Jump to content

ვაშლები

From Wikisource
ვაშლები
ავტორი: ვასილ ბარნოვი



1 ზოგ ადამისნის სახეს ძალიანა სცვლის დრო, რაც უნდა ჩააკვირდე, ვეღარ იცნობ თუნდაც ოდესმე მახლობელი ნაცნობი იყოს. ზოგ სახეს კი ისეთი რამ დამღა აზის, თუ ერთხელ თვალი დაჰკარ, თავის დღეში აღარ დაგავიწყდება: ვერც განვლილი ჟამი, ვერც დროთა ბრუნვისაგან დაჭდეული ვცლილებანი ამ სახეს ვერ წაჰშლიან. რამდენი ხანია, არ მენახა ჩემი ნაამხანაგარი სანდრო; ჯერ ისევ ბალღები ვიყავით, როცა ერთმანეთს დავშორდით. ჯერ ულვაშიც კი არ აგვზიზინებოდა; მაგრამ, შევხვდი თუ არა, შევხედე თუ არა ჭაღარას ჭაღარამ, მაშინვე ვიცან. ეს წაუშლელი დაღი მის სახეზე, ეს აღმოუფხვრელი ნიშანი, მის თვალთა გამომეტყველება იყო. შეგინიშნიათ ყასაბხანაში მარად დამშეული არსების თვალთა იერი? მსუნაგი, გაუმაძღარი, ქურდულად მომზადებული, დატუქსული, კუდამოძუებული?.. მუცელგაუმაძღარ სახლის შვილი იყო სანდრო, უპოვარ-უშოვარი, ხოლო გიჟმაჟ ბუნებას მახვილი ყნოსვა-გემოვნება მიეცა და სირაქლემას კუჭი დაეტანებინა. მას. ჩემს სიყმაწვილის მეგობარ სანდროს ეკუთვნის ხარბი თქმა: „ნეტა ეს უზარმაზარი სახლი პურად აქცია, შეგ შემსვა, რომ ვსჭამო და ვსჭამო!“ და თუ სადმე წამოსწრობდა სანოვაგეს, ლხინად მოგეცესთ, რაც მას დღეს დააყენებდა! საჭმელი თრთოდა მის წინაშე, მსწრაფლ ილეოდა მისი შიშით, ჰქრებოდა. ნეტა მუცელი მაინც სჩნეოდა დალოცვილს! უმუცლო ბიჭი იყო, მხარბეჭგანიერი, ცოტა წინ წახრილი. არც შემდეგ დაემსახურებინა ღიპი რამ, დაფუკული ვაჟკაცი დამდგარიყო. მეტადრე ელეთ-მელეთი მოსდიოდა სანდროს ხილის დანახვაზე. წითლად გაბროწილი ვაშლის ლოყები საკბეჩად იზიდავდნენ მას. ისეთის ლმობიერებით უმზერდა თურაშაულს დუქნის თაბახში თუ გოსრის პირზე ეშხიანად მოწყობილს, როგორც სატფროს გულდატყვევებული მოტრფიალე. ძალიან უყვარდა თეთრ-წითლები, გული უთქვამდა მათთვის, თვალით უალერსებდა მათ. ვაი, რომ მიუწვდომელნი იყვნენ მისთვის! მხოლოდ მზერით იკლამდა ჟინს. მითი კმაყოფილდებოდა. და თუ ოდესმე შეხვდებოდა გვერდწითელი მის გრძელ და ოდნავ მოკაუჭებულ თითებს, მშვიდობით! ისე ჩანთქამდა ქერქიან-კურკიანად რომ ქრთილის ტოლას არ გადააგდებდა, ფერფლს არ დაჰკარგავდა. აი, ამ ჩემ მეგობარს შევხვდი იმ დღეს. ათასი რამ ეყიდნა, ბადის ტოპრაკში ალაგებდა და თან იღმურძლებოდა. გამეხარდა, გადავეხვიე. - გამარჯვება, სანდრო, ჩემო მეგობარო! - გადღეგრძელოს ღმერთმა! უკაცრაოდ კი, ვეღარ გცნობთ. - აღარ გახსოვარ შენი ძმობილი დათიკო იკვლივაძე?! - შენა ხარ, ჩემო დათიკო?! როგორ გამოცვლილხარ კაცო! - დრო გვითხრობს, გენაცვალე, დრო! შენ კი ძალიან არ დაგჩნევია ცვლილება. მივესურვილეთ ერთმანეთს. მოვიკითხეთ. მთხოვა, მის სახლში მივსულიყავ, მისი ჯალაბა გამეცნო. ბინაც მასწავლა.

