Jump to content

ვეფხისტყაოსანი/წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად

From Wikisource
ნესტანისაგან ტარიელის ხმობა ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი
ტარიელისა და ნესტანის პირისპირ შეყრა



400
 
ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია,
სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:
«არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,
ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია?»

401

მოეწერა: «რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.
გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა».

402
 
ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია.
იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია,
შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია,
ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

403

ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა;
აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,
სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,
ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა”.

404

ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა,
დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა,
თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:
«მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა!»

405

შინა მივე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა,
თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქეფდა.
«ბედი ჩემი უბედური, - ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა!
ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?»