თეთრი დღეები ჩემს წინ ქრებიან
Appearance
თეთრი დღეები ჩემს წინ ქრებიან ავტორი: ტერენტი გრანელი |
თეთრი დღეები ჩემს წინ ქრებიან
და შენ, ძვირფასო, რისთვის არ იცდი?!
ღმერთო, გზას იქით რა მინდვრებია,
წავალ მინდვრებში ხეტიალისთვის.
მიდიან წლები უამინდობის,
ახლა ერთია ზეცა და ლექსი.
შიგნით ბაღია, გარეთ მინდორი
და სასაფლაო პეტრე-პავლესი.
რა იხსნის პოეტს, ასე დარჩენილს!
მე დედის თვალი ვნახე სურათზე.
აქ საფლავია, ვწევარ და ჩემს წინ
მარხია ვიღაც მაისურაძე.
ქარმა ფოთლები დიდხანს აწვალა,
ვიცი დრო მოვა ჩემი გაგების.
არ დავბრუნდები, ცრემლებით წავალ,
წავალ მინდვრებში ხეტიალისთვის.