გამოიდებს და...
აბესალო
ჯანდაბას მისი თავი და ტანი!.. გთხოვ, ჩემთან მას ნუ ახსენებ... ირინესთან იმას ხელი აღარა აქვს დღეიდან, არა, ასე მოახსენე...
ვიქტორ
როგორ თუ ხელი აღარ აქვს? რა გინდა ამით თქვა?
აბესალო
ის, რომ ირინეს საუკუნოდ გამოეთხოვოს...
ვიქტორ
აბესალო!
აბესალო
ჰო, აბესალო, აბა ვინა ვარ?
ვიქტორ
შენ რაღაცას უცნაურობას აპირობ, აბესალო...
აბესალო
რასაც ვაპირობ, კიდევაც ავასრულებ...
ვიქტორ
აბესალო, თუ შენ ფიქრობ როდამიშვილის და ირინეს დაშორებას, ჯერედ ეგ ვერაფერი ვაჟკაცური საქციელია, და მერე ამასაც გეტყვი, რომ შენი მაცადინობა ტყვილა ჩაივლის... არაფერი საკადრისია ამნაირი საქმე!
აბესალო
მე შენ გთხოვ, ვიქტორ, იმ როდამიშვილს მოახსენო, ირინესი სახელიც კი დაივიწყოს სამიდღემჩიოდ...
ვიქტორ
შენ ხუმრობ?..
აბესალო
სულაც არ მეხუმრება...
ვიქტორ
აბა?
აბესალო
აბა ის არის, რომ ირინე მე მინდა... მე მინდა!
ვიქტორ
ა?
აბესალო
მე მინდა-მეთქი და არავინ როდამიშვილი არ ვიცი...
ვიქტორ
შენ გინდა?!
აბესალო
მე!
ვიქტორ
თუ მართლა გულში მაგისთანა რამ განიზრახე, გარწმუნებ, აბესალო, როგორც გითხარი, შენი ჟინი ასე იოლად არ აგისრულდება...
აბესალო
რატომ!.. როდამიშვილი მჯობია? როდამიშვილს არჩევენ?
ვიქტორ
არა, მაგრამ გეიგონე კაცის, იმათ სიტყვა აქვთ ერთმანეთისათვის მიცემული...
აბესალო
თუ გინდ ჯვარსაწერადაც წამდგარნი იყვნენ... მე რომ ვთქვა, უარს მეტყვიან?
ვიქტორ
ყმაწვილო, ახლა რაღა დროსაა.
აბესალო
დრო ყოველთვისაა.
ვიქტორ
გარწმუნებ, ქალი არასფრის გულისთვის არ გადათქვამს თავის სიტყვას... არასფრის გულისთვის...
აბესალო
არ გადათქვამს?
ვიქტორ
გარწმუნებ, რომ არა... აბა რისთვის გაგექცა - მიგიხვდა რაზედაც გინდოდა ჩამოგეგდო ლაპარაკი და გაგშორდა...
აბესალო
ეგ ტყვილია... ტყვილია, ჩემო ვიქტორ ბატონო! და აგერ ახლავე დაგანახვებ ამას... და ესეც გახსოვდეს, მითქვამს: შემირცხვეს ვაჟკაცობა, თუ მაგ ქალი მე ვისმეს დავუთმო!.. ამისთვის კი მოვნახავ მე გზას.
ვიქტორ
აბესალო, ძმობას გაფიცებ, წუთის გულისთქმას ნუ აჰყვები, შენი ვაჟკაცობა ამაში უფრო გამოჩნდება... უკადრისი საქციელით ვაჟკაცობას ვერ დაამტკიცებ, ჩემო ძმაო.
აბესალო
უკადრისობაზე ლაპარაკი თქვენთვის მომინდვია. მე ჩემი სურვილი უნდა ავისრულო... თქვენს ტარტალს რას დავეძებ! (მიდის).
გამოსვლა მეექვსე
ვიქტორ და როდამიშვილი
ვიქტორ (უკან მისდევს).
აბესალო, გაფიცებ დედ-მამას, უცნაურ საქმეს თავი დაანებო! აბესალო! (შეჩერდება) აღარასფერი ესმის... რა თვალით შეხედა იმ წყეულმა ამ ქალიშვილს, რომ ასე უცნაურად გადირია?!. ფეხი მომტეხოდა და მასთან ერთად არ მოვსულიყავი დღეს აქ!.. რავა დევიჯერო, მართლა უნდოდეს გულით ირინეს ცოლად შერთვა?.. ჟინმა წამოუარა, მეტი არაფერია.. უსათუოდ რაღაც უცნაურობას კი მოახდენს... სად წავიდა ახლა?.. საით წაეთრია ოხერი?..
როდამიშვილი (შეხვდება მიმავალ ვიქტორს)
ვიქტორ!.. შენთან ერთი სათხოვარი საქმე მაქვს... ვიცი შენი კეთილი გული, უარს არ მეტყვი...
ვიქტორ
თუკი შემიძლია რამე, ბატონი ბძანდები... რა იყო?
როდამიშვილი
ამ ოხერმა შენმა ნათლიისშვილმა მომკლა, უნდა გამოგიტყდე, ჩემო ძმაო, გამათავა კაცი!.. ისე ვარ, თითქოს ირინეს ვინმე მართლა მართმევდეს და მე კი ძალაც არ მაქვს, ნებაც არა მაქვს დავიცვა...
ვიქტორ
კარგი ერთი შენც!.. არ გრცხვენია?..
როდამიშვილი
რა ვქნა, ჩემო კეთილო, ასე კია და! აი ამიტომ გადავსწყვიტე გთხოვო, მიმეგზავნო ფილიპესთან და შენებურად მოუყვე ჩემს გარემოებას... მართალია, ჯერ ისე მოწყობილი არა ვარ ჯვარი დევიწერო, მაგრამ მოსვენებულად მაინც ვიქნები, ჩემად რომ ვიგულებ ირინეს... შენი ჭირიმე, გეისარჯე და დამავალე, ჩემო ვიქტორ!..
ვიქტორ
ბატონი ბრძანდები. დიდის სიამოვნებით. ამწამსვე!
როდამიშვილი
შენი ჭირიმე!.. უთხარი, რომ, მართალია, ღარიბი კაცის შვილია, მარა შენს ქალიშვილს გვრიტივით შეინახავს-თქვა...
ვიქტორ
კარგი, კარგი! (მიდის).
როდამიშვილი
შენს სულს დავენაცვლე! საუკუნო მოსამსახურედ გამიხადე!.. დროს ნუღარ დაჰკარგავ, შენ დაგენაცვლე!..
ვიქტორ
ა, მივდივარ ეს არის!.. ახლავე მოვნახავ და ახლავე ვეტყვი (მარჯვნით გავლენ).
გამოსვლა მეშვიდე
ფილიპე და ირინე
ფილიპე
დღევანდელი დღე, შვილო, თურმე ორნაირად სასიხარულო ყოფილა ჩვენთვის...
ირინე
რავა, მამა?
ფილიპე
ამ კაი დღესთან იმისთანა კაი ამბავი უნდა გამოგიცხადო, რომ უკეთესი არ შეიძლება...
ირინე
რა ამბავია, მამა?
ფილიპე
შენი გაბედნიერების ამბავი, შვილო!.. დიახ, იმისთანა ჩინებული ყმაწვილი მთხოვს შენს თავს, რომ შენ ვერც-კი წარმოიდგენ! აბა, აბა!
ირინე (აღელვებული).
ვინ, მამა?.. ვინ?..
ფილიპე
აბა თუ მიხვდები?.. აბა თუ მიხვდები?.. აბესალო სალამთაძე!..
ირინე
აბესალო?!
ფილიპე
აბა, აბა! შენ ვინ გეგონა?.. აბა, ტყვილა მყავხარ კარგი გოგონა, რომ უბრალო ვინმემ გამიბედოს შენი თავის თხოვნა?! კი, შვილო! ეს არის თვითონ მოვიდა ჩემთან, გამიხმო და ასე-ასეო, იმედი მაქვს, სიძედ არ დამიწუნებო და შენი ქალიშვილის მთხოვნელი ვარ... მწარე გულით ვარ მოწადინებულიო, შვილად მიმიღე ან და ჩემი თავი უნდა მოვიკლაო... ასე თქვა, შენ ნუ მომიკვდები: ჩემი თავი უნდა მოვიკლაო. პასუხი მინდა ახლავეო... აბა!
ირინე
(გაფითრებული ყურს უგდებდა, მერე აღელვებით).
მერე რა უთხარი შენ?..
ფილიპე
რას ვეტყოდი, შვილო... რა უნდა მეთქვა! ჩემის მხრით - კი, ბატონო-თქვა, ოღონდ, თუ უკაცრავად არ ვიქნები-თქვა, პასუხს ახლავე მოგახსენებთ-თქვა... ჩემს შვილს გავაგებიებ და, რასაკვირველია, წინააღმდეგი არც ის იქნება-თქვა...
ირინე
არა, მამა, არა!
ფილიპე
რასაკვირველია, რასაკვირველია!.. ეგ მეც ვიცოდი, რომ აბესალოს შენ ვერ დეიწუნებდი... მე შენ გეტყვი, ვინმე აჯობებს!..
ირინე
არა, მამა, აბესალოს მე ვერ წავყვები...
ფილიპე
ა?!
ირინე
აბესალოს ვერ წავყვები, მამა.
ფილიპე
აბესალოს ვერ წავყვებიო?.. გადირიე, შვილო!?
ირინე
ვერა... ჩემო მამა, ჩემო!
ფილიპე
ღმერთო, ნუ შემშლი! რა მესმის ეს და ვისგან? გესმის შენ შენი სიტყვები, გესმის თუ არა?!
