ევლია ჩელები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

"სეიაჰათ ნამე" ("მოგზაურობის წიგნი")
ავტორი: ევლია ჩელები
ცნობები საქართველოს შესახებ

გამომცემელი: '''ფუთურიძე გიორგი'''


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები



ევლია ჩელების "მოგზაურობის წიგნი" - ნაკვ. I - ქართული თარგმანი - თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ - უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ - წიგნი XXVIII - თბილისი - 1971

რესურსები ინტერნეტში:http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5136


ევლია ჩელების "მოგზაურობის წიგნი" - ნაკვ. II - გამოკვლევა, კომენტარები - თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ - უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ - წიგნი XXX - თბილისი - 1973

რესურსები ინტერნეტში:http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5137


წინასიტყვაობა[edit]

ტექსტი[edit]

შინაარსი[edit]

XXVIII. აღწერა ლაზიკის ძველი ვილაიეთის დიდი ქალაქისა და კეთილმოწყობილი ციხისა, ე. ი. ქალაქ ტრაპიზონისა[edit]

მისი ამშენებელი დიდი ალექსანდრეს ეპოქის ერთი მეფე ყოფილა. შემდეგ აზერბაიჯანის მბრძანებელმა სულთან უზუნ ჰასანმა ეს ქალაქი გენუელებს წაართვა და სახელად „თარაბ-ი ზენ“ უწოდეს, იმიტომ რომ ამ დროს მისი მპყრობელი იყო სიტკბოების მოყვარული ქალი. შემდეგ თემურის ამბების დროს, სულთან უზუნ ჰასანი მავერანნაჰრისაკენ თემურის შესახვედრად რომ წავიდა, სტამბოლის ხელმწიფემ ბერძენმა კონსტანტინემ დრო იხელთა და აქაურობა დაიპყრო[1]. შემდეგ რვაას სამოცდათვრამეტ (1473) წელს ფათიჰი შეჰმად-ხანი სტამბოლიდან სამეფო ფლოტით ტრაპიზონთან მოვიდა და ზღვა ჯარით ჯანჰას გზებით უზუნ ჰასანის წინააღმდეგ გაეშურა. თერჯანის ველზე ბრძოლა გაიმართა და სულთან უზუნ ჰასანის ორმოცათასამდე ჯარისკაცი სულ მახვილის კბილებში გაატარეს [2]. სულთანი ჰასანიც უკუიქცა და აზერბაიჯანის ციხისაკენ გაიქცა. ამ ბრძოლას დაემთხვა [თარიღი]: „მშიშართა ვაჟკაცობა მზაკვრობაა“. გარდა ამისა: „შეგეწიოს შენ ალაჰი შეწევნითა დიდითა“[3]. ოსმალთა შორის არავის გადაუხდია ისეთი დიდი ომი, როგორიც იყო სულთან მურად პირველის კოსოვოს ბრძოლა და ეს ბრძოლა. ამ ომზე 13 წლით ადრე სულთან მეჰმედ ფათიჰმა ზღვისოდენი ჯარით ხმელეთიდან და ზღვიდან ტრაპიზონს ალყა შემოარტყა. 865 (1461) წელს, სამოცდაათი დღის გარემოცვის შემდეგ ბერძნებს წაართვა. რადგანაც მისი ჰავის სიმშვენიერით დასტკბნენ, მას უწოდეს „თარაბ-ი-ეფზუნ“ („სიამოვნების მომგვრელი“). ჭეშმარიტად სიტკბოებისა და დროსტარების ადგილია. მისი ერთი სახელთაგანია „ქალაქი ქვემო ბათუმი“ და ერთიც – „ლაზიკის ქალაქი“. ზოგნი „თარაბ ეფსუნს“ („ჯადოსნური სიტკბოება“) უწოდებენ. უბრალო ხალხი კი „ტარაბუზანს“ უწოდებს. შემდეგ ფათიჰ მეჰმედ-ხანმა აქაურობა ტახტად დაიდო, იქ ფული მოაჭრევინა, ხუტბა აღავლინებინა. სამ წელს ამ ქალაქში იმყოფებოდა და ჩრდილოეთით მდებარე გურჯისტანი, სამეგრელო, აბაზას ქვეყანა დაიმორჩილა[4]. უფლისწული ბაჲაზეთ-ხანი ტრაპიზონის მმართველად დანიშნა და თვიოთონ სტამბოლს წავიდა. შემდეგ ბაჲაზეთ ველი დამოუკიდებელი ფადიშაჰი რომ გახდა[5], თავისი შვილი სელიმი თავის ადგილზე დანიშნა ტრაპიზონის მმართველად. ბოლოს სულთანი ბაჲაზეთი გარდაიცვალა და სელიმ პირველი გახდა დამოუკიდებელი ფადიშაჰი. ირანთან პირველი ომი შაჰ ისმაილთან გამართული ჩალდირანის ომია[6], რომელიც მთელ ქვეყნიერებაზეა ცნობილი. შემდეგ ლაშქრობაში ეგვიპტის დასაპყრობად გაემართა[7]. ეს ცალკე ამბავია.

უფლისწული სულეიმანიც ტრაპიზონში გაიგზავნა და იქაური მმართველი გახდა. ეს ტრაპიზონი ძველი ქალაქია, რომელიც ოსმალთა საგვარეულოდან ოთხი ფადიშაჰის სატახტო ადგილი იყო. სულეიმან-ხანი 926 (1520) წელს[8] ფადიშაჰი გახდა და თავისი დედა ტრაპიზონში გაგზავნა. ეს ქალაქი აღწერა, ბათუმის სანჯაყიც შეუერთა და ცალკე ვილაიეთი შექმნა. ორთუღიანი საბეგლარბეგოა მურად მეოთხისა და იბრაჰიმ-ხანის დროს საკმაოდ ბევრ თუღიან ვეზირს არფალიქად დაენიშნათ მაღალი წყალობით. მის ფაშას, სულეიმან-ხანის კანონის მიხედვით ფადიშაჰისაგან 30000 სახასო აქვს. მის სანჯაყში თერთმეტი სუბაშია. წლიურად ცხრამეტი ათასი ყურუშის ნიგოზი აქვს გარდაკვეთილი. კანონი თუ დაირღვა, მაშინ წლიურად ოცდაათი ათასი ყურუში იქნება. ვილაიეთი ხუთი სანჯაყისაგან შედგება: ჯანჰა, ქვემო ბათუმი, ზემო ბათუმი, გონიო, ტრაპიზონი. ამათი ფაშა ტრაპიზონში ზის. კანონის მიხედვით თიმარის დავთარდარი, დავთრის ქეთხუდა, დავთრის ემინი, ჩაუშთა ქეთხუდა, ჩაუშთა ემინი ჰყავს. ორივე ბათუმის ლივას თიმარების დევთერდარის სახასო 40299 [ახჩაა]. ტრაპიზონის ლივაში 43 ზეამეთი და 226 თიმარია. ბათუმის ლივაში – 13 ზეამეთი და 72 თიმარი. ტრაპიზონში სულ ოთხას ორმოცდათოთხმეტი საკარგავია. კანონის მიხედვით, ჯებელიებთან ერთად ათას რვაასი სახელოვანი მეომარია. რაც შეეხება ფაშას ჯებელიებს, ათასი ვაჟკაცია. ალაიბეგი, ჩერიბაში და ჲუზბაშიებიანად სულ სამი ათასი შეიარაღებული მეომარია, რომლებსაც კეთილმოწყობილი და გაშენებული სოფლები აქვთ იმ პირობით, რომ ლაშქრობის დროს მთელი ეს ჯარი თავითფეხებამდე შეიარაღებული უნდა შეიკრიბოს მთავარი სანჯაყის [ბეგისა] და ალაიბეგის დროშის ქვეშ. ის ზეამეთი [რომლის მფლობელსაც] ჯარი არა ჰყავს, სხვას გადაეცემა.


  1. ლეგენდაა - გ. ფ.
  2. თეთრბატკნიანთა სახელმწიფოს მბრძანებელ უზუნ ჰასანისა და ოსმალთა სულთნის, მეჰმედ II-ის ჯარებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა თერჯანის ველზე, ერზინჯანის სანახებში მდებარე ოთლუკბელისთან, 1473 წლის 11 აგვისტოს. უზუნ ჰასანმა გამანადგურებელი დამარცხება განიცადა და ბრძოლის ველიდან გაიქცა. მეჰმედ II მთელ ანატოლიაში გაბატონდა. თეთრბატკბიანთა სახელმწიფო საბოლოოდ მოსპო 1502 წელს, ახლადდაარსებული სეფიანთა ირანის პირველმა შაჰმა ისმაილ I-მა - გ. ფ.
  3. ასოთა რიცხვნიშნების მიხედვით 1473 წელი - გ. ფ.
  4. ქალაქი ტრაპიზონი ოსმალებმა 1461 წელს დაიპყრეს, მოსპეს ტრაპიზონის საკეისრო და ტრაპიზონის ვილაიეთი შექმნეს. რაც შეეხება ამ ხანებში საქართველოს ტერიტორიების დაპყრობას, ეს სინამდვილეს არ შეეფერება
  5. ბაჲაზეთ II ველი – მეჰმედ II ფათიჰის შვილი. დაიბადა 1452 წელს. ტახტზე ავიდა 1481 წლის 5 მაისს; ტახტიდან ჩამოაგდო შვილმა, სელიმ I-მა 1512 წლის 24 აპრილს და ორიოდე დღის შემდეგ მოკვდა - გ. ფ.
  6. ჩალდირანის ომი – ირან-ოსმალეთის ომის პირველი ბრძოლა, რომელიც 1514 წლის 23 აგვისტოს გაიმართა ურმიის ტბის აღმოსავლეთით, ჩალდირანის ველზე. ირანის შაჰი ისმაილ I სასტიკად დამარცხდა; სელიმ I-მა დაიპყრო თავრიზი, ხელში ჩაიგდო ხაზინა და უამრავი ხელოსანი წაიყვანა ტყვედ - გ. ფ.
  7. სეფიანთა ირანის ჯარების განადგურებამ სელიმ I-ს საშუალება მისცა ეგვიპტეზე გაელაშქრა: 1516 წ. დაამარცხა ეგვიპტის მამლუქთა სულთანი კანსუ ელ-გური, დაიპყრო სირია, პალესტინა; 1517 წლის 31 იანვარს კაირო აიღო და ეგვიპტე დაიპყრო - გ. ფ.
  8. სულეიმან I კანუნი, სელიმ I-ის შვილი. დაიბადა 1495 წელს. ტახტზე ავიდა 1520 წ. 28. IX, გარდაიცვალა 1566 წ. 6 IX. ევლია ჩელები რომ ამბობს „ტრაპიზონი ოთხი ფადიშაჰის სატახტო ადგილი იყოო“, შემდეგ გარემოებას გულისხმობს: ტრაპიზონის ვილაიეთის მმართველებად სულთნები ხშირად უფლისწულებს ნიშნავდნენ ხოლმე, რადგანაც: ა) იგი დედაქალაქიდან შორს იყო და უფლისწულების შეთქმულება გაძნელებული იყო; ბ) უფლისწულები სახელმწიფო საქმეებს ეცნობოდნენ; გ) საზღვრისპირა ქვეყანა იყო და შეეძლოთ თავიანთი ენერგია თავდასხმების საწარმოებლად მიემართათ - გ. ფ.

XXIX. ტრაპიზონში სულთან კანუნის მიერ დამორჩილებული ტომების ბეგები[edit]

აბაზას ტომები: ჯაჯები, არლან, ჩანდალარჯილი, დიდი ჭანბები – ზღვის პირას არიან. გეჩები, ართები, კამიშები, სოჭაები, ბუზუდუკები, კუთასები, აშაღილი, ჲუკარილი, ჩამბა, სოუკსუ, ნეთიჯე და სხვა სამოცდაათამდე ტომი და გვარია. ყველა ესენი მორჩილნი არიან. რადგანაც სამეგრელოსი და გურჯისტანის [სხვა] ბეგებიც მორჩილნი არიან, ყოველწლიურად მშვიდობიანობისა და მორჩილების დასადასტურებლად ორმოც-ორმოცდაათამდე ბიჭსა და გოგოს, ათას წყვილ თივთიკის წინდას, სასახლის სამზარეულოსათვის ათას წყვილ ტილოს და სხვა მრავალ ძღვენს აგზავნიან და იწერება წიგნი პირობისა, რაც ტრაპიზონის ფაშებისადმი მორჩილებას გულისხმობს.

ტრაპიზონის შემოსავლის ხუთასი ახჩა მევლევიელთა სარგოა. მაგრამ იმდენად საპატიო, მაღალი თანამდებობა არაა. ორმოცდაერთი ნაჰიე აქვს, მაგრამ მათი უმრავლესობა ურჩია. შეიხ ულ-ისლამი, ნაკიბ ულ-ეშრაფი, სარდლის ნაცვლად ერთი გაამაყებული იანიჩართა ჩაუში, სიფაჰთა ქეთხუდას ნაცვლად ქალაქის სუბაში, მუჰთასიბის აღა, საბაჟოს ემინი და სასანთლეს ემინი [არის]. სულ ჩვიდმეტამდე მმართველია, რომელთაც დასჯის უფლება აქვთ. მათ ხელში აქვთ უზენაესი სიგელები. ის უზენაესი სიგელები, რომლებიც ხელში აქვთ ვილაიეთის წარჩინებულებს, თუ ღმერთმა ინება, თავ-თავის ადგილას იქნება აღწერილი. ეს ქალაქი დედამიწის მე-17 სარტყელში მდებარეობს. ბერძნული ქალაქთაგანია. შავი ზღვის აღმოსავლეთ მხარეს ყურეს მსგავს ზღვაზე მდებარე სამოთხისებური, შემკული ქალაქია. სტამბოლის სრუტიდან ტრაპიზონის ნავსადგურამდე სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ სრული ათასი მილია სავალი. რადგანაც გეზიქის მთაც ტრაპიზონის აღმოსავლეთ მხარეს არის, ამიტომ მისი ხალხის სახელწოდება – „გეზიქი ხალხი“ შეცდომით გამოითქმის და „ლაზიკას“ უწოდებენ. ზოგიერთები კი სიადვილისათვის „ქ“-ს და „ი“-ს ჩამოაცილებენ, კვეცენ და „ლაზ ხალხი“-ო, ამბობენ. ყაზი სულთან მეჰმედ ფათიჰმა, ეს ციხე რომ დაიპყრო, გარშემო ქვეყნებიდან ბევრი სხვადასხვა წარმოშობის ხალხი ტრაპიზონში მოაყვანინა და დაასახლა. მოსახლეობის უმეტესობა ლაზებია. მოუხეშავი ხალხია. ამჟამად ყველანი იანიჩრებია, რომლებიც დაბადებიდანვე ჯარისკაცთა შვილები და ჯარისკაცები არიან.

მათი სახელები: ალი-ფეშე, ველი-ფეშე, ჰუთავერდი-ფეშე, ჩაფერ-ფეშე, ფასლი-ფეშე, მემი-ფეშე, მისირ-ფეშე, ფახრად-ფეშე, მეჰმედ-ფეშე.

მეტსახელები: ფართულ-ოღლუ, ფოდულ-ოღლუ, ფაზარაზ-ოღლუ, კუშუმბურ-ოღლუ, კათრაზ-ოღლუ, ქალაფათ-ოღლუ, კუსდუჰ-ოღლუ, ჯონდა-ოღლუ, ალიაქი-ოღლუ, სურმენელი-ოღლუ, ფეჲფული, კიშიდიარი, სიამი, ჯურკალი, ჰაჯი ჩიჩუ, კუთუზ მისლი, ალი ბეშარ, გონალი, ალიფეშე.

ქალთა სახელები: მათი გამოთქმის მიხედვითაა: უმიჰან, ესმაჰან, რაფიე, ასიე, ხანიფე, აფიფე, სანიჩე, ფათმა, ხუფსეთი, თუნთი, გულშაჰი, მეერმაჰ, ხავა, ხომა, ზახლე, ანიფე.

მამაკაცთა სახელები: უსუფ, ფაფუვან, ქანანინალახ ყული, რუსთემ, აფართი, ჯანსი, ხალი და კიდევ მრავალი ამგვარი უცნაური სახელია. მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ სინამდვილეს, ესენი განთქმული სახელებია. ეს კია, რომ ისინი ლაზებს თავიანთი ენისათვის შეუგუებიათ და დაუმახინჯებიათ. ტრაპიზონში მცხოვრებნი გულშენის მიმდევრები არიან. სუფთა ჯუბიანი და ტანისამოსიანი, გაგებული ხალხია. მათ შორის ღაზელების მთქმელები და სპარსულის მცოდნე რამდენიმე პოეტი არის. იმ დროს, როდესაც ჩვენ იქ ვიყავით, დახვეწილი ენის, დივანის მქონე თერთმეტი პოეტი იყო, რომლებიც ნატიფი ენითა და ნარნარი სიტყვაწყობით სახელმოხვეჭილი ოკჩუზადეს შესადარი არიან.

ტრაპიზონის პოეტების შექება: ..........

ტრაპიზონის ციხის ქება: ბოზთეფეს კალთებისა შავი ზღვის ნაპირის შუა ორი დიდი ციხეა. სამი ნაწილისაგან შედგება. ერთ მათგანს ქვედა ციხეს უწოდებენ, მეორეს – შუა ციხეს; შიდა ციხეს – „კოშკის ციხეს“ უწოდებენ. „კოშკის ციხე“ ყველა მათგანზე მაგარი და მტკიცე ციხე-სიმაგრეა, იმიტომ, რომ ბოზთეფე ზურგში ზღუდედ უდგას. მაგრამ მთის მხარეს ქვესკნელის მსგავსი ღრმა თხრილია, რომელსაც სამოცდაჩვიდმეტი კაცის სამალავი აქვს. სუფთა და გამოკვეთილი კლდეა. შიგ ერთი ჯამე, მეციხოვნეთა თავშესაფარი სახლები, საწყობები და ჯაბახანებია. ჩრდილოეთის მხარის კედელს შუა ციხისაკენ მიშვერილი კარი აქვს. გარე ქალაქში გასასვლელი კარი ესაა – სხვა არა აქვს. თუმცა, ერთი საიდუმლო კარი აქვს მუდამ დაკეტილი და [მხოლოდ] საჭიროების დროს იღება. შუა ციხე მოგრძო, მტკიცე კედლიანი და გამაგრებულია. ციხის აღმოსავლეთის მხარის კედელში „ყალას“ სახელით ცნობილი ციხის შუა ციხისაკენ გამავალი კარის ახლოს არის „ჲენი ჯუმად“ წოდებული კარი. მეორე კარი ასევე ამ კედლის აღმოსავლეთი მხრის ბოლოშია. ყველა დაბაღის სახელოსნო ამ კარის გარეთაა. ამიტომაც უწოდებენ მას დაბაღების კარს. ამ კარს წინ ერთი პატარა მდინარე ჩაუდის. მდინარე სათავეს იღებს აღმოსავლეთით მდებარე ბოზთეფეზე, ლაზიკის მთებში გროვდება, დაბახანებს შორის გაივლის და ზღვას ერთვის. ზოგჯერ ადიდებული მოდის. დაბაღების კარის გარეთ, დაბაღების ბაზარში ქვის დიდი შენობები და ქვით ნაგები დიდი ხიდია, რომლის ამშენებელი სულთანი უზუნ ჰასანია. ეს უზუნ ჰასანი არზრუმის აღმოსავლეთით მდებარე ჰასან-კალეს მფლობელი იყო და შემდეგ ტრაპიზონის მფლობელიც გახდა. მესამე კარი ამ ციხის დასავლეთ მხარეს [მდებარე] „ზინდანის“ კარია. ყველა მკვლელი და ვალებში ჩაფლული ამ კარის კოშკშია ჩამწყვდეული. ამ ციხის კარის გარეთ ასევე ქვით აშენებული ხიდით შეიძლება გადასვლა ზაგანოსის კარისაკენ. ეს ხიდი ციხის შიდა ზღუდეს განეკუთვნება. ზინდანის კარიდან ზაგანოსის კარამდე ეს ხიდი კედლის გასწვრივ არის მიშენებული. მეოთხე კარი ამ ზღუდის ჩრდილოეთის მხარის კედელში ქვედა ციხისაკენ გადის. ამიტომ ამ კარს „ქვედა ციხის კარს“ ეტყვიან.

ქვედა ციხე: მისი ჩრდილო კედელი ზღვის ნაპირზეა. ოთხკუთხა მოყვანილობის წაგრძელებული ციხეა. ამასაც ოთხი კარი აქვს. პირველი ზაგანოსის კარია. ამ კარსა და ზინდანის კარს შორის ციხის ზღუდის გასწვრივ მდებარეობს გრძელი ხიდი. მეორე „სუთჰანეს“ კარია. [სუთჰანე] ქრისტიანთა უბანია და ციხის კედლის გარეთ ზღვის პირას მდებარეობს. მესამე მოლოზის კარია, ბერძნულად „მოლოზი“ ეწოდება წვრილ კენჭს. რადგანაც ამ უბნის სანაპირო მთლიანად კენჭებით არის მოფენილი, მოლოზის კარს უწოდებენ. ლაზურ ენაზე მოლოზი ეწოდება დანგრევამდე მისულ შენობებს, რომლებსაც ბოძები აქვთ შედგმული. ეს კარი ზღვისკენ გადის. ამ ქვედა ციხის ორი მხრის კედლები ზღვას ებჯინებიან. ორივე კუთხიდან ზღვაში კედლები ჩადის. ეს კარი მაინცადამაინც არ არის გამოყენებული. მეოთხე მუმჰანეს კარია. ტრაპიზონში თაფლისა და ქონის სანთელი ბევრია [1]. ამ კარს ხმარობენ და სხვა მხრიდან არ უშვებენ. სანთლის სახელოსნო სახაზინოა და ცალკე განმგებელი ჰყავს. ამგვარად, ციხის კარების ამბავიც აქ დამთავრდა. ამ სამსართულიანი ციხის გარშემოწერილობა ცხრა ათასი ნაბიჯია. ტრაპიზონის სახლების უმეტესობას ჩრდილოთით, სამხრეთითა და დასავლეთით აქვს პირი მიქცეული. ყველა სახლი ლალისფერი კრამიტითაა დახურული.


  1. „მუმჰანე“ ნიშნავს სანთლის სახელოსნოს. ეს სახელოსნო კარიბჭესთან იდგა და მისი სახელი მისცეს კარს - გ. ფ.

XXX. სულთნების, ვეზირებისა და ქალაქის წარჩინებულთა ჯამეების აღწერა[edit]

შუა ციხე-სიმაგრის ჯამე: .............

შუა ყალას ჯამე: .............

ხათუნიეს ჯამე დასავლეთის რაბათში: .............

სულეიმან-ბეის ჯამე: .............

აჲა სოფიას ჯამე: სულეიმანის ჯამეს დასავლეთითაა. ზღვისპირას მდებარეობს. ურწმუნოების დროსაა აშენებული. მას შემდეგ, რაც გურულთ ალი-ბეიმ – ამ ვილაიეთის განმგებელმა, ფადიშაჰის უდიდებულესობას მოხსენება წარუდგინა, იგი სულთნის ბრძანებით ჩამოართვა [ქრისტიანებს] და 991 (1583) წელს საკრებულო ჯამედ აქცია, რომელსაც სულთნისათვის განკუთვნილი ადგილი და მიმზიდველი მინბერი აქვს. სამხრეთის კარიდან მიჰრაბამდე ჯამეს შენობა ოდნავ მოგრძო მოყვანილობისაა. ამ ჯამეში ყოველნაირი მარმარილოს ისეთი სვეტებია, რომ მათ საქებად ენა არ მყოფნის. ერთი მინარეთი, ძველებური მოყვანილობის სადა და ლამაზი მიჰრაბი და მინბარი აქვს, მის გარშემო ზეთისხილის ბაღებია.

ერდოღდუ-ბეის ჯამე: .............

ჲენი ჯამე: .............

ისკანდერ-ფაშას ჯამე: .............

ტრაპიზონის მედრესეები: .............

მედრესე ხათუნიე: .............

ისკანდერ-ფაშას მედრესე: .............

ტრაპიზონის [ყურანის] საკითხავი სახლები: .............

ხათუნიეს საკითხავი სახლი: .............

ისკანდერ-ფაშას საკითხავი სახლი: .............

ტრაპიზონის ყმაწვილთა სასწავლებელი: .............

ხათუნიეს სასწავლებელი: .............

ტრაპიზონის აბანოები: .............

ტრაპიზონის ბაზარი: მის სავაჭრო რიგებს შორის ყველაზე რჩეული არის ამქარი, რომელიც მუმჰანეს კარის გარეთაა. ესენი კარის პირისპირ, ზღვისპირზე მდებარე ერთიმეორეზე მიწყობილი დუქნებია. ქვით აგებული დიდი დახურული ბაზარი აქვს; აქ რომ ვაჭრები არიან, მდიდარი, გულუხვი, დარბაისელი და ბრწყინვალე სოვდაგრებია. შუა ციხეში ყველა სახის ხელოსანია წარმოდგენილი. ესენი 70-80-მდე დუქანს შეადგენენ და მათ პატარა (ქუჩუქ) ბაზარს უწოდებენ.

ტრაპიზონის საქველმოქმედო დაწესებულებები: შუა ციხეში მდებარე ფათიჰის საქველმოქმედო დაწესებულებაში ყველა მდიდარისა თუ ღარიბისათვის მუდამ უხვად არის წყალობა. ხათუნიეს იმარეთი მის ჯამეს აქვს მიშენებული და ტრაპიზონში მისი ბადალი სხვა არ არის. ჯამეს სამხრეთით სამზარეულო და სასადილოა. გამვლელ-გამომვლელთათვის წყალობა უხვია. ერთი პურის საცხობია. საქველმოქმედოდ აცხობენ წმინდა და თეთრ პურს და მწირებს უხვად აპურებენ. სურსათის შესანახად ერთი დიდი საკუჭნაოა, რომელიც პირთამდე სავსეა. სამზარეულოს ცალკე სასადილო აქვს მიდგმული, რომელიც საგანგებოდ ცოდნის მაძიებელთათვისაა განკუთვნილი. ყოველდღე დილაობით და შუადღისას მოსწავლეებს თითო ჯამ წვენსა და თითო პურს აძლევენ. პარასკევ ღამეს ფლავს, ზაფრანიან ბრინჯის შეჭამანდს და ხახვში მოხრაკულ ხორცს ურიგებენ. ასეთია ქველმოქმედის ნაანდერძევი პირობა...

ტრაპიზონის მცხოვრებლების გარეგნობა: იმის გამო, რომ მეხუთე სარტყელშია, მისი ჰავა მშვენიერია და ამიტომ მთელი მოსახლეობა მხიარული, ბედნიერი, სიტკბოებისა და სმა-ჭამის მოყვარული, უზრუნველი და უდარდელი, მშვენიერი მეგობრები, ერთგულად მოყვარულები არიან. მათ ღაჟღაჟა სახის ფერი აქვთ, რადგანაც მათი ქალები აბაზა, ქართველი, ჩერქეზი ტურფები არიან. მათი ვაჟები და ქალიშვილები ისეთი ლამაზები არიან, თითოეული მათგანი თითქოს მთვარის ნატეხია.

ტრაპიზონის მოსახლეობის საქმიანობა: ამ ქალაქის მოსახლეობა ძველთაგანვე შვიდი ფენაა. ერთი ფენა წარჩინებულები, დიდებული ბეგები და ბეგთაშვილები არიან, რომელნიც სიასამურის ქურქიან ბრწყინვალე ტანისამოსში არიან ჩაფლულნი. ერთი ნაწილი ულემები, კეთილმორწმუნეები და სხვა საპატიო მდგომარეობის ხალხია. ულემები დიდად განსწავლული ხალხია, რომლებიც განსაკუთრებულ ტანსაცმელ-მორთულობას ატარებენ და დიდ პატივისცემას იწვევენ. მესამე [ფენა] ვაჭრებია, რომლებიც აზოვში, კაზაკებთან, სამეგრელოში, აბაზას ქვეყანაში, ჩერქეზეთში და ყირიმში დაიარებიან და ვაჭრობენ. შალის ფარაჯას, კონთუშს, ხიფთანს იცვამენ. მეოთხე [ფენა] ხელოსნები არიან და ყველანი შალის ფარაჯასა და ნარმის ხალათებს იცვამენ. მეხუთე [ფენა] შავი ზღვის მეზღვაურები არიან, რომლებსაც აცვიათ მათთვის დამახასიათებელი ტანისამოსი – ღუზის ამწევებისათვის: შარვალი, შალის ხიფთანი. თავზე იხვევენ ნარმის ჩალმას. ზღვაზე ვაჭრობენ და საქმიანობენ. მეექვსე [ფენა] მევენახეები და მებაღეებია, იმიტომ, რომ ქალაქის ბოზ-თეფეს მთები მთლიანად ბაღნარია და სულ დავთარში აღნიშნულია 31 ათასამდე ბაღი და ვენახი. მეშვიდე ფენა მეთევზეებია, რადგანაც ტრაპიზონელებს თევზი ძალიან უყვართ.

ტრაპიზონის განთქმულ სახელოსნოთა აღწერა: ტრაპიზონის ოქრომჭედლების მსგავსი სრულყოფილი ოსტატები მთელ დუნიაზე არ არიან. თვით სელიმ პირველსაც კი, რომელიც აქ დაიბადა, ყმაწვილობაში მეზარნიშეობის ხელობა შეუსწავლია და მისი მამის – ბაიაზეთ-ხანის სახელზე ტრაპიზონში ფული მოუჭრია. მე, მწირმა, ეს ფული ვნახე. ამგვარად, მას შემდეგ [ტრაპიზონის] ოქრომჭედლებმა სახელი გაითქვეს. ერთგვარ ცხენის ლაგამებს, საცეცხლურებს, ვარდის წყლის თასებს, ხმლებს, დაშნებს, მზარეულის დანებს აკეთებენ, ისეთებს, რომ მათი მსგავსი სხვა ქვეყანაში არ მოიძებნება. აკეთებენ დანებს, რომლებიც გურგურ-ოღლუს დანის სახელითაა ცნობილი. აქ ერთი სახის ცულებს აკეთებენ, რომლებსაც ტრაპიზონის ცული ეწოდება და სხვა ქვეყანაში მისი მსგავსი არ არის. ძალზე ქებული და მაღალხარისხოვანი სადაფის სახელოსნო დაფები, ზანდუკები, [ნაწერის საშრობი] ქვიშის საყრელი ყუთები, სამელნეები ერთი აქედან გააქვთ და ერთიც – ინდოეთიდან.

ტრაპიზონის საჭმელები და სასმელები:...............

მათი სანაქებო თევზები:...............

ხამსას სარგებლიანობა, სახეობა, თვისება: ........

რადგანაც ქალაქის ჰავა მშვენიერია, მის მთებში მოიპოვება ბზის ხეები და ბაღ-ვენახებში – კვიპაროსები და „ბერძნული კაკლის“ ხეები. საოცარია, რომ მაშინ, როდესაც მის სამხრეთით არსებულ არზრუმის მთებში სასტიკი ზამთარია, აქ ვარდი, რეჰანი და ელღუნის ყვავილი იფურჩქნება. უზამთრო, მეტად მსუბუქია [ჰავა]. მისი მცხოვრებლები კეთილი და მეგობრული ადამიანები არიან. მაგრამ ჩიჩუა და ჩღეთა (ჩხეტია)[1]და ლაზიკად წოდებული გლეხობა ძალზე უტეხი ხალხია. ამათ სხვა კილო, სიტყვები და გამოთქმები აქვთ, რომელთაც თვით ტრაპიზონის მოსახლეობაც ვერ იგებს – გადათარგმნაა საჭირო. აქ ჩაწერილი იქნა ჩიჩუების და ჩღეთაების (ჩხეტიების) ერთ-ერთი მივიწყებული ლექსი:

„თუ/ო/ნ ზარიღუ/ო/ნ თაბინჩ/ჭ/არუ/ო/ თუ/ო/მუ/ო/რфუ/ო/ნდა ფალიკარუ აფხაინგ/კ/ა ღუ/ო/ზა თუ/ო/ნა ქფხა ფაის თო/უ/ზმამუ/ო/“ [2]

მაგრამ ლაზების ენა კალამს არ ემორჩილება, არ ჩაიწერება, ძლიერ უცნაური ენაა. ამ ხალხის უმეტესობა მეზღვაურებია. მდინარე ჭოროხით სამეგრელომდე აღწევენ, ტყვეები მოჰყავთ და ასე საქმიანობენ. კარგი, დიდი ყურე აქვს. ღუზის დამჭერი ნავსადგურია, რომელიც ყურეში მდებარეობს, მაგრამ მისი დასავლეთი მხარე ღიაა. დასავლეთისკენ სამას მილს თუ გაივლის კაცი, ყირიმში მდებარე კაფას ციხის ნავსადგურში მივა.

ტრაპიზონის სასეირნო ადგილები: ზაგნოსის კარის გარეთ კავაკის მოედანია, სადაც ფაშები დასვენების დღეებში ჯარებით გამოდიან ამ გამამხიარულებელ ადგილას და ჯირითობენ. რადგანაც მეტად ფართე მოედანია, მის შუაგულ ადგილას სამ წყებად ჩასობილია ერმანეთზე გადაბმული გემის ანძები. კენწეროზე ოქროში შეფერილი ბირთვია. ყველა მოთამაშე გუნდი ცხენებიდან ჩამოხტება. იმ ბირთვს ისარს ესვრიან. ვინც მოარტყამს, მას დარჩება.

მდინარე ხოშოღლანი:...............

ტრაპიზონის დიდი სულთნების წმინდა ადგილების აღწერა: ............


  1. იხ. ს. ჯიქია, ევლია ჩელები ლაზებისა და ლაზურის შესახებ, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“. ტ. VI. 1954, გვ. 248-249 - გ. ფ.
  2. იხ. იქვე, გვ. 253, 254, 255 - გ. ფ.

