Jump to content

ვდგავარ მაღლობთან, როგორც გუშაგი

From Wikisource
ვდგავარ მაღლობთან, როგორც გუშაგი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ვდგავარ მაღლობთან, როგორც გუშაგი,
დღეს დაღლილია ჩემი ხელები.
არ ვიცი ამ ხალხს რა დავუშავე,
ჩემზე რანაირ ხმებს ავრცელებენ.

ან რა მოარჩენს გულის იარებს,
მესმის ჭრილობა მხოლოდ პოეტის.
თბილისის ქუჩა სულ დავიარე,
გუშინ ციხიდან რომ გამოვედი.

ჩემი ფიქრები არ მოკვდებიან,
მოვა დღე ისევ ჩემის წამების.
შორს მაფასებენ, ახლო მტერია
და ახლა განგებ მტრებს ვესალმები.

მახსოვს ამ ბაღში უწინ ვიყავი,
როდესაც კრთოდა კვირა მზიანი.
მე დაჭერილი ამ გზით მივყავდით
და მაშინ იდგა დღე წვიმიანი.

ახლა ვარ მარტო, როგორც გუშაგი,
დღეს დაღლილია ჩემი ხელები.
არ ვიცი ამ ხალხს რა დავუშავე,
ჩემზე რანაირ ხმებს ავრცელებენ.

რესურსები ინტერნეტში

[edit]