ირინე
შენ გენაცვალე, ჩემო მამა, ჩემო კარგო მამა, შენს სულს ვენაცვალე, მაგაზე ნუღარაფერს მეტევი!
ფილიპე
რა ამბავია ეს?! აბესალოს უნდობლობა?!. ჰმ! რა ამბავია ეს, რა ამბავია?! აბა ვიღას უნდა წაყვე?! აბა ვიღა გინდა, ამისთანა ვაჟკაცს რომ არ ნდომულობ, რა ოჯახის შვილს, რა გვარის შვილს?.. წუნობ თუ? აბა ვის უნდა წაყვე?!. ვის?
ირინე
შენი ჭირიმე, შენი, ჩემო მამა, ჩემო!
ფილიპე
უარი ვუთხრა აბა?
ირინე
უარი, მამა!
ფილიპე
რა მიზეზიაო?
ირინე
უთხარი... უთხარი, რომ...
ფილიპე
ჰო, ჰო... რა უთხარიო? რა უთხარიო, რომ სათქმელი არაფერია... რას გაჩუმებულხარ?... მასწავლე, რა ვუთხრა მიზეზად?
ირინე
მამა, მე აბესალოს არ წავყვები... ვერ წავყვები!
ფილიპე
რა ამბავია შენს თავზე, ირინე, დღეს?.. სხვიმის როდის გილაპარაკნია ასე სულელურად? რა წამოგიარა დღეს? ასეთი უცნაური გაჯიუტება!.. ასეთი საქციელი შენი!.. მითხარი ერთი, რითი ავხსნა, რას მივაწერო?! ბედნიერება კარზე მოგდგომოდეს კაცს და უარს ამბობდე?! ჰმ! ღმერთო, შენ დასწყევლე ყოველი მავნე და ბოროტი სული!.. რამ გადამირია ეს აქამდისინ უწყინარი და მორჩილი შვილი!.. შვილო, ჭკუაზე მოდი, ირინე! ის კაცი მოუთმენლად ელის პასუხს... სული უწუხს, სანამ გეიგონებდეს შენგან თანხმობის სიტყვას...
ირინე
ჩემო მამა, ჩემო ძვირფასო მამა, გევედრები, ნუღარ ჩამაცივდები...
ფილიპე
რატომ, შე შეჩვენებულო, რატომ?.. ერთი მიზეზი მაინც გამაგებინე! მთელ ამ მხარეზე ბადალი არავინ ჰყავს... შემდარე არავინ ჰყავს... ყმაწვილკაცობის თვალად ითვლება... შნოა მთელად ყმაწვილკაცობის და შენ სდებ წუნს, შენ? მითხარი ერთი... მითხარი, ბატონო, მითხარი, ერთი გამაგებინე!.. მიზეზი გამაგებინე ერთი.. ჰო...
ირინე
არ მიყვარს...
ფილიპე (მოკლე პაუზის შემდეგ).
არ გიყვარს?.. სხვა არაფერი?.. სხვა არაფერია?
ირინე
არ მიყვარს...
ფილიპე
ჩუ, აბა, ჩუ!.. ხმა არ ამოიღო!.. დიახ, მანამდი ნუ გათხოვდები, სანამ ვინმე არ შეიყვარო და კისერზე არ მოეხვიო ისე მაგრად, რომ ვერსად გაგექცეს... დიახ, შენმა სიცოცხლემ! არ მიყვარსო?! არ გიყვარს, მერე შეგიყვარდება - მანამდე რომელი თავმოყვარე ქალიშვილი დეიწყებს შენსავით ასე მოურიდებლად სიყვარულზე ტარტალს?!. ამას მოველოდი შენგან?.. ამის იმედი მქონდა მე შენი?.. მარა სულელი და უჭკუო მე ვარ, ამდენი ლაპარაკის ნებას რომ გაძლევ... შენი უჭკუობისათვის ამნაირ ბედნიერებას რავა დაგაკარგვინებ?!. მერე მადლობასაც კი მეტყვი!
ირინე
მამა, მამა!.. (ამ დროს სცენაზე გამოიფინებიან ყმაწვილი ქალები და კაცები სალამურით, დაირით და ხმაურობით: ”აგერ ყოფილა!” მისცვივდებიან ირინეს).
გამოსვლა მერვე
იგინივე, ქალიშვილები და ყმაწვილები
ქალიშვილი 1
ჩამორებული ლეკურია, ირინე... შენ დაგვრჩი მარტო...
ქალიშვილი 2
შენ უნდა ჩამოიარო ერთი... ვინც იცის და არ იცის, ყველამ ითამაშა.
ირინე
მეტისმეტად დაღალული ვარ, გენაცვალე, მერე ვიცეკვებ...
ქალიშვილები
ახლა, ახლა უნდა იცეკვო!..
ირინე
სხვამ იცეკვოს ჯერ...
ქალიშვილები
ყველამ იცეკვა, შენ დაგვრჩი, მხოლოდ... შენს გარდა ყველამ ვიცეკვეთ...
ყმაწვილები
თქვენ დაგვრჩით მხოლოდ... კავალერი თქვენ ამოირჩიეთ...
აბესალო (გამოხტება საცეკვაოდ).
აგერ გახლავართ! ტაში, ყმაწვილებო! (ირინე გაკვირვებით ერთს გადახედავს და გაჰყვება ცეკვაში, ერთს შემოუვლის და გაჩერდება. საერთო ”ბრავო”).
როდამიშვილი (ვიქტორს)
ვიქტორ, აგერ არის ფილიპე, ნუღარ გადადებ.
ვიქტორ
ახლავე, ა! (ხმაურობით ისევ გავლენ სტუმრები და ირინეს თან გაიყოლებენ).
გამოსვლა მეცხრე
ფილიპე და ვიქტორ
ვიქტორ (შეაჩერებს მიმავალ ფილიპეს).
თქვენთან, ბატონო ფილიპე, ცოტა საქმე მაქვს.
ფილიპე
ოჰ, კაი დაგემართოს! მეც შენი ნახვა მინდოდა სწორედ... ყმაწვილო, შენ რაღა დაგიმალო, შვილივით გიყურებ, შენთან რა მაქვს დასამალავი... შვილი გადამერია, სასიკეთო შვილი!.. ჩემი ირინე!
ვიქტორ
ჰო!
ფილიპე
მომკლა კაცი, გამათავა!.. ვიღაცამ შემიცდინა... ვიღაცამ გამისულელა! წარმოიდგინე, შენმა ნათლიისშვილმა, აბესალომ, იმისთანა პატივი დამსდვა, რომ ჩემი ღარიბი ოჯახიდან ჩემი შვილის ცოლად შერთვა ისურვა, და ეს შეჩვენებული უარზე მიდგება!.. მერე თვითონ მოვიდა და ისე მთხოვა ჩემი ირინე! ვინ გამიბრიყვა, ვინ გამისულელა?.. არ მიყვარსო, დოუჯინია!.. ჰმ, არ მიყვარსო! მოდი და ელაპარაკე ამ ქალბატონს!.. აბა, უნდა ვუყურო, სანამ ვისმეს არ შეიყვარებს და სირცხვილს არ მაჭმევს?..
ვიქტორ
აბესალო თვითონ მოვიდა შენთან და გთხოვა ირინე?
ფილიპე
აბა, აბა! ახლა პასუხს უცდის.
ვიქტორ
ჰმ!.. რა პასუხი უნდა მისცეთ?
ფილიპე
უარის თქმა რავა შემიძლია!.. უარი რავა მეთქმება, მარა ამ ბოვშის საქმეც მაწუხებს და ამას გეხვეწები, ვიქტორ ჩემო... შენ ძმასავით გიყურებ და მიქენი სიკეთე, ჩააგონე, რომ იმ ყმაწვილს არ შეამჩნევიოს თავისი უჭკუობა და სისულელე... არ აწყენიოს. ხუმრობაა?! თვითონ იცი, რა ოჯახის შვილია, რა გვარის შვილი!.. ამნაირ ბედს ვინ არ ნატრულობს და მე უარი ვთქვა?! იმე! შენ დაგენაცვლე, შენი ჭირი შემეყაროს, რას ემგვანება ეს? ჰმ!.. რას მივაწერო, რითი ავხსნა ამ ბოვშის ამნაირი ახირება?!
ვიქტორ
აბა, მართალი მოგახსენოთ, ბატონო ფილიპე, თქვენი ქალიშვილი მშვენივრად სჯის, როცა უარს ამბობს აბესალოს წაყოლაზე...
ფილიპე
ა?.. შენგან მესმის ეგ?! შენ მეუბნები ამას?
ვიქტორ
სწორედ! და დარწმუნებული ვარ, იმათ არ მიიღებ ამას, ვითომ და ირინეს უღირსად ვუყურებდე აბესალოს საცოლოდ... დამწყევლოს მაშინ ღმერთმა!.. არა, ბატონო ფილიპე, აბესალო არ არის ირინეს ღირსი და თუ თქვენ თქვენი ქალიშვილის ბედნიერება გსურთ, თუ არ გინდათ სიცოცხლე გაუმწაროთ, იმ ჩემს ნათლიისშვილს უსათუოდ უარი უნდა უთხრათ.
ფილიპე
რატომ, ვიქტორ, რატომ?.. რომ არ მესმის მე ეგ ლაპარაკი? რითია დასაწუნარი იმისთანა შესანიშნავი ახალგაზრდა? შეხედულებას დაუწუნებ კაცი, გვარიშვილობას, ოჯახს, ვაჟკაცობას, თუ რას, მითხარით ერთი?
