ირგვლივ სივრცეა მზიან დღეების

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ირგვლივ სივრცეა მზიან დღეების
ავტორი: ტერენტი გრანელი


ირგვლივ სივრცეა მზიან დღეების,
გარინდებული დგანან ხეები.

და ჩუმი დღეა, ახლო მღერიან,
ვინც მიცნობს, ყველა ბედნიერია.

ცხოვრება ისევ წამება გახდა,
ბაღიდან ვუმზერ ქაშვეთის საყდარს.

და ზამთარია, ფოთლები არ ჩანს,
ის დღე წავიდა და ხსოვნა დარჩა.

გულიდან ისევ სისხლი იქცევა
და ირგვლივ ბაღის ლურჯი სივრცეა.

რესურსები ინტერნეტში[edit]