ილიას სურათზე
Appearance
ილიას სურათზე ავტორი: გიორგი ლეონიძე |
შენი ქართლი გაზაფხულით ―
ისე წახველ ― ვერ ამწვანდა;
გული ჰქონდა დაგაზული,
თოფმოხვედრილ არწივს ჰგავდა!
შენ გწყუროდა მისთვის ბრძოლა,
განახლების ქართა ქროლა,
მეხის ფრქვევა მთვლემარ მთებში...
გარს კი ჰმზერდი ხალხის საფლავს
დიდ ნანგრევთა ნაფშხვენებში!..
გაშრა ცრემლი მწუხარების,
აწმყოდ იქცა მომავალი,
დავინახეთ შენი მხრები,
დევკაცური შენი კვალი...
ახმიანებ საუკუნეს,
ძველ ნახმევმა მოგცა ბანი,
და ვემთხვევით ხალხის პოეტს,
შუბლგახვრეტილს, ცრემლგაბანილს...
შენ გიყვარდა ხმა მტვრევისა
და მომსკდარი კლდიდან თერგი;
შენ ძირს დაგცეს ფოთოლივით
და მთასავით წამოდექი!