ვიქტორ
არც ერთს ამას, მაგრამ თვითონ პირადად არ არის საოჯახო კაცი... მაგას სრულიად არა აქვს იმისი თავი, რომ ოჯახს მოეკიდოს, არა თუ მოეკიდოს, მეტს გეტყვით, იგუოს ოჯახი. დღეს თუ ირინეს გთხოვს და იმისთვის ირევა, ეგ იმიტომ კი არა, რომ მართლა მისი სიყვარული ჰქონდეს გულში, მართლა ცოლად ირჩევდეს მას... არა, მერწმუნეთ ამაში, ბატონო ფილიპე, არასოდეს! მაგ კაცი გატაცებულია ასე უცაბედად, აღძრული სურვილით და არაფერს ერიდება რამე გზით კოხტა ქალი დაისაკუთროს. მერმისზე ის სრულიად არა ფიქრობს... მერე რა იქნება, ამისი დარდი არაფრად აწუხებს, იმიტომ რომ ცოლსა და ოჯახს არასოდეს თავის თავს არ შეაწუხებინებს. აბესალოსთანა ხასიათის ყმაწვილები საოჯახოდ არ გაუჩენია ღმერთს და როცა შემცდარან და შემთხვევით მოჰკიდებიან ოჯახს, იქ სიკეთე ჯერ არავის უნახავს... საუბედუროდ, ამის მაგალითები საკმაოა ჩვენში... თუ ვინმე გაძლებს მაგათთან, ისევ იმგვარივე ხასიათის ქალი, თორემ მეოჯახე, მშვიდობიანი, ღვთისნიერი ქმნილება მაგათ სიახლოვეს უკიდურესად გაწვალებულია და წამებული. დამიჯერე, ფილიპე, რომ შენს ირინესაც ამგვარ მომავალს გაუმზადებ, თუ უარი არ მიუგე აბესალოს.
ფილიპე
აბა ვის უნდა მივცე, შვილო?
ვიქტორ
ცოტა არიან იმისთანა ყმაწვილები, რომლებსაც მართლა გულით წადიანთ ოჯახს მოეკიდონ და საიმედონი არიან, რომ მუყაითად გოუძღვებიან ოჯახს?
ფილიპე
და აბესალოს ვუთხრა, ქალს ვერ მოგცემ-თქვა?
ვიქტორ
უთხარი, სასიძო ამორჩეული მყავს-თქვა და, რომ ასე არ ყოფილიყო, ბედნიერი ვიქნებოდი თქვენთან დამოყვრებით-თქვა...
ფილიპე
არ ჩამკითხავს მერე? მომასვენებს, სანამ არ გეიგებს, ვინ არისო!?.
ვიქტორ
უთხარით, უთხარით პირდაპირ...
ფილიპე
ასე ტყვილა ვინ შევასახელო... გამოძიებაში არ შევა, შენ გგონია?
ვიქტორ
ტყვილა შესახელება რათ გინდათ... სწორედ იმისათვის გეძებდით ახლა, რომ შეგატყობინოთ თქვენი ქალიშვილის გულის ნადები და ერთი ჩინებული ყმაწვილი კაცის თხოვნა... და, იმედია, რომ, როგორც შვილის მოსიყვარულე მამა, არც ერთს არ დაურღვევთ ბედნიერებას თქვენი წინააღმდეგობით... სწორედ მაშვლად ვარ მოსული, ბატონო ფილიპე.
ფილიპე
ვისგან?
ვიქტორ
კი, მართალია, მდიდარი ოჯახის შვილი არაა, მარა ღმერთმაც იცის და კაცმაც, რომ პავლე როდამიშვილი ჩინებული ახალგაზრდაა, მუყაითი, პატიოსანი...
ფილიპე
და იმას მივცე ირინე?!
ვიქტორ
სწორედ! მით უფრო, რომ ქალსაც და კაცსაც ერთმანეთი უყვართ და მართლა ბედნიერი იქნებიან...
ფილიპე
ერთმანეთი უყვართ?.. ამისთვის დაეთრეოდა ის წუნწკლიანი ჩემს ოჯახში?! ამისთვის დაძვრებოდა, რომ სიყვარულზე ემართა მუსაიფი იმ უტიფართან?! ღმერთო მომკალი!.. რა მესმის ეს, რას მოვესწარი - ქალიშვილი ასე ურცხვად, ასე მოურიდებლად მელაპარაკება, ეს მიყვარს, ეს არ მიყვარს, ეს ასეთია, ეს ისეთიაო!.. და შენც, ვიქტორ, კვერს უკრავ ამაზე და მირჩევ ავყვე ბღარტს, რომ მერე სასაცილოდ გავიხადო ჩემი თავი?!. შენგან არ მიკვირს, ამისთანა რჩევას რომ მაძლევ!.. მე სულ სხვა კაცად გიყურებდი... სულ სხვა იმედით ვიყავი შენზე.
ვიქტორ
ისე მე ვიცოცხლო, თქვენ არ დაგიფიცავთ, რავარც მე წრფელის გულით გირჩევდეთ, რაც ახლა მოგახსენეთ...
ფილიპე
აბესალო უარით გევისტუმრო და როდამიშვილს ქალი მივცე?
ვიქტორ
დიახ... თუ თქვენი შვილის გაბედნიერება გსურთ, ასე უნდა ქნათ.
ფილიპე
უკაცრავად ვარ... სწორედ უკაცრავად, და თქვენს რჩევას მე ვერასფრის გზით ვერ მივიღებ... ჰმ, სალამთაძეს უარი ვტკიცო ვიღაცა როდამიშვილის გულისათვის!.. კაი ამბავი თუ გინდათ, ეგ იქნება... არა, ჩემო ბიძია... ღმერთს მაგდენად ჩემთვის კიდევ ჭკუა არ წოურთმევია, რომ საქმეს და მდგომარეობას ვერ მივხვდე... ვიღაცა ბარბაქაძეს სალამთაძე ხელს გიწვდიდეს, შენთან დამოყვრებას ნატრულობდეს და უარს ეუბნებოდე! კაია, შენი ჭირიმე! ქვეყანა არ მოკვდება სიცილით?! სულელად არ მიგიღებენ კაცს?!
ვიქტორ
ბატონო ფილიპე!..
ფილიპე
კაი, კაი, შენი ჭირიმე! კაი, შენი ჭირიმე! უმორჩილესად გთხოვ, ამაზე სიტყვას ნუღარ ვხარჯავთ!..
ვიქტორ
ნუ ჩქარობთ, ბატონო ფილიპე... გამიგონეთ... ერთი სიტყვა მაინც მათქმევინეთ და...
ფილიპე
არც ნახევარი... არც ნახევარი! აბესალოს მხრით პატივია ჩემს ოჯახზე მისი სურვილი, სწორედ პატივი! და ბანჯგვლიანი როდამიშვილისათვის ჩემს შვილს მისი უჭკუობით ბედს ვერ დავაკარგვინებ. ვერა, ვერა!.. თუ მარტო ამაში იყო საქმე, იმ პატიოსან ყმაწვილს, ღმერთო მომკალი, ამდენ ხანს რავა მოვკლავდი ლოდინით!.. (მიდის).
ვიქტორ
მოითმინეთ, ბატონო ფილიპე! მოითმინეთ ერთ წუთს!
ფილიპე
მერე, მერე!.. (იქით მიმავალი). გაეშმაკებულია ყოველი კაცი! უნდა აბესალო დააშოროს ირინეს! კი მიგიხვდი!
გამოსვლა მეათე
იგივე, როდამიშვილი და ირინე
როდამიშვილი
ვიქტორ... რაო?..
ვიქტორ
მხეცია!... მხეცი, ჩემო ძმაო! ახლოსაც არ გეიკარა ჩემი სიტყვა! პატივისცემად მიაჩნია აბესალოსაგან... ირინეს რომ სთხოვს... უარს ვერ გოვუბედავო...
ირინე
ვიქტორ... მიშველე!.. მიშველე, ძმობას გაფიცებ!
ვიქტორ
რაღა გიშველო, საყვარელო დაო! რაღათი გიშველო!.. ალბათ არ ყოფილხართ ერთმანეთის ბედი!
ირინე
თავს მოვიკლავ და აბესალოს კი არ წავყვები! თავს მოვიკლავ და არ წავყვები!
ვიქტორ
ჩუ, ნუ ტირი! აგერ მამაშენიც მოდის!.. პავლე, მოშორდი, თუ ძმა ხარ!.. აქ აღარაფერი გაგეწყობა, ტყვილი იქნება ყოველივე მეცადინეობა. (როდამიშვილი გადის).
გამოსვლა მეთერთმეტე
იგინივე და ფილიპე
ფილიპე
სად ხარ, ყმაწვილო, მე შენ დაგეძებ?! ეს რაა?.. ცრემლები?.. რა გატირებს, რა ღმერთი გიწყრება! რა ეშმაკი გრევს?! ახლავე თვალები ამოიწმიდე! ჩუ, ჩუ!
ირინე
მამა, ჩემო მამა... ჩემო კარგო მამა!..
ფილიპე
ნუ სულელობ, გეუბნები!.. ნუ მჭრი თავს ქვეყანაში!.. ამას მოველოდი შენგან?! შე სულელო, შენ არც კი გესმის, რა ბედნიერებას ეყრები!.. ჩუ, ხმა არ ამოიღო!
ირინე
მამა, შენს სულს დავენაცვლე! ჩემო მამა!..
ფილიპე
რა დროს ლაპარაკია... ის ყმაწვილი გვიცდის... ახლავე უნდა გამოაცხადოს... წამოდი, შვილო, წამოდი-თქვა! (მიჰყავს) ვიქტორ, შენც!.. და იმ საძაგელს უთხარი, ხმა არ ამოიღოს, კრინტი არ დასძრას... თორემ!
გამოსვლა მეთორმეტე
იგინივე, აბესალო და მერე როდამიშვილი
აბესალო
რომ ვეღარ მოვესწარი... რა იქნა, ფილიპე ჩემო!..
ფილიპე
აჰ, ბატონო ჩემო, ეს-ეს არის გიახლებოდით.