XXXI. ჩვენი მოგზაურობა გურჯისტანისა და სამეგრელოს მხარეებში[edit]

ტრაპიზონში ორასი კაცის თანხლებით ოც ლაზურ მენექსილა ნავში თავით ფეხებამდე შეიარაღებულნი ჩავსხედით. ალაჰს თავი შევავედრეთ და ნავსადგურიდან ჩრდილოეთისაკენ იმედის იალქნები გავშალეთ. დეირმენდერეს ნავსადგურში მივედით. ტრაპიზონის ახლოს დიდი ნავსადგურია.

ისევ ჩრდილოეთისაკენ ვიარეთ და დაბა შანეს მივაღწიეთ. მას ნავსადგურ რუვასეს უწოდებენ. საუკეთესო სადგომია [გემებისათვის]. მის მთებში და კლდეებში ისეთი თხილნარი ტყეებია, რომ შანეს თხილი ყოველ მხარეში განთქმულია. აქედან გზა განვაგრძეთ და სურმენეში მოვედით.

სურმენეს ციხის აღწერა: აქაურობა ტრაპიზონის მმართველობაშია. ყაზი სულთან მეჰმედ II ფათიჰის დაპყრობილია. ციხე ბერძნების აშენებული იყო. ჰერსექ-ზადე აჰმედ-ფაშას ხელითაა დაპყრობილი. სუბაში, ას ორმოცდაათი ახჩიანი ყადის თანამდებობა, ციხისთავი და მეციხოვნეები ჰყავს. მაგრამ წარჩინებულნი არა ჰყავს. დიდი ნავსადგურია, რომელიც ექვსი ქარისაგან დაცულია, ღუზა კარგად ეკიდება ფსკერს და ღრმაა. თუმცა დასავლეთისა და სამხრეთის ქარებისაგან მაინცდამაინც დაცული არაა. სამი-ოთხი ღუზის ჩაშვებაა საჭირო. აქედან გზა განვაგრძეთ და მაჰნუზის ნაჰიეში მივედით. ეს ნაჰიე ტრაპიზონის მიწაზეა, სამოცი კეთილნაშენი სოფლისაგან შედგება. მთები მთლიანად ფუსტულისა და ბზის ხეებით არის დაფარული. აქედან ავიყარენით და კანლი ფირევულის დაბაში მივედით. ტრაპიზონისათვის დაქვემდებარებული დიდი ნაჰიეა. მთელი მოსახლეობა ჩიჩუებია. აქედან წამოვედით და რიზეში მივედით. იქიდან გზა განვაგრძეთ და ხობანის [1] დაბას მივაღწიეთ. იგი ტრაპიზონის მიწაზე ზღვის პირას მდებარე, ბაღ-ვენახიანი, შემკული ადგილია. მთელი მოსახლეობა ჩღეთა ლაზებია [2]. ერთი ნაწილი ბერძნებიცაა. აქედან გზა განვაგრძეთ და გონიოს ციხეს მივაღწიეთ.

გონიოს ციხის მტკიცე და ძლიერი კედლის აღწერა: ტრაპიზონის ვილაიეთში და ბათუმის სანჯაყში შედის. ფაშას ცალკე სახასო აქვს; 13 ზეამეთია და 53 თიმარი. ჯარის უფროსი და ალაიბეგი ჰყავს. ომის დროს, კანონის მიხედვით, ჯებელიებიანად რვაასი მეომარი იქნება. სამასი კაციც საკუთრივ ფაშის მეომარია. მაგრამ, რადგანაც სამეგრელოს მისადგომებზეა და [სახელმწიფოს] ფარგლების დასასრული, ამ ჯარს ლაშქრობა არ ევალება და ციხეს იცავს. ციხისთავი და ხუთასამდე მეციხოვნე ჰყავს. ერთი ასეული მაღალი კარის იანირები, რვაასი მეომარი და მათი ჩორბაჯიები დღე და ღამ მორიგეობით იცავენ. ყადის თანამდებობა ასორმოცდაათახჩიანია. მისი ნაჰიეები ერთმანეთს შუბის წვერით ელაპარაკებიან. ურჩი, ჩიჩუა ლაზები არიან [3]. მისი ყადის ყოველწლიური შემოსავალი ხუთი ათასი ყურუშია. ბეგის წლიური შემოსავალი შვიდი ათასი ყურუშია. ციხე ზღვის ნაპირზე მდებარე ოთხკუთხა, მტკიცე ქვის შენობაა. კაზაკები მრავალჯერ დაესხნენ თავს, ქონება დავლად წაიღეს, მოაოხრეს და დაანგრიეს. ეს ციხე მდინარე ჭოროხის ნაპირას დგას.

მდინარე ჭოროხი: დამახინჯებული გამოთქმაა „ჯუ-ი რუჰ“-დან, რაც სიცოცხლის მდინარეს ნიშნავს. არზრუმის დასავლეთით მდებარე ჯაღინა კუჲლუ ჰისარისა და შიბინ ყარა ჰისარის მთებიდან იღებს სათავეს, მოედინება და ქალაქ ბაიბურთზე გადის. მის ორივე მხარეს კეთილნაშენი სახლებია. ბაიბურთუის ციხის კლდეების ძირას გაივლის, ლაზიკის ვილაიეთის ფარგლებში მრავალი სოფლისა და დაბის ბაღ-ვენახს რწყავს და გონიოს ციხესთან შავ ზღვას ერთვის. უფონო, დიდი მდინარეა და არც ხიდს აყენებს. ლაზების ბევრ ნავს ამ მდინარის აღმა, აღმოსავლეთისაკენ და სამეგრელოს საზღვრებისაკენ მიაქვს მარილი, რკინეული, სხვადასხვა ხელსაწყო-იარაღი. მათ სამეგრელოსა და გურჯისტანის ბზის ხეზე, თაფლზე, თაფლის სანთელზე, ტყვე ქალიშვილებსა და ჭაბუკებზე ცვლიან და ასე ვაჭრობენ.

ეს ქალაქი დავათვალიერეთ. გუმრუქად [საბაჟოდ] წოდებულ ადგილას მდინარე ჭოროხში შევედით, ერთი დღე აღმოსავლეთისაკენ ვიარეთ და სამეგრელოს საზღვრებს მივაღწიეთ აქაურობა ხოშადა-დ წოდებული ბეგის საზღვრებშია. მთები მთლიანად ბზის ტყით არის დაფარული. დასახლებული და კეთილნაშენი, კაკლის ხეებიანი და ბაღებიანი სოფლები არის. მათი ბეგის სოფელში ერთი ღამე გავათიეთ. დიდებითა და პატივით მოგვიღეს. ერთი სიტყვით, ამის შემდეგ სამეგრელოს ქვეყანაში სამოცდაათამდე ქალაქის მსგავსი სოფელი დავათვალიერეთ და ისევ გონიოს ციხეში მოვედით. აქედან თანამგზავრებთან ერთად ტრაპიზონისაკენ გავწიეთ. მე, მწირს, მებრძანა აზოვის ლაშქრობაში წასვლა გონიოს აღის ზიზ გეჩი-ბაშის ასეულთან ერთად.

აბაზას ქვეყნის სადგურები, რომლებშიც ჩვენ აზოვის სალაშქრო მგზავრობისას გავჩერდით: ამგვარად, სამასამდე მეთოფე იანიჩარი და მე, მწირი, ჩემი ხუთი ქართველი ტყვე ბიჭით, ათ ლაზურ მენექსილაში ჩავსხედით.

მენექსილა ხომალდები: ეს ხომალდები შენდება სამი მსხვილი ალვისხისაგან, რომლებიც მდინარე ჭოროხის ნაპირებზე ხარობენ. ერთი ფიცარი ქვემოდანაა გობივით. თითოც გვერდებზეა. მაგრამ ძალზე დიდი ფიცრებია. ხომალდების გვერდებზე ორი კაცის სიმსხო ლერწმისა და ჭილის წნულია შემოკრული. ამიტომ არის, რომ ზღვის ქარიშხალი ხომალდში ვერ ატანს და შავი ზვის ქარიშხალში კორპებივით დაცურავენ. გობის მოყვანილობის საუცხოო ნავებია, რომელთაც თავი და ბოლო არ ატყვია. ამ მხარეში მას სახელად მენექსილას უწოდებენ. ასი კაცი აჰყავს. ჩვენი ბედ-იღბალი მაღალ ღმერთს მივანდეთ. ამ ხომალდებით ხელსაყრელ ამინდში გონიოს ციხიდან გავედით და სამხრეთის ქარით მდინარე ჭოროხი გავიარეთ.

ისევ სამეგრელოს საზღვრებში მდებარე ნავსადგურ სუკარიში მივედით. ყურე აქვს. იგი გავიარეთ და მივედით ნავსადგურ ჰანდრაში, რომელსაც ყურე არა აქვს. ნავსადგურ სივრის აქვს ყურე და ერთი დანგრეული წისქვილი. ნავსადგურ ჲავისას ყურე და გავერანებული ციხე აქვს. ამ [ციხე]ში მეგრელი მწყემსები ცხვრებსა და თხებს აზამთრებენ. აქედან ნავსადგურ რაბჩაში მივედით. ყურე არ აქვს. მხოლოდ ერთი დიდი დანგრეული ციხეა. ყველა ეს ხუთი ნავსადგური სამეგრელოს ფარგლებშია. კეთილნაშენი ადგილები არ აქვთ. მხოლოდ ივლისში და ჭირნახულის აღების დროს სავაჭრო გემებს მოაქვთ მარილი, ჭურჭელი, იარაღი და გოგო-ბიჭებზე ცვლიან. მის მთებში ბაღ-ვენახიანი, დასახლებული და აყვავებული, დაუმორჩილებელი მეგრული სოფლებია. ზღვისოდენა ჯარიც რომ იყოს, მათ მთებში შესვლა ძნელია. ორმოც-ორმოცდაათათასამდე თოფით შეიარაღებული მოსახლეობაა. გონიოდან ასი მილით დაშორებული ეს ხუთი ნავსადგური ერთ დღე-ღამეში გავიარეთ და მეორე დღეს მდინარე ფაშამდე მივედით.

მდინარე ფაშა [4]: დუნაისავით ფართე მდინარეა. ზოგ ადგილას ერთი მილის სიფართეა. ყველაზე ვიწრო ადგილი ნახევარი მილია. სიღრმე რვა-ათი კულაჯი აქვს. შიგ სამეგრელოსა და აბაზას ქვეყანაში მიმავალი ხომალდები შედიან. ასი მილის მანძილზე ადიან აღმა. შავი ზღვის ჩრდილო ქარის (sic) დასასრულს, ერთი უბის კუთხეში მდებარეობს. სტამბოლიდან აქამდე ათას სამასი მილია. შავი ზღვის ერთ-ერთ სანაპიროს ეს მდინარე ერთვის. იგი იკრიბება სამეგრელოს, გურჯისტანის, დაღისტნის ყაბარდოს, ჩერქეზეთის შორის მდებარე იალბუზის მთის, ობურის მთის, სოჭას მთების ხევის წყლებისაგან. შემდეგ პირდაპირ სამხრეთისაკენ მიედინება და სამეგრელოსა და აბაზას ქვეყნის შუა ზღვას ერთვის. აღმოსავლეთ ნაპირზე მთლიანად ურჩი სამეგრელოს სოფლებია. დასავლეთ ნაპირი აბაზას ჩაჩების ტომის ქვეყანაა. რადგანაც [მდინარის] ორივე მხარე ბუჩქნარიანი და ტყიანია, აბაზები მეგრელებს იტაცებენ, მეგრელები – აბაზებს და ვაჭრებს მიჰყიდიან ხოლმე“…..

ეს მდინარე გავიარეთ და დასავლეთისაკენ გავემართენით. მთელი დღე შავი ზღვის ნაპირ-ნაპირ ვიარეთ და აბაზას ქვეყანას მივაღწიეთ.


  1. „ხობან“– ხოფა უნდა იყოს - გ. ფ.
  2. ჩღეთა ლაზები – ეს უნდა ნიშნავდეს ან ჩხეტიას საგვარეულოს, ან ფეოდალის გვარს, რომელიც თავის ქვეშევრდომებთან ერთად ევლია ჩელებიმ ტომად ჩათვალა /იხ. ს. ჯიქია, ევლია ჩელები ლაზებისა და ლაზურის შესახებ. „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, ტ. VI, 1954, გვ. 249/ - გ. ფ.
  3. ჩიჩუა ლაზები – „ამრიგად, ევლია ჩელები ასახელებს XVII საუკუნისათვის ორ ლაზურ ტომს, რომელიც ი. ყიფშიძის მიერ ჩაწერილ „ჩიჩუვასა“ და „ჩხეტიას“ უნდა შეესაბამებოდეს... ჩელების „ტომი“ ჩვენ „საგვარეულოდ“ უნდა გავიგოთ, ანდა რომელიმე ფეოდალის გვარად, რომელიც თავის ქვეშევრდომებთან ერთად ევლიამ, ალბათ, ერთ ტომად ჩათვალა“ /იხ. ს. ჯიქია, ევლია ჩელები ლაზებისა და ლაზურის შესახებ, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, ტ. VI, 1954, გვ. 249/ - გ. ფ.
  4. „ფაშა“ – ფაზისი ე. ი. მდინარე რიონი უნდა იყოს - გ. ფ.

XXXII. თვალწარმტაცი ქვეყნის, ე. ი. აბაზას ქვეყნის აღწერა[edit]

მთლიანად შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროზე მდებარე აბაზას ქვეყნის დასაწყისია მდინარე ფაშა და საზღვრის დასასრულია დასავლეთით ორმოცდაორი დღის სავალზე კაფას ვილაიეთის მფლობელობაში მყოფი ტამანის ნახევარკუნძულის ახლოს მდებარე ანაპის ციხის ნავსადგური.

აბაზას ხალხის წარმოშობის საწყისები: „თუჰფე“-ს დამწერი მემატიანე შემდეგს მოგვითხრობს: „გამჩენ ღმერთს ქვეყანაზე თავისი ხელით შეუქმნია ადამი – მშვიდობა მასზე. სამოთხის ხილისადმი მდაბალი მოკრძალებისაკენ მოუწოდა და ყველა ანგელოზს უბრძანა მისი თაყვანისცემა. მაგრამ ეშმაკი ამ ბრძანებას არ დაემორჩილა და ვერაგული გეგმა განიზრახა: „შენ მე შემქმენ ცეცხლისაგან და იგი თიხისაგან“-ო თქვა და თავხედობა ჩაიდინა. წმინდა ადამისაგან მისი უწმინდესობის წერილი მოიტანა და ორივე სამყაროს დასაცავად უფალი ადამი დედამიწაზე ინდოეთში ჩამოსვა. შემდეგ ერეფათის მთაზე ევასთან შეაერთა. მეჰმედ ბენ ისხაკის სიტყვით, ადამის დროს მისი შვილები, რომელთა რიცხვი ორმოც ათასს აღწევდა, თათრული გარეგნობისა იყვნენ და დედამიწის ყოველ მხარეს მოეფინენ. სამოთხეში ადამი წმინდა არაბული და სპარსული ენით ლაპარაკობდა და როგორც კი დედამიწაზე ჩამოვიდა, არაბული ენა დაივიწყა და ლაპარაკი დაიწყო ებრაულ, სირიულ, დაჰიკის, დარის ენებზე. ამჟამად კუნჯისტანის, ბერბერთა ქვეყნის და სხვა ხმელეთის ქვეყნებში სალაპარაკოდ ხმარებული ენები ერთმანეთს არ ჰგავს. ადამის შთამომავლები წარღვნამდე ამ ენაზე ლაპარაკობდნენ. შემდეგ უფალი ნოეს შვილთაგან – ქამის, სემისა და იაფეტისაგან სამოცდათორმეტი ხალხი და სამოცდაათი ენა წარმოიშვა. წმინდა ისმაილი ორივე ენაზე – არაბულად და სპარსულად ლაპარაკობდა. შემდეგ ადამიანის მოდგმის ჯიშები მთელი დედამიწის ზურგს მოედო და ენებიც გადასხვაფერდა, დაიყო. ყოველ ხალხში თითო ენა დამკვიდრდა. მაგრამ თავდაპირველად წმინდა იდრისი იყო, რომელმაც სხვადასხვა ენა გააჩინა. იმიტომ, რომ უფალმა ღმერთმა მას მრავალი ათასი მეცნიერება მიაკუთვნა და ქათიბი გახადა. ალაჰის ჩაგონებით ჩამოსულ წმინდა წერილიან ფურცლებს წიგნად კინძავდა. წარღვნამდე შეგროვილი წიგნები ატიკის დასავლეთ მხარეს მდინარე ნილოსის გადაღმა პირამიდებში დამალა. ამჟამად მათ ფარაონის მთებს უწოდებენ, მაგრამ შეცდომაა. წარღვნამდე მათი ამშენებელი სურიდ ქეჰნე არის. წარღვნის შემდეგ ძველმა მეცნიერებმა ეს წიგნები გამოიტანეს, წაიკითხეს და ას ორმოცდაშვიდი ენა რომ შეისწავლეს, დედამიწის ყოველ მხარეში გაავრცელეს. შემდეგ ეის ბენ ისხაკისაგან გავრცელდა თურქული ენა, რომელიც თათართა ენაა.

თათართა ხალხისაგან გავრცელებული ხალხები შემდეგია: ჰინდი, სინდი, მუღანი, გურისტანი, მულთანი, ბამბანი, ცეცხლთაყვანისმცემელი ჰინდუსტანი, ჩინ-ხატაელთა ხალხი, ხათინი, ფაღფური, კოზაკი, მონღოლი, ნოღული, თურქი, თათარი, უზბეგი, სპარსელი, ყუმუხი დაღისტანში, ყალმუხი, ნოღაი, ჰეშთექი, ლეკი, ჩაღატაჲ, ქეზექი, გურჯი, მეგრელი, შავშეთი, დადიანი, აჩიკ ბაში, სომეხი, დუმი, თურქმანი, კაბაბათა, ისრაელი ანუ იუდეველი, მოსკოვი – ქართველებისაგან არის, – იაკუბი, კარაი. ფრენკებში, რომელნიც ამათი განშტოებაა, თორმეტი ხალხი და თორმეტი ენაა: ესპანეთი, საფრანგეთი, გენუა, პორტუგალია, ვენეცია, დუდუშკა, სერბია, ლათინი, ბულღარი, ხორვატი, ლოტორიანი, ტალბანი.

სპარსელთაგან წარმოშობილი ხალხები: მანუჩარის შვილთაგან ოთხნი ეგრის (ერლაუ) მხარეს გაქცეულან და იქ დაკვიდრებულან. „ვინ ხართო?“ რომ უკითხავთ, უპასუხიათ „მაჩარ“, ე. ი, ოთხი ადამიანი ვართო. ამ მაჩარიდან შეცდომით მიღებულ იქნა მაჯარ-ი, (უნგრელი) და მათ სახელად დარჩა.

ესენი თხუთმეტამდე ხალხია: შუა მაჯარი, არდილ მაჯარი, სექე, საზ. ჰაიდუშაკი, პოლონელი, ჩეხი, კურულ, თუთი, კრაკუ და სხვები.

რუსები თერთმეტი ხალხია და ამათაც სლავები ეწოდებათ. ვლახები, მოლდაველები, სირჯა, შვეცია, ჰოლანდიელები, დუნკარკიზი, დანიელები, ავსტრიელები, ინგლისი, ტიშანი, ფრანგი, ხორვატი, მადიარი, ბოსნიაკი.

მაგრამ უკეთილშობილესი ტომებისაგან [შემდგარ] არაბი ხალხისაგან ეგვიპტის დელტაში ორმოცი სხვადასხვანაირი ტომი წარმოიშვა. ესენი არიან: მაღრიბი, ტუნისი, მაროკო, აფნუ, მაიბურნუ, ჯებერი, ნუბიელი, ზანგი, აბისინია, ქელაბი, ალევი, დუმბუ, იემენის არაბები, ბაღდადის არაბები, მავალი არაბები, მექასა და მედინას არაბები, ომანისა და უდაბნოს არაბები; მთელი არაბობის რიცხვი სამი ათას სამოცი ტომია. თუმცა ყურეიშთა ხაშიმის დიდი ტომიდან ამ დღესა და დილას წყლის ზედაპირზე წარმოშობილი არაბებისა და სპარსელების სეიდი მოვიდა. ამ ხსენებული ხალხების წინაპრები იყვნენ ნოეს შვილები: ქამი, სემი და იაფეტი. როდესაც ვაპირებდით აბაზას ხალხის წარმოშობაზე საუბარს, მიზანს გადავუხვიეთ. სანდო გადმოცემის მიხედვით მისი უდიდებულესობა ფარუკის ხალიფობის დროს ყურეიშთა ტომიდან ერთი არაბი მელიქი იყო სახელად ბეშე. ძლევამოსილი მბრძანებელი და მარცხენა მხრის ირაკის, ბათჰის, იემენის, ადენის ქვეყნების მფლობელი გახდა. მას ხუთი შვილი ჰყავდა, უფროს შვილს ერქვა ჯებელ ალ-ჰუმა, მეორეს – არაბი, მესამეს – ქისვა. ქისვას კი სამი ვაჟი ჰყავდა: ქესრ, მავალ, თაი. ბოლოს მათი მამა რომ გარდაიცვალა, მისი უდიდებუოლესობა ომარის გადაწყვეტილებით, ტომის უფროსობა უფროს ვაჟს ჯებელ ალ-ჰუმას მიეცა. ერთხელ ამ ჯებელ ალ-ჰუმამ შეცდომით ერთ არაბს თვალი ამოუგდო. არაბმა მის უდიდებულესობას ფარუკს შესჩივლა და მოითხოვა სამაგიეროს მიზღვევა და ჯებელ ალ-ჰუმის თვალის ამოგდება. ჯებელ ალ-ჰუმას ადათისა შეეშინდა, იმ ღამეს მთელი ტომის ხალხი წაიყვანა, ოთხ მის ერთსულოვან ძმასთან ერთად ანტიოქიაში ჰერაკლე მეფესთან მივიდა და ადგილსამყოფელი ითხოვა. მან სირიის ტრიპოლის მთები მისცა და დაასახლა. ჯებელ ალ-ჰუმამ ზღვისპირზე ერთი ქალაქი ააშენა, რომელსაც ეხლა ქალაქი ჯებელიე ეწოდება. აქ ჯებელი გაძლიერდა; დამასკოსა და მედინას მხარეების რბევა დაიწყო. მისი აღმატებულება ჰალიდ ბენ ვალიდ მიკდად იბნ ასუდი მის წინააღმდეგ იქნა გამოგზავნილი. ამჯერად ჯებელი უკვე ვეღარ დადგა ჯებელიეში, გემებით ესპანეთის ქვეყანაში გაიქცა და ავლონიას მთებში დასახლდა. რადგანაც ესენი ყურეიშები იყვნენ, იმ მთებს, სადაც ისინი დასახლდნენ, ყურეიშთა მთა ეწოდა. და მათ კი – ყურეიში ალბანელები. მათი ენაც ფრანგთა ენას შეერევა და ალბანურ ენას ქმნიან. ალბანელებიც არაბებივით გრძელთმიანი ხალხია. მათი ლექსები და სიმღერები არაბულივით იწყება. ამიტომ ალბანელების ხალხის საწყისი არაბებიდანაა და მათი წინაპარი ჯებელ ალ-ჰუმა არის. იგი ელბასანის ახლოს განისვენებს. თუმცა, ამბობენ, რომ თავისი რჯულის უარმყოფელია. რაც შეეხება მის შვილებს, ორჯერ მიუტოვებიათ სარწმუნოება. ავლონიასა და დელონიას შორის მდერბარე დუკათის მთებში სახლობენ. შავგვრემანი, არაბულ ენაზე მოლაპარაკე, გრძელთმიანი ალბანელები არიან. ჯებელ ალ-ჰუმას წინააღმდეგ მოსულმა მისმა აღმატებულება ჰალიდ ბენ ვალიდმა მისი ძმა არაბი, ქისვას შვილი მავალი და თაი შეპყრო, ჰიჯაზში წაიყვანა, ბაღდადის უდაბნოში მამული მისცა და ქეისის არაბების მელიქი გახადა. თაიც თაის ტომის მელიქი გახდა. მისი მამის ძმა არაბი ომანის ქვეყნის მელიქი გახდა. მაგრამ ქისვა და მისი ერთსულოვანი ძმები მათი მორჩილი და ქვეშევრდომი ლაზიკებისა და აბაზების თანხლებით გაექცნენ ჰალიდ ბენ ვალიდს და ჯერ ქალაქ კონიას, შემდეგ კონსტანტინეპოლს მოვიდნენ. მაგრამ, რადგანაც ამ ხნის განმავლობაში შეიტყვეს, რომ ომაელი მუავია იბნ აბუ სეფია სტამბოლის წინააღმდეგ უნდა წამოსულიყო, იქაც ვეღარ დადგნენ, შავი ზღვის ნაპირზე ტრაპიზონის მბრძანებელ მეფე იანავანთან მოვიდნენ და თავშესაფარი ითხოვეს. მანაც ლაზიკა და მდინარე ჭოროხის ნაპირი მისცა. ლაზების ტომი ამ ლაზიკელებისაგან არის წარმომდგარი. ლაზი ხალხის წარმომშობი არაბია. შუათანა ძმას – ქისვას თავისი მთები მისცა. ამიტომ ჩერქეზებიც ყურეიშებისაგან არიან [წარმოშობილი]. რადგანაც ‘აბაზისაც ეს აბაზის ქვეყანა მისცა, მისგანაც გამრავლდნენ აბაზები, რომლებიც შავი ზღვის ნაპირზე არიან განლაგებულნი; იქაურობა დაასახლეს და გააშენეს. ამიტომ, აბაზას ტომის წინაპარნი ყურეიშთა გვარიდან არიან. ჩერქეზები, აბაზები, ლაზები, ალბანელები, ომანის არაბები, ყველანი ძმათა შვილი ყურეიშები არიან. თუმცა, ღმერთმა კი უკეთ იცის [1].


  1. თუმცა ღმერთმა კი უკეთ იცის – ჩვეულებრივი ფორმულა, როდესაც ავტორი სხვის ნათქვამს იმეორებს. ევლია ჩელების მიერ ზემოთ ხსენებული ხალხები და მათი წარმოშობის ისტორია აღმოსავლეთში გავრცელებული „თეორიის“ სახეობაა - გ. ფ.

XXXIII. აბაზას ქვეყანაში მოსახლე ტომების შესახებ[edit]

ჩაჩების ტომი[1]: ერთმანეთში მეგრულადაც ლაპარაკობენ, რადგანაც მდინარე ფაშას გაღმა მხარე მთლიანად სამეგრელოა. ბეგთა შვილები ჰყავთ[2]. ათიათასამდე ძლიერი ჯარი ჰყავთ. ყველა ერთი სარწმუნოებისა არ არის. მძარცველი და მამაცი ტომია. კაკალი, თხილი და გარგარი ბევრი აქვთ. მათი იარაღი, არაბთა მსგავსად, მშვილდ-ისარი და შუბია. თუმცა ცხენოსანი ცოტაა, ქვეითნი მშვენიერი ჭაბუკები არიან. მათი ნავსადგური დასავლეთით ორი კონაკის მანძილზეა, რომელსაც ლაკბას უწოდებენ [3]. ტრაპიზონიდან სამასი მილით დაშორებული დიდი ნავსადგურია. გემებს ზამთრობით არ შეუძლიათ აქ გაჩერება, რადგანაც სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქარები სასტიკად ქრიან. აქედან დასავლეთისაკენ ზღვის ნაპირის გაყოლებით რომ წავიდეს კაცი, არლანთა ტომის მიწაზე სოფელ ხაფადში მოხვდება.

არლანის ტომი: ათი ათასამდე ვაჟკაცი ჰყავთ. ნაყოფიერი და მოსავლიანი მიწები აქვთ და სამართლიანი ბეგები ჰყავთ. მათ ნავსადგურს ეწოდება ლაჩიღა [4], რომელიც მთავარი ნავსადგურია. აქაც ერთი ღამე გავათიეთ სტუმრად. მშვენიერი ნავსადგურია. ზამთარ-ზაფხულ გემები მიდი-მოდის. აქედან კვლავ დასავლეთისაკენ ორი კონაკი გავიარეთ და ჩანდების ტომს მივაღწიეთ.

ჩანდების ტომი[5]: მამაცი ტომია, თხუთმეტიათასამდე კაცი. წმინდა აბაზები ესენი არიან. ბეგები ჰყავთ. ამათ უწოდებენ მთის ჩანდებს. მათ ნავსადგურს ეწოდება კაკრ [6]. მთაზე ზღვისაკენ მიქცეულ მხარეს ბაღ-ვენახიანი სოფელია, სახელად ხოფა. აქედანაც დასავლეთისაკენ ზღის პირზე სამი სადგური გავიარეთ და დიდ ჩანდათა ტომის საზღვრებში მივედით.

დიდი ჩანდების ტომი: ოცდახუთამდე სოფელია. თხუთმეტათასიანი ჯარი და გარდა ამისა ბეგები ჰყავთ. მათ ნავსადგურს ჩანდა ეწოდება. გემები ვერ გაიზამთრებენ. ამ ტომის მთების იქითა მხარე მამშუხ ჩერქეზთა ქვეყანაა. ამ ჩანდების მხარედან ისევ დასავლეთისაკენ ზღვის პირას გავიარეთ ერთი სადგური და გეჩიების ტომს მივაღწიეთ.

გეჩიების ტომი: სამოთხის ბაღის მსგავსი უხვმოსავლიანი ქვეყანაა, რომელიც სამოცდაათი სოფლისაგან შედგება. ორი ათასი მეთოფე და ერთიც ბეგი ჰყავთ. აქაური წყლები უკვდავების წყალივით საამო და გემრიელია. ლიფოდ [7] წოდებული ერთი დიდი მდინარეა, რომელშიც ხომალდები შედიან. ეს მდინარე იალბუზის მთიდან მოდის და ამ ადგილას შავ ზღვას ერთვის. ისეთი მდინარეა, რომ ივლისშიც არ შეიძლება გადასვლა. ზამთრის დღეებში გემები ჩერდებიან; მყუდრო და საიმედო ადგილია. გეჩიების ტომიდან ამ ადგილამდე, ზემოხსენებული მდინარის ორივე ნაპირი ნაირ-ნაირ გარეულ ხილს იძლევა; მშვენიერი ხეებით არის შემკული. გეჩიების ტომის ორათასიანი ჯარიდან უმრავლესობა ცხენოსანია. დიდი ტომია. ძალზე შეძლებული ქურდები არიან. ამ ტომის სოფელ ჰავკაში ერთი ზფრჰად წოდებული აბაზას სახლში მივედით სტუმრად. მე და ჩემ თანამგზავრებს ათი ცხვარი დაგვიკლა და წვეულება გაგვიმართა. ჩვენ აქ გეახელით სიზბაქი, ხორცის შეჭამანდი და ღომი. აქედან დასავლეთისაკენ განვაგრძეთ გზა ორი კონაკი გავიარეთ და ართის ტომთან მივედით.

ართის ტომი: გეჩიების ტომზე მეტია, მაგრამ მათსავით მამაცი და გაბედულები არ არიან – უმეტესობა ვაჭრებია. კვერნაზე ნადირობენ. ძალზე ბევრი ღორი ჰყავთ. [ისლამის] სარწმუნოება რა არის, ყურანი რა არის, არ იციან; ადამიანს ერიდებიან და არ ეკარებიან [8]. სიმართლის მთქმელი ხალხია. ოცდაათათასამდე ადამიანია. ამათაც ერთი ბეგი ჰყავდათ, რომელიც ორმოც-ორმოცდაათ თავით ფეხებამდე შეიარაღებულ აბაზა აზნაურთან ერთად მოვიდა [9]. ოცი ცხვარი და სამი ირემი მოიტანა, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო“, გვითხრა და მოწიწებით მოგვეპყრო. მათი ბეგი გრელთმიანი იყო. მხრებზე ნაბადი ესხა. ხელში მშვილდ-ისარი ეპყრა და წელზე ხმალი ერტყა. კარგი ვაჟკაცი იყო. მხლებლები ყველა კულულებიანი, მზის სადარი ლამაზი ყმაწვილები იყვნენ. მათ ნავსადგურს არაკლარს უწოდებენ. იქაც ერთი ღამე გავათიეთ. ხომალდები ზამთარში ვერ ჩერდებიან, რადგანაც ღია ნავსადგურია. ერთ ნავსადგურსაც ლივში ეწოდება. ხომალდები აქაც ვერ ჩერდებიან ზამთარში. მხოლოდ ზაფხულში შეიძლება ექვსი თვის განმავლობაში დადგომა. მაგრამ სავაჭრო ნავსადგურია. მის ჩრდილოეთით დიდ მთებში საძის ქვეყანაა.

საძის ქვეყანა: სეიდი აჰმედ-ფაშას ქვეყანაა [10]. რადგანაც ესენი ჩრდილოეთით მეზობელ ჩერქეზეთის ხალხთან აღებ-მიცემობას ეწევიან, ჩერქეზულად და აბაზურად თავისუფლად შეუძლიათ ლაპარაკი. შვიდი ათასი მამაცი, მაგარი ვაჟკაცია. დავისა და განხეთქილების გამო ჩერქეზები და აბაზები მუდამ ფხიზლად არიან. რადგანაც მათ ართების ტომთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ, ართების ნავსადგურში ტყვეები მოყავთ, მოაქვთ თაფლის სანთელი და ვაჭრობენ. თაკაკუ ჩერქეზებიც მშვიდობით მოდიან და გემებზე ვაჭრობენ. აქედან ისევ დასავლეთისაკენ გავცურეთ, დავათვალიერეთ ხეივნები, ტყეები, ბუჩქნარი და მაღალი მთები, ვნახეთ მრავალი დასახლებული სოფელი და სამი დღის სავალზე კამშის ტომს მივაღწიეთ.

