ვეფხისტყაოსანი/ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი
ლოცვა ავთანდილისა



788
დაჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად:
“ჰე მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად!!
ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად;
შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად.

789
ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”.

790
რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა, უმტკიცესი ძმობისა?!
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

791
წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
ვით იტყვიან, ვით აქბენ? ცან, ცნობანი მიაფერენ.
“სიყვარული აღგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ,
შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

792
ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.

793
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების,
თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხო რადმე ეშვენების;
მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

794
რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა.
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა;
აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა,
სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

795
არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

796
რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,
გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;
თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად;
მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.

797
მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა!
მეფეო, ნუთუ წასლვამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?
ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,
პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა.

798
არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.
რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!

799
რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭელსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

800
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

801
მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენდა კადრებად ამისად:
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად,
თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.

802
თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან,
მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან.

803
მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:
მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

804
რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად,
მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად;
ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის წასაგებლად!
შენგან კიდე არვინ მივის ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.

805
ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის,
ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს, არ გეთნევის,
არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის,
შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!

806
გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა,
ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა,
ნუგეშინის-ეც წყალობით, ჩემგან წყალობა-ჩვეულსა,
ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

807
გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა.
აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა!
ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა,
სუფევითამც ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”

808
მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა,
უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა,
შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”.
მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.