ვისმენ მაისის სიმთა ხმას
Appearance
ვისმენ მაისის სიმთა ხმას ავტორი: გიორგი ლეონიძე |
ვისმენ მაისის სიმთა ხმას,
მღერიან ყველა ლერწმები
დილის ფრინველთან მივფრინავ,
პირველ სხივს შეველეწები!
თვითეულ სხივში მზეს ვხედავ
დამარჯნებული ნათელით,
თვითეულ წვეთში ზღვას ვხედავ
სიცოცხლის კორიანტელით.
თვითეულ ზვირთის ნაშხეფში―
სიცოცხლის ნექტარს მრავალსა,
თვითეულ სხივში მე ვხედავ
გზას, სიყვარულის სავალსა.
და ჩემ გულს, შეტრფიალებულს,
მაძებარს მზიურ გზობისა,
სხვა გზა არ უნდა, გარეშე
მაისურ მაისობისა.
და ვარდ-მარგალიტ ნაფრქვევმა,
ერთი არჩია ყველაში:
ან მზის ჩახჩახში ბრწყინავდეს,
ან გადნეს ცისარტყელაში!