კამშ ტომი [11]: ათი ათასამდე მამაცი და ვაჟკაცი ხალხია, რომელსაც თავისი ბეგი ჰყავს. მელექ აჰმედ-ფაშას [ამალის წევრი] კამიშ მეჰმედ-აღა ამ ტომისაა. ამათ ართის ტომი რამდენჯერმე დაუმარცხებიათ და მათი ბეგი ტყვედ ჩაუგდიათ. ეს იმიტომ, რომ აბაზები ერთმანეთს ებრძვიან, ბავშვებსა და ქალებს ტაცებენ, ტყვეებს ჰყიდიან და ამით ცხოვრობენ. კაცი, რომელიც ქურდი არ არის, ამ ხალხის თვალში ბედშავი და საწყალია. ამიტომაც ასეთებს არც მეჯლისებში დაუშვებენ და არც ქალიშვილს მისცემენ [ცოლად]. ამ ტომის მთებში ისეთი დიდრონი ტახები იცის, რომ ყოველი მათგანი ვირის ოდენაა. თუმცა ნავსადგური აქვთ, მაინცადამაინც გაცხოველებული საქმიანობა არ არის, რადგანაც მისი მოსახლეობა ძალზე მეამბოხე და ურჩია. ამ ტომის ხალხში სტამბოლიდან და ეგვიპტიდან ჩამოსული თოფხანეს [ხელოსანი] აბაზები არიან. მეჩეთები, ცოლ-შვილისა და სამსახურის პატრონი მუსლმი ბევრია. ჰავა ძალიან კარგია. სოფლებს სამხრეთისაკენ, ე. ი. ზღვისაკენ აქვთ პირი. თუმცა დუქნები და ბაზარი ამათაც არ აქვთ, სავსადგურთან საბაზრო ადგილებია. აქდან ზღვის პირას პირდაპირ დასავლეთისაკენ სამი კონაკი გავიარეთ და სოჩას ტომს მივაღწიეთ.

სოჩას ტომი [12]: ამათაც ერთი ბეგი და ათი ათასამდე სახელოვანი ქვეითი მეომარი ჰყავთ. რადგანაც კლდოვანი და ქვიანი ადგილებია, ცხენოსნები ცოტანი არიან. თუმცა ნავსადგური კი აქვთ, მაგრამ სახელწოდება ჩემთვის უცნობია. აქ ერთი ღამე სოფელ ჰავდაკაში სტუმრად დავრჩით. თურმე იმ ღამეს ქორწილი ჰქონდათ. მოგვიტანეს ასი ხონჩა ცხვრის ხაშლამა, წვნიანი, თაფლის წყალი, ბოზა, ღომი, ხორცის შეჭამანდი და საწებელი. ასობით ყმაწვილი გვემსახურებოდა. დილაადრიან ჩვენმა თანამგზავრმა გონიოს აღამ სახლის უფროსს დოლბანდი რომ აჩუქა, სიხარულით ცას ეწია, რადგანაც ამ მხარეს დახურული ბაზრის, ბაზრის, ფუნდუკის, აბანოს და დუქნის მსგავსი რამ სრულებით არ არის. თითქმის მთის წვერზე გაშენებული ორმოცი-ორმოცდაათკომლიანი სოფლებია. მათ ნავსადგურში წელიწადში ერთხელ ყველა ქვეყნის გემებს მოაქვთ დენთი, ტყვია, თოფი, მშვილდისარი, მასრა, ხმალი, ფარი, შუბი და სხვა საომარი იარაღი, ძველი ფეხსაცმელი, მაუდის პირები, საპერანგე და სასარჩულე ქსოვილი, კერის რკინეულობა, დიდი ქვაბები, ცეცხლზე ქვაბის ჩამოსაკიდი რკინის ჯაჭვები, მარილი, საპონი და სხვა ასეთი საგნები. ამ მეხომალდეებს ნაზ ბიჭებს, ცხიმეულს, თაფლის სანთელს, მუშამბას, კვერნას, თაფლს აძლევენ და სამაგიეროდ ზემოჩამოთვლილ საგნებიდან რაც სჭირდებათ, იღებენ. ამ ქვეყანაში სრულებით არ არის ოქროსა და ვერცხლის ფული. ყიდვა-გაყიდვა გაცვლა-გამოცვლის წესით წარმოებს. ამ სოჭის ტომიდან დასავლეთისაკენ ზღვის პირით ორი კონაკი გავიარეთ და ჯმბას ტომს მივაღწიეთ.

ჯმბას ტომის აღწერა: ერთი ბეგი და ორი ათასი მეომარი ჰყავთ. ამათ ნავსადგურში სამი დღე დავყავით და ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მთელი ჩვენი ტანისამოსი, ფარდაგები, ნაბდები და ქეჩები მივეცით და ქალიშვილები და ბიჭები გამოვართვით.

მე მწირმაც ერთი აბაზა ბიჭი ვიყიდე. მეოთხე დღეს ისევ დასავლეთისაკენ გავემართეთ, ორი დღე ვიარეთ და ბუზუდუკის ტომს მივაღწიეთ.

ბუზუდუკის ტომის აღწერა: ამათაც ბეგი და ათი ათასი კაცი ჰყავთ. მათ ნავსადგურში სტამბოლის ათი ხომალდი დაგვხვდა. მრავალ მეგობარს შევხვდით. უსაზღვროდ გავიხარეთ და ვისიამოვნეთ. ჩვენი ბარგიდან ზოგი მძიმე ნივთი მათ ჩავაბარეთ შესანახად; ჩვენა და ჩვენ მსახურ ბიჭებს ტვირთი შეგვიმსუბუქდა. მენგლი გირეჲ-ხანმა [13] ამ ბუზუდუკის ტომიდან სამი ათასი მეომარი ასტრახანის ლაშქრობაში წაიყვანა და როდესაც ასტრახანი დაიპყრეს[14], ბუზუდუკის ტომი ჩერქეზთა ქვეყანაში უბურის მთის ძირას დაასახლა. ჩერქეზეთში ახლაც ბუზუდუკის ტომს უწოდებენ. აბაზას ბუზუდუკებსა და ჩერქეზეთის ბუზუდუკებს შუა უბურად წოდებული მაღალი მთა მდებარეობს. სამი კონაკია. ერთმანეთს თავს ესხმიან და ბავშვებს სტაცებენ. აბაზას ბუზუდუკებსაგან ისევ დასავლეთისაკენ ვიარეთ ზღვის პირას, ორი კონაკი გავიარეთ და უსუვიშის ტომს მივაღწიეთ.

უსუვიშის ტომის აღწერა: ზღვის პირას, ციცაბო კლდეზე ერთი ძველი დანგრეული ციხეა. რადგანაც არახელსაყრელი ამინდი იყო, ჩვენ მეთოფე თანამგზავრებთან ერთად ფხიზლად ვიყავით და ერთი ღამე იქ გავატარეთ. მათი ბეგი ჩვენთან მოვიდა. ხუთი ცხვარი მოიყვანა და გაგვიმასპინძლდა.

ეს ტომი ხის მშვილდებს აკეთებს და გუნდის ხისაგან – ისრებს. თოფს ყველა ხმარობს. სამი ათასი კაცია. მათი ნავსადგური სიმაგრე უსუვიშია. დიდი მთები აქვთ, რომლებშიცაა დათვი, ტახი, მელა, ტურა, სიასამურის მსგავსი კლდის კვერნა, კვერნა, აფთარი, ირემი, გარეული ქათამი.

უცნაური ის არის, რომ ეს აბაზას ტომი ხშირად თავიანთი ბეგის გვამს ზანდუკის მსგავსად [გაკეთებულ] ხეში დებს. ამას დიდი ხის წვერზე ორკაპა ტოტზე მიაჭედებენ, თავთან ნახვრეტს უკეთებენ და ისე ტოვებენ. მათი ცრუ რწმენით, იმ ხვრელიდან სამოთხეს უცქერის თურმე [მიცვალებული]. შემდეგ იმ ნახვრეტში მრავალი ასი ათასი ფუტკარი შედის, აბაზას გვამის იღლიებსა და ლაჯებში თაფლს აკეთებს. [თაფლის ამოღების] დროს ამ ყუთს სახურავს ახდიან, ბეწვიან თაფლს ტიკებში ასხამენ და ჰყიდიან. ხალხი ამბობს – აბაზური თაფლიაო, დაესევიან და იტაცებენ. მისი სისაძაგლე კი არ იციან. აბაზურ თაფლს ძალიან უნდა უფრთხილდეს კაცი. ამ აბაზას ქვეყანაში მრავალი რამ საოცარი და სასწაულებრივია, მაგრამ მათი აღწერა შეუძლებელია. აქაც ბევრი აბაზა ჭაბუკი ვიყიდეთ და დასავლეთისაკენ ორი დღე ვიარეთ. აშღილის ტომს მივაღწიეთ.

აშღილის ტომის აღწერა: ამათაც ერთი ბეგი და ორი ათასი კაცი ჰყავთ. მაგრამ ქურდი და ღატაკი ტომია. ყველა აბაზას მათი გადაკიდებისა ეშინია, რადგანაც ძალზე მამაცი და გულადი ხალხია. აქაც ერთი გავერანებული ციხეა. ამათ ნავსადგურს აშღა ეწოდება. კაფას, ქერჩისა და ტამანის მრავალი გემი მოდის აქ. ზამთრობით ვერ დგებიან, რადგანაც ღია ადგილია. მთები კი ნაყოფიერია. აქედან ისევ დასავლეთისაკენ ერთი კონაკი გავიარეთ და სოფელ ათმას მივაღწიეთ.

სოფელ ათმას აღწერა: ეს სოფელი აშღილის [ტომს] ეკუთვნის. მთებში გაშენებული, აყვავებული სოფელია. მათ შორის თოფხანეს აბაზა მუსლმები არიან. აქ ერთი მეჩეთიც ვნახეთ. ჩერქეზთა ქვეყნამდე ერთი კონაკია. ჩერქეზებთან გამუდმებით იბრძვიან. აქედან ორ დღეში სოუკ სუს ტომს მივაღწიეთ.

სოუკ სუს ტომის აღწერა [15]: ერთი ბეგი და სამი ათასი ვაჟკაცია. ქეჰეილანის ცხენები ჰყავთ [16]. მათი ნავსადგური ჰარუნაა. საუცხოო ყურეა გემების გასაჩერებლად. სოუკ სუდ წოდებული დიდი მდინარე აქვთ, რომელზეც გადასვლა შეუძლებელია. მდინარე ჩერქეზეთის მთებში იღებს სათავეს და ამ ადგილას შავ ზღვას ერთვის. უკვდავების წყაროს მსგავსი წყალია. სწორედ ამიტომ დაურქმევიათ ამ ტომისათვის სახელი სოუკი, ამ მდინარის ნაპირას რომ სახლობს. მდიდარი და გულუხვი ადამიანები ჰყავთ. აქედან დასავლეთისაკენ ორი კონაკი გავიარეთ და კუთასის ტომს მივაღწიეთ.

კუთასის ტომის აღწერა: ერთი ბეგი ჰყავთ. სულ შვიდი ათასი მეომარია. მათ ნავსადგურს კუთასი ეწოდება. ფიცრით ნაგები, ჭილით დახურული საწყობები აქვს. სოფლები მთებში მდებარეობენ და ნავსადგურს გადმოყურებენ. მათ ნავსადგურში ბევრია კაფას და ტამანის ხომალდები. ამ ტომთან ყირიმის მხრიდან ყოველთვის მოდიან ცხენოსნები და ვაჭრობენ. მშვიდი და მორჩილი ხალხია, რადგანაც მათი ადგილები ძნელად მისასვლელი არ არის. ხორბალიც მოჰყავთ. ამას გარდა, აღწერილ აბაზას ქვეყანაში ღომს თესენ. ერთი ქილა ასი ქილა ღომის მოსავალს იძლევა. ამ ტომს მოწნული, ყავრით დახურული სახლები აქვს. შუაცეცხლი უნთიათ. ათ კომლს ერთ კაბაკს ეტყვიან და მას ოთხ მხარეს ციხის მსგავსად აქვს შემოვლებული ღობე. საქონელი ყველას ჰავს და მათ დღედაღამ ლომივით ძაღლებით ყარაულობენ. ასეთივე მდგომარეობაა აბაზას ყველა ტომისათვის, რადგანაც ყველა სახლი ტყეშია აშენებული. ერთმანეთის ეშინიათ. ამ ტომსა და ჟანას ჩერქეზებს შორის ერთი კონაკია. ამათ ჩერქეზული ენაც იციან. ერთმანეთთან შეთანხმებით ჩერქეზეთში მიაქვთ საქონელი და ჩერქეზებსაც ამათ ნავსადგურში მოაქვთ.

ამ ადგილას დამთავრდა აბაზას ქვეყანა. ამ ადგილიდან მოყოლებული მდინარე ფაშამდე ყველა ტომი, ვისთანაც ჩვენ მივედით და დავათვალიერეთ, ზღვის პირას სახლობს. ყველა სოფლის სახლს სამხრეთით, შავი ზღვისაკენ აქვს პირი მიქცეული. მდინარე ფაშადან, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ამ კუთასის ტომამდე აბაზთა ქვეყნის სიგრძე სრული ორმოცი კონაკია, სიგანე – ხუთი კონაკი.

ამ ქვეყნის ორმოცი კონაკის მანძილზე ორმოცი დიდი მდინარე ჩამოდის. ყველა მდინარე ჩერქეზეთსა და აბაზას შორის მდებარე მთებიდან მოედინება და შავ ზღვას ერთვის. ეს არის ერთმანეთზე მიბჯენილი სამოცდაათი მაღალი მთა. ამბობენ, რომ ოთხი ათასი სოფელია, მაგრამ მე ეს არ ვიცი. მათი მთები არ მომივლია. ხარაჯას და სხვა ბაღ-ვენახის მოსავალს, ან აშარის მსგავსს არაფერს იძლევიან. მრავალი ასი ათასი ურჩი და მეამბოხე ხალხია. მათ რომ ქაფირი უწოდონ, კაცს მოკლავენ, მუსლიმი რომ უწოდონ – გაეხარდებათ. ესენი ყურანს არ იცნობენ და არც რაიმე სარწმუნოება აქვთ. ამასთანავე, ქაფირი არ უყვართ და მუსლიმს სულს მისცემენ. ისლამი რომ მიიღონ, ძალზე მორწმუნე და ერთი ღმერთის მიდევარნი იქნებიან. მათი წინაპრები ყურეიშთა აბაზის ტომიდან არიან. ესენი ზღვის სანაპიროზე ნავსადგურების მფლობელი აბაზები არიან.


  1. ჩაჩების ტომი – უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტომობრივი ერთეული კი არ არის, არამედ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ჩაჩბა /თავადი შერვაშიძე/ ედგა სათავეში - გ. ფ.
  2. „ბეგთა შვილები“ – ეს ტერმინი ქართული ფეოდალური ურთიერთობის ანარეკლი უნდა იყოს, მაგ.: თავადიშვილები - გ. ფ.
  3. შეიძლება გვარი „ლაკობა“ იყოს - გ. ფ.
  4. ლიძაა /?/ - გ. ფ.
  5. ჩანდები – ცანბა. საინტერესოა ევლია ჩელების აზრი, რომ ნამდვილი აფხაზები ესენი არიან - გ. ფ.
  6. გაგრა - გ. ფ.
  7. ბზიფი /?/ - გ. ფ.
  8. სიტყვა „ადამიანში“ მუსლიმს გულისხმობს - გ. ფ.
  9. აბაზა აზნაური – მთელი თხზულების მანძილზე ტერმინი აზნაური სამჯერ აქვს ნახმარი – აქ, LXXX თავში, რომელსაც ეწოდება – „ერევნიდან კვლავ არზრუმში გამგზავრება“. /ყარსის მიწაზე მდებარე სოფელ ბეგუმის შესახებ საუბრისას ამბობს: „სამასკომლიანი სოფელია. მისი მცხოვრებლები არიან სომხები და ქართველი აზნაურები“, იხ. „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. I, თარგმანი, გვ. 314/ და LXXXI თავში /„სამეგრელოსა და გურჯისტანის აზნაურები იმ ნათელ დღეს სანგრებში შევიდნენ“, გვ. 324/. ყველგან ქართული ფეოდალური სინამდვილე ჩანს - გ. ფ.
  10. „სეიდი აჰმედ-ფაშას ქვეყანაა“ ე. ი. ამ ქვეყანაშია დაბადებული ფაშა. სეიდი აჰმედ-ფაშა იყო თორთუმის სანჯაყის ბეგი და ევლია ჩელების კარგი ნაცნობი. ევლიას ნაამბობი აქვს სეიდის თავგადასავალი. იგი საძი აბაზას ტომიდან მოუტაცნიათ და შავი ზღვის ერთ ნავსადგურში ვაჭრისათვის მიუყიდიათ. ვაჭარმა ეგვიპტეში წაიყვანა და ა. შ. /„მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. I, გვ. 337-341/ - გ. ფ.
  11. ტამიშ /?/ - გ. ფ.
  12. სოჭა /?/ - გ. ფ.
  13. ყირიმის თათართა ხანი /პირველად 1469-1474; მეორედ 1478-1515/ - გ. ფ.
  14. ყირიმის თათრები ხშირად ესხმოდნენ ასტრახანის სახანოს; სახანოს სათავეში თავიანთ ერთგულ ადამიანებსაც აყენებდნენ. ერთერთი ასეთი ლაშქრობა უნდა იგულისხმებოდეს. ცნობილი ასტრახანის ლაშქრობა, როდესაც ოსმალთა და ყირიმის თათართა ლაშქარი რუსთაგან ბრძოლაში დამარცხდა, 1569 წელს მოხდა დევლეთ გირეი-ხან I-ის დროს /1551-1577/ - გ. ფ.
  15. სოუკსუ – „ცივი წყალი“ - გ. ფ.
  16. არაბული ცხენის რამდენიმე ჯიში იყო ცნობილი. მათ შორის საუკეთესოდ ითვლებოდა ქეჰეილანის ჯიში. გამოირჩეოდნენ მაღალი ტანითა და მუქი ფერით - გ. ფ.

XXXIV. მთებში მოსახლე აბაზას ტომები[edit]

ფუშრხი – მეგრელებთან ახლოა. ბეგი და შვიდი ათასი ურჩი ხალხია.

ახჩფსი – ამათაც ბეგი ჰყავთ. ათიათასიანი ტომია.

ბსლბ – ბეგი ჰყავთ. შვიდი ათას ხუთასი მამაცი მცხოვრებია.

მქლიე – სამი ათასი მამაცი მცხოვრებია და ერთიც ბეგი ჰყავთ.

ვაი ფიღა – ბეგი ჰყავთ, ათასი კაცია.

ბაღრს – ბეგი ჰყავთ, სულ რვაასი წევრისაგან შემდგარი სუსტი ტომია. ქურდები არ არიან. ალაკარიშ – ხუთასი კაცია და ერთი ბეგი ჰყავთ.

ჩმაკურს – ბეგი ჰყავთ, სულ სამი ათასი კაცია.

მაჯარ – ბეგი ჰყავთ. სულ ორი ათასი კაცია, მაგრამ მამაცი ვაჟკაცები არიან.

ჲაიხარშ – ბეგი ჰყავთ. სულ ოთხი ათასი კაცია.

ზემოთ აღწერილ მთაში მოსახლე ათ ურჩ ტომთაგან ვერც ერთი ვერ მოდის აშღილიში მდებარე ნავსადგურის [მფლობელ] აბაზებთან.

მთაში და ზღვისპირზე მცხოვრები აბაზების ოცდახუთი ტომის [აღწერა] აქ დამთავრდა.

XXXV. არაჩვეულებრივი და გასაოცარი აბაზას ენა[1].[edit]

აკ – 1; ვბა – 2; იხფა – 3; ბშნ/ბ/ა – 4; ხუბა – 5; კ/ф/ბა – 6; ბზ/ჟ/ბა – 7; ‘აბა – 8; ჟბა – 9; ზ/ჟ/უბა – 10; აკ ზ/ჟ/უბა – 11; ვბა ზ/ჟ/უბა – 12;

ვაჲ – „ჲ“-სკენ გადახრით – მოდი; უჩი – წადი; უთუჲ – ესეც „ჲ“-სკენ გადახრით – დაჯექ; უკულ – ადექ; უმჩინ – არ წახვიდე; ად/რ/ფშ – ბიჭი; სჩაბ – წავალ; აბ/ფ/ჯ[ჰ]რ[უ]შ – ქალი; სქჩამ – არ წავალ; უზუმჩოზუი არფშ – რატომ არ მიდიხარ, ბიჭო; სირა იზდრვეჲ – მე ვიცი; ურა ჲუდდ/რ/ვა – შენ რა იცი; უნაჯ კსი – ჩემო სულო და თვალო; სირა იზდრვაჰ – რაც მე ვიცი; სირა სზკთ – მე მყოფნის; არს იზუჰვაზუჲ – ასე რატომ ლაპარაკობ; ვა უბუზუა – ბოდავ; ისჰვაზუჲ – რას ვლაპარაკობ; სირა იშ[ს]რ[ზ]რმ – მე არ ვიცი; ურა ჲუხრ/ვ/უა – შენი ნათქვამი; ურა ჲურ/დ/რუა – შენ იცი; აკა ურა უკაგუბ – მაგრამ შენ გიჟი ხარ; ანჩგი ავ’გი ადლშ – ჩვენი ღვთისა და მის ქმნილებათათვის; აკი სჟ დრმ ანჩრთ/ნ/შ – ღმერთმანი არაფერი ვიცი; უს კვჰ სრსჰბ – ცოდო ვარ, ნუ მაწვალებ; სირა აკრ უსთჰვან – უცნაურ რამეს ვლაარაკობ; ანჩრ/უ/ნშაი/ფ/შ ამლა აფშრაჲ – ღმერთმანი, აბაზავ, მშია; სჩაბ ფსთა ჲუკ/ф/რმ – წავალ, ღომს ვჭამ [2].


  1. (არაბული დამწერლობის თავისებურებათა გამო ევლია ჩელების არ შეეძლო სრულად და ზუსტად გადმოეცა უცხო ენების ბგერები. ზოგ შემთხვევაში იგი სწორად ვერ აღიქვამდა „უცნაურ“ ბგერებს, ზოგიც კორექტურული შეცდომა უნდა იყოს.
    აქაც და შემდეგშიც უფრჩხილებოდ მოცემული სიტყვები და მათი გამოთქმები ევლია ჩელებისეულ ჩანაწერსა და მათი თურქული მნიშვნელობის ქართულ თარგმანს შეიცავს, ფრჩხილებში კი მოთავსებულია ჩვენს მიერ კორექტურულ შეცდომად ნავარაუდებელი წინა ასოს გასწორება - გ. ფ.
  2. ევლია ჩელების მიერ ჩაწერილი ენობრივი მასალა შესწავლილი აქვს რ. ბლაიხშტაინერს /R. Bleichsteiner, Die kaukasischen Sprachproben in Evliya Çelebis Seyahat name, Caucasia, XI. 1934/ - გ. ფ.

XXXVI. სამი აბაზას ენა [1][edit]

ვ/ზ/ა – 1; თოკა – 2; შქე – 3; ფლი – 4; აშუ – 5; კ/ф/უნ – 6; იფლი – 7; უღა – 8; იფღი – 9; ზ/ჟ/უ – 10; ვ/ზ/ა ზ/ჟ/უ – 11; თოკა ზ/ჟ/უ – 12; სხა – პური; ღა – ხორცი; ბზი – წყალი; фა – ყველი; ჩევაჰ – მაწონი; ხა – მსხალი; მსუდ – ყურძენი; ლხმკ – ლეღვი; ეს ხუ – წაბლი; ლკა – [ქვა]მარილი; ვიქა – მოდი; უთს – დაჯექ; უდეთო – ადექ; უმქა – არ წახვიდე; სუქოჰ – მივდივარ; სბრიქნ – საით მიდიხარ; სვუშკღსლუჰ – საქმე მაქვს, მივდივარ; სфაღა სქჩო ვიქა – მოდი, სახლში წავიდეთ; სქენო ‘სვქა – სახლში მივდივართ; სრხოდ – რა მოგივიდათ; ხოჟ ღოდ აშღდ – ერთი ღორი ვჭამეთ; არკამდე ჟენუ – ჩვენი ღორი ხომ არ შეუჭამიათ; უჩელა შქნოღ – საქურდლად მივდივართ; ნალა შქაღა – საით წახვედით.

ამ ენებს გარდა კიდევ მრავალი ენაა, მაგრამ ერთმანეთში ამერია და ესღაა, რაც მეხსიერებაში დამრჩა. ამასთანავე ეს ენები მხოლოდ ამგვარად დაიწერება. იმიტომ, რომ ისეთი მეტისმეტად ძნელი ენებია, თითქოს ფრინველთა, კაჭკაჭის ენააო. ძალზე ნიჭიერი გონების, კეთილშობილი, ნამდვილი და მიბაძვისუნარიანი მსახიობი უნდა იყო, რომ აბაზა ხალხთან საუბარი შეძლო. მაგრამ მსოფლიო მოგზაურს სჭირდება ყოველი ენის თითო წვეთის ცოდნა იმდენად, რომ მისთვის მოსალოდნელი სარგებლობა ან ზარალი გაიგოს და მოგზაურობაში მოსვენებული იყოს; იმიტომ, რომ ნათქვამია: „ყველა ხალხის ენა მისი შესაფერისია“. ამ ქვეყნად ზოგი ენის შესწავლა გონივრული და სავალდებულოა. უცხო ქვეყანაში კაცი ხსნასა და წრმატებას ჰპოვებს და სამშვიდობოს გავა. ზემოაღნიშნული კუთასის ნავსადგურიდან ავიყარენით, ზღვაზე ორი დღე დასავლეთისაკენ ვიარეთ და ანაპის სადგურში მოვედით.

ანაპის აღწერა: ალექსანდრე მაკედონელის სამართლიანი მბრძანებლობით გოგ და მაგოგის კედლის ასაშენებლად რომ მიდიოდნენ [2], ამ ადგილას გზად შემოუვლიათ, მისი ჰავით, ნადირობით დამტკბარან და შავი ზღვის ნაპირზე, ვრცელ გორაკზე გაკრიალებული, თლილი ქვით აუშენებიათ ხუთკუთხა მოყვანილობის ციხე. იმის გამო, რომ მისი სასახლის დივანხანაში იატაკი შემკულია ლალითა და იაგუნდით, ზურმუხტითა და ტოპაზით, სადაფითა და აქატით, მას უწოდებენ ანაპის მარგალიტოვან ციხეს. ასეა ჩაწერილი მატიანეებში. შემდეგ ხანებში იგი გენუის საჯოჯოხეთო სატახტო ქალაქი გახდა და სამოთხის მსგავსად იყო მოწყობილი. შემდეგ წაწყმედილმა თემურმა ერაყი, დადიანი, ჰეშდექი, ყაზანი და სხვა შვიდასი ქალაქი გააპარტახა, დაანგრია და ყირიმში მყოფ თოხთამიშის[3] წინააღმდეგ რომ მიდიოდა, ანაპის ციხის გარეუბანი დაუნგრევია და მხოლოდ ანაპის ციხე გადარჩენილა. შემდეგ სულთან ბაჲაზეთ ველის დიდვეზირი გედიქ აჰმედ-ფაშა[4]. სამეფო ფლოტით კაფას ციხის დასაპყრობად რომ მიდიოდა ზღვა ჯარით, ეს ციხე გენუელებს წაართვა და შიგ ჯარი ჩააყენა[5]. ციხე დგას კონცხზე, რომელიც აბაზებსა და ჩერქეზებს შორის საზღვარზე მდებარეობს. ზღვის პირას ციცაბო კლდეზე აშენებული ძალიან მაგარი ციხეა. ოღონდ, ამჟამად შიგ არავინაა. [ციხე] მრავალჯერ დაანგრიეს დონის კაზაკებმა, მაგრამ მის გარეთ ასორმოცდაათამდე ლერწმის სახლია. ამ სოფელს კაბაკს უწოდებენ. ციხის ჩრდილოეთით ანაპის მთებია. შავი ზღვით აზოვისაკენ მიმავალი გემები ამ მთებს ჩაუვლიან. დიდი მთებია. ციხე დიდი ხელოვნებით [ნაგები] და შესანიშნავი ხუროთმოძღვრის ნახელავია. შიგ, სიმაგრეში, მოსახლეობა – შეფაქე ხალხი თავის ცხვრებსა და თხებს აზამთრებს. როგორც ოზდემირის ძე ოსმან-ფაშა წერს [6], აქაურობა კაფას ვილაიეთის ტამანის სანჯაყის მმართველობაში მყოფი სავოევოდოა. შეფაქეს ხალხი იარაღის შიშით იხდის აშარს. სამიათასამდეა. გარეგნულად მორჩილნი და ნამდვილად მეამბოხენი არიან. ციხეს ერთკარიანი დიდი ყურე აქვს, რომელშიც ათასი ხომალდი თოკებით მიებმიან და დგანან. რვა ქარისაგანაა დაცული. შავი ზღვის არც ერთ მხარეს ამისთანა ყურე არ არის – მხოლოდ ბალაკლავა თუ [იქნება ასეთი]. ძველთაგანვე ამ ნავსადგურში ერთგვარი მარგალიტი მოიპოვებოდა. ამჟამადაც სარდაფები მოჩანს. ამიტომ ციხეს მარგალიტის საბადოს უწოდებენ. ახლაც ყოველ წელს რუსები ამ ნავსადგურში ღუზას უშვებენ, გაბედულად და უშიშრად ყვინთავენ და მარგალიტის სადაფები ამოაქვთ. ეს ციხე რომ შეკეთდეს და შიგ სრულყოფილი ჯაბახანა და მეომრები ჩააყენონ, აბაზას და ჩერქეზეთის ქვეყნების დამორჩილება გაადვილდება, იმიტომ რომ, ჩერქეზეთში მყოფ ნოღაელებსაც აქ მოაქვთ თავიანთი საქონელი და ჰყიდიან. საბაჟოს დიდი შემოსავალი აქვს. დიდი ნავსადგური და თავშესაფარი ადგილია. როგორც მე, მწირი, გონიოს აღასთან ერთად აქ ღუზა ჩაშვებული ვიმყოფებოდი, შავ ზღვაზე გამოჩნდა ოსმალთა სამეფო ფლოტი. შავი ზვის ზედაპირი ხომალდების იალქნებით მოირთო და აღელდა. შუადღისას ანაპის ყურეში შემოვიდნენ და ღუზა ჩაუშვეს. სამი დღე დაჰყვეს. ჩამორჩენილი მცირე ხომალდებიც სრულად მოვიდნენ. ამ სამი დღის განმავლობაში ხომალდებმა წყალი მოიმარაგეს. მე, მწირი, გონიოს აღასთან ერთად წავედი, კაიმაკამს შევხვდით და, რაც შემეძლო, საჩუქარი მივართვი. შემდეგ მარტო მე, მწირი, ვეახელი დიდებულ სარდალ დელი ჰუსეჲნ-ფაშას და ხელზე ვემთხვიე [7]. მე, მწირს, კარავი, დღიური ულუფა და საჩუქარი მიბოძა. თავის საგანგებო მუეძინთა წრეში შემიყვანა და მის ქეთხუდა ველი-აღას კატარღაზე დამსვა. დილაადრიან სამეფო ბაშთარდაზე ალამი აღიმართა. შუადღისას გამგზავრების ზარბაზანი დავაქუხეთ და დავიძარით.


  1. შესწავლილია რ. ბლაიხშტაიერის მიერ, იხ. დასახელებული ნაშრომი - გ. ფ.
  2. იხ. თავი XVII, შენიშვნა 4. /იქ წერია: დარუბანდთან ახლოს ახლაც არსებობს 567 წელს აშენებული კედლის ნაშთები, რომელიც კასპიის ზღვასა და კავკასიონს შორის გასასვლელს ჰკეტავდა. ლეგენდის მიხედვით, ეს კედელი ალექსანდრე მაკედონელის ბრძანებით ააშენეს გოგისა და მაგოგის /ყურანის მიხედვით, ჲაჯუჯისა და მაჯუჯის / ველური და მეომარი ხალხების შემოსევებისაგან დასაცავად/ - გ. ფ.
  3. თოხთამიში – ოქროს ურდოს ხანი /1376-1391/. თემურ ლენგმა ორი დიდი ლაშქრობა მოაწყო ოქროს ურდოს წინააღმდეგ. 1391 წელს სასტიკად დაამარცხა თოხთამიში ურ-თეფესთან და 1395 წელს თერგზე. ამ ლაშქრობების მიზანი იყო თემურ ლენგის სამფლობელოების ჩრდილოეთით გამავალი იმ სავაჭრო გზების გადაკეტვა და ქალაქის გავერანება, რომლებზეც გაბატონება მას არ შეეძლო. ამიტომ დაანგრია საქარავნო გზებზე მდებარე ქალაქები: ურგენჩი, სარაი ბერკე, ასტრახანი და აზოვი /იხ. История Ирана с древнейших времён до конца XVIII века, Л-д, 1958, გვ. 231/. - გ. ფ.
  4. ჰერსექ ზადე აჰმედ-ფაშა /იგივე გედიქ აჰმედ-ფაშა/ ხუთჯერ იყო დიდვეზირი და მათ შორის ბაჲაზეთ II ველის დროს – სამჯერ: 1496-1497, 1503-1506 და 1511-1512 წლებში
  5. შავი ზღვის სანაპიროებზე გენუელებს მრავალი სავაჭრო კოლონია ჰქონდათ; მათ შორის მთავარი იყო ყირიმის ქალაქი და ძლიერი ციხე კაფა – ახლანდელი ფეოდოსია. 1475 წელს ყირიმის სანაპირო ზოლი გენუელების სავაჭრო კოლონიებიანად მეჰმედ II-მ დაიპყრო და ოსმალეთს შეუერთა; ყირიმის სახანო კი ვასალად გაიხადა. ამდენად, ბაიაზეთ II-ის დროს კაფა დასაპყრობი აღარ იყო. ეს ლაშქრობა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე განლაგებული გენუელების სავაჭრო კოლონიების ხელში ჩასაგდებად იყო მოწყობილი - გ. ფ.
  6. ოსმან-ფაშა გონულ, იგივე ოზდემირის ძე – 1567-1571 წლებში იემენის ბეგლარბეგი იყო, 1571-1576 წლებში – დიარბექირისა. ირანის წინააღმდეგ ლაშქრობას სარდლობდა. 1584 წლის დეკემბერში სადრაზამი გახდა და 1585 წლის დეკემბერში თავრიზში გარდაიცვალა - გ. ფ.
  7. დელი ჰუსეინ-ფაშა ოსმალეთის კაფუდან-ფაშა და აზოვის ლაშქრობის სარდალი იყო - გ. ფ.

