თამარ დედოფლის ლექსი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თამარ დედოფლის ლექსი
ავტორი: იოსებ დავითაშვილი


საქართველოს დედოფალი,
დედა ქართლისა - თამარი,
სიმშვენიერით მოსილი,
ამომავალი მზის დარი.

დავით სოსლანის მეუღლე,
რომელს უმშვენა მან მხარი;
დიდუბეში იქორწილა,
სადაც რომ საყდარი არი.

ნადიმობა გაუმართა,
მოიწვია თავის ჯარი;
ასი სული ცხვარი დაკლა
და ორასი ნიშა ხარი.

ლურჯი სუფრა გაუშალა,
იქნებოდა ასი მხარი;
ქვრივ-ობლებსა უწყალობა
ოქრო, ვერცხლი დიდი ძალი.

სიმშვენიერით მოსილი,
დედა ქართლისა - თამარი,
სიბრძნით, სიუხვით ქებული,
დილის ცისკარის სადარი!

ის მნათობი - ქვეყნიერი,
მკვდარიც ვერ ვპოვეთ სად არი!