ირინე
ბატონო აბესალო!
აბესალო
თვითონ ბატონო და ხელმწიფევ!..
ირინე
წეხან მე ვერ მოვასწარი პასუხი მომეხსენებია თქვენთვის...
აბესალო
მოუთმენლად მოველი თქვენგანაც გავიგონო იგი... თქვენგანაც...
ფილიპე
კი, ბატონო, კი ბატონო!
ირინე
დიდად მადლობელი ვარ თქვენი ჩემდამი გრძნობისათვის... მეც სიტყვას გაძლევთ, მოგიგოთ ნამდვილი დაძმური სიყვარულით...
აბესალო
დაძმური?.. არა, არა... მე თქვენს თავს ვერავინ წამართმევს... ვერა, ვერა!
ფილიპე
ვინაა წამრთმევი, შენი ჭირიმე, ვინ?.. რას ბრძანებთ!..
აბესალო
და ჩემი ბედნიერება ახლავე მთელ ქვეყანას უნდა გავაგებიო, ახლავე!
ფილიპე
კი ბატონო, კი შენი ჭირიმე!.. წამობრძანდით... სახლში წამობრძანდით! (მიჰყავს თავჩაკიდებული ირინე).
აბესალო
ვიქტორ, ვიქტორ... მოდი, კაცო! (სახლისკენ მიდიან).
ფილიპე
ვიქტორ, მობრძანდი!
ვიქტორ
გიახლებით!.. (როცა ყველანი გავლენ, მარცხნით გაიხედავს და როდამიშვილს იხმობს) პავლე! (შემოდის როდამიშვილი შეწუხებული) პავლე, გაფიცებ ყმაწვილკაცობას შეიმაგრო თავი, არავის შეამჩნევიო შენი მწუხარება... ირინეს გულისათვის მოიქეცი აგრე... რას იზამ, ძმაო, ჯერ კიდევ მხეცობაში გვიდგია ფეხი!.. ისე შეახედვიე ყველას, თითქოს თქვენს შორის ნამდვილ არაფერი ყოფილიყოს, თუ ძმა ხარ!.. შენ მაინც შეიბრალე საწყალი ირინე! წამოდი! (რომ დააპირებენ სახლისკენ წასვლას, ამ დროს მოისმის „ვაშას“ ძახილი და მრავალჟამიერ).
როდამიშვილი
გადაგიწყდა ყოველივე სიხარული, აბესალო სალამთაძევ! გადაგიწყდა!
(ფარდა)
მოქმედება მეორე
სალამთაძის სახლი
გამოსვლა პირველი
ეკა (აბესალოს დედა) და ვიქტორი
ეკა
ისე შენს დამაწყევარს მოაკლდა, შვილო, ყოველივე სიხარული, როგორადაც ნათლიიშენის გული მოკლებული შეიქმნა ყოველივე სიამოვნებას, ჩემს შვილებს რომ ამნაირად ვუმზერ... ისე ეიგორა გული, ისე უცნაურად გამოიცვალა მასთან ხასიათი ჩემმა აბესალომ, რომ აღარავისათვის დამალული აღარაა მათი ამბავი... რა მოუხდათ, რაზე ჩამოუვარდათ ამნაირი ამბავი, ვერაფერი გევიგე, შენ დაგენაცვლე!.. ემდურის რამეს, აწყენია იმ საცოდავმა რამე?.. ვერაფერი გევიგე!.. აბესალოს, რა ვქნა, კითხვა ვერ გოვუბედე, შვილო, და ის ქალია და ქე მეცოდება, გამოკითხვით ვაი თუ შეწუხდეს, როცა გაიგებს, ჩვენთვის დაფარული რომ აღარ არი მათი ამბავი!.. ვარ ასე და ვასკდები ჩემს გულს... უნდა ვიმწუხარო... უნდა ვიჟივლო და ვიტირო ჩუმად მაგათ შემხედვარემ...
ვიქტორ
აბესალო სად არის ახლა, ნათლია?
ეკა
რა ვიცი, შვილო! წავა, გადაიკარგება სადღაც... მოვა, ერთ-ორ დღეს გაათევს სახლში... ისიც სულ იღრინება, გაბუტულია, მერე ადგება და ისევ წავა თავისათვის... კითხვას ვინ გაუბედავს, შენ გენაცვალე!.. მამამისია და ისიც ვეღარ უსწორებს მის ნებას... დაბრუნდება თუ არა და იმწამსვე იმის კითხვაშია, თუ ვინ იყო მომსვლელი ან წამსვლელი... სულ გამოიცვალა, ვიქტორ ჩემო, სულ! ვეღარ იცნობ ჩემს აბესალოს. სხვაგან არ ვიცი რავაა და სახლში რომ ვუყურებ - გული მიკვდება და უფრო ის მკლავს, რომ არ ვიცი, რა ვქნა, რა გზას დავადგე!
ვიქტორ
ირინე როგორაა, ნათლია?
ეკა
როგორ იქნება, შვილო!.. გულში რა ცეცხლი უტრიალებს, რას გოუგებ - თვითონ არას ამბობს... რომ უყურო, ვითომ და არაფერიაო. ქმართან ისე მორჩილებითაა, თვალებში შეჰყურებს, რა უნდაო, რა იამებაო... მეტ სიტყვას არ ამოიღებს მასთან... დაფუსფუსობს ოჯახში... მუდამ საქნარშია... ძვირფასი მეოჯახე ქალია, შვილო, ძვირფასი მეოჯახე ქალი! ეს უფრო მიკლავს გულს... ამისთანა რამეს რავა არ უნდა აფასებდეს ადამიანი!.. მარა რა ვქნა!.. რა ვქნა! რატომ ეიგორა გული მასზე ჩემმა შვილმა, აღარ ვიცი, შენ დაგენაცვლე... ვერ გამიგია... ეგებ ჩვენთან არ აჩენდეს თავის ხასიათს... რასაკვირველია, ქმარს უფრო ეცოდინება ცოლის ამბავი... შეიძლება რამე მიზეზიც ქე მიეცეს მაგ უბედურს ჩემი აბესალოსათვის... აბა ისე ტყუილუბრალოდ!..
ვიქტორ
არა, ნათლია ჩემო!.. მართალი გითხრათ, ეგ რომ მაგრე იქნებოდა, მე თავიდანვე ვიცოდი და ამიტომაც მინდოდა ხელი შემეშალა აბესალოსათვის იმ დღეს... ირინესათვის რომ გადირია, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე...
ეკა
ნეტავი შენი კარგა ყოფნით, აგეცილებია მაგისათვის მაშინ.
ვიქტორ
რამდენადაც მე გავიგე... აბესალო იმ ყმაწვილთან ეჭვობს ირინეს, ქე რომ წაართვა... წართმევა იყო, აბა რა იყო!.. იმასთან ეჭვობსო... ასე მითხრეს...
ეკა
უი, უი! ცოდვაა, შვილო, ცოდვა!.. ცოდვაა, რომ კაცმა მაგისთანა რამ დააბრალოს მაგ უბედურს, მაგ საწყალს!
ვიქტორ
ასე კი გევიგონე...
ეკა
ტყვილია, ტყვილია, შვილო!.. ამ დასამიწებელ თვალებს დღე და ღამ არ ვაშორებ... თვითონაც რა ხანია, რომ ეზოს გადაღმა არსად ფეხი არ გადუდგამს... ცოდვაა მაგნაირი რამეს დაბრალება!.. ალბათ, მისიანებსაც ასე აქვთ გაგონილი და აღარავინ გეიჭაჭანა მის სანახავად...
ვიქტორ
უნდა მიახვედროთ, ნათლია, რომ აბესალო შემცდარია...
ეკა
რანაირად, შვილო, რანაირად?
ვიქტორ
რომ უსაფუძლოა მისი ეჭვები... ტყვილა თავის სახელსაც ირცხვენს და ცოლსაც თავს სჭრის ქვეყანაში...
ე კ ა
ისევ შენ... ისევ შენ... შენ დაგენაცვლება ნათლიაშენი!.. ჩამოუგდე სიტყვა შენებურად... მოელაპარაკე... შეაჯერე... შენი ჭირი შემეყრება!.. შენ შეგვეწიე... შენებურად მოელაპარაკე აბესალოს... ეგებ შენი გეიგონოს, ეგებ ჩაუკვირდეს თავის საქმეს და გონზე მოვიდეს... რა ვქნათ, შვილო, ჩვენ, მოხუცებულებმა, რანაირად ვუთხრათ, რანაირად გოვუბედოთ!.. და შენ ძმასავით ურჩიე, ოუხსენი ყველაფერი...
ვიქტორ
მეც სწორედ მაგისათვის მოვედი დღეს, გამოტეხილი უნდა გითხრათ. მინდოდა მენახა და მეთქვა ერთი-ორი სიტყვა, თორემ ნამეტანი მითქმა-მოთქმაა და უარესი ის არის, რომ აბესალოსაგან ეძლევათ სალაპარაკო... უნდა მოისპოს ეს უცნაური და უხეირო ლაპარაკი! აბესალო კია დანაშაული ყველაფერში.
ეკა
აბა, ჩემო ვიქტორ, შენ თუ რამეთი გამიხარებ ამ დათუთქულ და დამწუხრებულ გულს... ღმერთი, შვილო, მაგიერს მოგიძღვნის...
გამოსვლა მეორე
იგინივე და ირინე
ირინე (თავსაფარწაკრული).
დედა, კიდევ ორი ჭუკი არ დაკარგულა?! (ვიქტორს შენიშნავს) უი, ვიქტორი მოსულა! კი ვერ შევხედე...
ვიქტორ
გეტყობა, ძალიან გწყენია ჭუკების დაკარგვა...
