ვიცი, ქარიშხალს ვერ დავეწევი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ვიცი, ქარიშხალს ვერ დავეწევი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ვიცი, ქარიშხალს ვერ დავეწევი,
ვიცი, დავრჩები ბოლომდე ბავშვი.
დაღამებისას ოთახს ვეწვევი,
როს გათენდება, მივდივარ ბაღში.

ქრის წამი, შავი და უცნაური,
გულში წევს დარდი, გულში ლექსია.
მიწყნარდა ქუჩა და დღის ხმაური
და ქალაქს ბინდი შამოესია.

სადღაც საფლავის ვარდი აყვავდა,
სადღაც გულები სიკვდილს ელიან.
ახლა ღამეა, უკვე დაღამდა
და ღამე უფრო საყვარელია.

ვიცი, ქარიშხალს ვერ დავეწევი,
ვიცი, დავრჩები ბოლომდე ბავშვი.
დაღამებისას ოთახს ვეწვევი,
როს გათენდება, მივდივარ ბაღში.

რესურსები ინტერნეტში[edit]