XXXVII. ანაპის ყურედან აზოვის ლაშქრობაში გამგზავრება[edit]

აზოვის ლაშქრობის მიზეზი: მურად-ხან მეოთხემ სამოთხის ქალაქი ბაღდადი ირანს წაართვა და ძლევამოსილი და გამარჯვებული სტამბოლს რომ მოვიდა, ყველა ურწმუნომ სიმშვიდე დაკარგა. ელჩებმა ყოველი მხრიდან დაიწყეს მოსვლა. მშვიდობიანობის აღსადგენად უხვი სიმდიდრე და მრავალი ძვირფასი საჩუქარი მოართვეს. მხოლოდ მალტელებისაგან არავინ მოსულა. მათ წინააღმდეგ გასალაშქრებლად ათასი ხომალდი მომზადდა. ორი ხომალდი – კარა მავუნა – აშენდა და 300 ზარბაზნით სალაშქროდ შეიარაღდა. ამ დროს, იმ ანდაზისა არ იყოს: „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“, სულთან მურად-ხან მეოთხე – ქვეყნიერების ფადიშაჰი – გარდაიცვალა [1]. ამჯერად ურწმუნოებმა ყველგან შვიდთავა გველეშაპივით წამოყვეს თავი და ოსმალთა ქვეყნებს შემოადგნენ. პირველად მოსკოვად წოდებული [სახელმწიფოს] რუსებმა ყირიმისა და აზოვის მიდამოების აოხრება დაიწყეს. თუმცა ეს ამბავი ყირიმის ხანმა სულთან იბრაჰიმ-ხანსა დიდვეზირ ყარა მუსტაფა-ფაშას შეატყობინა, ყური არ ათხოვეს [2]. ეს იმიტომ, რომ სულთან მურადის სიკვდილის შემდეგ დაქირავებულმა მეომრებმა ურჩობა დაიწყეს და დიდვეზირს თავზე დაადგნენ. მანაც იფიქრა, რომ „[ამისთანა] ჯარს ლაშქრობაში უნდა წაამტვრევინო ცხვირიო“ და მოინდომა რომელიმე ქვეყნის დალაშქვრა. ამ დროს კაზაკ-რუსებმა დაიპყრეს აზოვის ციხე და შიგ 70-80 ათასი ურწმუნო ჩააყენეს [3]. ასე წავიდა ხელიდან ეს მშვენიერი ციხე ყირიმის ხანისა და დიდვეზირის უდარდელობის შედეგად. იმავე წელს კაზაკები შავ ზღვაში დაცურავდნენ 150 „ჩაიკით“, სავაჭრო გემებს ხელში იგდებდნენ და ძარცვავდნენ. შავი ზღვის ნაპირების ქალაქები და დაბები გადაწვეს და დაანგრიეს. მაჰმადიანი ხალხის ეს მდგომარეობა სტამბოლში რომ შეიტყვეს, მთელი რუმელიის ვილაიეთებს საგანგებო რწმუნებულებად კაფიჯი-ფაშები დაენიშნათ და სულთნის ფირმანები დაიგზავნა. ოჩაკოვის ვილაიეთის განმგებელი კოჯა გურჯი ქენან-ფაშა[4] და რუმელიის ფაშა, ოცდარცა ლივას ბეგი, ორმოცი ათასი ბესარაბიელი თათარი, ორმოცი ათასი ვლახეთ-მოლდაველთა რაზმი, ოცი ათასი ტრანსილვანიის სოფლების ჯარისკაცი და ოთხმოცი ათასი ყირიმელი თათარი ქარივით წამოვიდნენ და აზოვის ციხეს ალყა შემოარყეს[5]. კაფუდან სიავუშ-ფაშას, გემსაშენის ქეთხუდა ფიალას და იანიჩართა აღის გადაწყვეტილებით, ჩვენთან ერთად მყოფი სამეფო ფლოტის 150 კატარღა, „კალითე“, „ბაშთარღა“, 150 „ფირკათა“, ორასი „ჩაიკა“ და „კარამურსელი“ – სულ ოთხასი ხომალდი ორმოცი ათასი თავით ფეხებამდე შეიარაღებული საზღვაო ჯარით ანაპის ნავსადგურიდან ღუზას მოვეხსენით და ხელსაყრელი ქარით დიდი მდინარის – ყუბანის წყლის – შესართავი გავიარეთ. მეშვიდე მილზე ტამანის ციხის წინ გავცურეთ და ქილისეჯიქის (პატარა ეკლესიის) კონცხთან რომ მოვედით, ხელმარჯვნივ ტამანის ნახევარკუნძულის ჩუჩვას კონცხი იყო და ხელმარცხნივ – ყირიმის ნახევარკუნძულის კონცხი. ეს ორი კონცხი ერთი მილითაა ერთმანეთს დაშორებული. სრუტის შიდა მხარეს აზოვის ზღვა ეწოდება. წყალთხელი ზღვაა. ამ სრუტით შიგ შევედით და ხელსაყრელი ქარით ბალისირას ნავსადგურში მოვედით [6]. აქ ღუზა ჩავუშვით და ხომალდები დავაბით. საჭურველი და საომარი მარაგი, საჭმელ-სასმელი და მარცვლეული დავტვირთეთ მცირე ხომალდებზე – „სანდლებზე“, „ფირკათებზე“, „ჩექმელიებზე“, „ზარბუნაებზე“, „დონბარაებზე“. აქედან აზოვის ციხის ძირამდე ოცდათექვსმეტი მილია, მაგრამ რადგანაც ბალისირადან აზოვამდე ზღვის სიღრმე ხუთი არშინია, კატარღა და „ჩაიკა“ ხომალდები ვეღარ განაგრძობენ გზას; მეტისმეტად წყალმარჩხია. ეს ბელოსარაჲდ წოდებული ყურე ტამანის ნახევარკუნძულის ახლოს, ჰაჲჰათის ტრამალის დასავლეთი კიდის ნაპირზე მდებარე უდაბური ადგილია. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ზღვისოდენმა ლაშქარმა ლერწმისა და ჩალამ-კალამისაგან საწყობები და ფარდულები მოაწყო. დიდი ქალაქივით გამოვიდა. იგი აზოვის ნავსადგურია. ამ ადგილას კაფას ბეგლარბეგ ბექირ-ფაშას [მმართველობაში მყოფი] ჩერქეზების ტომებიდან: – შაღაქე, ჟანე, მამშუხი, ნეკეფი, ბუზუდუკ, ბულთაკაჲ, ნატუკაჲ, ბესხი, ყაბარდო, თავსანან – და დაღისტნის მფლობელის – შამხალ-სულთან მაჰმუდისაგან ორმოციათასამდე რჩეული ლაშქარი და შვიდი ათასი ურემი მოიყვანეს. ამ ნავმისადგომიდან მთელი საომარი მასალა ურმებით აზოვისაკენ წაიღეს. ყველა მუსლიმი გმირი ციხის სანგრებში შევიდა და თვალის გახელვა არ აცალეს, ისე შემოაერტყეს ალყა შვიდი მხრიდან. დაიწყეს დღედაღამ ბრძოლა. ანატოლიიდან დასახმარებლად მოვიდა შვიდი ვეზირი, თვრამეტი მირმირანი, სამოცდაათი მირლივა. დიდ არს ღმერთი! ერთ დღეს თოფ-ზარბაზნის ისეთი შედლუხი ატყდა, თითქოს ლურჯი ღრუბელი ცის ტატნობზე ნაჭერ-ნაჭერ ქცეულა და მიწაზე ცვივაო. თათართა ხანს ებრძანა ამ ადგილის დარაჯობა. [მას ემორჩილებოდნენ] ყირიმის ლაშქრიდან: ულუ-ნოღაელების, ქეჩიხ-ნოღაელების, შეიდაკ-ნოღაელების, ურუმბით-ნოღაელების, შირინლის, მანსურლუს, სეჯუნლის, მანგითლის, ნაკშივანლის, ჩექეშქელის, ბათლის, ურლუს, ულანლის და ბარდაკლის ტომების ელები. არსლან-ბეის ელის, ჩობან-ელის, დევი-ელის, ნოვრუზ-ელისა და სხვა ხალხების ჯარებით მათი აღმატებულება ხანი ისლამის ჯარს ყოველი მხრიდან იცავდა და ყარაულობდა. იმ ღამეს ციხეში ალყაშემორტყმულმა წყეულმა კაზაკებმაც თოფის სროლა ატეხეს. აზოვის ციხე ნემრუდის ცეცხლში აღმოჩნდა ფასკუნჯივით [7]. დოლებსაც დასცხეს და ციხე „წმინდაო გიორგის“ ყვირილმა მოიცვა. ციხის კედელ-ბურჯები სულ ჯვრებით შეამკეს. თურმე, იმ უკუნეთ ღამეს მდინარე დონით ათასი გიაური ციხეში დასახმარებლად შესულა. დილიდან თოფ-ზარბაზნის განუწყვეტელი ბათქა-ბუთქი ატყდა და შვიდასი კაცი ისლამისათვის ბრძოლაში დაიღუპა. მეორე დღეს გათენებისას თათრების ხანი და სილისტრიის ფაშა ქენან-ფაშა დონის პირას სადარაჯოდ დააყენეს. სხვადასხვა მხარეს მარბიელ რაზმებს, მეალაფეებსა და მესურსათეებს სათანადო ბრძანება მიეცათ. ყველა მირმირანს სამხედრო დანაყოფების მიხედვით ადგილი მიეჩინა. ისევ შევიდნენ სანგრებში, შვიდი წყება სანგარი გამოიცვალეს და ჲოღურჯი-ბაბას აკლდამიდან ციხის თხრილის ნაპირამდე მიაღწიეს. მუსლიმები გიაურთა ზარბაზნის გასროლაზე უფრო შორ ადგილას დაბანაკდნენ. მეორე დღეს, დილაადრიან დიდებული სარდალი ჰუსეინ-ფაშა ჲოღურჯი-ბაბას აკლდამის მხრიდან შევიდა სანგრებში ზღვისოდენა ლაშქრით. კაფუდან სიავუშ-ფაშამ ასი ფირკათა ხომალდიდან ხმელეთზე ჯარები გადმოსხა და სუ-კულეს (წყლის კოშკი) მხრიდან შევიდა სანგრებში. „ფირკათა“ ნავები კი ულუ-დონის [8], დერი-დონის [9], კანლიჯა უზექის და თემურ ლენგის კუნძულის ნაპირებზე დამალეს. სუ-კულეს ზემოთ, სამხრეთის ნაპირზე ანატოლიის ფაშა სანგრებში შევიდა ჯარით, რვა „ბალემეზ“ ზარბაზნით და იანიჩართა ათი ოდათი. ყარამანიის ფაშაც ექვსი ოდათი სამხრეთის მხარის კედელში სანგარში შევიდა და ექვსი „ბალემეზ“ ზარბაზანი გაამზადა. დასავლეთის მხრიდან ყარა დაჲაკის გარეუბნის მიმართულებით სილისტრიას ფაშა ქენან-ფაშამ სანგრებში ჩასხა იანიჩართა ათი ოდა, ჯებეჯიების ერთი ოდა, მეზარბაზნეთა ერთი ოდა და ათი „ბალემეზ“ ზარბაზანი. რუმელიის ფაშაც გოზჯუ-კულეს მხარეს ათი „ბალემეზ“ ზარბაზნით სანგარში ჩაჯდა.

საბოლოო ჯამში, შვიდი მხრიდან სამოცდაათი ზარბაზანი ურტყამდა ციხეს და ზღვისოდენა ჯარი კი „კულუმბურნა“ და „შაჰი“ ზარბაზნებით, სამოცდაათი წყება სანგრების საშუალებით ყოველის მხრიდან ციხეს შემოეწყო. დასამიწებელი გიაურები ციხის შიგნიდან და ციხის გარედან კი [ჩვენი] ძლევამოსილი ჯარები ბრძოლას შეუდგნენ. ორივე მხარის თოფ-ზარბაზნების ზათქით ცა და მიწა ჭექა-ქუხილივით გრიალებდა. დილიდან რომ დაიწყო, მთელი შვიდი საათი ისეთი ბრძოლა და ორომტრიალი იყო, რომ თვალს ქვეყანაზე ამის მსგავსი არ უნახავს.

დილით შვიდივე ფრთაზე შვიდასმა კაცმა შესვა სარწმუნოებისათვის წამებულის თასი და მათი ქონება ხაზინას ჩააბარა. გათენებისას ლოცვითა და ღმერთის დიდებით ზარბაზნებს ცეცხლი მიეცა, ციხის კარ-კედლები დაინგრა და დაილეწა, სახლები განიავდა და დამიწდა. მაგრამ, რადგანაც [მთავარი ციხის] ბურჯები და კედლები გენუელების აშენებულია, მტკიცე და გამძლეა, ამიტომაც გადარჩნენ დანგრევას. ზარბაზნის დარტყმებით დანგრეული ადგილები გიაურთა ჯოჯოხეთში დასამკვიდრებელ სამყოფელად იქცა. იმ ღამეს დაუყოვნებლივ მოაწყვეს ღობეები, ხიმინჯების ზღუდეები, ღორის ორმოები, ჩასაფრდნენ და თავიდან დაიწყეს ბრძოლა.

შვიდ დღეს ასე გრძელდებოდა. განუწყევტლივ იბომბებოდა ციხე და ისევ გაიხსნა ახალი ხვრელები. დიდებული სარდალი კი, რომელიც გულღია, მხიარული, უბრალო და საყვარელი ადამიანი იყო, სანგრიდან სანგარში დადიოდა, მუსლიმ გმირებს ამხნევებდა და საბრძოლველად აქეზებდა. წყალობითა და საჩუქრებით ჯარისადმი დიდსულოვნებასა და კეთილ მოპყრობას ამჟღავნებდა. უხვი ჯაბახანიდან უგზავნიდა საჭირო საომარ მასალას. ყველა მეომარზე მეტად მისმა საკუთარმა რაზმმა მიაყენა ზიანი ციხეს ხვრელების სახით. რა ღონისძიებაც არ უნდა მიეღო, ყველაფერს ბჭობისა და მსჯელობის შედეგად აკეთებდა და ამიტომაც წარმატებები ჰქონდა.

ბოლოს ზარბაზნის დარტყმით შექმნილ საკმარის ხვრელებს შეუტიეს და ზოგმა გმირმა აქ ბაირაღი დაასო. მაგრამ დაინახეს, რომ ადრე მათ მიერ უკანმოტოვებულ შესასვლელებს ბოლო არ უჩანდა. [გადაკეტილი იყო]. გაიძვერა ურწმუნოებმა კი შექმნილი მდგომარეობით ისარგებლეს და ამ გმირებს ისეთი ტყვია დაუშინეს, რომ ერთი თვალის დახამხამებაში ასობით მათგანმა შესვა სარწმუნოებისათვის წამებულის თასი. გადარჩენილებმა კი თქვეს: „უკან დაბრუნება მუჰამედის ღირსებას არ ეკადრებაო“ და სამი დღე და ღამე ებრძოდნენ ციხის კედლებზე ურჯულოებს, რომ ხან ერთი მოექცეოდა ქვეშ, ხან – მეორე. ასე გაუწიეს წინააღმდეგობა მთვრალი გიაურების იერიშებს. ბოლოს, ბრძოლით უკან დაიხიეს და ციხის [კედლებზე] მრავალი დროშა და დახოცილები დატოვეს. ყველა გმირმა თავი ინუგეშა: „ღვთის მიერ წინასწარ განსაზღვრული ყოფილა რომ [ციხის] აღება სხვა დღისათვის უნდა გადაიდოსო“. ჯარმა ბრძოლა განაახლა. კიდევ ექვსი დღე გონზე არ მოიყვანეს გიაურები და ასე ჩაიგდეს ხელში ციხის გარეშემო ყველა თხრილი. იმავე დღეს, გიაურების ორმოცი „ფირკათა“ ოთხი ათასი საომარი სულისკვეთების ვაჟკაცით – ბუღებივით კაზაკებით აზოვის ციხის დასახმარებლად მდინარე დონით რომ მოდიოდნენ, სილისტრიას ვალის ქენან-ფაშას ფრთაზე ჩასაფრებულმა მუსლიმმა გმირებმა ხომალდებს წყლის დონეზე „ბალემეზ“ ზარბაზნები დაუშინეს და ყველა დალეწეს, ჩაძირეს და მოსპეს. ვისაც ეგონა გადავრჩებიო და ხმელეთზე გამოვიდა, ფეხშეკრულნი და გულდაკოდილნი ტყვეობაში მოხვდნენ. მართლმორწმუნე ჯარმა უამრავი დავლა იშოვა. იმ დღეს მაცნეებმა დაიძახეს: – „დავლა მუსლიმი გმირებისააო“. იმ ღამეს ყველა გმირმა გაიხარა: შეასრულეს წმინდა განბანვა და დილამდე იმხიარულეს. „თუ ღმერთი ინებებს, ხვალ დილით იერიში იქნებაო“, ერთანეთს ატყობინებდნენ. ყველანი იარაღით აღიჭურვნენ და გაემზადნენ. ამ დღეებში ციხის კარ-კედლებიდან გადარჩა მხოლოდ შემდეგი: დონის ნაპირას ერთი კოშკი; ხმელეთის მხრიდან, ჲოღურთჯუ-ბაბასკენ – ერთი კოშკი და დასავლეთის მხარეს – ერთი კოშკი. სხვა კოშკები იმდენი ანგრიეს, მიწასთან გაასწორეს. მაგრამ რადგანაც ციხეში გარშემორტყმული გიაურები ფარჰადივით მთის მნგრეველები[10] იყვნენ, მიწის ქვეშ შედიოდნენ და იქ აფარებდნენ თავს . ამ გზით ზარბაზანს გადაურჩნენ და ციხეს სიმტკიცე შემატეს. რომელი მხრიდანაც არ უნდა დაედოთ მათთვის ნაღმი მიწის ასაფეთქებლად, თხუნელებივით პოულობდნენ და ნათხარ მიწას ღამე მალავდნენ. ბოლოს, მიწის მთხრელებმა, სხვა გამოსავალი რომ არ ჰქონდათ, თვითონაც დაიწყეს ნაღმის დადება. სანაღმო საქმეში თხუნელაზე ოსტატურად მოქმედებდნენ. თვით მდინარე დონის ქვეშაც კი შეძლეს გაფისული ნავებით წყალში ნაღმის აფეთქება.

ისლამის ლაშქარი ამ მიზეზით დაბანდდა ორმოც დღეს. ამ ხნის განმავლობაში ჯარისკაცებს შორის ათასნაირი ჭორი და მითქმა-მოთქმა ატყდა. რაც შეეხება ურჯულოებს, მათ უკვე უარი თქვეს მაშველი [ჯარების] ნავებით გამოგზავნაზე და ყოველღამ ხუთასი ექვსასი შიშველი კაზაკი მდინარე დონში შედიოდა. ტანი წყალში ჰქონდათ და მხოლოდ პირში ჩადებული ლერწმის საშუალებით სუნთქავდნენ. ამგვარად დაიწყეს მდინარეზე გადმოსვლა. ასეთი საშუალებით მოვიდნენ აზოვის ციხეში და [ციხის დამცველებიც] გამოცოცხლდნენ. ყოველდღე განუწყვეტლივ იბრძოდნენ. სანგრებზე თავდასხმას, მოულოდნელ ღამის იერიშებს იწყებდნენ და შემდეგ მიწაში უჩინარდებოდნენ. ხელსაწყოებს, საომარ მასალას და იარაღს კი დიდი და პატარა ტიკებით მდინარე დონზე აცურებდნენ და ციხეში შეჰქონდათ. ბოლოს მუსლიმი გმირები ამ ეშმაკობას მიუხვდნენ, მდინარე დონზე ხომალდების ანძები ჩაასვეს და კაზაკებს გზა გადაუღობეს. ამგვარად, გიაურების მრავალი ქონება ჩაიგდეს ხელში და გამდიდრდნენ. გიაურებს იმედი გადაუწყდათ, მაგრამ მიწის ქვეშ უშიშრად გადიოდნენ, მარგილების ღობეებსა და ღორის ოროებს აწყობდნენ [მახეებად] და წინწაწეულ მუჰამედის ხალხს ხოცავდნენ. თანდათანობით ხალხს გუნება გამოეცვალა. „ვის გაუგია ასეთი უხამსი წესით ბრძოლაო“, – ამბობდნენ მუსლიმი გმირები და შეშინდნენ. ხმა დაირხა, მოსკოვის მეფე ორასი ათასი მეომრით მოდისო – ხალხმა ჭკუა დაკარგა. სინადვილეში კი ეს ამბავი მტრის მოგონილი იყო, მაგრამ ჯარი შეაშინა. ამის გამო ვეზირები, დიდებულები, დიდი და პატარა გამოცდილი, საქმიანი კაცები შეიკრიბნენ და დიდი ბჭობა გამართეს. თქვეს: „ამ ჩვენ ბრძოლას ბოლო არ უჩანს, ციხისაგან ნიშანწყალიც რომ არ დარჩეს, მისი აღება მაინც ვერ მოხერხდება. იანიჩარები იტყვიან: „[სანგრებში] ორმოც დღეზე მეტი ხნით დარჩენა წესად არა გვაქვსო“, ერთ [მშვენიერ] დღეს თავს აიშვებენ და სანგრებიდან გავლენ. ერთის მხრივ დგება ხმალივით ბასრი ზამთარი. აზოვის ზღვა ორი კულაჩის სისქეზე იყინება. ხუთ თვეს ზამთარი იქნება და გზები შეიკვრება. სად უნდა ვუშოვოთ ისლამის ლაშქარს მყუდრო ადგილი? სად გამოვიზამთროთ? თანაც შეუძლებელია მაშველი ძალისა და სურსათის მოსვლა. ღმერთმა გვაშოროს და ისლამის ლაშქარში რომ შიმშილობა ჩამოვარდეს, რა დღეში ჩავცვივდებით? ფადიშაჰის ეს საომარი მასალა ვის დავუტოვოთ? რომელ მხარეს წავიდეთ? ერთი მხრიდან ზღვაა, ჩრდილოეთით – ურწმუნოთა ქვეყანა, აღმოსავლეთითა და სამხრეთით – უკაცრიელი ჰაჲჰათის ტრამალი!“ ამის გამო იყო, რომ ყოველმა კაცმა ათასი რამ თქვა. ბოლოს კოჯა ქენან-ფაშამ და გემსაშენის ქეთხუდა ფიალა-აღამ ბრძანეს: „ყველაზე სწორი აზრი და გადაწყვეტილება ის იქნება, რომ დღეს მაცნეებმა ხალხს აუწყონ: „დილაადრიან იერიშია და ვისაც თიმარი, ზეამეთი და სიფაჰიობა სურს, უნდა გამოვიდესო“. შვიდი ფრთიდან შვიდი ათასი თავზეხელაღებული, უშიშრად შემტევი ვაჟკაცი უნდა დაინიშნოს. მუსლიმ გმირებს შორის ყველაზე თავდადებულები ბრძოლაში განაწილებულ იქნან. ვნახოთ, ბედის სარკე რა სურათს გვაჩვენებს“. ამით დაამთავრეს ბჭობა და ფათიჰა თქვეს. გმირებს შორის სიხარული და აღტაცება შეიქნა. სახელმწიფო ჯაბახანიდან მუსლიმ ჯარს სიით დაურიგდა შვიდი ათასი ხმალი, ორი ათასი ფარი, ორი ათასი თოფი, ორმოცი ათასი ისარი, ხუთი ათასი მშვილდი, ექვსი ათასი შუბი, ხუთი ათასი შუშის ხელყუმბარა და ნაირ-ნაირი იარაღისათვის განკუთვნილი საომარი მასალა. შემდეგ, ბედნიერ დროს [11], შვიდი ფრთიდან თოფ-ზარბაზანი დაუშინეს და ჯარში ატყდა ყიჟინა – „ალააჰ!“ თოფისა და შავი კვამლის ნისლისაგან ჰაერი დაბნელდა. მაგრამ სასიამოვნო ნიავმა დაუბერა და მტერ-მოყვრის გარჩევა შესაძლებელი გახდა. ისლამის ჯარები მოღერებულ დანად იქცნენ და ციხეში შევარდნენ. ერთი სიტყვით, რვა საათი ისეთი ბრძოლა იყო, რომ მოჰაჩის ბრძოლას ჰგავდა [12]. ურჯულოების ასეთი ყოფა რომ ნახეს, ხმალსგადარჩენილებმა, მიწაში გაკეთებულ ღორის ორმოებში შევიდნენ და დაიმალნენ. მაგრამ დაწყევლილებმა ეშმაკობა გამოიყენეს – მიწაში ნაღმები ააფეთქეს და ისლამის მეომრები ნამგალა ჩიტებივით ჰაერში ააფრინეს. ვინც სათოფურებამდე აღწევდა, ტყვიას უშენდნენ და დაიწყეს ისლამის ჯარის საათობით ხოცვა. ზურგიდან კი მაშველი ძალა არ მოდიოდა. გმირებმა ნახეს, რომ შუადღე გადაიწურა. გარდა იმისა, რომ ძალ-ღონე გამოელიათ, ახლა შიმშილმა დააძაბუნა, ძლიერი სიცხისა და წყურვილისაგან სიკვდილის პირას მივიდნენ. მზის ჩასვლისას თავ-თავისი რაზმების ჩაუშები მოვიდნენ და ძახილით მოუწოდებდნენ: „გმირებო, დაბრუნდით! ჯანი მოგეცეთ! მზის ჩასვლის დროა, მოდით, საჭმელი მიიღეთ, დილაადრიან განვაგრძოთო“.

მათაც, ბრძოლის ველზე რაც ნადავლი, ჭურვები, თოფები და სხვა იარაღი იყო, აკრიფეს, სარწმუნოებისათვის წამებულები ტყვეებს აჰკიდეს და ყველანი თავ-თავის ნაწილებში დაბრუნდნენ. თოფისა და ზარბაზნის თითო ბათქით შედლუხი გამართეს, დახოცილების სახელზე ლოცვა აღავლინეს და დამარხეს. დაჭრილებს საჩქაროდ გაუმწესეს შესაფერისი თანამდებობები და დასტაქრები დაუგზავნეს. ვინც [მოჭრილი] თავი მოიტანა, ასი ყურუში მიეცა და ვინც მოენე [ტყვე] მოიყვანა, ერთი ტყვე ეწყალობა და მათ თავზე გვირგვინები დაადგეს. ესენი დააწინაურეს და ზეამეთები და თიმარები გასცეს. ათას ორასი მოკლული მუსლიმის ქონება ხაზინას გადაეცა.

იმ დღეს გიაურებმა ისევ ფარჰადივით იმუშავეს და ციხის დანგრეული კედლები განამტკიცეს და გაამაგრეს. ჩასასაფრებელი ადგილები, სათოფურები შეაკეთეს და თითქოს ალექსანდრეს ახალი ზღუდე გააკეთესო [13].

ეს გარემოება რომ ნახეს მუსლიმმა გმირებმა, დაღონდნენ. მეტი რა გზაა! „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“ თქვეს, მთელი თავიანთი საქმეები ღმერთს მიანდვეს და ისევ ხამუშ-ხამუშ ბრძოლას შეუდგნენ; მაგრამ პირვანდელივით გულმოდგინე, ერთსულოვანი, თავგამოდებული [ბრძოლა] აღარ იყო. თუმცა, ის კია, რომ გულმოდგინეობა და ღირსების გრძნობა მაინც არ დაუკარგავთ და დღედაღამ ბრძოლა არ მიუტოვებიათ. კასიმის დღემდე ორმოცამდე დღეღა რჩებოდა [14]. „ვინ იცის, როგორ წავა ჩვენი საქმეო“, თქვეს და ყველა ვეზირი, რწმუნებული და საქმის კაცები შეიკრიბნენ, ღვთის მიერ ნაბრძანების მიხედვით ითათბირეს და დაადგინეს, რომ მოსკოვის მეფის სატახტო ქალაქამდე სარბევად გაეგზავნათ ბაჰადირ გირეჲ-ხანი სამოცდაათათასიანი ჯარითა და ცხენოსნებით. ბაჰადირ-გირეჲ თანხლებული თათართა ტომების ჯარით დაბრუნდა გამგზავრების მე-14 დღეს. ისლამის ჯარში მან ორმოცდახუთი ათასი ტყვე და ორასი ათასი ნადავლი ცხენი მოასხა, ურიცხვი ძვირფასი ქონება, სპილენძის, კალის სხვადასხვანაირი ჭურჭელი მოიტანა. როდესაც აზოვის ციხესთან მდგარ აზოვის ურდოში მოვიდა, ისლამის მეომართა მკვდარი გულები გააცოცხლა და აზოვის ციხის ძირას ისეთი თათრული საზეიმო აღლუმი მოაწყვეს, რომ ჩინგიზიანთა შემდეგ მსგავსი არ უნახავს ქვეყნიერებას. ურწმუნოებმა რომ დაინახეს, როგორ მოიყვანეს თათრებმა მათი თანამემამულე ტყვეები სასოწარკვეთილნი და გულგატეხილები, ვაის ძახილი და გოდება ცას მიწვდინეს. იმ ღამეს მშიერ და უილაჯოდ დარჩენილების ერთი ნაწილი ციხიდან გამოვიდა. ისინი დაიჭირეს და პატივმოსილ სარდალს მიჰგვარეს. ზოგი დაასაჩუქრეს და ზოგიც კი ისლამის მიღებით გაპატიოსნდა. აზოვის ციხიდან გადაიკარგნენ და წავიდნენ მამლის ყივილის მანძილზე მდებარე ციხისაკენ, რომელსაც ხოროსქერმანი ეწოდება [15].

თათართა ჯარის ასეთი ნადავლით მოსვლამ ისეთი სიუხვე შექმნა, რომ ცხენი ერთ ყურუშად გაიყიდა და გაუფურჩქნავი ქალწული – ხუთ ყურუშად. თათრების უვნებლად დაბრუნებისათვის თოფებისა და ზარბაზნების სამბათქიანი შედლუხი გამართეს.

მაგრამ მოახლოვდა აზოვის ქვეყნის დაუნდობელი ზამთარი. ყველას შეეშინდა მკაცრი ზამთრისა და სათათბიროდ შეიკრიბნენ. ყველა საქმის კაცნი და თათრების უხუცესნი ერთსულოვნად შეთანხმდნენ, სამასბეჭედდასმული არზა და მოხსენება გაამზადეს და დედაქალაქ სტამბოლში გაგზავნეს.

მისი შინაარსი შემდეგია: „წელს ამ ციხის დაპყრობა შეუძლებელია. ზამთარი დგება. მოსკოვის მეფის ძველ სატახტო ქალაქამდე [ქვეყანა] დარბეულ-გაძარცულია. დატყვევებულია სამოცდაათათასამდე ურჯულო და ასი ათასიც გაიჟლიტა. მოსკოვის მეფე ღირსეულად დაისაჯა“ [16].

ამ არზის გაგზავნის შემდეგ ორ მოსაზრებულ ტყვეს შეუქმნეს პირობები, რომ ციხეში გაქცეულიყვნენ. ისინიც ციხეში შევიდნენ და იქ მყოფებს ამბავი მიუტანეს: „თურქი ამბობს: ჩვენი მიზანი რომ ციხის აღება ყოფილიყო, ერთ თვეში ავიღებდითო, მაგრამ, ჩვენ მოსკოვის მეფისათვის ჭკუის სწავლება, ამდენი ხალხისა და მათი ქვეყნების რბევა-ტყვევნა გვინდოდა და ეს შევასრულეთ კიდეცო“.

ღვთის სიბრძნით, შიკრიკების სტამბოლში გამგზავრების ღამეს ისეთი მშრალი ყინვა დაიჭირა, რომ ისლამის ლაშქარი კინაღამ მიწაში ჩაძვრა. ამის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ არც ყივჩაღთა ტრამალზე და არც შავ ზღვაზე ხსნა და იმედი არ არის. ბოლოს, ისლამის ლაშქარს ციხის დაპყრობის იმედი დაეკარგა; რჩეულთა და მდაბიოთა გადაწყვეტილებით დაპყრობაზე ხელი აიღეს. მარჯვენა და მარცხენა ფრთის მთელი საომარი მასალა ხომალდებზე დატვირთეს და გამგზავრების ნაღარები დაუკრეს. „ღვთის ბრძანება ყოფილა, ღვთის განგება ასეთი ყოფილაო“, თქვეს, ციხიდან დაუპყრობლად გაბრუნდნენ და ბალისირაში მოვიდნენ. იქვე სამეფო ფლოტი ელოდათ. ყველა ვილაიეთის ჯარები დაითხოვეს. ზოგი ხმელეთით გაემგზავრა, ზოგიც – ზღვით. ხმელეთით წასულები ექვსი დღის განმავლობაში მიდიოდნენ ყუბანში, იქიდან ჩერქეზეთში, ტამანის ნახევარკუნძულზე. ზოგიც ჰაჲჰათის ტრამალის ჩრდილოეთით მდებარე ჩერქეზეთში წავიდა. სამეფო ფლოტი სტამბოლში წასასვლელად ღუზას რომ იღებდა, მე, მწირი, სარდალ ჰუსეინ-ფაშას დავეთხოვე და ყირიმის ხანთან ერთად ყირიმისაკენ გავემართე.