ეკა
რაცხა უბედურებაა, არ იქნება ისეთი დღე, თითო-ოროლა არ დაიკარგოს... რა ამბავია, ვერაფერი გევიგეთ... გაგვიწყალა სულ, რაც ინდოური გვყავდა...
ირინე
სად დაგვეკარგე, ვიქტორ?.. რაცა ხანია, თვალით არ გვეჩვენე... დედა ძალიან გემდურის, იცოდე... წინედ ყოველ კვირა იცოდა მოსვლაო.
ვიქტორ
რა ვქნა, შემხვდა ასე.
ირინე
თუ მე ცუდი ფეხით მოვედი აქ და მას აქეთ აღარავინ ეკარებით აქაურობას?
ეკა
რატომ, შვილო, რატომ ამბობ მაგას?..
ვიქტორ (სიცილით).
შეიძლება მაგრეთაც იყოს.
ირინე
არა თუ? (ფანჯრიდან დაინახავს). ოჰ, აბესალო მოვიდა.
ეკა (წამოვარდება და ფანჯარასთან მივა)
აბესალო მოვიდა?..
ვიქტორ
კი, აბესალოა.
ეკა
ესენი ვინ არიან? ვეღარ ვიცანი...
ვიქტორ
ერთი სოგრატა პურაშვილია და მეორე ნესტორა ტაბიძე.
ეკა
მართლა... მართლა. კი ვეღარ ვიცანი! სად შეხვდნენ ერთმანეთს?
ვიქტორ
მაგენი კი მოსძებნიან ყოველთვის ერთმანეთს... ნაქეიფარი მოდიან საცხაიდან უსათუოდ.
ეკა (ირინეს).
გადი, შვილო, შეეგებე ქმარსა და სტუმრებსაც... აივანზე შეეგებე... მეც ახლავე გამოვალ.
ირინე
კი, ბატონო! (გავა).
ეკა
ე, თვალი მიაყოლე, ვიქტორ ჩემო, რარიგად სახე მოეღუშება ჩემს აბესალოს... არ შეიძლება წარბი გახსნას ირინეს შემხედვარემ... რა ვქნა, რა ვუყო, მაგათ ამნაირ ამბავს რომ ვუყურებ... ნეტავი დროს მაინც გაევლო, რაც მაგათ ჯვარი დაიწერეს!..
გამოსვლა მესამე
იგინივე, ირინე, აბესალო, ნესტორ და სოგრატ
აბესალო
ოჰ, ვიქტორ!.. სად გადიკარგე, ყმაწვილო?..
ვიქტორ
სხვაგან ვიყავი - საქმე მქონდა.
ეკა
დაბძანდით, ბატონო!
ყმაწვილები
გახლავართ!
აბესალო
ლეკურები აიძვრეთ... მამა შინ არის, დედა?
ეკა
სახლშია, შვილო... ცოტა უქეიფოთაა და წამოწოლილია თავის ოთახში...
აბესალო
არაფერია... გვაცალე, ახლავე ფეხზე წამოვახტუნებთ... ისევ ჯანზე დავაყენებთ! შენ ოღონდ ხელათ ისეთი სადილი შეგვიმზადე, აი ჩვენისთანა ყმაწვილებს რომ ეკადრება... დროზე, თორემ ცდაც აღარ შეგვიძლია!
ეკა
ახლავე, შვილო! ირინე ჩემო! (ირინე გავა).
სოგრატ
ბატონო ეკა, თუ გებრალებით, ღვინოს ნუ დაგვანახვებთ!
ნესტორ
აბესალო, თუ ღმერთი გწამს, ნურაფერს გამოიგონებ!.. არაფერი არაა საჭირო... ჯერ რომ ბატონი სამსონი უქეიფოდ ბრძანებულა და მერე კიდევ, თქვენ ნუ მომიკვდებით, ბატონო ეკა, ეს მეოთხე დღეა სწორედ, რომ ღვინოში დავცურავთ... რა იყო, რა იყო! ჩემო ბატონო! ცოცხლები რაობით გადვურჩით!
ვიქტორ
თქვენ კი არაფერი გეტყობათ და!
სოგრატ
არ გვეტყობა კი არა...
აბესალო
კარგი, კარგი!.. მაგაზე რაღა ლაპარაკია საჭირო! მოდით, სამსონი ვნახოთ... ქეიფზე მოვიყვანოთ მოხუცებული... მოდი, ნესტორ! დედა, აბა შენ იცი!..
ეკა
კი, შვილო, კი! ყველაფერი ახლავე იქნება; მიბრძანდით, თქვენი ჭირიმე... მიბრძანდით! (თვითონ გავა. უკან ჩამორჩებიან ვიქტორ და სოგრატ, რომელნიც წინათ ერთად ისხდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ჩუმად).
გამოსვლა მეოთხე
ვიქტორ და სოგრატ
სოგრატ
ერთ ბეწვზე გადავრჩით საშინელ უბედურებას... ჩააცივდა კოლა ბეჟანეიშვილს, აღარ მისცა საშველი... არ მისცა საშველი... ამოიჩემა ასე ტყუილუბრალოდ! ბევრი უთმინა და რომ გამოვიდა მოთმინებიდან, ასე ამ ხალხში მიაძახა: ჩემზე რომ ასე თვალი გიჭირავს, უკეთესი იქნებოდა, ცოლისათვის გედევნა აგრე მარჯვედ თვალიო!..
ვიქტორ
თუ ძმა ხარ?!
სოგრატ
ძმობას გეფიცები, მთელ ხალხში მიაძახა ასე! იმე, რა ნახეს, კაცო, ჩემმა თვალებმა, რა ნახეს?! ლომი რომ გინახავს გაძვინვარებული, ერთი ისკუპა იმხელაზე და დაახტა კოლას, გვეგონა, გაათავა ეს არის-თქვა... მაგრამ იქით-აქეთ ვეცით... ვიღამ შეაკავა... ძლივს დავაშორეთ ერთმანეთი... კბილებს აკრაჭუნებდა, კაცო, ისე, რომ აქ გეიგონებდი!
ვიქტორ
შეურცხვა მაგას ყმაწვილკაცობა! გამოაჭიანა ქალი ასე ტყუილუბრალოდ! ყველამ გაიგო, ყველა მიახვედრა, რომ ცოლს ეწამება... ნეტავი, საწყალი რამეში მაინც იყვეს დამნაშავე!..
სოგრატ
ალბათ არის, კაცო, აბა რატომ შეიძულა ასე უცნაურად და ისეთ გუნებაზეა, რომ მზადაა, მგონი, სიცოცხლეს გამოასალმოს!
ვიქტორ
იცის ღმერთმა, რომ ირინე არაფერ მაგისთანაში დანაშაული არ არის!.. იცის ღმერთმა!
სოგრატ
ყველას კი სჯერა...
ვიქტორ
თვითონ რომ არწმუნებს ყველას თავისი საქციელით, აბა სხვა რა იქნება!
სოგრატ
პალიკო ცისკარიშვილის პირით შეუთვალა როდამიშვილს, რომ აქედან სადაც გინდა გადაიკარგეო, ამ მხარიდან ეიყარეო, ანდა ამ მოკლე ხანში, სადაც მიგისწრებ, იქ აგკუწავ ნაჭერ-ნაჭერო. ასე შეუთვალა გუშინწინ. გუშინ ისე დათვრა სიპიტაძისას, ისე დათვრა, რომ ხომ ბევრ სმაში მინახავს მაგი, მარა გუშინდელსავით გაგიჟებული კი ჩემს დღეში არა ჯერეთ... ახლა ჩაგვაცივდა, აღარ გაგვიშვა და, მე ვიცი, ჩაგვკლავს დღეს მაგ დალოცვილი.
ეჰ, კაი თუ გიყვარდე!.. მაგ ისეა, ეტყობა, ატროვებული, რომ კაცი უნდა ერიდოს, თვარა ერთ უბედურებაში გაგხვევს.
გამოსვლა მეხუთე
იგინივე და აბესალო, მერე ირინე
აბესალო
სამსონი გკითხულობსთ, ყმაწვილებო, რა მუსაიფში გაბმულხართ!
ორივე
ახლავე მოვდივართ.
სოგრატ
სიტყვა მინდა დიდი ხნიდან ვიქტორთან... ძლივს ხელში ვიგდე.
აბესალო
მიდით-მეთქი, მიდით! (ორივე სამსონის ოთახში შევლენ).
ირინე
დედამ რომელი ღვინო ამოვაღებინოო?..
აბესალო
ნაქაჩი! ან და წყალ-მაჭარა!.. ეგეც საკითხავია?.. (კარებში) ბიჭო ნიკოია, მაგ ცხენებს უნაგირები მოხადე და თივა ბლომად დაუყარე!..
ირინე
რა პასუხია ეგ, ყმაწვილო?.. (აბესალო ეზოში იყურება) ადამიანმა ერთხელ მაინც წესიერად ნათქვამი სიტყვა ვეღარ გაიგონოს!.. (უცბად მოტრიალდება და აჩქარებული ნაბიჯით გავა ოთახიდან) გაჭირდა, ღმერთმანი, სიცოცხლე!..
აბესალო (კარებიდან გამობრუნდება)
ჯერ სად ბრძანდები! გაჭირვებული სიცოცხლე რანაირი უნდა, აწი განახვებ, ქალბატონო! (ფანჯარაში იყურებოდა და უცბად მოშორდება. გაჯავრებით კარებში) ნიკოია, ნიკოია, ბიჭო!.. არ გესმის?
ნიკოია (შემოვარდება)
რა გნებავთ, ბატონო?
აბესალო
რომ დაგიძახებენ, მეორე დღეს უნდა გაიგონო, შენ ოხრიშვილო? გასწი ახლავე, ეგერ ცხენოსანი რომ ეზოში ჩამოვიდა, მიდი და უთხარი, არავის არ ღებულობენ-თქვა... გასწი, რას დაგიღია პირი!
