თან მზეა, თანაც დღე მიდის ასე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თან მზეა, თანაც დღე მიდის ასე
ავტორი: ტერენტი გრანელი


თან მზეა, თანაც დღე მიდის ასე,
მიდის ცხოვრება მრავალგზიანი.
მივიწევ ცისკენ ფიქრებით სავსე
და ისევ ზამთრის დღეა მზიანი.

ზეცა გულისკენ მსურს მივიზიდო,
ცას იდუმალი ძალა ერევა.
მე ასე ვიგრძენ - ჩემთვის იგი დრო
დღეს ნიშნავს განვლილ ბედნიერებას.

მივიწევ ცისკენ და ვამბობ: რა ვქნა!
და მიღალატეს თითქოს კუნთებმა.
ის დრო წავიდა, ის შუქი გაჰქრა,
ის დრო არასდროს არ დაბრუნდება.

მას შემდეგ ახლო მტრები არიან,
ვარ ასე, თუმცა სიცოცხლე არ მსურს.
არის ძვირფასი და სიზმარია,
როცა იგონებ შორეულ წარსულს.

თან მზეა, თანაც დღე მიდის ასე,
მიდის ცხოვრება მრავალგზიანი.
მივიწევ ცისკენ, ფიქრებით სავსე,
და ისევ ზამთრის დღეა მზიანი.

რესურსები ინტერნეტში[edit]