ვეფხისტყაოსანი/ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

ზღვათა მეფისა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
შესთვალა: „მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
მწადიან, გნახე პატივით, ვითა მამა და მშობელი.

აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;
მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;
ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია,
ამისად მუქფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია.

მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე,
სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე,
kაცნი შენი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე,
მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.

თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისა,
გამოგზავნოს, ეაშების ნახვა მისი ხსნილსა მისსა;
მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტა სამცა სხვადღა ვისსა,
და ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!“

რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, -
წესია, გული გაჰვრთების ამბავსა გასაკრთობელსა, -
მოსცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა,
მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა.

ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა,
 მას შიაქვს რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა;
ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა;
უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.

შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა,
გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათა;
შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა;
ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,
მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი;
იტყვის: „ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი!
ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი“

ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:
„ღმერთმან გული გამინათლა გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,
აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,
მზემან შუქი შემომადნა, ვარდი მით ვჩან არდამზრალი“.

ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა,
ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა,
უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა,
პერპერასა დაფანტულსა ზუდა სცვეთენ ვითა ხიდსა.

მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა;
ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერდანადები ფასისა,
იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა,
კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.

ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა, შემკული თვალითა,
იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა;
დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვამკრთალითა,
მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი:
ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თითო ცხენი,
თითო კაბა თვალიანი, უცხოფერთა შუქთა მფენი,
მოახსენეს: „მადლი რა ვთქვათ, სვიანმცაა დავლა თქვენი!“

ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფასიტყვითა ენითა:
„დიდად ვიამე, მეფეო, პირველ, ნახვითა თქვენითა,
მერმე, აგვავსენ მრავლითა ტურფაფერითა ძღვენითა,
ვიცი, შორიშორ არჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა“

ზღვათა მეფე მოახსენებს: „ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
მოახლეთა სიცოცხლეო, ვერამჭვრეტთა შორით მკვლელო,
მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა, მშვენიერო სანახველო!
რა მოგშორდე, რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო?!“

ტარიელ ფატმანს უბრძანა: „მე თავი შენი მიდია;
დავ, გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია;
აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია“

ფატმან ხათუნ თაყვანისსცა, ჰკადრებს მადლისა მეტისმეტისა:
„მე, მეფეო, ნახვა შენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;
რა მოგშორდე, რა ვიქმნები? მე დამაგდებ ვირთა რეტსა.
ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა ვერამჭვრეტსა!“

ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი,
კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი:
„უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი საჩანგდაფენი,
მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.

შენ იყავ ჩვენი მშობელი, ჩვენგან ღმრთად საესავიო,
მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავიო“.
მეფემან ბრძანა: „არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო,
რათგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!“

მეფემან ნავი-ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა.
გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრდიესა,
თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა,
ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან, ძმად შენაფიცართა,
კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველად დანამტკიცართა;
შვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არუიცართა,
ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად,
კვლა ფრიდონის თავადთასა - ნაომართა მათთა მთხრობლად;
„მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად,
ჩვენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად“.

იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა,
მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდახდომა ჭირისა;
მივიდეს, სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა,
მოეგებნიან, ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

მუნ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები.
ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები,
ნესტან-დარეჯანს მოეჭდო, რომე ვერ გაჰხსნის ცულები,
აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

ნესტან-დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა;
უბრძანა: „ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა,
აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან, მისი არ სიძვირითა,
მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიხდი რითა!“

ასმათ ჰკადრა: „მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არდაზრულნი,
ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი,
სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩნს, ოდეს გნახენ მხიარულნი“
სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმაწი მოყვარულნი.

დიდებულთა თაყვანისცეს, მოახსენეს დიდი ქება:
„რომე ღმერთმან გაგვახარნა, -კურთხეულ არს მისი ღმრთება! -
ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება;
წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალუც განკურნება“

მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაკოცნეს.
მეფე ეტყვის: „ ძმათა  თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს,
იგი შვება საუკუნო  ცხადად პოვეს, არ იოცნეს,
ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია,
მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია“.
ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია,
ნარგისთათ იძვრის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.

მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს,
რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს;
დადუმდეს და მოახსენეს: „რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს,
თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!

ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა!
თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა“.
კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: „ნურათ იქთ გამწარებასა,
ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!“

ავთანდილცა მიუმტკივნა, ეტყვის დიდსა სიმძიმილსა;
მათ შეასხეს ქება, უთხრეს: „თავნი მივსცეთ აწ ღიმილსა,
რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,
აღარა ვსტირი სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა“.

მივიდეს, სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია;
სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია;
დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია,
მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

შუკათა მოდგეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია;
შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია;
მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია,
მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია.

გარდახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები.
გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები,
გერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები,
თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.