ნიკოია
დიდი ქალბატონი ეგებება, ბატონო...
აბესალო
დიდი ქალბატონი!.. პირი დაგიფჩენია ვირიშვილს! გეეთრიე, მუდრეგო, დამეკარგე იქით!.. ამოვარდა თქვენი სახსენებელი!.. (მეორე კარებისაკენ მიმავალი) ახლავე გავაბუზურებ მაგ ვაჟბატონს!.. ა, თქვენი რჯული, თქვენი, თქვენი!
გამოსვლა მეექვსე
იგინივე და ეკა (რომელიც სამსონის ოთახიდან გამოვა).
მერე ვიქტორ
აბესალო
რა უყავი ის ვაჟბატონი?
ეკა
ვინა, შვილო?
აბესალო
ახლა რომ მოეთრია?
ეკა
ჩემი ირინეს ბიძაშვილი, სოლომონი იყო, შვილო. სამსონთან შევიყვანე.
აბესალო
ახლავე აქედან წაეთრიოს!.. ახლავე მოჰკურცხლოს თავისით, ჩემს თვალებს არ დაენახოს!.. გესმის?
ეკა
შვილო, შვილო აბესალო!.. შენი ჭირი შეეყაროს დედაშენს, მაგას რას ამბობ, შვილო?.. რას ამბობ, შვილო?!
აბესალო
ეგ მე ვიცი, რასაც ვამბობ, მე ვიცი!.. ბერიკაშვილი კი ახლავე მომაშორეთ, თუ არ გინდათ, რომ ბიჭებს გავაბუნძურებინო!.. (გავა).
ეკა (გაშტერებული)
ღმერთო, რატომ არ მომკლავ!.. რას მოვესწარი ამას! რას მოვესწარი!.. (შემოსულ ვიქტორს) ვიქტორ, შვილო ვიქტორ, მიშველე, რაცხა უცნაურ ამბავს აპირობს ჩემი აბესალო!..
ვიქტორ
რა იყო?..
ეკა
ირევა ირინეს ბიძაშვილის მოსვლისათვის... სახლიდან დეითხოვეთო, თვარა ბიჭებს გავაგდებიებო!.. მიშველე, შენ გენაცვალოს შენი ნათლია, ამაშორე სირცხვილსა და გამოჭიანებას!.. შენს სულს ვენაცვალე!.. აგერ მოდის და, შენი ჭირიმე... შენი! (საჩქაროდ გავა).
გამოსვლა მეშვიდე
ვიქტორ და აბესალო
აბესალო
დედაჩემი იყო აქ, ვიქტორ, სად წავიდა, თუ იცი?
ვიქტორ
ეს არის ახლა გავიდა, მკვდარია ქალი!.. აბესალო, კარგია, თუ ძმა ხარ, ამ შენს სახლში მაინც ნუ იზამ იმისთანა საქმეს, რომ შემდეგ ქვეყნის სალაპარაკო გახდეს. თუ კაცი ხარ, ქვეყანას ნუ ააყაყანებ!
აბესალო
ქვეყანაში მე კარგა ხანია სახელიც გამიფუჭეს და ვაჟკაცობაც შემირცხვინეს, რომ მორიდება მჭირდებოდეს კიდევ! კმარა რაც თავსლაფი დამასხეს და აწი მე მიყურონ... მე მიყურონ!..
ვიქტორ
მერე რაც გინდა ის ქენი, დღეს, თუ ძმა ხარ, ამ ბერიკაშვილს თავი დაანებე, ნურაფერს ნუ შეამთხვევ... ეკა ჯავრით აღარ არის, მართლა ჰგონია... გავაგდებო, გითქვამს... იკლავს თავს საწყალი...
აბესალო
გავაგდებ, მაშ არა?.. ვხუმრობ, თქვენ გგონიათ?.. თუ თავათ ახლავე აქედან არ წათრეულა, შერცხვენილი დამიძახეთ, თუ არ გავაბუნძურო!..
ვიქტორ
ყმაწვილო, რას ერჩი ამ კაცს, რა დაგიშავა, რა გიყო საიმისო?..
აბესალო
ეგ მე ვიცი!
ვიქტორ
კაი დაგემართოს, შენ რომ იცი, მაგრამ ამ ოჯახში, შე კაცო, შენს გარდა დედაა, მამაა შენი!.. ჯერ ამ ოჯახს მათი სახელი ჰქვია... შენ არ მომიკვდე, არავინ არ მოგიწონოს ასეთი ახირება...
აბესალო
ჰმ, ახირება!.. ახირება!.. დასანახავად შემძულდნენ მაგ ლაწირაკები... მაგ უწმინდურები!.. ყველაფერი მაგათ გადამკიდეს, რაც დღეს დამემართა! ვიცი, რაზე დაწანწალობს მაგ წრიფი, მაგ მათხოვარა!.. მაგათი წყალობით მომეჭრა თავი და მაგათ უნდათ ტალახში ამოსვარონ ჩემი თავმოყვარეობა!.. არ მოასწრებს მაგათ ღმერთი ამას!
ვიქტორ
აბესალო, რას ამბობ, ყმაწვილო, დაუგდე შენს ლაპარაკს ყური, თუ ძმა ხარ!
აბესალო
ყველაფერი კარგად მესმის!
ვიქტორ
შენს თავმოყვარეობას რარიგად უნდა შეეხოს?.. რისთვის, რანაირად?.. რას ამბობ, კაცო?!
აბესალო
ვიქტორ, ძმობით გევედრებით ყველას, ნუ მიხვევთ თვალებს! თვალებს ნუ მიხვევთ!.. ვიცი ყველაფერი, ვიცი, ყველაფერს ვხედავ და ყველანი ნუ ცდილობთ ბრიყვად გამომიყვანოთ! კმარა, კმარა რა ცეცხლშიც ვტრიალებ, თქვენ მაინც ნუღარ მიხეთქავთ უფრო გულს!
ვიქტორ
რითი, ყმაწვილო? რითი, თუ ძმა ხარ?
აბესალო
მაგ წუნკლიანის შვილი, ნეხვიდან ამოვათრიე და დღეს ყოველნაირად გამაცადინებულია სირცხვილი მაჭამოს, თავსლაფი დამასხას, სასაცილოდ გახადოს ჩემი სახელი?!
ვიქტორ
აბესალო, აბესალო, ირინეზე ლაპარაკობ შენ მაგეებს? მტყუანი ხარ, შენ ნუ მომიკვდები!
აბესალო
ჰმ, მტყუანი ვარ, დიახ, დიახ!
ვიქტორ
შენს ძმობას ვფიცავარ, ირინე ანგელოზია...
აბესალო
შენ არ იცი მაგ ანგელოზის ამბავი, არა, არა! არ იცი!
ვიქტორ
ვიცი და ამიტომ გეუბნები ამას!
აბესალო
მე ვაჩვენებ მაგ ანგელოზს, რისი ღირსიც ბრძანდება!..
ვიქტორ
რა დაგიშავა, ყმაწვილო, საამისო? ამას წინათ თავს იკლავდი, სანამ ჯვარს დაიწერდი, და ახლა კი...
აბესალო
უწმინდურია, უწმინდურია ოხრისშვილი! წუპაკია!
ვიქტორ
მე მგონია, აბესალო, ამნაირი შენი სიტყვა და საქციელი შენვე გამტყუნებს.
აბესალო
(მიაჩერდება და მერე უცბად)
ეგრე იყოს! ეგრე იყოს, ოღონდ ბერიკაშვილი მომაშორეთ თავიდან, ახლავე მომაშორეთ!
ვიქტორ
აბესალო, ამით იმის მეტი არაფერი იქნება, რომ შეურაცხყოფას მიაყენებ შენს ოჯახსაც და შენს ცოლსაც განსაკუთრებით... სხვა არაფერი!
აბესალო
რას დავეძებ, მეც ეგ მინდა!
ვიქტორ
კარგია, თუ ღმერთი გწამს!
აბესალო
მე ნაკლებ ვარ მაგისაგან შეურაცხყოფილი? რაში მოვერიდები!
ვიქტორ
რითი, ყმაწვილო, რითი?
აბესალო
ოხ, ღმერთო ჩემო, ოხ, ღმერთო ჩემო! რას მალაპარაკებთ კიდევ, როცა ყველამ იცით!.. ყველამ რომ იცით, რას მალაპარაკებთ კიდევ!... როცა ქვეყანამ იცის ეს... ო, ღმერთო! აბა რაა, რომ ტალახში მისვრის ვაჟკაცობას, სიყმაწვილეს, სახელს!.. ვისი გულისათვის მერე? ვისი გულისათვის?..
ვიქტორ
აბესალო, ვიყვე ღვთისაგან შეჩვენებული, თუ შენ ამაში არ ცდებოდე!.. თუ შენ შემცდარი არ იყვე ამაში! რას ამბობ ამას, ყმაწვილო?!
აბესალო
ნუ მიხვევთ თვალებს, ნუ მიხვევთ თვალებს-მეთქი! გესმით!
ვიქტორ
ახირებულია, შენ ნუ მომიკვდე, ასე ტყუილუბრალოდ ადამიანის გამტყუნება!.. ბრალი მოდე ასე უსაბუთოდ!
აბესალო
უსაბუთოდ?!
ვიქტორ
უსაბუთოდ, სწორედ!.. ყოველს ჩემს კეთილს შეახვედროს ღმერთმა მაგისთანა ოჯახის მოყვარული...