ახალ წელიწად დღეს ვეწვიე. საღამო ხანზე. შემიწვიეს. ოთახი სავსე იყო ავეჯით და სუფთად მოწყობილი. ჰაზრიანი დიასახლისის ხელი ეტყობოდა. მეორე ოთახიდან ბალღის ხმა ისმოდა. ერთმანეთს საკითხი ვკითხეთ. ვუამბეთ. სანდრო სახლმართველოში მსახურობდა თურმე, საკმაო გასამრჯელოს იღებდა, თუმცა ამ ჯამაგირით ფართო ცხოვრება კი არ შეეძლო. კარი გაიღო და ლეჩაქგაფარფარებული დიასახლისიც გამოვიდა. ფაშფაშა ქალი იყო, თვალები უღიმოდა, ლოყები ეჩვრიტებოდა; რბილი ხელი ჰქონდა, ფაფუკი. მიამა რომ შევხედე, გამეხარდა. კარგია, როცა მანდილოსანს ჟამის სახე არ გამოქვს დარბაზში, თავ-პირი არ ჩამოსტირის, ზეთი არ ჩამოსდის. - სანდრო გუშინ ძალიან ნასიამოვნები დაბრუნდა! მიამბო თქვენი ნახვა და გამომცნაურება. - ვერ მიცნო, ჩემო ბატონო; მე კი მაშინვე გავიხსენე. - მითხრა, ვერ ვიცან, ძალიან გამოცვლილაო; მიამბო, როგორ ძმად შეფიცულები ჰყოფილხართ პატარაობას. ტკბილად ვიმუსაიფედ. მთხოვა სახლობაც გამეცნობებინა, გამომკითხა ოჯახის გარემოება; თითონაც მიამბო თავისი და სახლის ამბები. მესიამოვნა, რომ ამისთანა კარგი თანამგზავრი შეჰხვდეროდა სანსდროს ცხოვრების გზაზე. მეგობარიც გახალისდა, ძველი ამბები მოიგონა, სასაცილო ბევრი სთქვა. ისე ტკბილად ვჭუკჭუკებდით სამნივ, როგორც დიდი ხნის ნაშინაურებულნი. ჩაი მოიტანეს, ნამცხვარი, სასმელები, ხილეული. მთელი დიდი მაშრაფა სამსე იყო დაკრიალებული ვაშლებით. საუკეთესო ჯიშის ვაშლი იყო და მშვენივრად შენახული. ერთი ბეწო დაშავებული ადგილი არსადა ჰქონდა. სწორედ ეს ვაშლით სავსე მაშრაფა იყო სუფრის მაზა და მშვენება. შევიდექით. უფრო გავმხიარულდით. დიასახლისსაც უფრო და უფრო გაუნათდა სახე. ერთი მაკვირვებდა: ამ კეთილ სახეს წარბებს შუა ღრმად ღარი ასდევდა. სრულებით არ უდგებოდა, არც უხდებოდა ამ მტკიცე სახეს იგი ნაოჭი. ნეტავ რამ გაღარა ესე ღრმად სპეტაკი შუბლი ქალისა?! გავიფიქრე ერთ წამს, მაგრამ მალე მივანებე თავი ამ ფიქრს: შევექცეოდით, ფიქრისთვის არ მეცალა. ეჰ, ყველა ოჯახში თითო კოჯობი დუღს, ყველა ოჯახს თავისი დარდი აქვს დავიწყნარე ჰაზრი, მაგრამ გაღვიძებულმა ეჭვმა აღარ მიიძინა და დავუწყე მასპინძლებს იდუმალი თვალიერება.

სანდრომ დასუნთქა ნამცხვარი. დისახლისი ხამუშ-ხამუშ მიანათებდა თვალებს. ქმარი თვალს არიდებდა, თანაც ქვეშ-ქვეშ გაიმზირებოდა მისკენ; კაცის თვალში რიდი და კრძალვა კრთებოდა. გავათავეთ ჩაი, მივყავით ხელი ტკბილეულს. სანდრომ აიღო საუკეთესო ვაშლი, გაფცქვნა ნახევარი სუფთად და მომაწოდა ნაჭერი; დანარჩენს ოდნავ ააძრო აქა-იქ ქერქი, მოიმარჯვა მადიანად ხელი, გახლიჩა პირი და ვაშლის ყუნწიღა შერჩა თითებში. დიასახლისმა მსწრაფლ შეანათა მას თვალი. მეუღლე უგემურად შეინძრა და შეიკუმშა. დავლიეთ! გავხალისდით, შევქეიფიანდით. ნელ-ნელა გაიტეხინა სანდრომ, გაბედა! მთლადაც აუშვა თავისი შეუკავებელი მადა, მოხსნა სახლართი უძირო კუჭს, აღაღო ბაგემაფრაშა. ახლა კი მთლად დავრწმუნდი, რომ ისევ ჩემ ძველ მეგობართან ვიყავ, უცვლელ სანდროსთან. შესუსტდა ქალის თვალთა ძალა, დაჰკარგა მან გავლენა ვეღარ გასჭრა: დაწყვიტა მეგობარმა დაზეზდა იგი და აწ მისი შეკავება ვეღარავის შეეძლო. მოეღუშა სახე დიასახლისს, ჩაუღრმავბნელდა შუბლის ნაოჭი. მეც რაღაც ავმა სულმა გამიტაცა და თვითონ დავუწყე მასპინძელს შეპატიჟება; ზედიზედ ვაწვდიდი ვაშლს, მსხალს, ღვინით სავსე ჭიქას და ყბელა კეთილს. ნუნუა უფრო და უფრო უტკბებოდა მეგობარს. გამბედაობით აევსო გული. ენა აეცრა. მალე მოიფოთლა იქაურობა, ფსკერი დააჩნდა ჭურჭელს.