  1. სულთანი მურად IV ირანის ლაშქრობიდან რომ დაბრუნდა სტამბოლს, ავად გახდა და 1640 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა. დასაფლავებულია მამის, აჰმედ I-ის აკლდამაში - გ. ფ.
  2. სულთანი იბრაჰიმ I /1640. 18. II – 1648. 18. VII/. დიდვეზირი ყარა მუსტაფა-ფაშა /1639. I – 1644. II/ წარმოშობით ალბანელი იყო. ევლიას მხედველობაში აქვს შემდეგი გარემოება: – კაზაკებმა ისარგებლეს იმით, რომ ოსმალეთის ლაშქარი ირანთან ომში იყო დაკავებული და ხელში ჩაიგდეს აზოვი, რომელიც რუსეთის ტერიტორიებზე ოსმალებისა და ყირიმის თათრების თავდასხმებისათვის მთავარი პლაცდარმი იყო. როდესაც მურად IV-მ კასრ-ი შირინში 1639 წლის 14 სექტემბერს ირანთან დადო ზავი, დაიწყო მზადება აზოვზე გასალაშქრებლად. ლაშქრობა უნდა დაწყებულიყო 1640 წლის ზაფხულში, მაგრამ მურად IV გარდაიცვალა და ოსმალეთის ეკონომიკური კრიზისისა და იანიჩართა ურჩობის პირობებში ოსმალეთის მთავრობამ მხოლოდ 1641 წლის ზაფხულში მოახერხა აზოვის ლაშქრობის მოწყობა - გ. ფ.
  3. 1637 წლის გაზაფხულზე დონის კაზაკებმა, ზაპოროჟიეს კაზაკების დახმარებით, ხელში ჩაიგდეს აზოვი და შიგ 6-ათასიანი გარნიზონი ჩააყენეს - გ. ფ.
  4. ქენან-ფაშა ქართველი იყო, მეტსახელად კოჯა /ზორბა/. მის შესახებ ცნობები ასეთია – 1629-30 წ. შავი ზღვის სანაპიროების სარდლად დაინიშნა ვეზირის წოდებით. 1633-34 წ. სტამბოლის კაიმაკის თანამდებობაზე დანიშნეს. 1633-36 წლებში სილისტრიის ბეგლარბეგია, 1638-39 წ. არზრუმის ბეგლარბეგი. ამის შემდეგ, ჯერ „კუბე ვეზირი“ გახდა, შემდეგ – მეორე ვეზირი. 1651-1652 წ. გარდაიცვალა. ცოლად სულთნის ქალიშვილი ჰყავდა. /სიჯილ-ი ...IV, 83/ ევლია ჩელების ცნობიდან ჩანს, რომ ქენან-ფაშა 1641 წელს ოჩაკოვის /ოზუს/ ვილაიეთის ბეგლარბეგი ყოფილა
  5. ამ ცნობიდანაც ჩანს, რომ შავი ზღვის სანაპირო ვილაიეთები რუსეთზე თავდასხმის პლაცდარმი იყო. პირველად ისნი იწყებდნენ ლაშქრობას, სანამ ოსმალეთის მთავარი ძალები მოვიდოდნენ - გ. ფ.
  6. იგივე ბელოსარაი, აზოვის ზღვის ნაპირას მდებარე ნავსადგური - გ. ფ.
  7. ნემრუდი – ლეგენდარული სასტიკი ტირანი, რომელმაც ბრძანა ცეცხლში ჩაეგდოთ იბრაჰიმი /აბრაამი/. ფასკუნჯი – ფენიქსი, მითიური ფრინველი, რომელიც ცეცხლში დაიწვებოდა და საკუთარი ფერფლისაგან ისევ აღსდგებოდა. ე. ი. ციხე ცეცხლში იყო გახვეული და ვერაფერს აკლებდნენ - გ. ფ.
  8. დიდი დონი, ე. ი. მდინარე დონის ფართო ტოტი - გ. ფ
  9. თხელი დონი, ე. ი. მდინარე დონის მცირე ტოტი - გ. ფ.
  10. ლეგენდარული ფარჰადი, შირინის სატრფო, მისი სიყვარულით მთის მნგრეველი. ნიზამი განჯელის პოემა „ხოსროვ და შირინისა“ და ხალხური შემოქმედების პერსონაჟი. აღმოსავლეთში გასაოცარი შრომისმოყვარეობისა და ჩატარებული დიდი სამუშაოს სინონიმად იხმარება - გ. ფ.
  11. ბედნიერი დრო – ვარსკვლავთა ისეთი განლაგება, რომელიც ხელსაყრელ /ქართული „ბედის ვარსკვლავი“/ პირობებს ქმნის. აღმოსავლეთში ყოველგვარი მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისას დარწმუნებული უნდა ყოფილიყვნენ, რას ემთხვეოდა ბედის ვარსკვლავი. ვარსკვლავთმრიცხველები რომ დაადგენდნენ „ბედნიერი დროაო“, იწყებოდა ლაშქრობა, გადამწყვეტი ბრძოლა. ასევე იქნებოდა წინასწარ „შემოწმებული“ იმ ბრძოლის დასაწყისი, რომელზეც ევლია ჩელები მოგვითხრობს - გ. ფ.
  12. 1526 წლის გაზაფხულზე სულეიმან I ოსმალეთის უზარმაზარი ლაშქრით უნგრეთს შეესია და აოხრება დაუწყო. დუნაის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქ. მოჰაჩთან ოსმალების ლაშქარს დახვდა უნგრეთის მეფე ლუდოვიკო II. მიუხედავად გმირული ბრძოლისა, მცირერიცხოვანი უნგრელთა ჯარი სასტიკად დამარცხდა 1526 წლის 29 აგვისტოს. მოჰაჩის ბრძოლაში გამარჯვებამ ოსმალებს საშუალება მისცა ბუდა დაეპყროთ და უნგრეთის საბოლოო დასაპყრობად წარმატებით ებრძოლათ - გ. ფ.
  13. ევლია ჩელების მხედველობაში აქვს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე მაკედონელმა კედელი ააშენა გოგისა და მაგოგის ხალხების თავდასხმების თავიდან ასაცილებლად - გ. ფ.
  14. კასიმის დღე – ზამთრის პირველი დღე, რომელიც 8 ნოემბერზე მოდის. მუსლიმური /ჰიჯრის/ წელთაღრიცხვის ერთ-ერთი ნაკლი იმაში გამოიხატება, რომ ჰიჯრის თვეები სხვადასხვა წელს სხვადასხვა დროზე მოდის. ოსმალეთში შემოიღეს წელიწადის ორ პერიოდად დაყოფა – გაზაფხულისა და ზამთრისა. ქრისტიანული კალენდრიდან გადმოღებულ „წმ. გიორგობას“ ხიზირილიასი ეწოდა და გაზაფხულის პირველ დღეს აღნიშნავდა 6. V /ძველი სტილით 23. IV/. ქრისტიანული კალენდრის წმ. დიმიტრის დღე – კასიმი ზამთრის პირველ დღეს აღნიშნავდა – 8. XI /ძვ. სტილით 26. X/. ლაშქრობის დაწყება შეიძლებოდა გაზაფხულის პირველი დღის – ხიზირიალიასის შემდეგ და საომარი მოქმედება ზღვაზე და ხმელეთზე უნდა შეწყვეტილიყო კასიმის დღისათვის. კასიმის დაწყების შემდეგ ჯარი ზამთრის სადგომებში გადადიოდა, ხომალდები თავიანთ ნავსადგურებში ბრუნდებოდნენ. – ევლია ჩელების ზემოხსენებული სიტყვები იმას ნიშნავს, რომ სექტემბერი იწურებოდა და 8 ნოემბრამდე ციხე რომ არ აეღოთ, ხელცარიელები უნდა დაბრუნებულიყვნენ - გ. ფ.
  15. „მამლის ყივილის მანძილზე მდებარე ციხე... ხოროსქერმანი“ სიტყვების თამაშია: „ხოროს“ – მამალი; „ქერმან“ – ციხე: „ხოროს ქერმანი“ – მამლის ციხე - გ. ფ.
  16. ყირიმის თათრები და ოსმალები აზოვიდან და ყირიმიდან ხშირად ესხმოდნენ თავს რუსეთის მიწებს, მოჰყავდათ ტყვეები და მოჰქონდათ დავლა, მაგრამ „70 ათასი ტყვე და ასი ათასი მოკლული“ გაზვიადებულია - გ. ფ.

XXXVIII. აზოვის ლაშქრობიდან, აზოვის აუღებლად, ყირიმის მხარეში გამგზავრება[edit]

ბაჰადირ გირეჲ-ხანის ჯარი ვლახეთის, მოლდავეთის, ტრანსილვანიის ჯარებთან ერთად აზოვის ციხიდან აიყარა და ჩვენც მდინარე დონზე გადასვლას დავეჩქარეთ იმ ადგილას, სადაც იგი ზღვას ერთვის. ციხესთან მდინარე მშვიდად მიედინებოდა. მისმა აღმატებულება ხანმა ჯართან ერთად ცხენი მაშინვე წყალში შეაგდო და გაღმა ისე გავიდა, რომ [წყალი] უზანგს არ მისწვდომია. დანარჩენმა მეომრებმა იარაღი და საომარი მასალა ტიკებზე დააწყვეს, ცხენებს კუდზე გამოაბეს და ერთ საათში მდინარეზე გადავიდნენ. ოცდაერთი საათის განმავლობაში ჰაჲჰათის ტრამალებზე თათრული ილღარით ვიარეთ და ბორებაჲს მივაღწიეთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მე, მწირი, კი მის აღმატებულება ხანთან ერთად ყირიმში შევედი. დიდ ქალაქ ბახჩისარაჲში საცხოვრებლად მოგვიჩინეს სასტუმრო სახლი პატარა მდინარის ნაპირას, რომელსაც ჩურუქ-სუ ეწოდება. მთელი ჩვენი ულუფა ავიღეთ, ხანის სამუდამო ბედნიერებისათვის ლოცვა და ღვთისმსახურება დავიწყეთ. ოდნავ წელში მამტვრევდა, ყველაფრის ხალისი დავკარგე და სამოგზაუროდ ძალა აღარ მქონდა.

იმისათვის, რომ აზოვის ციხეში ჩაკეტილ ურჯულოებს მაშველი ძალა არ მოსვლოდათ, ამ ზამთარში მისმა აღმატებულება ხანმა ყირიმის ნახევარკუნძულიდან სამჯერ გაილაშქრა სარბევად ორმოცი-ორმოცდაათიათასიანი ცხენოსნით თვით აზოვის ციხემდე და ისევ ყირიმში დაბრუნდა. იმავე წელს კალგაჲ-სულთანმა ოთხმოცათასიანი ჯარით სამჯერ დაარბია მოსკოვის ქვეყანა [1]; თავს დაესხა და მოიტაცა ხუთ-ხუთი, ათ-ათი ათასი ტყვე და ნადავლით ყირიმში დაბრუნდა. გაზაფხული რომ დადგა, სტამბოლიდან უზენაესი კარიბჭის ერთერთი კაფუჯი-ბაში მოვიდა; მის აღმატებულება ხანს მოუტანა ჩექმის საფასური [2] თორმეტი ათასი ოქრო და მაღალ ოსმალთა საგვარეულოს მჭერმეტყველური იარლიყი, რომელშიც შემდეგი ეწერა: „გაზაფხულის დამდეგს ასი ათასი მტერზე მონადირე თათარი ჩვენ პატივმოსილ სარდალთან, ჯივან კაფუჯი-ბაში მეჰმედ-ფაშასთან[3] ერთად აზოვის ციხის საალყოდ უნდა მოამზადოთო“. მისმა აღმატებულება ხანმა თქვა: „გისმენ და გემორჩილებიო“ და ცხენი ორმოცი დღით დააბა. თათართა ყველა ტომმა ცხენების მოვლა და კვება დაიწყო. ბოლოს ოთხმოცდაშვიდი ათასი მეომარით გაზაფხულზე ორაღზიდ (პერეკოპი) წოდებულ ადგილს მოვედით. აქედან ლოცვა-დიდებით გავედით და აზოვის ციხისაკენ გავემართეთ.

ჯოჯოხეთში დასამკვიდრებელმა ურჯულოებმა შეიტყვეს, რომ აზოვის ციხისაკენ მიემართებოდა შარშანდელთან შედარებით უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი: ყირიმის თათრები, ოსმალეთის სამეფო ფლოტი, ხმელეთითა და ზღვით ჩამოსული ჯარები მრავალრიცხოვანი საომარი მასალითა და მოწყობილობით, მელაღუმეებითა და მთების მნგრეველი [მესანგრეებით]. [აზოვის] ციხეში მყოფნი სათათბიროდ შეიკრიბნენ და დაადგინეს:

აზოვის გიაურების თათბირი: – „შარშან ძლივს გადავურჩით ოსმალებს. ამ ზამთარს თათრებმა არ მოგვცეს მოსვენება. არსაიდან მაშველი არ მოგვივიდა და ზამთარმა დაგვღუპა. ერთი მხრივ, შიმშილი და სიძვირეა, მეორე მხრივ, თათრები ჩვენს მიწა-წყალს არბევენ, ნათესავებსა და ცოლ-შვილს გვიტყვევებენ და ჩვენ კი თათრების შიშით ამ ზამთარს ციხიდან თავი ვერ გამოგვიყვია. ციხე არ შეკეთებულა. საომარი მასალიდან ერთი ოყა დენთიც არ დაგვრჩენია. სხვა იარაღი და საომარი მარაგიც აღარაფერი გვაქვს. აქ ათი ათასამდე ქრისტიანიღა დავრჩით. თანაც, ახლა ისევ მოდიან ოსმალები ფლოტითა და ზღვა ჯარით! აზოვის თევზის ჭამით გული გაგვიწყალდა და გულ-ღვიძლი დაგვილპა. ოსმალები ამ ციხეს მაინც არ შეგვარჩენენ. ერთ წელიწადში ჩვენი ოცდაათი ათასი ქრისტიანი ამოწყდა და ვინ იცის, რითი დამთავრდება ჩვენი საქმე? ახლავე უნდა დავტოვოთ ციხე, სანამ თათრები და ოსმალები ალყას შემოგვარტყამენ, თორემ თუ მოგვისწრეს, ვეღარაფერი გვიშველისო“.

ამ თათბირის შემდეგ, ერთ დღეს, ციხე მიატოვეს, ყველა ზარბაზანი, თოფი, მშვილდ-ისარი სასწრაფოდ სამდინარო გემებზე დატვირთეს და გადაწყვიტეს გაქცეულიყვნენ [4]. დონის ნაპირ-ნაპირ ჩერქეზ-ქერმანში, ხოროს-ქერმანში, თუზლა-ქერმანში და სხვა ციხეებისაკენ წავიდნენ და იქ ჩადგნენ.

თათართა ხანი აზოვის ციხისაკენ რომ მიდიოდა, მდინარე სუთის ნაპირზე რამდენიმე კაზაკი შეიპყრო და მათგან შეიტყო აზოვის ციხიდან ურწმუნოების გაქცევის ამბავი. იმ დღეღამეს ისე იარა, როგორც სარბევად განზრახული სწრაფი სვლაა და ციხეს მიადგა. იქაურობა ცარიელი დახვდა – ძე-ხორციელი არ იყო. არამცთუ ადამიანი, თაგვი, კატა, თახვი და სხვა ცოცხალი არსებაც კი არ ჩანდა. ციხის კარ-კედლებიდან გენუელთა ერთი კოშკიღა დარჩენილიყო. ეს სიხარულით აღსავსე გარემოება თათრების ხანმა ხმელეთითა და ზღვით დაგზავნილი შიკრიკების საშუალებით სტამბოლს მოახსენა. მეთერთმეტე დღეს ისინი სტამბოლიდან რომ მოდიოდნენ, მოსკოვის მეფის ჯაშუშები დაიჭირეს და გაბაწრულნი მიუყვანეს ხანს. მათ უშიშრად და დაუფარავად განაცხადეს: „ჩვენ იმისათვის ვართ გამოგზავნილი, რომ ციხეში მყოფთ ვაცნობოთ შემდეგი: – „სტამბოლიდან ისევ მოდის ოსმალების ზღვა ჯარი, ციხე დატოვეთ და გაიქეცით, თორემ წინანდელი ამბავი არ გეგონოთ“. [ამ ჯაშუშების] სულები ჯოჯოხეთში გაგზავნეს. მეცამეტე დღეს დიდი სარდალი ჯივან კაფუჯი-ბაში ვეზირ მეჰმედ-ფაშა ზარ-ზეიმით და გრიალით მიადგა აზოვს და ციხე ცარიელი დახვდა. მაგრამ სამ დღეს არ შესულა – ელოდა და ფრთხილობდა; ვინ იცის, ურჯულოების რაღაც ვერაგობასა და ეშმაკობასთან მაქვს საქმეო. მეოთხე დღეს ციხის მიწაზე სალოცავად მოუწოდეს მუსლიმებს. ვლახეთის და მოლდავეთის ჯარს განლაგების მიხედვით დაეგზავნათ ბრძანებები. ალაჰის სახელით დაიწყეს საძირკვლების თხრა. სამი დღის თხრის შემდეგ, ფსკერზე წყალი გამოჩნდა თუ არა, საძირკველში ხრეშის ფენა ჩაყარეს. თემურ ლენგის კუნძულზე მდებარე ძველი, დანგრეული ციხიდან ქვის გადმოსაზიდად გემები გაიგზავნა. ასე დაიწყო საქმიანობა ციხის ასაშენებლად და ერთ თვეში დასრულდა. გენუელების მიერ აშენებულზე უფრო მტკიცე ციხე გამოვიდა. აკი ამიტომაც ამბობენ ამ ციხის შესახებ ყირიმის მემატიანეები: „გალაშქრება სარდალ დელი ჰუსეინ-ფაშასი, დაპყრობა ბაჰადირ გირეი-ხანისა და აშენება კი – ჯივან კაფუჯი-ბაშისაო“.

[ციხე] აღდგენის შემდეგ ისევ კაფას ვილაიეთის სანჯაყის ბეგის სადგომად იქცა და ორთუღიანი მირმირანი ფაშა მის ციხისთავად იქნა დატოვებული. შიგ ციხის დასაცავად ჩააყენეს იანიჩართა ოცი ოდა და იანიჩართა აღა, თოფჩუების ექვსი ოდა და ერთი თოფჩი-ბაში, ჯებეჯიების ათი ოდა და ერთი ჯებეჯი-ბაში და ყარა დაიაკის თათართა შვიდათასიანი ჯარი. ციხეში დაიდგა სამოცდაათი „ბელემეზ“ ზარბაზანი, ორმოცი „კულუმბურნა“. ციხის თხრილის ნაპირზე დადგეს სამასი ზარბაზანი, რომელთაც „შაჰი“ ეწოდებათ. დღედაღამ ბეჯითი შრომით რაც შეიძლებოდა, სწრაფად შესრულდა მშენებლობა. სტამბოლს მოახსენეს: „[მშენებლობისათვის] საჭირო მასალისა, მუშებისა და სხვა საჭიროებისათვის ხუთი ათასი ქისა დაიხარჯაო“. ციხის მშენებლობის დროს თათართა შვიდმა ათასმა მეომარმა მოსკოვის ქვეყანაზე ილაშქრა. ათ-ათი, ოც-ოცი ათასი ტყვით ისლამის ურდოში მოვიდნენ და თითო ტყვე ათ-ათ ყურუშად გაყიდეს. ბოლოსდაბოლოს, მოსკოვის მეფემ სტამბოლში ელჩები გაგზავნა – „შეგვიწყალეთ, გვაპატიეთ, ჰოი, რჩეულო ოსმალებოო“ და ერთი სული ჰქონდა, სანამ ზავს დადებდა. ციხე რომ დამთავრდა და შიგ აქა-იქ სახლები შენდებოდა, სარდალი მეჰმედ-ფაშა სტამბოლისაკენ წავიდა. ისლამის დანარჩენი მეომრებიც თავ-თავის სამშობლოში წავიდ-წამოვიდნენ. მე, მწირი კი, მანსურლუს ტომთან ერთად აღებული გეზით რვა დღეში ყირიმის ვილაიეთში ჩავედი. ბახჩისარაჲში განცხრომასა და დროსტარებას მივეცი თავი.

დიდება ალაჰს, ამ ომიდან სვებედნიერი რომ დავბრუნდი, მისი აღმატებულება ბაჰადირ გირეჲ-ხანისაგან სტამბოლში წასასვლელი ნებართვა მივიღე. ერთი ქისა ყურუში, სამი ტყვე, ერთი სიასამურის ქურქი და ერთი ხელი ტანისამოსი მიწყალობა. ისეთმა ბატონებმაც კი, როგორიც იყვნენ უფლისწულები მეჰმედ-გირეჲ, ნურედდინ-გირეჲ, მამაცი ვეზირი სეფერ-ყაზი-აღა, სუბჰან-აღა, აჲუ აჰმედ-აღა და დავთარდარ ისლამ-აღა, თითო ტყვე მაჩუქეს და ამგვარად, ყირიმში თოთხმეტი ტყვისა და ოთხი ქისა ქონების პატრონი შევიქენი. ტრაპიზონსა, სამეგრელოსა და აბაზას ქვეყანაში ჩემ მიერ ნაყიდ ტყვეებთან ერთად თვრამეტი ტყვე გამიხდა.

როდესაც ყირიმიდან სტამბოლისაკენ გავემართე, ყირიმის ქვეყნის ყველა წარჩინებულსა და დიდებულს გამოვეთხოვე, მისი აღმატებულება ხანის კეთილი სურვილები და ლოცვა-კურთხევა მივიღე. უფლისწულის ცხენებზე შევსხედით და გზას გავუდექით. ჩემი, მწირის, გასაცილებლად მრავალი მეგობარი კაჩი-დერემდე მომყვა. აქ ერთმანეთს გამოვეთხოვეთ, ექვსი დღე სამხრეთისაკენ ვიარეთ და ბალაკლავას ციხეში მოვედით.


  1. კალგაჲ-სულთანი – ყირიმის ხანის მემკვიდრეს ეწოდებოდა; იგი სახელმწიფო საქმიანობაში იყო ჩაბმული და ყირიმში მეორე კაცად ითვლებოდა - გ. ფ.
  2. ყირიმის ხანი ოსმალეთის სულთნის ვასალი იყოდა ლაშქრობა ევალებოდა, მაგრამ სუზერენი მაინც ასაჩუქრებდა მის სამსახურში „გაცვეთილი ჩექმისათვის“ - გ. ფ.
  3. (*მეჰმედ-ფაშა – იგივე სულთან ზადე მეჰმედ-ფაშა; დიდვეზირად იყო 1644 წლის 31 იანვრიდან 1645 წლის 17 დეკემბრამდე - გ. ფ.
  4. კაზაკების მიერ აზოვის ციხის დატოვების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავება იმ ხანებში მოსკოვის მთავრობას ხელს არ აძლევდა და 1642 წელს მან კაზაკები აიძულა აზოვი დაეტოვებინათ - გ. ფ.

LXXIV. დარუბანდიდან საქართველოსაკენ გამგზავრება[edit]

ციხიდან [1] ჯერ სამხრეთისაკენ 12 საათი ვიარეთ ტყე-ღრეში და დაღისტნის ფარგლებში დაბა გორაში მივედით.

სადგური გორა: .....................

საზღვარზე მდებარე უდუდის ციხის შესახებ: ირანის მბრძანებლობაშია. ეს ციხე ხელმარცხნივ მოვიტოვე და მე, მწირი, შაქის ციხის საზღვრებისაკენ წავედი. სოფელ ზუჰურიაში მივედით. საქართველოში, თეიმურაზ-ხანის სამფლობელოს ფარგლებში, თბილისის ხანისადმი დავემდებარებული დიდი სოფელია. მისი ქვეშევრდომები ქართველი აზნაურები, სომხები და გოქდოლაკები არიან. აქედან გზა განვაგრძეთ და ქალაქ „კახეთში“ მივედით [2]. საქართველოშია და ირანის მბრძანებლობაში იმყოფება. მისი პირველი ამშენებელი ანუშირვანია. დროთა განმავლობაში [ციხე] ზოგ ადგილას დანგრეულა. მისი გარეშემოწერილობა თოთხმეტი ათასი ნაბიჯია. ას სამოცდაათი ბურჯი და სამი კარიბჭე აქვს. შიდა ციხეში ორი ათასი კეთილმოწყობილი სახლია. დანგრეული ჯამეები, ფუნდუკი და აბანოები, სავაჭრო რიგი და ბაზარი აქვს. მისი წყალი ანკარაა. წყლები იალბუზის მთის ცხრა ფენის ქვემო კალთებიდან გამოდის და „კახეთის“ ბაღ-ვენახებს რომ მორწყავს, მდინარე მტკვარს ერთვის. მისი აბრეშუმი ქებული არაა, რაგანაც ჰაერი სიცივისაკენ იხრება. მისი მოსახლეობა სომხები, გოქდოლაკები და ქართველები არიან. მათი მბრძანებელი ცალკე სულთანია. ათასამდე ნოქარი ჰყავს. თორმეტი აღმასრულებელი და ყადი ჰყავს. სანამ შაჰ-ისმაილსა და სულთან სულეიმან-ხან [პირველს] შორის ჩილდირის ომი მოხდებოდა [3], [შაჰ ისმაილი] აქაური ჰავით დამტკბარა, ქალაქში სამი წელი უცხოვრია. ციხის გარეთ აუშენებია ჭადრაკულად დაგეგმილი ქუჩებიანი დიდი გარეუბანი; გეგონება შუა უნგრეთის ქვეყანაში მდებარა ქალაქი კეშააო. [ჩილდირის] ომში კი შაჰის ასიათასმა ჯარისკაცმა ხმლის კბილებში გაიარა, მხოლოდ შაჰი გადარჩა და აზერბაიჯანში შეაფარა თავი. შემდეგ იერიშით მომავალი ოსმალთა ჯარი და საქართველოს ლაშქარი ამ ქალაქში მოვიდნენ, დაარბიეს და აიკლეს. შემდეგ ხანებშიც იმდენად ვერ გაშენდა. როდესაც ფერჰად-ფაშამ არეშის ციხე განაახლა, ამ [კახეთის ციხის] ქვები ურმებით იქ წააღებინა. მისმა სულთანმა მე, მწირს, მეგობრულად მომცა ერთი დღის სავალზე გამცილებელი. სამხრეთისაკენ ვიარეთ და ნოდარი-ხანის სოფელში გავჩერდით. მდინარე მტკვრის ნაპირას მდებარეობს. ათასი სახლი, ჯამე, ფუნდუკი და აბანო აქვს. აქედანაც გზა განვაგრძეთ და თბილისის ციხეში მოვედით.

ამბავი თბილისის შესახებ: ირანელი ისტორიკოსის – „შერეფ-ნამეს“ ავტორის სიტყვით [4], ეს ქალაქი აუშენებია ალექსანდრე მაკედონელის ხაზინადარ ბითლისს. ვანის ვილაიეთში რომ არის ბითლისი, ისიც მას აუშენებია. შემდეგში ეს ციხე მოჯანყეების მიერ მრავალჯერ ყოფილა ალყაშემორტყმული, ხელიდან ხელში გადადიოდა და ბოლოს საქართველოს ერთ-ერთი მმართველის – დაუთ-ხანის მფლობელობაში აღმოჩნდა [5]. ამ უკანასკნელის ხელში რომ იყო, ოსმალთა შიშით ირანის შაჰს შეაფარა თავი, გვირგვინი დაიდგა და თავის სამფლობელოში ხანი გახდა; დიდხანს მულქიეთის წესით ანუშირვანივით სამართლიანად განაგებდა. რომ ააყვავა და გააშენა [ქალაქი], ბოლოს სულთან მურად მესამის დროს ლალა ფერჰად-ფაშა[6] მიწაზე დაუტეველი ურიცხვი ლაშქრით წამოვიდა საქართველოზე, ჩილდირის ციხე და მასზე დაქვემდებარებული სამოცდაათი ციხე დაიპყრო. როდესაც დაუთ-ხანმა გაიგო, რომ დიდებული სარდალი თბილისისაკენაც გამოემართა, ორმოცი ათასი მეომარი თბილისის დასაცავად დააყენა და საომრად მოემზადა. მეორეს მხრივ [ოსმალთა] ჯარი სასწრაფოდ დაიძრა, შირვანის ველზე გაჩერდა და კარავი დასცა.

სარდალმა პირველად წერილი გაგზავნა თბილისში და [ისლამის] სარწმუნოებისაკენ მოუწოდა: „ან ისლამი მიიღეთ, ან ციხე ფადიშაჰს ჩააბარეთ და ციხის გარეთ მოხარაჯე ქვეშევრდომები გახდით. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილია, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის ყველა თქვენგანს აუცილებლად ხმლით ავკუწავთ, თქვენს ცოლ-შვილსა და ჯალაბს ტყვედ წავიყვანთ“ [7]. წერილი რომ მივიდა და მისი შინაარსი ცნობილი გახდა, ყველანი შეიკრიბნენ და ბჭობა მოაწყვეს. „ოსმალომ, რაც უნდა, ის ქნას“-ო გადაწყვიტეს, ელჩი გააგდეს და ციხეში ჩაიკეტნენ. მაგრამ წინდახედულმა პირებმა, რომელთაც იცოდნენ რომ ისლამის ჯარების შემოტევას ვერ გაუძლებდნენ, ისევ მოითათბირეს; [ამის შედეგად] ყველამ ქვეყანა დატოვა და ციხე დაცალეს. დიდებულმა სარდალმა ეს ამბავი როიმ შეიტყო, ისლამის ლაშქრით დაედევნა. თბილისის ახლოს მდინარე მტკვარი გადალახა, ერთი დღე და ერთი ღამე ჭენებით იარა და ზაგემის ციხის ძირას თბილისის ხანს წამოწია. ისინი ცოლ-შვილითა და ჯალაბით ჯაგნარსა და ტყე-ღრეში გამაგრებულიყვნენ. მუსლიმი გმირები თავს დაესხნენ და ქართველებსა და ყიზილბაშებს თავები დააყრევინეს. ძალიან დიდი ნადავლი ჩაიგდეს ხელში. ყველაზე უბრალო მეომარმაც კი იმდენი ოქრო იშოვა, ერთ ფარს გაავსებდა. ამის შემდეგ, ძლევამოსილმა სარდალმა იანიჩართა აღა იანიჩართა შვიდი ოდათი თბილისის ციხის დასაკავებლად გაგზავნა და თვითონ ისლამის ლაშქრით ზაგემის ციხის დასაპყრობად დაიძრა. ციხე დანებდა და ისე დაიკავა. შიგ ჯარი ჩასხა. შემდეგ ჩრდილოეთისაკენ გაემართა და გრემის ციხეს ალყა შემოარტყა. ციხემ ოსმალთა იერიშის ძალას ვერ გაუძლო. [ციხის მცველებმა] შეწყნარება ითხოვეს და ციხე დიდებულ სარდალს ჩააბარეს; შიგ მყოფნი კი ჯოჯოხეთში გაიქცნენ. მე, მწირს, ზაგემის ციხე არ მინახავს, მაგრამ როდესაც კახეთის ციხის ველით გავდიოდი, გრემის ციხე დავინახე, ოღონდ შიგ არ შევსულვარ. ოსმან-ფაშამ ამ ქვეყანაში სანადიროდ გამოსული ლომივით აიღო ოცდაექვსი დიდი და პატარა ციხე. შიგ ჯარი და მეციხოვნეები ჩააყენა. შემდეგ გადასერა მანძილები და თბილისში შესვლის დღეს დიდი სიხარული და ზეიმი შეიქნა. შემდეგ ღირსეულმა სარდალმა ციხე ძალზე გაამაგრა და მისი ვილაიეთი აღწერა [8]. მართვა-გამგეობა მირ-მირანობის წესზე კესტამონუს ვილაიეთის განმგებელს სოლაკ ფერჰად-ფაშას ძე მეჰმედ-ფაშას[9] ჩააბარა, სხვადასხვა საომარი საჭურველი და მოწყობილობა შეავსო. იანიჩართა ოცი ოდა, ჯებეჯიების ხუთი ოდა, თოფჩუების ხუთი ოდა [და] ას სამოცდაათი სხვა დანგრეული ციხიდან გამოყვანილი ჯარები [თბილისის ციხეში] ჩააყენა. თირეს, მენთეშეს, თექეს, ჰამიდის სანჯაყებისა და სივასის ვილაიეთის ჯარები მთლიანად მეციხოვნეებად გაამწესა. საქართველოს სხვა მხარეებიც მოაწესრიგა და სტამბოლისაკენ გაემართა.

ამის შემდეგ სპარსელებთან ერთად საქართველოს ურჯულოებს თბილისის ციხე შვიდი თვის განმავლობაში ალყაშემორტყმული ჰქონდათ. ყველა მუსლიმი გმირი შიმშილისა და სიძვირისაგან უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. ისინი იძულებული გახდნენ ეჭამათ ჯერ ცხენები, ბოლოს ძაღლები და თანდათანობით – ბრძოლაში დაცემულ მუსლიმ მებრძოლთა გვამებიც. ისეთი [სიძვირე იყო], რომ ერთი სუბაშის ძაღლი შვიდი ათას ახჩად იყიდეს და შეჭამეს. ასეთ ყოფაში მტრის ყოველის მხრიდან თავდასხმას მამაცად უწევდნენ წინააღმდეგობას. ღვთის განგებით, არზრუმის ვალი მუსტაფა-ფაშა[10]. ზღვა ლაშქრით გამოეშურა და რომ მოაღწია, სპარსთა სარდალი იმამ-ყული[11], რომელსაც ციხისთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული, გაიქცა და აუარებელი ნადავლი და სურსათი ბრძოლის ველზე დატოვა. ციხეში გარშემორტყმული გმირები განუზომელი ნეტარებით აღივსნენ. მუსტაფა-ფაშა რომ მოვიდა ციხის ძირას, ისლამის ჯარი გამოცოცხლდა. მეორედ დიდვეზირის შვილმა ჰუსნი-ფაშამ სამი ათასი აქლემის საპალნე ხორბალი, სხვა მარცვლეული სურსათი მოიტანა და ამბრებში შეინახეს. პატარა ციხეში ახლაც არის საწყობები. სულთან მურად მესამის დროიდან სულთან მუსტაფას ტახტზე ასვლამდე[12] ეს ციხე ოსმალთა ხელში იყო. შემდეგ ქართველი ურჯულოები და სპარსელები შეერთდნენ, მოულოდნელად მიიტანეს იერიში, შიდა ციხიდან მუსლიმი გმირები შეწყალებით გამოიყვანეს და ციხე შაჰს ჩააბარეს [13]. იმ დროიდან სპარსელთა ხელშია. ძალიან კეთლმოწყობილი და გაშენებულია.