აბესალო
საბუთი არაა, აბა რაღა ჯანდაბა გინდათ კიდევ!.. რა გინდათ კიდევ, მეტი, რა?! გულში, გულში ჩახედეთ მაგ თქვენს ოჯახის მოყვარულს... მის პილწ გულში ჩახედეთ და მერე ილაპარაკეთ!.. ვძულდე, ვეძაგებოდე, ყოველგვარი სისაძაგლით აივსოს ჩემზე გული, ოღონდ სხვას, სხვას ნუ შეამჩნევინებს, სხვას ნუ ახვედრებს ამაში, თორემ მაგისი სიყვარული სრულიად არ მეჭირვება მე!.. სრულიადაც არ მეჭირვება!.. რა ჯანდაბად მინდა - ოღონდ ქვეყანაში ვაჟკაცობის სახელს ნუ მისვრის ტალახში და სასაცილოდ ნუ მიხდის!.. ეს მიკლავს გულს, ეს მიხუთავს სულს!.. ამის მოთმენა არ შემიძლია!.. ამას ვერ შევაწევ, ვერა! ვერა!.. ნუ მსვრის ტალახში ვიღაც ლაწირაკისათვის!..
ვიქტორ
ეგ ტყვილი შეწამებაა, აბესალო!.. ვითომ ირინეს როდამიშვილთან...
აბესალო
ქვეყანამ იცის!.. ქვეყანამ იცის!..
ვიქტორ
ეგ შენი ბრალია, თუ გინდა მართალი გაიგო...
აბესალო
ჰმ, ჩემი ბრალია, ჩემი!
ვიქტორ
შენი ბრალია!.. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ შენ მალე აგიგორდებოდა გული მაგ უბედურზე და როდამიშვილის მოგონება უკმაყოფილებას გამოიწვევდა შენის მხრით... და კიდეც ამაშია მთელი ამბავი! და ამ ცრუ წარმოდგენას აყოლიხარ და შენც იმწარებ სიცოცხლეს და ყველა მახლობელსაც!.. შენ არ მომიკვდე, სხვა არაფერი იყვეს და ამაშია შენი გამტყუვნება!.. შენი ცოლის უსაფუძვლო სიძულვილი!
აბესალო
კარგი, კარგი! ეგრე იყვეს... ეგრე იყვეს, მაგრამ ბერიკაშვილი კი მაინც ახლავე თავიდან მომაშორეთ!.. ამ საათში, თორემ, თუ იმ შეჩვენებულთან დალაპარაკებული დავინახე, იქვე გავათავებ!
ვიქტორ
მოითმინე, ყმაწვილო!
აბესალო
რა მოვითმინო?!
გამოსვლა მერვე
იგინივე და ირინე
(აბესალოს)
მამას ოთახში გავშალოთ სუფრა თუ ზალაში? აბესალო! (აბესალო ხმას არ სცემს).
აბესალო
ჯერ ეგ შენი მოამბე რომ მოგიბრძანდა, უკან გააბრუნე... მერე იკითხე სადილის ამბავი!
ვიქტორ
აბესალო, აბესალო!
ირინე (გაშტერებული)
რამ გიკბინა დღეს, ყმაწვილო? რას ირევი დღევანდელი დღე?!
აბესალო
გადარეული როგორიც უნდა, მე განახვებ შენ, თუ ახლავე ეგ ვაჟბატონი, შენი ბერიკაშვილია თუ ვირიშვილი, სახლიდან არ გაგიგდია!.. ახლავე თუ არ წათრეულა, საიდანაც მოეთრია!.. მოგიტანა ამბავი? გაგიხარა ვითომ გული? ახლავე წაეთრიოს, თორემ მოტანალი ამბებიანათ სულ ერთიანად შიგნეულობას გარეთ გადმოვაყრევინებ! გესმის თუ არა?!
ირინე
მესმის, მესმის!
ვიქტორ
აბესალო! რას სჩადიხარ, ყმაწვილო?!
ირინე
ეს გაკლდა! (ცრემლებმორეული უცბად გაბრუნდება და გავა).
აბესალო
ახლავე, გესმის თუ არა!
ვიქტორ
შერცხვენილი ვიყვე, თუ ეს ამბავი რამეს ჰგავდეს!.. შე დალოცვილო, სხვა არა იყოს-რა, შენი ცოლის სახელი მაინც ჰქვია მაგ ქალს!
აბესალო
ცოლის სახელი!.. ცოლის სახელი!
ვიქტორ
ნეტავი ჩემთან არ გექნა ეგ ამბავი და არაფერი მინდოდა!..
აბესალო
ჯერ სად ბრძანდება! ამით გადამირჩება მაგი ქალბატონი?!
გამოსვლა მეცხრე
აბესალო, ვიქტორი და ეკა
ეკა (გაფაციცებული)
შვილო, აბესალო!.. აბესალო, შენი ჭირი შეეყარა შენს დედას!.. აბესალო, შვილო, ამ უცხო პირებთან ნუ!.. ამათთან ნურაფერს იზამ, შენ დაგენაცვლე!.. შენი სულის ჭირიმე!.. შენი!..
აბესალო
დედა, თავი დამანებე! დამანებე თავი!
ვიქტორ
აბესალო, თუ ძმა ხარ, დაწყნარდი!.. თუ ძმა ხარ!
აბესალო
მაშინ დავწყნარდები, როცა ეგ შიკრიკი წაეთრევა, გესმის თუ არა!.. თუ არ გესმით, აბა მე მიყურეთ!.. (აღელვებული მიდის მამის ოთახისკენ) მიყურეთ, თუ აქ გამიჩერდება!
ეკა
(ვიქტორი წინ გადაეღობება).
შვილო, რას აპირობ?.. აბესალო!
აბესალო
მაცალეთ! მაცალეთ!.. გამიშვით!
ვიქტორ
აბესალო, ეს მოხუცებული დედაშენი მაინც შეიბრალე!.. ეგ მაინც შეიბრალე!
აბესალო
გამიშვით!
ეკა
ღმერთო, რა დღეს შევესწარი!.. ღმერთო, რა დღეს შევესწარი!.. აბესალო, შვილო!
გამოსვლა მეათე
იგინივე, სამსონ, სოგრატ, ნესტორ და სოლომონ
სამსონ
(სამსონის დანახვაზე აბესალო შედგება, მაგრამ მხეცურად უყურებს სოლომონს. სამსონს ჯოხი აქვს ხელში, ჩოხა გახსნილი და დაბალი ბოხოხი თავზე)
სადილი ცოტა დავიცადოთ, აბესალო... შენს სიმამრს მოსვლა უთქვამს - ეგებ ამ ცოტა ხანში კიდეც მოვიდეს... კარგა ხანია მე და ფილიპეს ერთმანეთის სადღეგრძელო არ დაგვილევია! მზახლებს ასე არ შეშვენისთ!.. არა, სოლომონ ჩემო?
სოლომონ
მართალი ბრძანებაა, ბატონო!
სამსონ
ჰო და დღეს მაინც გამოვასწოროთ ეგ ჩვენი დანაკლისი.
სოგრატ
გიახლათ კიდეც!..
ნესტორ და სოლომონ
(ფანჯარასთან)
კი, ფილიპე!.. (ვიქტორი არ შორდება აბესალოს).
სამსონ
მართლა?.. ბრავო, ბრავო მზახალო!.. (მიდის ფანჯარასთან) ბრავო მზახალო!.. (სოლომონი და ყმაწვილები გადიან შესაგებებლად). ეგ ყმაწვილი ვინ არის, ვერ ვიცანი? ა, ვიქტორ ჩემო?
ვიქტორ
როდამიშვილი გახლავს.
სამსონ
როდამიშვილი?
ვიქტორ
დიახ!
აბესალო (აცახცახებული)
მამა, გთხოვ ნება მომცე, ეგ ყმაწვილი სახლში არ შემოუშვა!
სამსონ
რატომ, შვილო?..
აბესალო
გთხოვ, მამა!.. არ შემიძლია მაგას ფეხი აქ შემოვადგმევინო!..
სამსონ
შვილო, თუ რამ ანგარიში გაქვთ, სხვა დროისთვის გადადევი!.. შენს სიმამრს დასდევი პატივი - განა ფილიპეს გალანძღვა არ იქნება მაგის დათხოვა? ანგარიშის გასწორება, შვილო, ვაჟკაცურად ვიცოდით ჩვენს დროში!
გამოსვლა მეთერთმეტე
იგინივე, ფილიპე და დანარჩენი ყმაწვილები
სამსონ
ბატონ ფილიპეს დღეგრძელობა და სიცოცხლე! ბატონ ფილიპეს! მზახალო, შეიძლება ასეთი დავიწყება?
ფილიპე
ღმერთმა მიცოცხლოს თქვენი თავიც, ბატონო სამსონ!.. რა ვქნათ... შეგვხვდა აგრე!..
სამსონ
დაბრძანდით, დაბრძანდით, ყმაწვილებო! თქვენი მომყოლი ყმაწვილი რა მიყავით, ბატონო ფილიპე?
ფილიპე
უკაცრავად ვარ თქვენთანაც, ბატონო სამსონ, და ჩემს სიძესთანაც მაგის მოყვანაზე... მაგრამ იმედი მაქვს, ერთი წუთით მისცემთ ნებას ორიოდე სიტყვა მოგახსენოსთ... და მეც გევედრებით ორივე მამაშვილს, იმდენი თავაზი გამიწიოთ...
სამსონ
თხოვეთ, თხოვეთ, მობრძანდეს! რა საჭიროა მაგდენი ლაპარაკი. ვიქტორ ჩემო, თხოვე!
ვიქტორ
კი, ბატონო! (გადის).
სამსონ
სხვებრ ხომ მშვიდობით, ჩემო მზახალო!
ფილიპე
რაღა საკითხავია ჩემი მშვიდობა, ჩემო ბატონო! რაღა საკითხავია! ღმერთმა ამ დღეს რატომ შემასწრო, თორემ ჩემს მშვიდობით ყოფნას თქვენი ჭირი წაუღია!
