ვუცდი სხვა ამინდს
Appearance
ვუცდი სხვა ამინდს ავტორი: ტერენტი გრანელი |
ვუცდი სხვა ამინდს,
ახლა წამია.
ასეთი წამი
კლავს ადამიანს.
იქ ვიღაც დარდობს
(ისევ ის ხანა).
და შარშან ამ დროს
მე იქ ვიყავი.
შენ ქარი გეძებს,
მე ღვინო მღუპავს.
და შუადღეზე
კვლავ მოიღრუბლა.
ვუცდი სხვა ამინდს,
ახლა წამია.
ასეთი წამი
სპობს ადამიანს.
ცეცხლია გულზე
(რა ჰქვია ამას).
ციხიდან ვუმზერ
ბავშვების თამაშს.
მივდივარ სადღაც,
დღეს მქონდა სიცხე.
საღამო დადგა
და წვიმას იწყებს.
ვუცდი სხვა ამინდს,
ისევ დადიან.
ასეთი წამი
კლავს ადამიანს.