თბილისის ციხის აღწერა: მდინარე მტკვრის ნაპირზე, ციცაბო კლდეზე ერთმანეთის პირდაპირ ორი ციხეა, რომელსაც ბითლისს – თბილისს უწოდებენ. მათ შორის მდინარე მტკვარი მიედინება. რადგანაც ერთი კლდიდან მეორე კლდეზე დიდი ხიდია [გადებული], ერთი ციხიდან მეორემდე ადვილად გადაისვლება. დიდი ციხე მდინარე მტკვრის სამხრეთითაა და პატარა ციხე – ჩრდილოეთით. მ დ ი ნ ა რ ე მ ტ კ ვ ა რ ი: დიდ ციხეს ველის მხარეზე აქვს კარი, რომელიც პატარა ციხისაკენაა გაყვანილი. ამ კარის წინ მტკვარი კედელს ეხეთქება და ისე მიედინება. შვიდი დღის სავალზე ბაქოს ციხესა და ქალაქ გილანს შორის ხაზართა ზღვას ერთვის. სათავეს ჩილდირის ვილაიეთის მთებში იღებს, ყარა არტაანზე გამოივლის, ახალციხისა და აწყურის ციხეებს ჩაუვლის, თბილისზე გაივლის და ხაზართა ზღვას ერთვის. ძალიან დიდი მდინარეა და ირანელი ისტორიკოსები მოგვითხრობენ, რომ მას ათას სამოცამდე შენაკადი აქვს.

ამ მდინარის პირას, ციცაბო კლდეზე ბითლისის მიერ აშენებული დიდი ციხის გარშემოწერილობა ექვსი ათასი ნაბიჯია. მაგრამ ძველი ნაშენია. კედლის სიმაღლე სამოცი წყრთაა. სამოცდაათი ბურჯი და სამი ათასი ქონგური აქვს. ერთი ხიდიანი კარი აქვს. თხრილი არა აქვს. მდინარე მტკვარს ერთი წყლისთვის განკუთვნილი, ხვრელიანი კოშკი გადაჰყურებს; ალყის დროს იქიდან იკლავენ წყურვილს. გალავნის შიგნით ექვსასი ბანიანი სახლია. ხანის სასახლე ამ ციხეშია, ჯამე, ქარვასლა, აბანო და მცირე ბაზარი აქვს.

პატარა ციხე შემდეგ არის აშენებული ეზდიგერდ-შაჰის მიერ [14]. ერთ ციცაბო გორაკზე დგას. ოთხკუთხა, პატარა ციხეა. ხიდის თავში პატარა კარია. შიდა ციხეში სამასი სახლი და ჯამეა, მაგრამ ბაზარი და სხვა რამ ნაგებობა არაა. ეს ციხე დიდი ციხის ჩრდილოეთით მდებარეობს. პატარა ციხე დიდ ზღუდეზე მტკიცეა. [ციხის] კოშკებს სამი ათასი მეციხოვნე იცავს. ყოველ ბნელ ღამეს მცველები „ხოდა ხუბ“-ს გაიძახიან [15].

მცხოვრებთა უმრავლესობა ოსმალთა დროიდან მოყოლებული სუნიტებია და ჰანეფისა და შაფის მოძღვრების მიმდევრები არიან [16]. ულემა ბევრია.

აქ მოჰყავთ ხორბალი; წმინდა და თეთრი თბილისური პური, თეთრი და წითელი ატამი. ქებულია მისი ბამბა და ანგორის მატყლი. მდინარე მტკვარს მოსავლისათვის სარგებლობა არ მოაქვს. ყველაფერი წვიმის წყალობით მოდის. თუმცა მდინარე მტკვარი თავის შენაკადებიანად ასორმოცდაათამდე დასახლებულ ადგილს ჩაუვლის, არცერთი მათგანისათვის სარგებლობას არ იძლევა. ამიტომ არის, რომ მას „ქორ“ უწოდებენ. მონღოლურად ამ მდინარეს უსარგებლოს მნიშვნელობით „ურ“-ს უწოდებენ [17]. თუმცა მისი წყალი ძალზე გემრიელია, რადგანაც დაბალ დონეზე მიმდინარეობს, მაღალ ადგილებს ვერ რწყავს.

მისი [ჩვეულებრივი] აბანოები ქებული არ არის, რადგანაც ქალაქში ცხელი წყლებია.

თბილისის ცხელი წყლების აღწერა: დიდი ციხის აღმოსავლეთით ბუნებრივი ცხელი წყალია. წყალი ისეთი ცხელია, რომ შიგ ცხვრის თავ-ფეხი მოიხარშება. გუმბათიანი, სასარგებლო ცხელი წყაროა.

თბილისი კახეთის ციხიდან ხუთი დღის სავალზეა. არეშის ციხემდე ოთხი დღის სავალია და განჯის ციხემდეც – ოთხი დღისა.

ორას თანამგზავრთან ერთად სამი თუმანი აბასური ფული გზის სახარჯო მივიღეთ, სამხრეთისაკენ ვიწრო გზებით ვიარეთ და ოთხ საათში მცხეთის ციხემდე მივედით [18]. ციცაბო კლდეზე პატარა, ოთხკუთხა ციხეა. სპარსელების მბრძანებლობაშია და თბილისის ნაჰიეა.

გორის ციხეც ჩვენს მარჯვნივ, ერთ მაღალ გორაკზე მოჩანდა. მასთან არ მივსულვართ, შორიდან დავათვალიერეთ; აქედან გზა განვაგრძეთ პირდაპირ და სურამის [19] ციხესთან მივედით. თბილისის ხანის მბრძანებლობაში მყოფი, გორაკზე მდებარე პატარა ციხეა, მაგრამ უაღრესად ძლიერი, მტკიცე სიმაგრეა, რომლის ბურჯები და კედლები ცას ებჯინება. მისი ამშენებელი ანუშირვანია. მცხოვრებთა უმრავლესობა ქართველები, გოქდოლაკები და სომხები არიან.

აქედან ავიყარენით, დასავლეთისაკენ 4 საათი ვიარეთ და აწყურის ციხეს მივაღწიეთ.

აწყურის [20] ძველი ციხის აღწერა: [ამ ციხეს] ალექსანდრეს ქვაბულს უწოდებენ. ისტორიულ თხზულება „შარაფ-ნამეს“ მიხედვით საქართველოში პირველად აშენებული ციხე ეს არის. დიდი ალექსანდრეს აშენებულია. ის გარემოება, რომ დიდი, ოთხკუთხა, გრანიტის [ნაგებობაა], გვიჩვენებს, რომ ალექსანდრეს აშენებულია. ოთხკუთხა ძველი ციხეა. საქართველოს მიწაზე, ახალციხის საზღვრებში სამოადგილეო არის. სამხრეთისაკენ ერთი კარი აქვს. მას აღა განაგენს. ორასამდე ჯარისკაცი ჰყავს. ჯამე, ფუნდუკი, აბანო, ორმოც-ორმოცდაათამდე დუქანი აქვს. თვალწარმტაცი ვენახები და ბაღები ბევრია. რადგანაც აქაურობა საქართველოს შავშეთის ხალხის საზღვრებშია, მცხოვრებნი ქართულად მეტყველებენ.


  1. დარუბანდის ციხე იგულისხმება – ი. ხ.
  2. ძნელი სათქმელია, რომელი ქალაქი იგულისხმება. ქვემოთ ევლია ჩელები წერს: „... ზაგემის ციხე არ მინახავს, მაგრამ როდესაც კახეთის ციხის ველით /ალაზნის ველი ?/ გავდიოდი, გრემის ციხე დავინახე, ოღონდ შიგ არ შევსულვარ“ /ევლია ჩელების მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. I, გვ. 294/ - გ. ფ.
  3. ირან-ოსმალეთის I ომის პირველი დიდი ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1514 წლის 23 აგვისტოს სამხრეთ აზერბაიჯანში ჩალდირანის ველზე /და არა ჩილდირში/ - გ. ფ.
  4. შერეფ-ხან ბითლისი – მომთაბარე ქურთული ტომის რუზექის ბელადების შთამომავალი. რადგანაც ბითლისის ოლქი ოსმალებმა დაიპყრეს, მისი მფლობელები ირანში გადასახლდნენ. იქ დაიბადა და სეფიანთა კარზე აღიზარდა შერეფ-ხანი. XVI საუკუნის 80-იან წლებში ირანში დაწყებული არეულობის გამო ოსმალეთში გადმოვიდა და სულთნის სამსახურში ჩადგა; სამემკვდრეოდ მიიღო ბითლისის ოლქი. აქ, 1596 წელს მან დაამთავრა თავისი ორტომიანი თხზულება – „შერეფ-ნამე“. პირველ ტომში მოცემულია ქურთული მომთაბარე ტომებისა და დინასტიების ისტორია და ბითლისის საემიროს ისტორია გეოგრაფიული აღწერილობით; მეორე ტომი ირანის, ოსმალეთისა და შუა აზიის მატიანეს წარმოადგენს და მოიცავს 1290-1595 წლების ამბებს. „შერეფ-ნამე“ განსაკუთრებით XVI საუკუნის ისტორიისათვის არის ძვირფასი წყარო /История Ирана с древнейших времён до конца 18-го века... გვ. 249-250/ - გ. ფ.
  5. დაუთ-ხანი – დავით XI /1564-1579/ – სიმონ I-ის მაჰმადიანი ძმა, ირანის მიერ ქართლის განმგებლად დანიშნული - გ. ფ.
  6. შეცდომაა – ირან-ოსმალეთის II ომის პირველ ლაშქრობას სარდლობდა ლალა მუსტაფა-ფაშა და 1578 წლის 9 აგვისტოს ჩილდირის ველზე გამართულ ბრძოლაში ოსმალეთის ჯარმა დაამარცხა ყიზილბაშების ჯარი. ოსმალების წინააღმდეგ გამართულ ამ ბრძოლაში ქართველებიც იღებდნენ მონაწილეობას - გ. ფ.
  7. აქ მოცემულია „ურჯულოების“ წინააღმდეგ მოწყობილ „საღვთო ომში“ გამარჯვებული მუსლიმების ტრადიციული ულტიმატუმი - გ. ფ.
  8. თბილისის ვილაიეთის დაარსება, გადასახადების გაწერის მიზნით მისი აღწერა დადასტურებულია, რადგან არსებობს ოსმალების მიერ შედგენილი თბილისის დავთარი. ოსმალური წესების შემოღებას განხორციელება არ ეწერა და ქართველი ხალხის ბრძოლამ თბლისის დავთარი ფარატინად აქცია /თბილისის დაპყრობისა და ქართლში ოსმალური მართვა-გამგეობის შემოღების ცდების შესახებ იხ. მ. სვანიძის „საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან. XVI-XVII“, თბილისი, 1971, გვ. 113-116/ - გ. ფ.
  9. სოლაკ-ფერჰად-ფაშას ძე მეჰმედ-ფაშა ჯერ სანჯაყის ბეგი იყო, შემდეგ დააწინაურეს და კასტამონიის ბეგლარბეგი გახდა; 1577-1578 წ. ყარსის ბეგლარ-ბეგად დაინიშნა და ლალა მუსტაფა-ფაშას ლაშქრობაში მონაწილეობდა ირანის ომში /სიჯილ-ი ოსმანი, VI, 124/. ამ ლაშქრობის დროს თბილისის პროვინციის გამგებლად დაინიშნა /ს. ჯიქია, იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, გვ. 42/. 1579-1580 წ. ირანის ომში მონაწილეობდა. 1582 წლიდან დიარბექირის ბეგლარ-ბეგი იყო და 1584 წელს ირანთან ომში მოკლეს /სიჯილ-ი ოსმანი, IV, 124/ - გ. ფ.
  10. (*თბილისის ციხის ალყა, ოსმალთა გაჭირვება და მუსტაფა-ფაშას მიერ ალყაშემორტყმულთა გათავისუფლება ევლია ჩელების გადმოღებული უნდა ჰქონდეს იბრაჰიმ ფეჩევის „ისტორიიდან“. იქ მოხსენიებული მუსტაფა-ფაშა ადრე ლალა-ფაშას ქეთხუდა იყო, შემდეგ ბეგლარ-ბეგობა მიიღო და მარაშში დაინიშნა ვალის თანამდებობაზე. ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს და 1594-1595 წ. ირანთან ომში დაიღუპა /ს. ჯიქია, იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები... გვ. 54 და 125, შენიშვნა 72/
  11. იმამ-ყული-ხანი – ყარაბაღის ბეგლარ-ბეგი, ყიზილბაშთა სარდალი - გ. ფ.
  12. სწორი არაა – სულთანი მუსტაფა I ტახტზე ავიდა 1617 წელს; თბილისი კი 1606 წელს დაიკავეს სპარსელებმა და „თბილისიდან ოსმალთა განდევნის შემდეგ, ქართლში ფაქტიურად დამთავრდა ე. წ. „პირველი ოსმალობა“ /1578-1606 წწ/“, /იხ. მ. სვანიძე, დასახ. ნაშრ., გვ. 237 - გ. ფ.
  13. იგულისხმება შაჰ-აბას I, რომელიც თბილისში შემოვიდა 1606 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც მისმა სარდალმა ალი-ყული-ხანმა უბრძოლველად დაიკავა იგი - გ. ფ.
  14. ევლია ჩელები აქაც არ ღალატობს ტრადიციას და სასანელთა შაჰს მიაწერს თბილისის აშენებას - გ. ფ.
  15. ე. ი. მეციხოვნეები სპარსელები არიან და სპარსულად ადიდებენ ღმერთს – „კეთილ არს ღმერთი“ - გ. ფ.
  16. ევლია ჩელები საგანგებოდ აღნიშნავს ამ გარემოებას, რათა თბილისზე ოსმალების უფლება დაამტკიცოს: შიიტმა ყიზილბაშებმა თვილისიდან განდევნეს სუნიტი ოსმალები მაშინ, როდესაც „მცხოვრებთა უმრავლესობა ოსმალთა დროიდან მოყოლებული სუნიტებია“. თბილისში ოსმალების ბატონობა /1578-1606/ აქ არაფერ შუაშია; საქმე ისაა, რომ თბილისის მუსლიმი მოსახლეობის დიდი ნაწილი შირვანიდან იყო ჩამოსახლებული; შირვანელები კი სუნიტობის მიმდევრები იყვნენ /ჰანეფი, შაფი – ორთოდოქსალური ისლამის – სუნიტობის ძირითადი მიმდინარეობანია/ - გ. ფ.
  17. მტკვრის ეტიმოლოგიისათვის იხ. აკად. ს. ს. ჯიქიას რეცენზია ა. ახუნდოვის შრომაზე – А. Ахундов, Этимология слова «Кура» /Учёные записки АГУ, № 10, Баку, 1956/. რეცენზია გამოქვეყნებულია თბილისის უნივერსიტეტის „შრომების“ 91-ე ტომში /აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, II, თბილისი, 1960, გვ. 444-448/. ევლია ჩელების მსჯელობა მტკვრის ეტიმოლოგიაზე განხილულია 448-ე გვერდზე - გ. ფ.
  18. „ქუსხეთ“ შეიძლება ქვიშხეთს აღნიშნავდეს და ამ შემთხვევაში ევლია ჩელების თანამიმდევრობა არევია /ქვემოთ წერს, რომ თბილისიდან 4 საათში ჩავიდა ამ პუნქტში და მერე გორში მივიდა/, ან კორექტურული შეცდომაა და „მსხეთ“ – „მცხეთა“ უნდა იყოს - გ. ფ.
  19. ტექსტშია – „სურან“ - გ. ფ.
  20. დაწვრილებით იხ. სერგი ჯიქია, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, წიგნი III, თბილისი, 1958, გვ. 121 - გ. ფ.

LXXV. შავშეთის ქართველების ენა [1][edit]

ართ – ერთი; ორი – ორი; სამ – სამი; ოთხი – ოთხი; ხუთ – ხუთი; ექსი – ექვსი; შდი – შვიდი; ზ(რ)ვაი – რვა; ხჯრაი – ცხრა; ათი – ათი; ფუჟ(რ)ი – პური; ჩიღალ – წყალი; ხრჯ – ხორცი; ღით(ნ)ე – ღვინო; ბაქ(ლ) – ბალი; ფსმალ – მსხალი; კუვახ – კვახი; ლღი – ლეღვი; კურზთ(ნ)ი – ყურძენი; რათხლი – თხილი; ნსუ – ნესვი; ფროჩ(წ)უღული – ბროწეული; ხრბუჯკ – ხავურზაკი; ფრ(ჟ)ოლი – ბჟოლა; კ[გ]ოკ[გ]ო – გოგო; კ[ქ]ალ – ქალი; აკ[ქ] მოდ ბჟო – მოდი, ბიჭო; ფ[პ]ურ ჯამოს – პური ჭამოთ; დაჯდ ბჟო – დაჯექ, ბიჭო; ... ... (უწმაწური გამოთქმაა და თარგმანში გამოვტოვეთ - გ. ფ.); არ ს[წ]ვიდს ხშამ – არ წახვიდე უდაბნოში; აკ[ქ] ფ(ბ)ათ[ტ]ონი – მოდი, ბატონო; ფ[პ]ური ჩ[ჭ]ამოს – პური ვჭამოთ; . . . (არაბული ასოებით დაწერილი ქართული სიტყვა და მისი თურქული შესატყვისიც გაუგებარია - გ. ფ.); აკ[ქ]მოდ არ ს[წ]ვიდშ[ს] – მოდი, ნუ წახვალ; დაჯდ ფ[ბ]ათ[ტ]ონ – დაჯექ, ბატონო; ფ[ბ]ათ[ტ]ონ ერთ – ბატონი ერთი; აკ[გ]იმ ფ[პ]თ[ტ]რია – ვნახო პატარაა; იდიდი არსი – არა დიდია; არ ღ[ყ]დოს – არ ვყიდულობ; კარ არ არრას კ[გ]ლხა – კარგი არ არის, გლახაა; ჩ[ც]იხი – ცხენი; ჩ[ჯ]ორი – ჯორი; ვრი – ვირი; ჩ[ძ]აღლი კუდიან – ძაღლი ეშმაკია.

კიდევ ბევრი სიტყვა და გამოთქმა აქვთ, მაგრამ რადგანაც კალამს არ მოჰყვება, მხოლოდ ამდენის დაწერა შევძელი.

საქართველოს მეფეების წარმომავლობა [2]:ნიმროდიდან წარმომავალ ხალხებში პირველნი ებრაელები არიან. მათ შემდეგ – ქართველების დადიანისა და შავშეთის ხალხები. ამათ შემდეგ გურიელი, აჩიკ ბაში, მეგრელი ხალხია. ყველა ესენი ებრაელები და, დავითის – მშვიდობა იყოს მასზე – მრევლთაგანი იყვნენ; ქრისტიანობა მიიჩემეს და სახარების მიხედვით მოქმედებენ. ესენი თორმეტ ენაზე ლაპარაკობენ. თითოეული მათგანი თავის კილოზე ლაპარაკობს. ვერაფრით ვერ გაიგებ. მათი აზრით, შავშეთისა და დადიანის ხალხები უნატიფეს ენაზე მეტყველებენ. მოსკოვის ხელმწიფის შთამომავლობა რომ ამოწყდეს, ამ საქართველოდან ერთ ბეგს წაიყვანენ და გაამეფებენ. კეთილშობილი ხალხებია. ქართველი მღვდლები ჩემულობენ, რომ მათი საგვარეულო შტო ადის ქეიქავუსამდე და მისი მეშვეობით კი – წინასწარმეტყველ დავითამდე. ამგვარად, ერთ უცნაურ ამბავს მოგვითხრობენ: „საქართველოში ერთი ხელმწიფე იყო. მის შემდეგ გამეფდა მისი ქალიშვილი, რომელსაც თამარი ერქვა. მამისაგან მემკვიდრეობით მიღებულ სამფლობელოში მართვა-გამგეობა დაიწყო. [ამ] დედოფლის ქალიშვილი სრულწლოვანი რომ გახდა, მეფის შვილს მისცეს, რომელსაც ბეგ დივანი ერქვა. ამ ქალიშვილს სამი ვაჟი შეეძინა. ბიჭები რომ დავაჟკაცდნენ, საქართველო გაინაწილეს. უფროს უფლისწულს, რომელსაც მარულა ერქვა, მისცეს ქუთათისის ქვეყანა, რომლის ნამდვილი სახელი აჩიკ ბაშის ქვეყანაა. ამგვარად, ბაში აჩუკის ხალხის შთამომავლობა ამ დიდი უფლისწულისაგან მოდის. შუათანა ვაჟს სიმონს თავრიზის ოლქი მისცეს. უმცროს ვაჟს – დადიანს – ბაღითის ქვეყანა. ამგვარად, დადიანის ხალხის წარმომავლობაც მას უკავშირდება. იმის გამო, რომ ეს დადიან-ბეგი ქვეყნის დამამშვენებელი, სამართლიანი მბრძანებელი იყო, მთელი საქართველო მას დაემორჩილა. ამჟამად, საქართველოში სამეგრელოსა და იმერეთის ბეგებს ისეთსავე პატივს სცემენ, როგორც მღვდელმთავრებს. ხელმწიფეები ტახტზე ასვლის დროს ამ სამეგრელოსა და იმერეთის ბეგების ხელით შემოირტყამენ ხმალს. როდესაც შაჰ სელიმ პირველი ტრაპიზონში იყო [ბეგლარ-ბეგად], ქუთათისის ციხეში იმერეთის ბეგთან კარგი მეგობრობა დაამყარა. როდესაც დამოუკიდებელი ფადიშაჰი გახდა, იმერეთის ოლქს ხარაჯა და ურფის გადასახადი მოუხსნა და გაათავისუფლა. დღემდე თავისუფალი არიან. უბრალოდ, ყოველწლიურად სტამბოლში ტყვეებს, შევარდნებს, სონღულებს, ჯორებს და იშვიათი სილამაზის ქართველ ქალებს აგზავნიან.

აქედან ავიყარენით, ნაყოფიერ ადგილებში ვიარეთ და ახალციხეს მივაღწიეთ. თუმცა ამისი სახელი „ახისხაა“, ამ სიტყვას გარშემო მცხოვრები ხალხები თავთავის ენაზე [სხვადასხვანაირად] გამოთქვამენ. მაგალითად: „ახისკა“, „ახირკისკა“, „აკსიკა“ [3]. მაგრამ ფადიშაჰის დავთარხანაში წერია: „ჩილდირის ვილაიეთის განმგებელი მავანი ფაშაო“. ციხის პირველი ამშენებელი ანუშირვანია. ანუშირვანი ყოველწლიურად საიალაღოდ ექვს თვეს ახალციხეში ატარებდა. შემდეგ მრავალთა ხელში გადავიდა. „შერეფ-ნამეს“ ისტორიული ცნობის მიხედვით, ომაელი [ხალიფა] ჰიშამ ბენ აბდ ალ-მალიქი[4] სირიიდან მოვიდა ზღვისოდენა ჯარით, დაიპყრო ალეპოს, აინთაბის, მარაშის, მალათიას, დიარბექირის, არზრუმის და სხვა ციხეები. შემდეგ საქართველოსაკენ გაემართა და ახალციხის ციხეც დაიპყრო. მას შემდეგ, რაც დამორჩილდნენ თბილისი, საქართველოსა და დაღისტნის სხვა ქალაქები, ჰიშამი სატახტო ქალაქ დამასკოში დაბრუნდა. შემდეგ ხანებში ქართველები თავს გავიდნენ, მთლიანად მიატოვეს ისლამი და მორჩილებიდან გამოვიდნენ. შემდეგ იქაურობა დაიპყრო აზერბაიჯანის მბრძანებელმა ყარა ყოიუნლუ ყარა ჲუსუფმა [5]. თემური რომ გამოჩნდა, ყარა-ჲუსუფმა ვეღარ გაუძლო და ოსმალო [სულთან] ბაიაზეთ ილდირიმ-ხანს შეაფარა თავი. შემდეგ ეს ციხე სულთან უზუნ ჰასანს დარჩა. თუმცა თემური უზუნ ჰასანის წინააღმდეგ გამოვიდა. უზუნ ჰასანი კეთილგონივრულად გაეშურა მისკენ, მის უზანგს ეამბორა და თავისი ქვეყანა ძარცვა-რბევას გადაარჩინა [6]. ამის შემდეგ აზერბაიჯანის სახემწიფოს შეიხის – სეფის შთამომავლის ე. ი. ირანის შაჰის – შაჰ-ისმაილის ხელში გადავიდა. ეს ახალციხე იალაღად აქცია და შემდეგ საქართველოს ხალხი დაიპყრო და დაიმორჩილა. [სულთან] ბაიაზეთ-ხანის[7] ხანაში ოსმალთა ვილაიეთი გააპარტახა და თვით არფა ჩოკურად წოდებულ სივასამდე შვიდი სავილაიეთოს ადგილი ხელში ჩაიგდო. იმ დროს [უფლისწული] სელიმ-ხან პირველი ტრაპიზონის მბრძანებელი იყო. ამ ავისმოქმედი შაჰის ჯარს წამოეწია, ლომივით დააცხრა და ყველანი ამოწყვიტა. ფადიშაჰი რომ გახდა, პირველი საღვთო ომის ნათლობას რომ იტყვიან, მისი შედეგი იყო შაჰ-ისმაილის წინააღმდეგ ზღვა ჯარით გალაშქრება. ჩალდირანის ველზე [გამართულ] ომში ირანის ასიათასიანი ლაშქრის ამოწყვეტა – შაჰ-ისმაილის სივასამდე შესევის პასუხად. ამ ომში შაჰმა მხოლოდ თავის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო და აზერბაიჯანში გადაიხვეწა. სულთანმა სელიმ-ხანმა კი ამ ომის შემდეგ მთელი გურჯისტანი[8] თავის მბრძანებლობას დაუმორჩილა.

ახალციხის ციხის დაპყრობის თარიღი: „იდუმალმა ხმამ თქვა მისი თარიღი – აიღო ირანის სახელმწიფო რუმის სულთანმა“ [9].

შემდეგ იგი სელიმ-ხანმა დიდ ვილაიეთად აქცია და ერთ ვეზირს უწყალობა. [ეს] ჩილდირის ვილაიეთი ცამეტი სანჯაყისაგან შედგება. ხაზინისა და თიმარის დავთარდარი, დავთრისა და ჩაუშების ემინი, ჩაუშების ქეთხუდა და ჩაუშთა ქათიბი ჰყავს.

სანჯაყები: ოლთისი, ხერთვისი, არტანუჯი, ჭაჭარაქი, არტაანი, ფოცხოვი, მაჭახელა, ახალციხე – ფაშის სამყოფელი სანჯაყია, ფერთექრექი, ლივანა, მცირე ლივანა. შავშეთის სანჯაყები ჲურთლუღი და ოჯაკლიკებია და მულქიეთის წესით არის მფლობელობაში.

მისი ხასები: ოლთისი 300 017 [ახჩა], ფერთექი 462 190 [ახჩა], არტანუჯი 280 000 [ახჩა], არტაანი 300 000 [ახჩა], შავშეთი 65 600 [ახჩა], ლივანა 365 000 [ახჩა], ხერთვისი 200 500 [ახჩა], ჭაჭარაქი 365 000 [ახჩა], ფოცხოვი 206 500 [ახჩა], მაჭახელა 20 322 [ახჩა], აჭარა 200 000 [ახჩა], ფანაკი 400 000 [ახჩა].

თითოეულ სანჯაყში არსებული ზეამეთები და თიმარები: სულ 656 თიმარი და ზეამეთია. კანონის მიხედვით ჯებელიებითურთ 800 მეომარი გამოდის. ფაშის ლაშქრიანად ათას ხუთასი მეომარია. ოლთისში 3 ზეამეთი და 123 თიმარია; დიდ არტაანში 8 ზეამეთი და 87 თიმარია; არტანუჯში 4 ზეამეთი და 42 თიმარია; ჭაჭარაქში 2 ზეამეთი და 72 თიმარია; ხერთვისში 13 ზეამეთი და 35 თიმარია; ფოცხოვში 12 ზეამეთი და 68 თიმარია; ფანაკში 8 ზეამეთი და 54 თიმარია; სასინი [10] 7 ზეამეთი და 4 თიმარია; ლორე – 9 ზეამეთი და 10 თიმარია; ახალციხე – 10 ზეამეთი და 17 თიმარია; ახალქალაქში 11 ზეამეთი და 32 თიმარია; ხათლა (? - გ. ფ.) 18 ზეამეთი და 7 თიმარია; ისპირში 4 ზეამეთი და 14 თიმარია. სალაშქროდ წასვლის პირობის უზრუნველსაყოფად ათას სამოცი სოფლიდან ყოველწლიურად სამას ოცი ქისა შემოდის. ზეამეთებისა და თიმარების მფლობელების სარჩოა. სულთან სელიმ [პირველმა] ეს ვილაიეთი სანჯაყის ფაშას უბოძა ბრწყინვალე თუღრით და არზრუმის, სივასის, მარაშის, ადანას, ოზმას ვილაიეთები ჩილდირის ვალის დაუმორჩილა. მათი დაცვისათვის მუდმივი მზადყოფნა კანონი იყო. პირველად 500 ახჩის გასამრჯელოიანი დიდი ყადის ადგილი – მევლევიეთი უბოძა ესქელიბი რამაზან-ეფენდის. ახლა სამასახჩიანი თანამდებობის პატიოსანი ყაზაა. მას ყადის სამართლის წარმოებისათვის წლიურად შემოუდის 7 ქისა. ფაშას კი – 80 ქისა. არის სუბაშის თანამდებობაც. ჩილდირის მირმირანისათვის სამეფო ხასი 400 000 [ახჩაა]. ორი ათასამდე ჯარისკაცი, ციხისთავები, შვიდი ასეული მაღალი კარის იანიჩართა აღა, ჯებეჯიების აღა, თოფჩუების აღა ჰყავს. ყველა მხარე დასახლებული და გაშენებული იყო, მაგრამ 1044 (1634-1635) წელს ყიზილბაშებმა იხელთეს დრო და დაიპყრეს. მას შემდეგ, რაც სულთან მურად მეოთხემ ირანს ერევანი წაართვა, ახალციხეც აიღო [11]. აქამდე შენდება და მშვენდება.

ახალციხის ციხის აღწერა: ციცაბო გორაკზე ქვით მტკიცედ ნაგები მომხიბვლელი ციხე-ქალაქია. ორი კარი აქვს. შიდა ციხეში ათას ასამდე უვენახო, უბაღო, მიწით დახურული სახლია. ერთი კარი აღმოსავლეთითაა, მეორე – დასავლეთით. ოცდარვა მიჰრაბი აქვს. ზემო ციხეში სულთან სელიმ პირველის ჯამე ძველი ნახელავი სამლოცველოა და მიწის თხელი ფენითაა გადახურული. საერთოდ, ამ ქალაქში ტყვიით დახურული შენობა არ არის. ამ მშვენიერი შენობის მინარეთი დანგრეულია. გუნბეთ-ოღლუს ჯამე მიწითაა დახურული; უმინარეთოა. ქვემო ციხეში ხალილ-აღას ჯამე ძველი აშენებული, მრავალრიცხოვანი მრევლის პატრონი, ლამაზი და გულისგამამხიარულებელია. ვინაიდან ვილაიეთის მცხოვრებნი სუნას მიმდევარი, მორწმუნე და ერთი ღმერთის მაღიარებელი ხალხია, ამიტომ, გარდა ხუთი ლოცვისა, ყველა ჯამეში ყურანი და სხვა ცოდნის წყარო იკითხება. საგანგებო სასწავლებელი, ჰადისების სახლი და ყურანის საკითხავი სახლი არა აქვთ, მაგრამ ცოდნის მაძიებელი ბევრია.

ციხის გარეუბანიც დიდად კეთილმოწყობილი და გაშენებულია. ცნობილია დელი მეჰმედის ფუნდუკი და ექმექჯი ისა-აღა-ოღლუს ფუნდუკი. ბევრი წნულით შეღობილი ბოსტანია. დიდია ქველმოქმედება და სიუხვე.

მშვენიერი წყალი უდეს მთებიდან მოდის, ამ ქალაქის ნათესებს რწყავს და აწყურის ციხისაკენ მიედინება. აქედან ქვიშხეთის ციხის სიახლოვეს მდინარე არეზს</ref>შეცდომაა, უნდა იყოს მტკვარი - გ. ფ.</ref> ერთვის.

ამ ციხიდან გარეუბანში გასვლა თხრილზე გადებული ხიდით შეიძლება. გარეუბანს გალავანი არ აქვს. ამ უბანში სამასი პატარა დუქანია. დახურული ბაზარი არ აქვს. რადგანაც მისი ჰავა რამდენადმე მკაცრია, ხალხი ჯანიანი, მამაცი და სახელოვანია. განსაკუთრებით – ვილაიეთის ვალი ვეზირი საფარ-ფაშა [12]; წარმოშობით ქართველი, გულადი, უნარიანი, მოასპარეზე ადამიანი იყო და ასევე, მისი ქეთხუდა დერვიშ-აღაც ქართველის ჩამომავალი, კეთილშობილი ვაჟკაცი იყო. სეიფი-აღა და სხვა საგვარეულოს ხალხი უნარიანი და ვაჟკაცი ხალხია.