სამსონ
რაღაც უცნაური ამბავია, მზახალო ჩემო!
ფილიპე
არის... და არა, სამსონ ჩემო?! ამან არ მომარბენია ასე გამწარებული?! (აბესალო წასვლას დააპირებს) აბესალო ჩემო, მოითმინე... ერთ წამს მოითმინე და იმდენი სულგრძელობა გამოიჩინე, ორიოდე სიტყვა გეიგონე ჩვენი! (შემოვა როდამიშვილი).
გამოსვლა მეთორმეტე
იგინივე, როდამიშვილი და ვიქტორ
სამსონ (შეეგებება).
სამსონ სალამთაძე გახლავართ!
როდამიშვილი
როდამიშვილი! (საერთო თავის დაკვრა).
სამსონ
დაბრძანდით!..
ფილიპე
ბატონო სამსონ! თითონ იცით, მშობლის გულის ამბავი რანაირია, და თუ ამწამად ასე ვლაპარაკობ, გამწარება მალაპარაკებს, ჩემო ბატონო სამსონ! ვისღა დავემალოთ? ვისღა დავერიდოთ, როცა, ვაი ჩემს მოსწრებას, ვაი ჩემს სირცხვილს და ქვეყანაში გამოჭიანებას, ყველას სალაპარაკოდ გამხდარა, ყველას სატიტინოდ!.. ეს ერთი ხანია მესმოდა ეგ უცნაური ამბავი, მაგრამ დღეს კი აღარ შემიძლია მეტის მოთმენა! ღმერთმა რავა შემიძულა ისე, რომ თქვენი ოჯახიც ილანძღება და ჩემიც ჩემი შვილისაგან!.. რა ვქნა, ვეღარ გავჩუმებულვარ მეტი!.. სწორედ უნდა გამოვთქვა ჩემი უკიდურესი მწუხარება თქვენთანაც, ამ ჩემს სიძესთანაც და ყველასთან, ყველასთან! ამ ჩემი სიძის გულითად მეგობრებთანაც!
სამსონ
რა ამბავია, ფილიპე ჩემო?! რა ამბავია, ღვთის გულისათვის?! მე რატომ არაფერი ვიცი?
ფილიპე
აბესალო, გაფიცებ ამ შენს ძვირფას, პატიოსან მამას... გაფიცებ შენს საყვარელს დედ-მამას, მითხარი, თუ მართლა ასე გაუწყრა ღმერთი იმ ჩემს შვილს, რომ სრულიად დაივიწყა პატიოსნებაც, თავმოყვარეობაც, ნამუსი, აღარ მოერიდა უწმინდურობას, დაჰკარგა ოჯახის პატივისცემა - ქმრის სიყვარული და შიში, რომ იძულებულსა გხდის ათასი საწყენი და გულსაკლავი სიტყვა გაგაგონოს ყოველმა თავხედმა და ლაწირაკმა!.. მითხარი, შვილო, თუ მართლა თავის უნამუსობით გიჩაგრავს შენს სასიქადულო ვაჟკაცობას!.. მითხარი, ნუ მიმალავ!.. მოკვდა გული გაგონილითა და უცნაური ამბებით!
სამსონ
ჩემს რძალს ედება მაგგვარი რამ ბრალი? ირინეს?!
ფილიპე
მოვკვდი კაცი, სამსონ ჩემო! მოვკვდი! მომეჭრა თავი და გაგილანძღე ოჯახი, თუ ეს მართალია!.. აბესალო, შვილო?!
აბესალო
დამანებეთ თავი!.. თავი დამანებეთ!.. რა თქვენი საქმეა?.. რა გინდათ? რას სულელობთ! ახლავე შესწყვიტეთ ეგ ლაპარაკი!
სამსონ
აბესალო!
ფილიპე
რა გამაჩუმებს, ჩემო კეთილო?! რარიგათ გავჩუმდე, სანამ შენგან არ გავიგებ ჭეშმარიტს!..
როდამიშვილი
უკაცრავად ვარ, ბატონო სამსონ, ვწუხვარ, რომ ამნაირ შემთხვევამ შემომადგმევია ფეხი თქვენს ოჯახში... მაგრამ ისეა მოწყობილი საქმე, ჩემი აქ მოსვლა სრულიად შიშის ნიშანი არ არის თქვენი შვილის დამუქრების წინაშე, რომ ცოცხალს არ მარონიებს დედამიწაზე... ამისი შიში არ მამოქმედებს მე ამ წამში, სინდისი მეუბნება, და ამაში არ უნდა ვიყვე შემცდარი, რომ ჩემი გაჩუმება, სხვანაირად მოქცევა, გარემოების წაყრუება - შეფერებად მიიღება და ამით მე მართლა და საბუთს მივცემ დააჭეშმარიტოს ის, რაშიაც ბრალს მდებს თქვენი შვილი. ბატონო სამსონ! მითქვამს თქვენს წინაშე და ყველა აქ მყოფთან, ვიყვე ღვთისაგან შეჩვენებული, ვიყვე წყეული, მთელ ჩემს სიცოცხლეს გაუხარებელი, დაწყევლილი ყოველი ჩემი კეთილისაგან, მამა ზეციერმა ნუ შემასწროს ნურაფერ სიკეთეს, თუ მე რამე დანაშაულობა მიმიძღოდეს თქვენი შვილის, თქვენი ოჯახის წინაშე, რაშიაც ბრალს მდებს თქვენი შვილი...
სამსონ
რაები მესმის ეს!.. რატომ მე არაფერი გამიგია დღემდის?!
ფილიპე
ა, შვილო, ა, შვილო, ხომ გეიგონე!.. შემოგფიცათ და ტყვილა ბრალს რატომ... რატომ დებ!..
აბესალო
(რომელსაც არა ერთხელ უნდოდა წასვლა, მაგრამ მამის ნიშნებით რჩებოდა იქვე)
შემოგფიცათ!..
ფილიპე
მეტი რაღა გინდა, შვილო?!
აბესალო
თქვენ სისულელეს მეტი რა უნდა?! .
ფილიპე
აბა, ტყუილუბრალოდ...
აბესალო (გაანჩხლებული).
ტყუილუბრალოდ! ტყუილუბრალოდ! გულში ჩახედე იმ შენ წუპაკა ქალბატონს, გულში ჩახედე და მაშინ... მაშინ... თქვი... მაშინ!
გამოსვლა მეცამეტე
იგინივე, ეკა და ირინე, (რომელიც ღია კარებიდან ყურს უგდებდა).
ირინე
თვითონ ჩაიხედე, ვაჟბატონო, შენს გულში, თვითონ ჩაიხედე, შე მართლა წუპაკო! მართლა წუპაკო! თუ არა და, ეგ გაღრინებდა, ვაჟბატონო?
ფილიპე
ირინე, შვილო!
ეკა
ირინე, დედაშვილობას, ჩუ! დედაშვილობას!
ირინე
თუ არა და, მთელ ქვეყანაში მოდევი ჩემი უნამუსობის ამბავი! მე გამოველ გარყვნილი და შენ კი პატიოსანი! შენ კი პატიოსანი! შენი უწმინდურობა ჩემზე გადმოიტანე, შე გლახა, გლახა?
აბესალო
ხმა ჩაიწყვიტე ახლავე!
ირინე
მე მწამებ უპატიოსნებას!! თვითონ რა კაცი ბრძანდები?
ვიქტორ და ეკა
ირინე, დაწყნარდი, ღვთის გულისათვის!
ფილიპე
ირინე, თავი შეიკავე, თავი შეიკავე!
ირინე
რაში დაგეტყო პატიოსნება, ვაჟკაცო? ფუი შენს კაცობას! ფუი!
აბესალო
გაჩუმდი, თვარა გაგათავებ ამ წამში! ხმა არ ამოიღო!
სამსონ
აბესალო, შეჩერდი, მითქვამს შენთვის!
ირინე
უწმინდურო, ჩემს გულში რა უნდა ნახო შენ? შენსავით ბილწი გგონია ყველა?! პატიოსნობა თვითონ რომ არ გაქვს, სხვაში რაფერ დაგანახებს შენი გაფუჭებულობა, შენი სიგლახე?..
აბესალო
ხმა, თორემ მოგკალი ეს არის! (მიიწევს ირინესკენ, ყველანი შეაჩერებენ).
ფილიპე
ირინე, კარგი შვილო!
ირინე
გლახაკი მეტს რას იზამს! მეტი რა შეუძლია?! გლახაკო, გაფუჭებულო!
აბესალო
ოოჰ!.. შენი სული! შენი! სული! შენი! (ნახევრად იძრობს ხანჯალს და ეძგერება ირინეს. საერთო კივილი. ყმაწვილები მივარდებიან აბესალოს და გააშორებენ).
სამსონ
რა ქენი, შე უბედურო, რა ქენი ეს?! ქალი მოჰკალი განა?!
ეკა
უიმე, უიმე! ირინე! შვილო! ირინე!
ფილიპე
მიშველეთ, მიშველეთ! მომიკლეს შვილი! ირინე, შვილო, შვილო!..
ირინე
ნეტავი მართლა და მოვეკალი... მაინც ამით არ გათავდება?.. აი, ჩემი ბედნიერება, მამა!.. ხომ ხედავ?.. ხომ ბედნიერი ვარ!.. ხომ ბედნიერი ვარ, ჩემო მამა, ა?!
ფილიპე
შვილო, ნუ გეშინია! ნუ გეშინია, შენი ჭირიმე!
ირინე
შემახედეთ ამ ვაჟკაცისათვის, შემახედეთ ერთი!.. ყოჩაღ! ყოჩაღ! ვიშ, რა ვაჟკაცობა გამოიჩინა, ვიშ!.. მამა!.. მამა!.. (მტირალი ჩაეკვრება გულში მამას).
(ფარდა)
1897 წ.