ეს განცდა ისევ საზღვარს გასცილდა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ეს განცდა ისევ საზღვარს გასცილდა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს განცდა ისევ საზღვარს გასცილდა
და მე ვფიქრობდი სხვანაირ ბედზე.
ვიღაც ბრუნდება ახლა ვაგზლიდან
და ახლა ვიღაც ადის კიბეზე.
ის კაცი გაჰქრა და ვიღაც არის,
იქ აცილებენ შორეულ ცხედარს.
იქ, სადღაც ბაღში შეიჭრა ქარი
და სადღაც ბავშვი ეძახის დედას.
და იქ წუხილი უფრო გამეფდა,
მე სხვანაირი დაღუპვა მელის.
და ასე მიდის ჩემი ცხოვრება,
და ასე მიდის ცხოვრება ნელი.

რესურსები ინტერნეტში[edit]