ახალციხიდან ერევნამდე ექვსი დღის სავალია. შუაში ყარსის ციხეა. ახალციხიდან თბილისამდე ხუთი დღის სავალია და წასვლა შეიძლება აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის გზით. აქედან განჯისაკენაც ხუთი დღის სავალია აღმოსავლეთით.


  1. შესწავლილი აქვთ აკად. ს. ჯიქიას /იხ. С. Джикия, Евлия Челеби о мингрельском и грузинском языках, «Советское языкознание», II, Л-д, 1936/ და რ. ბლაიხშტაინერს /იხ. R. Bleichateiner, Die kaukasischen Sprachproben in Evliya Çelebis Seyahat-name, Caucasica, 11, 1934/ - გ. ფ.
  2. აღმოსავლურ წყაროებში გავრცელებული ლეგენდაა ქვემოთ მოხსენებული ამბავი. დაახლოებით ასე აქვთ წარმოდგენილი „ქართველი მეფეების წარმომავლობა“ თავიანთ თხზულებებში ოსმალო ისტორიკოსებს იბრაჰიმ ფეჩევისა და ალი ჩელების /ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ს. ჯიქია, იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები... გვ. 116, შენიშვნა 62/ - გ. ფ.
  3. ახალციხის შესახებ იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი III, თბ. 1958, გვ. 42-50 - გ. ფ.
  4. ომაელთა დინასტიის მე-10 ხალიფა ჰიშამი /724-743/; ქვემოთ მოთხრობილ ამბავში იგულისხმება არაბთა ლაშქრის შემოსევა საქართველოში მერვანის /მურვან ყრუს/ სარდლობით 736-738 წლებში - გ. ფ.
  5. თემურის შემოსევამდე თურქმანულ შავბატკნიანთა ბაჰარლუს ტომის ბელადი ყარა იუსუფი აზერბაიჯანში გაბატონებისათვის იბრძოდა. თემურ-ლენგის შემოსევის დროს აჰმედ ჯალაირთან ერთად გაიქცა სირიისა და ეგვიპტის მამლუქთა სულთან ფარაჯთან და იქ 1406 წლამდე ტყვეობაში იყო. 1406 წელს დაბრუნდა და ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ 1410 წელს დააარსა შავბატკნიან თურქმანთა სახელმწიფო, რომლის მბრძანებელი 1420 წლამდე იყო - გ. ფ.
  6. აქ ევლია ჩელების არეული აქვს ქრონოლოგიაც და მოვლენებიც: ა) სხვა წყაროებით არ დასტურდება, რომ ყარა იუსუფმა ოსმალეთის სულთან ბაიაზეთ I-თან შეაფარა თავი, სანამ სირიაში გაიქცეოდა ეგვიპტის მამლუქთა სულთანთან; ბ) თემურ-ლენგი 1405 წელს გარდაიცვალა და უზუნ-ჰასანი მას ვერ შეხვდებოდა, რადგან იგი თეთრბატკნიანთა სახელმწიფოს 1453 წელს ჩაუდგა სათავეში /1478 წლამდე/. შესაძლებელია, რომ უზუნ-ჰასანის სახელის ქვეშ თეთრბატკნიან თურქმანებს გულისხმობს ევლია ჩელები, რადგანაც შავბატკნიანთა და თეთრბატკნიანთა ტომების ერთმანეთთან ბრძოლების დროს „შავბატკნიანები თემურის მტრები იყვნენ და თეთრბატკნიანები მისი მოკავშირეები“ /იხ. И. П. Петрушевский, Государства Азербайджана в XV в., «Сборник статей по истории Азербайджана», вып. I, Баку, 1949, გვ. 167/. ეს იმ პერიოდს ეხება, როდესაც თეთრბატკნიანთა სათავეში იდგა ყარა-იულუკი /1378-1435/ - გ. ფ.
  7. სულთან ბაიაზეთ II /1481-1512/. საქართველოზე შაჰ-ისმაილის ყაჩაღური თავდასხმები ევლია ჩელების წარმოდგენილი აქვს როგორც „საქართველოს ხალხის დაპყრობა და დამორჩილება“ - გ. ფ.
  8. გურჯისტანი – აქ იგულისხმება „გურჯისტანის ვილაიეთი“ /„ჩილდირის ვილაიეთი“/, რომელიც მხოლოდ 1579 წელს შეიქმნა. მანამდე კი ტრაპიზონის ვილაიეთის განმგებელი სელიმი /შემდეგ სულთანი 1512-1520/ 1510 წლის ნოემბერში სამცხეზე გამოვლით დასავლეთ საქართველოში შემოვარდა, ქუთაისი, გელათი და მათი სანახები დაარბია და უკან გაბრუნდა. საქართველო არ დაუმორჩილებია /ამ ლაშქრობის შესახებ იხ. მ. სვანიძის დასახ. შრომა, გვ. 41-45/ - გ. ფ.
  9. აქ რიცხვნიშნების სათვალავი არეულია და შეუძლებელია თარიღის დადგენა - გ. ფ.
  10. ტექსტშია „სასინ“. ასეთი პუნქტი არ დასტურდება; შესაძლოა კორექტურული შეცდომაა და უნდა იყოს – „ფასინ“ – ბასიანი - გ. ფ.
  11. ევლია ჩელების მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ ირან-ოსმალეთს შორის 1639 წელს დადებული ზავის საფუძველზე ირანმა საბოლოოდ სცნო ოსმალეთის უფლება სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილზე - გ. ფ.
  12. იგივე ბექა, რომელიც 1581 წელს სტამბოლში წაიყვანეს და გაამაჰმადიანეს. თავისი ბიძა, მანუჩარ III მოკლა და ამით ბოლო მოუღო სამცხეში შემორჩენილ ათაბაგობას. 1628 წელს საფარ-ფაშა ახალციხის /ჩილდირის/ ფაშად დაინიშნა და 1651 წლამდე განაგებდა მას /იხ. მ. სვანიძე, დასახ. ნაშრ., გვ. 300-303/ - გ. ფ.

LXXVI. ჩილდირის ვილაიეთის სხვადასხვა მხარეში დამორჩილებული და დაპყრობილი საქართველოს ციხეები[edit]

ჩილდირის ახლოს ხერთვისის ციხე ლალა-ფაშას მიერ 986 (1578) წელს არის დაპყრობილი. ლალა-ფაშამვე დაიპყრო ხერთვისის ახლოს ახალქალაქის ციხე. ფარაქანის[1] ციხე და დიდი ვალეს ციხე ორ მაღალ მთას შორის [მდებარე] მაღალ გორაკზე პატარა ციხეებია .

საქართველოს ერთ-ერთი ბურჯი – ქუთათისის[2] ციხე ჩილდირიდან ორი დღის სავალის სიახლოვესაა. აჩიკ ბაშის ქვეყნის სატახტოა. ... – ის მთის ახლოს გაშენებულია და გურჯისტანის დედაქალაქია. სელიმ-ხანის [ტრაპიზონში] მოადგილეობის დროს აქაურობა ოჯაკლიკის წესით სამფლობელოდ იქცა. ხასი 606 000 [ახჩაა]. ჭაჭარაქის[3] ციხე ახალციხესა და არტაანს შორის ჩილდირის ვილაიეთში მდებარე ლივაა. მირ-ლივას სადგომია. ლალა-ფაშას დაპყრობილია. მისი ბეგის ხასი 365 000 ახჩაა. ალაი-ბეგი და ყადი ჰყავს. ხუთასი მეომარი გროვდება.

ქაჯის[4] ციხე 990 (1582) წელს ფერჰად-ფაშას დაპყრობილია. ჩილდირის ახლო ციცაბო კლდეზე [აშენებული] მაგარი ციხეა. ქალის[5] ციხეც ჩილდირის ახლო, მდინარე ჯაყის ნაპირას ციცაბო კლდეზე [აშენებული] შეუდარებელი ციხეა. ოქროს ციხე[6] ქვით არის ნაშენი და ქალის ციხიდან სამი საათის სავალზეა. ციხე ოდორია[7] ახალციხის ახლო, მიუვალი პატარა ციხეა. ალის ციხე[8] ახალციხის ახლოს არის. ფოცხოვის ციხე[9] ახალციხის ვილაიეთში სანჯაყის ბეგის სადგომია. ხასი, ზეამეთი და თიმარი ზემოთ არის მოხსენებული. 985 (1578) წელს ლალა მუსტაფა-ფაშას მიერაა დაპყრობილი. ასორმოცდაათახჩიანი ყადის ადგილია. ალაიბეგი და ჩერიბაში ჰყავს. ძველ დროს შავშეთში ორთუღიანი მირ-მირანი ჰყავდა. ჩილდირისაკენ შვიდი საათის სავალია.

შავშეთის ციხე [10]: ოჯაკლიკის წესით არის სამფლობელო. ყადი არა ჰყავს. შავშეთში მიუდგომელი და აუღებელი ადგილია.

ციხე ხარება, არტანუჯის ციხის სიახლოვეს ერთი ხევის პირას მდებარე მიუვალი ციხეა.

არტანუჯის ციხე [11]: ჩილდირის ვილაიეთში სანჯაყის ბეგის სადგომია. ბეგის ხასი და ზეამეთი არის მოხსენებული.

ციხე „უხთეჯი“: სანჯაყის ბეგის სადგომია. სახელმწიფო დავთარში მაჭახელად* იწერება [12]. მიუვალი ციხეა. მისი ბეგის ხასი აღწერილია.

ჯაყისმანის ციხე [13]: ჩილდირის ახლოს მიუვალი ციხეა. კიდევ სხვა ციხეებიც არის.

ამ სანახაობათა შემდეგ მისი აღმატებულება საფარ-ფაშასაგან ორი ქართველი ბიჭი, ერთი ცხენი, ერთი კარგი თოფი, ქართული წინდა და ასი ყურუში გვებოძა და თანამგზავრებთან ერთად არზრუმისაკენ გავემგზავრეთ.


  1. ფარაქანი – „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ ეს პუნქტი იგივე არტაანის ქალაქია /იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის..., წიგნი III, გვ. 503/ - გ. ფ.
  2. ევლია ჩელები ქუთაისის ძველ ქართულ ფორმას „ქუთათისი“ ხმარობს ნაცვლად სხვა ოსმალო ავტორებთან ხმარებული კოლხური ფორმისა „ქუთაში“ /ქუთაშის შესახებ იხ. ს. ჯიქია, იბრაჰიმ ფეჩების ცნობები... გვ. 121, შენიშვნა 64/ - გ. ფ.
  3. „ხაჯარაქ“. „ჭაჭარაქის“ თურქიზებული ფორმა უნდა ყოფილიყო – ჯაჯარაქ. ი. ჰამერს ეს ფორმა დაბეჭდილი აქვს Chadschrek/„ხაჯრექ“ად /GR, II, 865, იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის…, წიგნი III, გვ. 209-210/. რადგან ასეა, ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნში“ ამ სიტყვის პირველი ასო „ხ“ კორექტურული შეცდომა არ არის და ასეთი ფორმითაც იხმარებოდა თურქულში ქართული „ჭაჭარაქი“ - გ. ფ.
  4. „შაითან“. ქაჯის ციხის სახელწოდება, ისევე როგორც ბევრი სხვაც, თურქებმა თარგმნეს და მივიღეთ „შაითან-ყალა“ /იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის..., წიგნი III, გვ. 32, 402-405/ - გ. ფ.
  5. „კიზლარ“ – გოგოები. ჯაყის წყალზე მდებარე ქალის ციხე. ვახუშტისთან არ არის მითითებული. ქალის ციხე მას აღწერილი აქვს თრიალეთში: „აღმოსავლეთით და ჩრდილოთ უდის მტკვარი, სამხრით ქცია... პირველ ეწოდა მტკვრის ციხე, შემდგომად ხუნანი. და აწ მოჰამადიანნი უწოდებენ – ქალის ციხე – ყიზყალას, დაბის გამო“ /ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 1941, გვ. 45/ - გ. ფ.
  6. „ალთუნ კალესი“ – ოქროს ციხე. პირდაპირი თარგმანია ქართული „ოქროს ციხე“-სი. სოფ. შოყას ზემოთ მდებარეობს /იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის..., წიგნი III, გვ. 153/ - გ. ფ.
  7. „ოდორია“. ოდორიას ციხე ფოცხოვის ლივაში /იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის..., წიგნი III, გვ. 465-466/ - გ. ფ.
  8. „ალ კალესი“ – ალის ციხე, ვახუშტის მიხედვით „ალ ზეით არს მთის კალთას, ციხე ალისა. ციხეს უკან არს სოფელი უწლევი, მთაში /იხ. ვახუშტი..., გვ. 81/“ - გ. ფ.
  9. „ფოსთხურ“– ფოცხოვი /იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის..., წიგნი III, გვ. 432-433/ - გ. ფ.
  10. „შავშად“– შავშეთი - გ. ფ.
  11. „არდანუჯ“ – არტანუჯი - გ. ფ.
  12. „მახჯილ“– მაჭახელა - გ. ფ.
  13. „ჩაღისმან“ – ჯაყისმანი; „ჯაყისუბანი“-დან არის მიღებული /იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის..., წიგნი III, გვ. 454/ - გ. ფ.

LXXVII. ახალციხიდან არზრუმამდე მდებარე ადგილები[edit]

ახალციხიდან პირველად ვალგარის ზეგანი გადავიარეთ და 4 საათში კილნავის[1] ციხეში მივედით. არტაანის ფარგლებშია. ისევ დასავლეთისაკენ ვიარეთ ციცაბო გზებით და ყარა-არტაანის ციხეს მივაღწიეთ.

ყარა-არტაანის ციხე: სელიმ-ხან პირველის დაპყრობილია. ჩილდირის ვილაიეთში სანჯაყ-ბეგის სადგომია. მისი ბეგის ხასი 300 000 [ახჩაა]. სანჯაყში 8 თიმარი და 87 ზეამეთი არის. ალაი-ბეგი, ჩერი-ბაში, ციხისთავი. ორასი მეომარი ჰყავს. ბეგის ჯებელიებიანად ათასი ჯარისკაცია. ას ორმოცდაათი ახჩის თანამდებობის პატიოსანი ყაზა აქვს. ნაკიბ ულ-ეშრაფი არა ჰყავს. მისი მუფთი ახალციხეშია. ციხე ციცაბო კლდეზე [დგას]; ოთხკუთხა, მტკიცე, ლამაზი ციხეა. ერთი მხრიდან ზღუდე არ აქვს. სამოცდათორმეტი კოშკი და სამი კარი აქვს. მთავრობის სასახლეში მის მიერ გამოგზავნილი ჯებეჯიების ერთი ოდაა. ამ ქალაქში განთქმულია კაჲა-ფაშას თხრილი.

არტაანის ახლომახლო მდებარე ციხეები: ვალეს ციხე 987 (1579) წელსაა ლალა-ფაშას მიერ დაპყრობილი; კომკის ციხე არტაანის ახლოსაა და 986 (1578)[2] წელს ლალა-ფაშას დაპყრობილია . ახარის ციხე ოლთისის ახლოსაა. ფერთექის ციხე, ჰამალარის ციხე, ამირვანის ციხე, ნაზარბათის ციხე, ყაზი საფარ-ფაშას ციხე, ქენზეს ციხე, ყაზანის ციხე და სხვები ლალა-ფაშას დაპყრობილია [3]. ყმაწვილების სასწავლებლები, მცირე ბაზრები, აქა-იქ პატარა ფუნდუკები არის. რადგანაც მისი ჰავა ცივია, ბაღ-ვენახი არ აქვს. ხილი თორთუმიდან და აჭარის ციხიდან მოდის. არტაანის მცხოვრებლები მართლმორწმუნე, ერთი ღმერთის მაღიარებელი, სუნიტი, სტუმართმოყვარე ხალხია. უმეტესობა ხვნა-თესვას ეწევა. ერთი ნაწილი ხმელეთზე მოვაჭრეა. მის მთებში საამური ხილი მოდის, რომელსაც „ქოქუმი“ [4] ჰქვია. ეს ციხე არზრუმის ჩრდილოეთით ხუთი დღის სავალზეა. არტაანიდან ყარსი ერთი დღის სავალზეა.

აქედან ისევ დასავლეთისაკენ გავიარეთ კლდოვანი ადგილები და კოლას ციხეში მივედით. ახალციხის მიწაზე საქართველოს ერთი ბეგის – ლევან-ხანის აშენებულია. სელიმ-ხანის დროს ჩატარებული აღწერის მიხედვით ჩილდირის ვილაიეთში სანჯაყის ბეგის სადგომია. მისი ბეგის სახასო, კანონის მიხედვით, 300 000 ახჩაა. ალაიბეგი, ჩერიბაში, ციხისთავი და მეციხოვნეები ჰყავთ. კოლას ციხე [სულთან] სელიმ-ხანის დაპყრობილია; ციცაბო კლდეზე დგას. ყადის თანამდებობა 150 ახჩიანია. ჯამე, ფუნდუკი და აბანო აქვს. აქედან ისევ დასავლეთისაკენ 8 საათი ვიარეთ და ფანაქის[5] ციხეს მივაღწიეთ. მისი ამშენებელი ქართველი მეფის სახელი აქვს შერქმეული . [სულთან] სელიმ-ხანის დაპყრობილია. ჩილდირის ვილაიეთში შედის და სანჯაყის ბეგი ზის. მისი ბეგის სახასო 400 000 ახჩაა. ალაი-ბეგი, ჩერი-ბაში ჰყავს. კანონის მიხედვით, ჯებელიებითა და ბეგის ლაშქრითურთ, ათასი მეომარი გამოჰყავს. მისი მცხოვრებლები ღვთისმოსავნი არიან, ხვნა-თესვას ეწევიან და მომჭირნეობით ცხოვრობენ. ძალიან კარგი წყალი აქვთ. მისი მოსახლეობა შედგება სომეხი გოქდოლაკებისა და ქართველი აზნაურებისაგან.

აქედან ისევ სამხრეთ-დასავლეთით ვიარეთ და 2 საათში მამირვანის* [6]ციხეში მივედით. ქართველი მბრძანებლების აშენებულია. ლალა ყარა მუსტაფა ფაშას დაპყრობილია. ძველთაგანვე სანჯაყის ბეგის სადგომი ყოფილა. ახლაც არზრუმის ვილაიეთში სანჯაყის ბეგის სადგომია. მისი ბეგის სახასო 403 000 ახჩაა. ჩერი-ბაში და ალაი-ბეგი ჰყავს. ბეგის ჯებელიებიანად 500 მეომარი გამოდის. 150 ახჩიანი წმინდა ადგილია ყადისა. ციხისთავი, აზაბთა აღა და მეომრები ჰყავს. მისი ციხე ოთხკუთხა, ძლიერი შენობაა. სამხრეთისაკენ ერთი კარი აქვს. სულ რვაასი სახლია. მცხოვრებლები სუნიტები არიან და ნაკიშბენდის მიმდევარი ღვთისმოსავი ხალხია. ჯამე, აბანო, ფუნდუკი და მცირე ბაზარი აქვს. აქედან ისევ დასავლეთით ვიარეთ და სოფელ იდთან მივედით. მამირვანის ნაჰიეში მდებარე მუსლიმებისა და სომხების სოფელია. აქედან ისევ დასავლეთისაკენ ვიარეთ და სოფელ ყარაკონქს მივედით. არზრუმის ვილაიეთის ნაჰიეა. კეთილმოწყობილი სოფელი და ზეამეთია.

ისევ გავიარეთ გურჯი ბოღაზი [7]; ამწვანებულ მხარეებში ვიარეთ და სოფელ უმუდუმ-დედეში მივედით. მაღალი მთის კალთებზე მდებარეობს. ასკომლიანი კეთილმოწყობილი და გაშენებული სოფელია. ეს სოფელი მდინარე ევფრატის სათავეებთან მდებარეობს. ამგვარად, მდინარე ევფრატი ამ სოფლის მიდამოებში ერთი დიდი გამოქვაბულიდან გამოდის. თითო მექური წყრთის სიგრძე თევზებია ისეთი, თითქოს სამოთხის საჭმელიაო. ამ ადგილას უმუდუმ-დედეა დასაფლავებული და რადგანაც რჩეულთა და მდაბიოთა სალოცავი ადგილია, ვერავინ ბედავს ამ თევზების ჭერას. მაგრამ თუ ერთი ფარსახით ქვემოთ დაიჭერენ და შეჭამენ, ადამიანს კეთილსურნელება მოეფინება. რამდენიც არ უნდა ჭამოს კაცმა, არ შეახურებს და არ დაამძიმებს.

იქიდან ისევ არზრუმის ველზე ვიარეთ და არზრუმის ციხეს მშვიდობით მივაღწიეთ. ტანისამოსის გამოუცვლელად ვეახელით ჩვენ ბატონ ფაშას, მისი ფეხის მტვერს სახე და თვალები გავუსვით და ერევნის ხანის წერილი და საჩუქრები მივართვით. მასთან კეთილშობილური საუბრით გავპატიოსნდით და ჩვენს მიერ ნანახი განსაცვიფრებელი ციხეებისა და ძეგლების ამბავი დაწვრილებით ვუთხარით. რადგანაც დიდად ნასიამოვნები დარჩა, მე, მწირს, თავით ფეხამდე საპატიო ტანისამოსი და სამასი ყურუში აბანოს სახარჯო მიბოძა. საბაჟოს ქათიბობის ჩემი სარგო ორი ქისა მომცა. ერთი კვირა დავრჩი, მაგრამ ერევნის ხანისაგან ისევ მოვიდა მეგობრობის წერილები. აქ ნათქვამი იყო: „ყარსის ჯარები ჩვენი ქარავნის ხალხს ავიწროვებენ, გთხოვთ, ერთი თქვენი მსახური აღა გამოგზავნოთ, მოვიდეს და ქარავნები არზრუმში ჩაიყვანოსო“. მე, მწირი, მეათე დღეს ისევ გამგზავნეს სპარსელთა ქვეყნისაკენ.


  1. კილნავი – „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ დიდი არტაანის ლივას ტყე-ნაჰიეს სოფლად არის დასახლებული – „ქინავ“. „დავთრის“ გამოცემის II წიგნში /გვ. 461/ ამოკითხულია, როგორც კილნავი. აკად. ს. ჯანაშია „დავთრის“ III წიგნში, ახალი მასალების საფუძველზე, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ეს დაწერილობა უნდა წავიკითხოთ – მგლინავი /იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის..., წიგნი III, გვ. 528-530/ - გ. ფ.
  2. (*ტექსტშია თარიღი – 982 /1574/. აქ კორექტურული შეცდომაა, რადგანაც არაბული /2/ და /6/ ადვილი ასარევია. ჩვენც ამიტომ 986 /1578/ ვუჩვენეთ. კომკის ციხე არტაანის ლივაში ჩრდილის ნაჰიეში მდებარეობდა /იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის... წიგნი III, გვ. 520/ - გ. ფ.
  3. ე. ი. 1578 წლის ლაშქრობის დროს - გ. ფ.
  4. თურქულად ნიშნავს ქლიავის ჯიშის ხილის ლურჯ ნაყოფს, შეიძლება – ღოღნოშოს - გ. ფ.
  5. „ფანაქი“ – ბანაკი /ფანაქის ეტიმოლოგიის შესახებ იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის... წიგნი III, გვ. 560-561/. რაც შეეხება „ქართველი მეფის სახელს“ – გაუგებარია - გ. ფ.
  6. „მამირდან“ – მამირვანი, იგივე ნარიმანი, რომელიც მდებარეობს ოლთისის სამხრეთით, ოლთისის წყალზე /იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის... წიგნი III, გვ. 576 და 593, ნარიმანი – იხ. ვახუშტი, აღწერა... გვ. 138/ - გ. ფ.
  7. გურჯი ბოღაზი – ქართული სახელწოდების – „საქართველოს ყელის“ ხეობის თურქული თარგმანია /იხ. ს. ჯიქია, გურჯისტანის... წიგნი III, გვ. 31/. „... ეს ხევი არს საზღვარი, ბაიბურდის მთამდე, საქართველოსა და ბერძენთა. და ხეობა ესე არს ფრიად ვიწრო, კლდიანი და ტყიანი“ /ვახუშტი, აღწერა... გვ. 141/ - გ. ფ.

LXXXI. ფადიშაჰის ბრძანებით ჩვენი წასვლა არზრუმიდან ბაიბურთს, ჯანჯას, ისპირს, თორთუმსა და ახჩა-ყალას[edit]

ჩვენი ბატონი ფაშასაგან მივიღე ფადიშაჰის ბრძანება, სხვა ციხეების აღათათვის წერილები და ცხრა მსახურის თანხლებით ჯარის შესაკრებად გავემართე. არზრუმიდან ჩრდილოეთისაკენ ველზე 2 საათი ვიარეთ და სოფელ ქანში მივედით. ორასკომლიანი კეთილმოწყობილი სოფელია. ისევ ჩრდილოეთისაკენ ვიარეთ არზრუმის ველზე ხუთი საათი და უმუდუმ-სულთანის სოფელში მოვედით. იგი ადრე აღვწერე. ისევ ჩრდილოეთისაკენ ხეობები და მთები გადავიარეთ და გავედით გურჯი-ბოღაზის ხიდზე, რომელიც მდინარე ევფრატზეა გადებული. უზუნ-ჰასანის მიერ აშენებული დიდი ხიდია. როდესაც არზრუმში აბაზა-ფაშა აჯანყდა, გაიგო სტამბოლიდან იანიჩართა ორმოცი ოდა მოვიდა და ამ ხიდის ახლოს დაბანაკდაო; ოც ათას მეომარ ვაჟკაცს სარდლად დაუნიშნა ქორ-ხაზინადარ ეფშირ-ბეგი, გამოგზავნა და ყველა ამოაწყვეტინა. ახლა მათი ძვლები ხიდთან გროვებად ყრია. აედან ისევ ექვსი საათი ვიარეთ, გურჯი ბოღაზი (საქართველოს ყელი) გავიარეთ და იქვე მდებარე გურჯი ბოღაზის სოფელში მივედით. არზრუმის ფარგლებში ორასკომლიანი საზეამეთო სოფელია. აქედან ისევ ჩრდილოეთისაკენ ვიარეთ ტულიპებით მოფენილ ადგილებზე და 9 საათში დომლუ-სულთანის სადგურს მივაღწიეთ... ციცაბო, მაღალი მთაა. ამ მთაში დიდი გამოქვაბულია, რომელიც მდინარე ევფრატის სათავეს წარმოადგენს. რადგანაც არზრუმის ვილაიეთში, ქიღის სანჯაყის მთებში რკინის მადანი მოიპოვება, მათგან ზარბაზნის ყუმბარებს ასხამენ. ამ მაღალი მთიდან ასობით წყარო გამოდის; რკინის საბადოებს ჩაუვლიან და ევფრატს ერთვიან. ამიტომაა, რომ ამ ადგილის შემდეგ ევფრატის წყალს გემო უფუჭდება. ამ დომლუ-სულთანის კლდიდან გამომავალი მთავარი წყარო სამოთხის წყაროა, რომელიც უკვდავების წყალს ჰგავს... მართლმორწმუნე, ერთი ღმერთის მაღიარებელი ორასკომლიანი სოფელა. დაბის მსგავსია და აქვს ჯამე, სავანე, მცირე ბაზარი. აქედან ისევ ჩრდილოეთისაკენ ვიარეთ და ახჩაყალას მივედით.

ახჩაყალას აღწერა: თორთუმის სანჯაყში შედის; საქართველოს მიწაზე მდებარეობს და იგი ულამა-ფაშას აუშენებია საქართველოს დასაპყრობად და ხელში ჩასაგდებად. მაგრამ დროთა მსვლელობით ციხე დანგრევის პირასაა. ციხისთავი და მეციხოვნეები არა ჰყავს. თორთუმის ჩრდილოეთით მდებარეობს. ექვსასი სახლი, ჯამე, ფუნდუკი, აბანო, მცირე ბაზარი და სასულთნო ბაზარი აქვს. ბაჲაზეთ-ველი უფლისწულობის დროს ტრაპიზონში ვალის თანამდებობაზე რომ იყო, ამ ციხეს ალყა შემოარტყა და რადგანაც მისი დაპყრობა ძალიან გაუჭირდა, დაპყრობის შემდეგ მისი ზოგი ადგილი დაანგრევინა.

აქედან ისევ დასავლეთისაკენ ვიარეთ 6 საათი და სოფელ სავლუში მოვედით. ჯათიჯას მთაზე საზეამეთო სოფელია. მაღალი მთის წვერზე მდებარეობს. ბაღ-ვენახი არა აქვს და მარცვლეულის მოსავალი კი დიდია. აქედან ისევ დასავლეთისაკენ ვიარეთ 7 საათი და ქალაქ ჯათიჯას – გუმუშხანეს მოვედით. ჯერ გუმუშხანეს ემინთან მივედით, შემდეგ – შარიათის სასამართლოში. ვილაიეთის ყველა წარჩინებული შეიკრიბა და ის დიდებული ფირმანი წავიკითხეთ. „ვისმენთ და ვემორჩილებითო“, თქვეს და ყველა მეომარმა, ლაშქრობიდან გათავისუფლებულმა მუსლიმმა დაიწყო ერევნის ლაშქრობისათვის მზადება. ჩვენ კი ქალაქის დათვალიერებას შევუდექით. რადგანაც ამ ქალაქში დიდი ალექსანდრეს ერთმა მმართველმა ფილკუს ჲუნანიმ ვერცხლის მადანი აღმოაჩინა, ალექსანდრემ ქალაქი ააშენებინა. შემდეგ ქართველების ხელში გადავიდა. ბოლოს აზეარბაიჯანის მბრძანებელს – უზუნ ჰასანს ჩაუვარდა ხელში. რადგანაც უზუნ ჰასან-შაჰი [სულთან] მეჰმედ [II] ფათიჰთან თერჯანის ველზე გამართულ ბრძოლაში დამარცხდა, ციხე ფათიჰ მეჰმედ-ხანის ხელში გადავიდა. იმ დროს არც ერთ ქვეყანაში არ იყო ისეთი ვერცხლის მადანი, როგორიც აქაა. თუმცა, იმ დროს ქალაქს ეწოდებოდა გუმუშხანე, ოსმალეთის დავთარ-ხანეში ჯათიჯად ჩაიწერა. მთელი მოსახლეობა ყველა გადასახადისაგან გათავისუფლებულია და ვერცხლის მადნების დამუშავება ევალება. ქალაქი ამჟამადაც ოსმალთა ხელშია და სამოცდაათი ვერცხლის საბადოა, რომელთაგან ზოგი გაუქმებულია და ზოგიც მოქმედი. ოსმალთა სახელმწიფოში, სადაც კი ვერცხლის საბადოებია, ყველა ქალაქია... მაგრამ ქალაქ გუმუშხანეს მადნეულის ძარღვები შვიდი ხელისგულის დადებაზე უფრო სქელია და ყველა ძარღვი ტყვიის [შენარევის] გარეშე, ხალასი განძია... ორ დღეში მთები და გორები გადავიარეთ და ბაიბურთის ძველ ციხეში მივედით.

მდინარე ჭოროხი: არზრუმის მთებიდან გამოდის, მრავალ მცირე ქალაქსა და დაბას რწყავს და ბაიბურთში მოდის, ქალაქში მოედინება, ქალაქის ქვედა ნაწილიდან ციხის ძირამდე მიიკლაკნება და გონიოსთან შავ ზღვას ერთვის. ზოგი ამბობს, სიტყვა „ჭოროხი“ „ჯუ-ი რუჰ“-ის დამახინჯებული გამოთქმააო. ასეთ შემთხვევაში იგი ნიშნავს „სულის მდინარეს“ [1]. ბაიბურთელები მთებში მიდიან, ხეებს წამოაქცევენ, დასჭრიან და მდინარე ჭოროხში ჩაუშვებენ. შემდეგ ქალაქში აშენებულ ჯებირთან მიიტანს წყალი. ყველა თავისი ნიშნით მოძებნის თავის ქონებას და სახლში მიაქვს...

ამ ადგილთან ახლოს დახელოვნებულ მშენებელს მდინარე ჭოროხზე ფიჭვის სვეტებით აუშენებია მერცხლის ფრთასავით [გაშლილი] ხიდი, რომლის მსგავსი შეიძლება იყოს მხოლოდ ჰერცოგოვინას სანჯაყის ქალაქ კარჯას წინ გამავალ ღრმა მდინარეზე გადებული ხიდი. რადგანაც ამ ჭოროხის ხიდს ერთი თაღი აქვს, უფრო მაღალია და მეტი ხელოვნებით ნაკეთები. ქალაქი დავათვალიერეთ.

ლაშქარიც დიდებული ბრძანების შესატყვისად შეგროვდა და გაემზადა. მე, მწირს, სამასი ყურუში „ფეხის ქირად“ მომცეს. ორასი ამხანაგი შევიყარენით და ქალაქ თორთუმში მივედით.

თორთუმის ციხის ამბავი: საქართველოს მეფის – მამრულის აშენებულია. შემდეგ უზუნ ჰასანის ხელში გადავიდა და მისგან კი – [სულთან მეჰმედ II] ფათიჰისა. მაგრამ შემდეგ ისევ ქართველებმა დაიპყრეს. [სულთან] სულეიმან-ხანმა როგორც კი შეიტყო მისი დაპყრობის ამბავი, მაშინვე მეორე ვეზირი აჰმედ-ფაშა კარგა დიდი ჯარის სარდლად დანიშნა და გააგზავნა. ისიც მოვიდა და სანგრებში რომ შევიდა, შვიდი დღისა და შვიდი საათის ბრძოლის შემდეგ ციხე დაიპყრო. შიგ საკმაო რაოდენობის მეციხოვნეები, ჯაბახანა, ზარბაზნები, სურსათი და სხვა მარაგი დატოვა. თავისი ჯარით ნიეჯახის ციხისაკენ წავიდა და აქედან – ამირახორის ციხისაკენ. ციხეები დანებდნენ; დაიკავა და შიგ საკმარისი რაოდენობის ჯარები ჩააყენა. იქიდან ახჩა-ყალეს მივიდა. შვიდ დღეში დაიპყრო და ციხის ბურჯზე მაჰმადიანური ლოცვა აღავლინა.