არ მგონია, იმ წუთს კეთილი გულით ყოფილიყოს ჩემზედ მშვენიერი დიასახლისი. რომ გული მომეგო მისთვის რამდენჯერმე მივმართე მას საალერსო სიტყვით, ქათინაური ქათინაურზე ვუთხარ. მოვალბე. შუბლი გაეხსნა ქალს, ისევ გამიღიმა. რომ უფრო გამემხიარულებინა ქალი, შევაქე მისი უნარი, მისი სარისტიანობა, გამჭრიახობა. ვკითხე, როგორ ინახავს მწნილს თუ სხვა სანოვაგე-სანუკვარს. როცა ქალმა მიამბო, რომ ოჯახისათვის ვაშლს შემოდგომობითვე ყიდულობს, რადგან მაშინ იაფიც არის და ადვილი ასარჩევიც, შევეკითხე: - როგორ ახერხებთ, ბატონო ჩემო, რომ ესე მშვენიერად ინახავთ ვაშლს? თითქო დღეს არისო მოწყვეტილი! - ადვილი გახლავსთ, ბატონო, ოღონდ კი სარდაფი ჰქონდეს ბინას: ყუთები მაქვს მომზადებული; გადავარჩევ უხინჯოებს და ჩავალაგებ წყობისად; ერთი პირი მშრალი ნახერხი უნდა ჩაიყაროს, ერთი პირი ვაშლი ჩაიწყოს და ესე თავამდინ; მერმე მაგრად დაიხურება ყუთები და სარდაფში დაიდგმება, რომ სიგრილე და მცირე ნესტი არ აკლდეს, მხოლოდ ხანდისხან გახსნით, ნახერხს გაუმზევლებთ. - ადვილი ყოფილა! სწორედ ვისარგებლებ თქვენის გამოცდილებით და მეც ეგრე შევინახამ ვაშლებს, - მივუგე მე. - არ გირჩევ, დათიკოჯან, სწორედ არ გირჩევ! ჩამოერია ლაპარაკში მასპინძელი. დიასახლისს უცბად სახე მოეღუშა, შუბლი ჩაუნაოჭდა, თვალებში სისასტიკემ გაუელვა. - რატომ, კაცო?! - გავიკვირვე მე. - რატომ და იმიტომ, რომ ვაშლის კარგად შესანახად სრულებითაც არა კმარა მხოლოდ ის რასაც ჩემი საბედო გეუბნება. - მაშ, კიდევ რა არის საჭირო? - კიდევ ის არის, ძმაო, საჭირო, რომ ვაშლის ყოველ გადარჩევაზე ჩამბალ-ჩაშავებული ცალები სულ უნდა ჩანთქა. - კარგი, გეთაყვა, ახლა შენებურ უთავბოლო ხუმრობას ნუ მოჰყვები! - შეუხმამკვახა ცოლმა. - როგორ თუ ჩამპალ-ჩაშავებული მე უნდა შევჭამო?! - ისე, ძმობილო, რომ რაც ოჯახს მოვეკიდე, იშვიათად თუ შემხვედრია საღი ვაშლის გაფცქვნა. შემოდგომაზე რომ გოდრებით ვიყიდი ვაშლს, სულ ბოლომდის ნელ-ნელა უნდა გავასაღო დაშავებული: ყველა გადარჩევაზე დამპალს თუ დამბალს მე გადმომილაგებს ეს ჩემი საყვარელი მეუღლე, ხოლო საღებს ისევ ჩააწყობს და მაგრა ჩაჰკეტავს! - სთქვა სანდრომ მწარეს ღიმილით და ხმაზე ემჩნეოდა, რომ სწორედ თავის გულისტკივილს შემომჩიოდა. - აბა თუ ეგრე არა, მაშ ვინ გაგაძღობს შენ, ყმაწვილო?! - შენიშნა ქალმა გესლიანად და აილეწა. ეხლა კი მივხვდი, რომ უცაბედად წამოვკარ ფეხი იმ ჯავრის კოჭობს, რომელიც დუღდა მეგობრის ოჯახში; ნახე, რომ აქ სახეირო აღარა იქნებოდა რა და წამოვდექ. მოწიწებით გამოვეთხოვე დიასახლისს, დავუკოცნე ბუნჩულა ხელი და წამოველ. სანდრო თან გამომყვა. ბევრი ვუშალე, ბევრი ვეხვეწე, საჭირო არ არის-მეთქი გაცილება, მაგრამ ვერ შევასმინე. ეჰ, ვიცოდი პატივსაცემად არ მომდევდა მეგობარი, შინაურ ჩხუბის ასაცილებლად გამოერიდა სახლს. მაგრამ სად წავიდოდა? შინ არ უნდა დაბრუნებულიყო?! დავემშვიდობე. გზა გზა ისტორიული ფრაზა დამტრიალებდა თავს. „სად ილტვის ალექსანდრე წინაშე უძლეველისა?!“ 1911 წ.