ეს გრძნობა უფრო აგიზგიზდება

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ეს გრძნობა უფრო აგიზგიზდება
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს გრძნობა უფრო აგიზგიზდება,
(და შენ შორიდან გედივით სჩანდი).
სადღაც ლამაზი ბავშვი იზრდება
და სადღაც ხევში მდინარე ჩადის.

საიდან მოდის ეს გარინდება,
საიდან მოდის ასეთი ღამე.
და გრძნობის ცეცხლი უფრო ინთება,
ოდეს მიწიდან ამოდის მთვარე.

უკვე გათენდა, ელავს ცის არე,
შესდექით! ყველა ჯურის მგოსნებო,
მე ახლა წავალ ქალაქის გარეთ,
წავალ იმისთვის, რომ ვიოცნებო.