ვეფხისტყაოსანი/წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისასა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

წასლვა ავთანდილისგან ფრიდონისასა

951
ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

952
ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, ხმა მისწვთების ცათამდის,
იტყვის, თუ: "ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის;
აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის.
კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის".

953
ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა;
ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა;
კვლა თინათინის გონება ავსებს უფრო-რე ჭირითა;
ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

954
ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა;
ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა;
გაჰმაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ -ა;
იტყვის, თუ: "ბნელი რას მიკვირს, რათგან დამაგდე, მზეო, და-!"

955
მზესა ეტყვის: "მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად,
შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად;
ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ-დამცთარად,
მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად, გაუმთბარად?

956
თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს,
მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს?
მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს;
წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს".

957
მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:
"აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობისა მისცემ, სვესა,
მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

958
მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
მას უთხარ, თუ: "ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა".

959
ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?

960
მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი, გული არღარას ლხენით-ა.

961
მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
ვისმე ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.

962
ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა, წვრილსა ვითა თმასა.

963
მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები;
მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ რაგვარ ვბნდები,
მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

964
აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან.
მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან".

965
აწ გულსა ეტყვის: "ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია,
რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია;
მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია,
მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

966
თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, - სიცოცხლისა იტყვის თუსა-
ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა".
მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვეტდის ცრემლთა რუსა,
მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

967
რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,
ისმენდიან, გაჰვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;
იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.

968
მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი:
კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი,
ინდო-არაბ-საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი,
რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.