ზოგ-ზოგი კაცი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ზოგ-ზოგი კაცი
ავტორი: საიათნოვა


ზოგ-ზოგი კაცია მეტად უღონო -
ღონიერ კაცისა ძალს დაიწუნებს...
ჯიბეში არა აქვს ჟანგიანი დანა,
ხორასნის ჯავარდენ ხმალს დაიწუნებს!
ზოგ-ზოგსა კაცსა არა აქვს ბინა -
ისე დააღამებს, არ შევა შინა...
ინდის-ხურმა მუხის რკო ჰგონია,
ბაღში შევა, მწიფე ბალს დაიწუნებს!
ზოგი კაცი ზღვაში შევა ნავათა,
ბაყაყს გვერდით დაინახავს შავათა,
ზოგი კაციც გარეთ გდია ავათა,
სახლში შევა, როსტომ-ზალს დაიწუნებს.
მეცხვარეს რად უნდა ალმასი ძველი,
ოღონდ პინით ჰქონდეს ახალი ყველი!
სასთუმლად ქვა ედვას, სარტყლად - საბელი...
ბეგთაბეგის ქირმან-შალს დაიწუნებს.
ღორი ხეზედ როგორ უნდა ავიდეს?
ავი კაცი ამ ქვეყნიდან გავიდეს,
საიათნოვა მეჯლისებში შავიდეს:
ლხინი უყვარს, ყალმაყალს დაიწუნებს.

რესურსები ინტერნეტში[edit]