იქიდან ნიქერდის, აშირდას, პატარა ახჩა-ყალეს ციხესიმაგრეებისაკენ გაემართა. მათი ბეგები ამანით დამორჩილდნენ [2]. ამის შემდეგ ისპირისა და ფერთექრექის ციხეებმაც ითხოვეს შებრალება და ახლაც ყველანი დამორჩილებულნი არიან. რადგანაც ამის შემდეგ დადანლის ნაჰიესაკენ გაემართნენ, სამოცდასამი სოფლიდან თხუთმეტი დამორჩილდა და დანარჩენები კი დააქციეს. ამის შემდეგ დაპყრობილ იქნა თაქხისი, ახჩაყალე, ლივანას [3] ხეობა და ჯარი თორთუმში მოვიდა. თორთუმიც აღწერეს, როგორც სანჯაყის მთავარი ქალაქი. ახლაც ასეა. ალაი-ბეგი და ჩერი-ბაში ჰყავს. ომიანობის დროს ჯებელიებიანად და თორთუმის ბეგის ლაშქრიანად სამოცი ათასი რჩეული მეომარი გამოჰყავს. მის ფაშას, სამართლის მიხედვით, წლიურად თორმეტი-ცამეტი ათასი ყურუში შემოსდის.

ლაშქრობაში ჩვენი წასვლის წელს სეიდი აჰმედ-ფაშამ, რამდენადმე ძალადობით, თორთუმის სანჯაყიდან მისაღები შემოსავალი ოცდაოთხი ათას ყურუშამდე აიყვანა. ის კი არა, როდესაც მე, მწირი, მასთან სულთნის ბრძანებით მივედი, მის სანჯაყში მყოფი თიმარებისა და ზეამეთების მფლობელთა გარდა, გადასახადებისაგან გათავისუფლებული იმამები და ხათიბებიც კი შეავიწროვა: „ლაშქრობა გევალებათო“ და ამის საზღაურად ათი ათასი ყურუში აიღო. მე, მწირი, კი, თავის სასახლეში მომათავსა და ქალაქი დამათვალიერებინა.

ასორმოცდაათახჩიანი ადგილია ყადისა და ცხრა ნაჰიე. მათგან შემდეგია ცნობილი: იუვანე, დადანლი, ისპირი. ამ ნაჰიეებიდან ყადის სამი ათასი ყურუში აქვს წლიური შემოსავალი. შეიხ ულ-ისლამი, მაკიბ ულ-ეშრაფი, წარჩინებულები და დიდებულები, ციხისთავი, მეციხოვნეები, იანიჩართა სარდალი და ქალაქის სუბაში ჰყავს.

თორთუმის ციხის აღწერა: მაღალ გორაკზე ოთხკუთხა შენობაა. ერთი რკინის კარი აქვს. შიდა ციხეში თვრამეტი სახლი და [სულთან] სულეიმან-ხანის მცირე ჯამეა. ერთი ამბარი აქვს. ქვედა გარეუბანში კეთილმოწყობილი და მშვენიერი შენობებია, რომელთა რიცხვი შვიდასს აღწევს. შვიდი უბანი და შვიდი მიჰრაბი აქვს. ორი აბანო, ორი ფუნდუკი, ათი ყმაწვილების სასწავლებელი და სამოცდაათამდეც ყოველგვარი ხელობის სახელოსნო დუქანი აქვს. დახურული ბაზარი, საქველმოქმედო ნაგებობა, მედრესე და მისთანანი არ აქვს. ყოველ სახლს მრავლად აქვს ბაღ-ვენახი. რადგანაც მშვენიერი ჰაერია, ხეხილი ბევრია. ყურძენი, მსხალი და ლალისფერი ატამი სანაქებოა. რადგანაც ქალაქი არზრუმიდან ორი დღის სავალზეა დაცილებული, ვაჭრებს ხილი ყუთებით გადააქვთ არზრუმში. არზრუმის ვილაიეთში ერზინჯანის შემდეგ ქალაქი თორთუმია სამოთხის ბაღივით შემკული. მისი ხალხი სტუმართმოყვარე, გულკეთილია. მშვიდი, მართალი ადამიანები არიან. თორთუმში გვარჯილასაც იღებენ. ქალაქი ერთ ხეობიან ადგილას მდებარეობს.

ქალაქის დათვალიერების შემდეგ თორთუმის ჯართან ერთად არზრუმის ვილაიეთისაკენ გასამგზავრებლად დიდკაცნი რომ იკრიბებოდნენ, ამ დროს სეიდი აჰმედ-ფაშას ამბავი მოუვიდა, შავი ზღვის ნაპირზე მდებარე გონიოს ციხე კაზაკებმა მოულოდნელად აიღესო. მან მაშინვე დაგზავნა მაცნეები, რომლებმაც დაიწყეს ძახილი: „ტანზე დავითის ჯავშანი ჩაიცვით, [სულთნის] ბრძანებას ნუ მოუცდით – ცხენებზე შესხედით! ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის წმინდა ომსა და მოწამეობრივ სიკვდილს ვინც ეძებს; ვისაც უნდა ცხენი, თიმარი და ზეამეთი მიიღოს, წამოვიდეს!“ ჩვენც ქალაქიდან გამოვედით, ბაღების თავში ოდნავ შევისვენეთ და ათასი რჩეული, მსუბუქად წამოსული, შეიარაღებული მეომარი შეგროვდა. „ვაი მას, ვინც უკან არ გამომყვებაო!“ – ვამბობდით. სამჯერ დავძახეთ მაჰმადიანური ყიჟინა და ჩრდილოეთისაკენ გავემართენით. მთელი ჩვენი ჯარით, რომელიც ხაიალისა და ქეჰეილანის ცხენებზე ისხდა, იმ დღეღამეს ჭენებით ვიარეთ. იმ ადგილებიდან, სადაც გავიარეთ, ჩვენ თან წავასხით ისეთი ხალხი, რომლებიც მხედრები არ იყვნენ, მაგრამ იარაღის დაჭერა და სროლა შეეძლოთ. მეორე დღეს, დილით ერთ ხევში ჩავედით და დავბანაკდით. იქიდან ისევ ჩრდილოეთისაკენ ერთი დღე ჭენებით ვიარეთ და იმ ადგილას, სადაც ტრაპიზონის საზღვრებიდან გონიოს საზღვრებში შევედით, სამეგრელოს ჯარებს შევხვდით. სეიდი აჰმედ-ფაშასთან მოვიდნენ და ყველას პატივი მიეგო. მოვიდა სამი ათასამდე ჩაცმულ-დახურული, შეიარაღებული, თავითფეხებამდე ცისფერ რკინაში ჩამჯდარი, ხელშუბიანი, ქეჰეილანის ცხენიანი, გველეშაპივით [ვაჟკაცი] მეგრელი აზნაური, ათასამდე ქვეითი მეთოფე და ქართველი წარჩინებულები. ესენი გარეგნობით სხვადასხვანაირი იყვნენ. ზოგი თმაგაწეწილი იყო, ზოგი – თმახუჭუჭი. ორმოც-ორმოცდაათი წლისანებსაც კი წვერი გაპარსული ჰქონდათ და საოცარი გამომეტყველებისანი იყვნენ [4]. ასე წარსდგნენ. კოჯა ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშამ დაუყვავა, ყოველ მათგანს აღთქმა მისცა და მიესიყვარულა. იმ ღამეს მანძილები გადავსერეთ და დილაადრიან მივაღწიეთ გონიოს ციხეს, რომელიც შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს. დავინახეთ, რომ ციხე კაზაკებით იყო სავსე და ციხის კედელ-ბურჯები ჯვრებით მოერთოთ. ციხეში მყოფმა კაზაკებმა ისლამის ჯარი რომ დაინახეს: „ჰოი, წმინდა გიორგიო“, – ყვირილი მორთეს. ციხეში უშიშრად იყვნენ დაბინავებულნი და მათი სამოცდაათი „ჩაიკა“ ნავი კი ციხის ძირას დაებათ და იქ ეყენათ. კაზაკები ციხეში მთვრალები და უგონოები რომ იყვნენ, სეიდი აჰმედ-ფაშამ თვალის ასახვევად ასორმოცდაათამდე იჩ-აღებითა და თორთუმის გზაზე შეხვედრილ სამეგრელოს და გურჯისტანის ქვეით ჯართან ერად ერთხმად შესძახეს „ალაჰ“, „ალაჰ“ და თვალები დაუბნელეს. [ამ დროს] მეორე მხრიდან ზღვის ნაპირზე მდგარ ხომალდებს შორის შევიდნენ და დაუნდობლად გადასჭრეს თოკები და სამოცდაათი ნავით შავ ზღვაში გავიდნენ და ყოველ ნავში ყარაულად დატოვებული ხუთ-ხუთი, ათ-ათი, მთვრალი და უგონო კაზაკები ზოგი ხმლის კბილებში გაატარეს, ზოგიც დაატყვევეს და ნიჩბები მოასმევინეს. ყველა გმირმა შედლუხი ატეხა, ნავები ციხიდან ზარბაზნის გასროლის მანძილზე ჩობანის მხარეს ერთ ყურეს მსგავს ადგილს დატოვეს. კაზაკები ციხეში ალყაშემორტყმული დარჩნენ და გათავისუფლების იმედი რომ გადაუწყდათ, გაცოფდნენ და ცეცხლის ფრქვევა დაიწყეს. აქეთა მხარეს კი მუსლიმი გმირების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და ციხეზე იერიშის მისატანად საომარი მასალის მზადება დაიწყეს. ურჯულოებისაგან ხელში ჩაგდებული ნავების ანძები და ნიჩბები, აგრეთვე სამეგრელოდან ლაზური „მენექსილა“ ნავებით მოსული მეგრელების ნავების ანძებიც კიბეებად აქციეს. მათი ნავებიც ხმელეთზე გამოიყვანეს და საფარად ციხის ძირას მიათრიეს. ციხის აღმოსავლეთით და სამხრეთით რიგიანი სანგრები გათხარეს და ყველა მუსლიმი გმირი, სამეგრელოსა და გურჯისტანის აზნაურები იმ ნათელ დღეს სანგრებში შევიდნენ. ციხიდან კაზაკები გარეთ მყოფ გემებს უშენდნენ ტყვიას, აქეთა მხრიდან კი მუსლიმი გმირები და სარდალი – ციხეს. ამ დროს კაზაკებმა პოლკის ბაირაღი ააფრიალეს, გარეთ გამოვიდნენ და მუსლიმ გმირებს თავს დაესხნენ. აქეთა მხრიდან ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშამ თავისი სამასი მამაცი, ღონიერი მეომრით, „ალაჰ, ალაჰის“ ძახილით კაზაკებს ერთი ისეთი მახვილი დაჰკრა, რომ გადარჩენილებმა აირჩიეს მდინარე ჭოროხში გადაცვენილიყვნენ და ან დამხრჩვალიყვნენ, ან გაღმა გასულიყვნენ. მაგრამ ვინც მოახერხა გაეცურა და გადარჩენილიყო, მაინც ვერ გადაურჩა მუსლიმი გმირების ხმლებსა და თოფებს. ოსმალებმა დაწვეს ჭოროხში მდგარი ხომალდები; ორასი კაზაკი კი, ვინც ხმალს გადაურჩა და ციხეში ვერ შეასწრო, ცალ-ცალკე შებორკილი ტყვედ წამოიყვანეს. მას შემდეგ, რაც [ციხეზე] სამჯერ მიიტანეს იერიში, სამოცდაათმა მუსლიმმა გმირმა შესვა მოწამეობრივი სიკვდილის თასი. ბოლოს, როდესაც სეიდი აჰმედ-ფაშამ ეს ვითარება დაინახა, კაფუჯი-ბაშები ბათუმის სანჯაყის ნაჰიეებში გაგზავნა ჯარების მოსაგროვებლად. გარშემო ნაჰიეებიდან ორმოცდაათი თოფებითა და შუბებით შეიარაღებული ლაზი, ზიღულედ წოდებული დუდუკების დაკვრითა და თეთრი დროშებით გუნდ-გუნდად მოვიდნენ და მდინარე ჭოროხის ნაპირზე დადგნენ. გამარჯვებულმა სარდალმა მათ დასვენება არ აცალა და ჩერქეზულ ენაზე ყველა გმირი საომრად აღაფრთოვანა და წააქეზა: – „მალე, ჩემო ძმებო! თავგამოდება თქვენზეა. სარწმუნოებისათვის ზრუნვა თქვენც გაგაკეთილშობილებთ და მეც“. ისინიც ტალღა-ტალღა წამოვიდნენ. ყველას ხელში ეჭირა თითო კონა ფიჩხი, თითო თოფრაკი წივა, თითო კონა სიმინდის ჩალა, ქოქუმის ბუჩქის, ღომისა და ფეტვის ჩალის კონები და როდესაც ციხეს გარშემო კონებს უწყობდნენ, ზოგი მოკლეს, ზოგიც დაჭრეს. ამ იერიშშიც სამოცდაათი გმირი ეღირსა მოწამეობრივ სიკვდილს. სეიდი აჰმედ-ფაშამ მეჰმედის ლოცვა წარმოთქვა და გემის ანძებისა და ნიჩბებისაგან გაკეთებული კიბეებით ციხის კედელზე უშიშრად შეფრინდა. ყიჟინა დასცა და ციხის აღმოსავლეთი კუთხის კოშკზე იჩ-აღებთან ერთად მსხვერპლის მოდარაჯე ობობასავით ამოჰყო თავი. ხმალამოღებულმა დასძახა: „აბა, არ გაუშვათ, ჩემო ვაჟკაცებოო“. ასე რომ დაინახეს თავისი სარდალი, როგორც შავი ჭიანჭველები დაეხვევიან გველეშაპს, ისე შეესიენ ციხეს მუსლიმი გმირები და შეტევა დაიწყეს. კაზაკებმა დაინახეს, რომ გმირები კედელზე ხმლებს აჟღარუნებენ და მოდიან. მრავალი მათგანი ცეცხლში ჩახტა და დაიწვა; ზოგი ხმლის შიშით რომ გარბოდა, გადავარდა და დაილეწა, ზოგიც მდინარე ჭოროხში გადაეშვა, ჩაიძირა და გაქრა. ერთი სიტყვით, იმ დღეს შუადღიდან სამხრამდე არც ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშას და არც მუსლიმ გმირებს ერთი ნაჭერი პურიც კი არ ჩაედოთ პირში. ბოლოს, სამხრის დროს, ციხე დავიპყარით. მადლობა ალაჰს, პირველი ლოცვის წაკითხვა მე, მწირს, მარგუნა. ციხე გმირებით აივსო. ადრე გადარჩენილი „ჩაიკა“ ნავები ციხის ძირას მოიტანეს, ყველა მათი მოწყობილობა თავ-თავის ადგილას დააწყვეს და გაამზადეს. მაცნეების მოწოდებით გაიმართა ზარბაზნების შედლუხი, რომელიც სამი დღე და ღამე გაგრძელდა; მადლობა ალაჰს, რომ მე ამ ბრძოლაში ვიყავი. ციხეში მუჰამედის სადიდებელ პირველ ლოცვას რომ ვკითხულობდი, აღმოსავლეთიდან – მდინარე ჭოროხის ნაპირიდან ფერადფერადი ბაირაღებითა და დროშებით აქეთ მომავალმა ათასობით ჯარისკაცმა ციხეში ზარბაზნის სროლა და ჩვენ მიერ მოწყობილი შედლუხი დაინახა; [ჯარმა] „დიდ არს ალაჰიო“, თქვა და ციხის ძირას მოვიდა. დაინახეს, რომ ციხე დაპყრობილია, სეიდი აჰმედ-ფაშა ციხეშია და საომარი მასალის მოწყობას ხელმძღვანელობს. თურმე, ეს ჯარი გამოუგზავნია არზრუმის განმგებელს, ჩვენს ბატონს დავთარდარ ზადე მეჰმედ-ფაშას. არზრუმის ვილაიეთის ჯარი ყარსის ფაშის – ქეთენჯი ომერ-ფაშას სარდლობით ხუთ დღეში მოსულა არზრუმის ველებიდან გონიოს ციხის ძირას და შვიდი ათასი რჩეული მეომარი ჰყოლია. გონიოს ძირას, მდინარე ჭოროხის ნაპირზე უკარვებოდ დაბანაკდნენ. ერეთ მხარესაც ბასიანის სანჯაყის მფლობელი ქენან-ფაშა დაბანაკდა. მეორე მხარეს კი ბასიანის სანჯაყის თიმარებისა და ზეამეთების მფლობელებთან ერთად დაბანაკდა მეციხოვნეთა ნახევარი, რომელთა [საერთო] რაოდენობა ორი ათასს შეადგენდა. ცალკე განლაგდნენ ქეთენჯი ომერ-ფაშას ძე თავილ მეჰმედ-ფაშა, რომელსაც ახალციხის დაცვა ევალებოდა თავისი ურფას ვილაიეთის ჯარით, ბირეჯიქის ბეგის, ალი მერდან-ბეგის ლივას ჯარი და კიდევ სხვა მოხალისეთა და განწირულთა* რაზმები [5]. მანასკერტის ბეგი მეჰმედ-ბეგი ორი ათასი დარჩეული, მამაცი, სახელოვანი ვაჟკაცით მდინარე ჭოროხის ნაპირზე დაბანაკდა. ქიღის სანჯაყის მფლობელ თაბანი ჲასი მეჰმედ-ფაშას მეჩირაღე დელი ჰუსამ-ბეის ებრძანა ლივას ათასი ჯარისკაცით ციხის ძირას, ზღვის ნაპირზე ხელში ჩაგდებული ნავების დაცვა. ერთი სიტყვით, ქემახის, ერზინჯანის, თერჯანის, ქელქექის, კუჲულუ ჰისარის, ჰაჯი მურადის ციხის, გუმუშხანეს, ბაიბურთის, ხნუსის, ისპირის, თექმელის, კუზუჯანის, თორთუმის, მეჯენკერტის, მამირვანის სანჯაყებისა და სხვა ციხეებისა და დაბების ყველა სანჯაყ-ბეგი და ალაი-ბეგი ჩერიბაშიებთან ერთად მოვიდნენ და გონიოს ციხის ძირას დაბანაკდნენ. ამათ შემდეგ ჭოროხის ნაპირზე ორი ათასი რჩეული მეომრით დაბანაკდა მუსლიმ სარი დერვიში – ქეთხუდა ყარაჰისარის სანჯაყისა, რომელიც ახალციხის ფაშის – პატიოსანი, პირნათელი კოჯა საფარ-ფაშას არფალიკი იყო. ეს [მუსლიმ სარი დერვიში ზემოხსენებული] სანჯაყების უკანმავალი იყო. ციხის ძირას შედგა დიდი სახელმწიფო დივანი. მეორე სარდალმა ბაკი-ფაშამ ფეხზე წამომდგარმა თქვა: „ბედნიერი იყოს შენი საღვთო ომი! არზრუმის ვეზირმა, ჩვენმა დიდებულმა სარდალმა დავთარ[დარ] ზადე მეჰმედ-ფაშამ სალამი გიძღვნათ და ეს ოქროთი ნაქარგი ხალათი და სიასამურის მოსასხამი გიბოძათო“. ეს რომ თქვა, თან წამოღებული ხალათი და მოსასხამი ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშას ზურგზე წამოასხა, თავზე თუღი მიამაგრა, დალოცა და აკურთხა.

ღვთის სიბრძნით, სამხრობის ჟამს ზღვაში ორმოცი-ორმოცდაათი ლაზური „მენექსილა“ ნავი გამოჩნდა. რომ მოდიოდნენ, შიგ მყოფებმა დაინახეს, რომ ციხე მუჰამედის ხალხითაა სავსე და მის გარეთაც კარვებში ამდენი ოსმალო მეომარია დაბანაკებული; ერთიმეორის მიყოლებით იწყეს ნავების უკან გაბრუნება. ესენი იყვნენ ურჩი აზნაურები, რომლებიც ციხეში [მყოფი] კაზაკების დასახმარებლად მოდიოდნენ. სეიდი აჰმედ-ფაშას ჯარი მაშივე ორი მხრიდან გაქანდა და ტყვია დაუშინა. საღამომდე გაგრძელებული დიდი სროლა შეიქნა. ორმოცდაშვიდი ნავი დაიპყრეს და ისლამის ჯარმა უხვი ნადავლი ჩაიგდო ხელთ. ნავებში მყოფნი ტყვედ ჩაცვივდნენ. იმ ღამეს ციხეში და მის გარეთ ისევ ატყდა თოფ-ზარბაზნის შედლუხი და დილამდე საზეიმოდ იყო გაჩირაღდნებული. მეორე დღეს, დილაადრიან მდინარე ჭოროხის ნაპირიდან დაძრული მტვერი ცას მისწვდა და ქვეყნიერების მნათობის ბრწყინვალებამ და ჯავშნის, აბჯრის, მუზარადების ნათებამ [ხალხს] თვალი მოსჭრა. მწკრივებად დაწყობილი სამაგალითო ჯარი გამოჩნდა და მოახლოვდა. თურმე, ჩვენი ბატონის, არზრუმის ვალის – მეჰმედ-ფაშას პატიოსანი ბრძანებით ჩილდირის ვილაიეთის მფლობელი ვეზირი კოჯა საფარ-ფაშა[6] ახალციხიდან ჭენებით წამოსულა და გონიოს დასახმარებლად მოსულა . მასთან ერთად საქართველოდან მოვიდნენ ექვსი ათასი გულადი ქართველი მეომრით თეიმურაზ-ხანის ძე, ლევან-ხანის ძე და ალექსანდრე-ხანის ძე [7] როგორც კი ასეთი ამბავი მოუვიდა სეიდი-ფაშას, ბაკი-ფაშა, ქუთფაჰ-ფაშა სხვა მირ-ლივები, ალაი-ბეგები, ჩერი-ბაშიები თავით ფეხებამდე შეიარაღდნენ და საფარ-ფაშას შესახვედრად გავიდნენ. ფრიად სამაგალითო სანახაობა ვნახეთ. საფარ-ფაშა საგანგებო ჯარით, წყლის მზიდავებით, მეთოფეებითა და შათირებით რომ მოვიდა, სეიდი-ფაშამ და ბაკი-ფაშამ ცხენდაცხენ უპასუხეს სალამზე. [შემდეგ] სეიდი-ფაშა მარჯვნივ ამოუდგა, ბაკი-ფაშა – მარცხნივ და დიდი ჯარით ციხის ძირას მოვიდნენ. ციხის კედელ-ბურჯებიდან ზარბაზნის ერთი ბათქი გავარდა – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო“, ერთიც – თოფების ბათქი: – „მოხარული ვართ თქვენი ნახვითო“. საფარ-ფაშა თავისი ჯარით ციხესიმაგრის ძირას დაბანაკდა. მას შემდეგ მოსვლა იწყო სურსათმა გურჯისტანის, სამეგრელოს, ბათუმის, ლაზისტანის სანჯაყებიდან. მეორე დღეს, დილით გონიოს ციხის სამხრეთ მხარეს გამოჩნდა დიდი ჯარი, რომელიც ხოფასა და რიზეს მხრიდან ზღვის ნაპირ-ნაპირ [მოდიოდა]. თურმე ტრაპიზონის ფაშას მოუყვანია [8]. სამი ათასი სახელოვანი მეომარი, სამოცდაათი სანდალი, ასი ლაზური „მენექსილად“ წოდებული ნავით ჯარი და სურსათი. ათი „შაჰი“ ზარბაზანი მოუტანია და გონიოს ციხის დასახმარებლად მოსულა. როდესაც [ამის შესახებ] ამბავი მოუვიდა სეიდი აჰმედ-ფაშას, მის შესახვედრად არც თვითონ წავიდა და არც ჯარი გაგზავნა. ტრაპიზონის ფაშა მოვიდა და ციხის ერთ მხარეს დადგა. შემდეგ, როდესაც იგი ციხეში მოვიდა, რათა სეიდი აჰმედ-ფაშასთან [შეხვედრით] პატივი მიეღო, [სეიდი აჰმედ]-ფაშამ მას სრულებით არ სცა პატივი და იქ დამსწრეებს მიმართა:

„– შეხედეთ, ერთი, მაჰმადიანებო! მე რომელი სანჯაყის მბრძანებელი ვარ?“

ვილაიეთის წარჩინებულებმა უპასუხეს: „ამჟამად თორთუმის სანჯაყის მფლობელი ხართ“.

ფაშამ ბრძანა: – „კი, მაგრამ, თორთუმი ამ გონიოს ციხიდან რა მანძილზეა?“

კეთილშობილმა დამსწრეებმა თქვეს: – „ოთხი-ხუთი დღის სავალია“.

ფაშამ რისხვით თქვა: „ოთხი-ხუთი დღის სავალზე დაშორებული ადგილიდან მოვედი და გონიოს ციხე გავათავისუფლე, თუმცა ეს სრულიად არ მევალებოდა. მე ვცდილობდი მიმესწრო და ღვთის ბრძანებით, ჭეშმარიტი სარწმუნოების გადარჩენის მიზეზი გავმხდარიყავი. მომხედე, ფაშა, შენ ტრაპიზონის ფაშა იყო, ორთუღიანი მირ-მირანი იყო, გონიოს ციხე შენი ვილაიეთის მიწაზე და ტრაპიზონიდან ორი დღის სავალზე იყოს და შენ კი ამ შვიდი დღის განმავლობაში რატომ არ უნდა მოხვიდე ციხის დასახმარებლად. მე ამას ჩემს ფადიშაჰს მოვახსენებ. საჩქაროდ დამიძახეთ მდივანმწიგნობარსო!“ – გასცა ბრძანება ფაშამ.

როდესაც მისი სურვილის შესაბამისად საქმის მოხსენებას ადგენდნენ, ფაშამ ბრძანა: „მთავარო ბოლუქ-ბაშიებო! მომაშორეთ ეს ტრაპიზონის [ვილაიეთის] მოღალატეები!“, [შემდეგ ტრაპიზონის] სამოცდაათ წარჩინებულს უთხრა: „რატომ არ წააქეზეთ თქვენი ფაშა ამ ციხის გასათავისუფლებლად?“ ძალზე გაუწყრა, გაკიცხა და ყველანი ციხეში ჩაამწყვდია. მდივანმწიგნობარმა კი დაწერა ბრძანება ციხის დაპყრობის შესახებ, ტრაპიზონის ფაშის დაუხმარებლობის შესახებ და როდესაც სამი მირ-მირანისა და სხვა მოხელეების, გონიოსა და ტრაპიზონის ყადიების ბეჭედდასმული საერთო მიმართვა ფადიშაჰისათვის უნდა გაეგზავნათ, ტრაპიზონის ყველა წარჩინებული სეიდი აჰმედ-ფაშას ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: – „შეგვიბრალე, ბატონო! ჩვენს ამბავს ფადიშაჰს ნუ მოახსენებო“. სეიდი-ფაშამ არ დათმო, თავისი სიტყვა არ გადათქვა და „უსათუოდ მოვახსენებ ამ თქვენს ურჩობასო“, – დაიჟინა. ბოლოს ტრაპიზონელები ფაშებს ჩაუვარდნენ ფეხებში და ისინი სეიდი-ფაშასთან სათხოვნელად მიგზავნეს. საქმე მორიგებითა და შეთანხმებით გაათავეს და სამი დღის დავის შემდეგ, როგორც იქნა, ტრაპიზონის ფაშამ, მისი ვილაიეთის წარჩინებულებმა და მთელი ტრაპიზონის ვილაიეთმა ძალაუნებურად გაიღეს საქმის მისაჩქმალად ორმოცდასამი ქისა ყურუში, სამი ცალი სიასამურის ქურქი, თორმეტი მონა და თორმეტი მხევალი. პირადად ტრაპიზონის ფაშამ მისცა ერთი ოქროთი მოქარგული აბრეშუმი და თავისი ახლად მოქარგული შვიდგანყოფილებიანი კარავი, ერთი ძვირფასი ქვებით მოჭედილი ხმალი, მოოჭვილი დაშნა, შვიდი კაპარჭი, ტრაპიზონის ქებული ოქრომჭედლების ჩინებული ნახელავი ნაირ-ნაირი ჭურჭელი, სასაკმევლო, ვარდის წყლის ჭურჭელი, ნაირნაირი რახტი, ვერცხლის შანდლები, გურზები და საომარი ცულები; სამი წყება აქლემი, სამი წყება ჯორი, ჭენებით დავარდნილი ცხენების სანაცვლოდ ას ოცი ცხენი მიიღეს და საქმე იმით გაათავეს, რომ ფადიშაჰს არ მოახსენეს. ფადიშაჰის კარს მოახსენეს მხოლოდ ის, რაც შეეხებოდა გონიოს ციხის დასაპყრობად და დასახმარებლად მოსული მირ-მირანების, ალაი-ბეგებისა და სანჯაყ-ბეგების მონაწილებას ფადიშაჰის სამსახურში. სეიდი აჰმედ-ფაშამ გონიოს ციხის გათავისუფლების სასიხარულო ამბის შესატყობინებლად ერთი კაფუჯი-ბაში გაგზავნა, რომელიც „გურჯი ბეჲზადეს“ სახელით იყო ცნობილი. მეორე კაფუჯი-ბაშის ხელით კი ეს ამბავი ჩვენ ბატონ არზრუმის ფაშას შეატყობინა. ამ დროს მდინარე ჭოროხის ნაპირიდან მტვერი ავარდა და ისლამის ლაშქარი გამოჩნდა. თურმე არზრუმის ვალის, ჩვენ ბატონ მეჰმედ-ფაშას აღა – აღაჯა ათლი ჰასან-აღა გონიოს ციხის დასახმარებლად სარდლად გამხდარა. არზრუმის სანჯაყის თიმარებისა და ზეამეთების მფლობელებთან ერთად თავისი ციხეების მეციხოვნეთა ნახევარი, ორმოცი ბაირაღი სეკბანი და სარიჯა, ბაშ ბოლუქ-ბაში, ბოლუქ-ბაშიები: – ქუჩუქ აჯემ კულუ, ჩათალი, მუმუჩეთუ, ჯალიკ ალი, ჰეინელი, ნაკიშლი, ჯალიკ ალი, ზერექეთლი, ჲამალი აშკუნა, სენჯაბლი, ჰადირლი ჰაჰალი, მესჯაჰ-ოღლუ, გენეთ-ოღლუ, ყარა ფირი, სოლაკ-ველი, ქულჯა ალი, კაფან არსლანი მაჰმადიანური ყიჟინით გადმოვიდნენ. მათ გადმოყვნენ: ერთი ბაირაღი – სამასი მამაცი ცხენოსანი, ერთი ბაირაღი – სამასი ცხენოსანი მოხალისე, ექვსი ბაირაღი – ქარივით სწრაფი შიკრიკი, მეომრები, ერთი ბაირაღი – ექვსასი მუთეფერიკა, ერთი ბაირაღი – სამასი პატივის ღირსი აღა, ერთი ბაირაღი გულადი ჭაშნაგირი, ერთი ბაირაღი – ორასი სარაჯი, ერთი ბაირაღი გარე ქილერჯიებისა, ორასი შეიარაღებული ახალგაზრდა, ორასი ჯავშან-ირაღში ჩამჯდარი ხელშუბიანი იჩ-აღები. მათ მეწინავეთა ბაირაღით მოჰყვებოდნენ მიფთაჰ ღულამ აღასის მეთაურები, ორმოცი „სანდალის“ პატრონი ორმოც-ორმოცდაათი ამხანაგით და ცხენებზე ამხედრებული კაფუჯი-ბაშიები. მათ ნაღარის დაკვრით გადმოჰყვა სარდალი ალაჯა ათლი ჰასან-აღა. გონიოს ციხის ძირას კარვებში დაბანაკდნენ. სეიდი აჰმედ-ფაშამ დიდი წვეულება გაუმართა. მეორე დღეს ყველა სოფელ-დაბიდან კალატოზები და დურგლები მოიყვანეს და დაიწყო ციხის შეკეთება. პირველად თხრილები გაწმინდეს. ციხის დამწვარი ნაწილი და შიდა ციხეში მდებარე [სულთან] ბაიაზეთ [II] ველის ჯამე შეკეთდა. 700 ახალი ჯარისკაცი და ციხისთავი ჩააყენეს. დატოვეს მოწყობილობა, ჯაბახანა, ურწმუნოებისაგან დავლად აღებული თოფები და ასე მოაწყვეს. ტრაპიზონის ვილაიეთის და ბათუმის სანჯაყის ჯარი ციხის დასაცავად დავტოვეთ. 6000-მდე ძლევამოსილი ჯარით მდინარე ჭოროხის ნაპირ-ნაპირ არზრუმისაკენ გავემართენით. გზაში [მდინარის] ნაპირზე ერთ მდელოიან ადგილზე გავჩერდით. სეიდი აჰმედ-ფაშამ ყველა მუსლიმი გმირი სათათბიროდ მოიხმო და თქვა: „ეს სამეგრელო ტრაპიზონის ვილაიეთის მბრძანებლობაშია და მაშინ, როდესაც საჭირო იყო ჩვენთვის მაშველი ძალის გამოგზავნა, კაზაკებს დაუჭირეს მხარი და ფადიშაჰს განუდგნენ. მათი ნავები და რუსების „ჩაიკები“ ჩემს ფადიშაჰს მივართვი. დაე, ტრაპიზონის ციხის ნავსადურში იდგნენ. ფადიშაჰის მიერ რა ბრძანებაც არ უნდა იყოს გამოცემული, ვილაიეთის ვალი მის მიხედვით უნდა მოქმედებდეს. ამდენი ათასი კაზაკი და მეგრელი ტყვე კი [სულთნის] ტახტს მივართვი. მაგრამ ახლა, როდესაც ამ დიდებულთა კრებული ამხედრებული ისლამის ჯარისა მზადაა, როგორ ვიძიოთ შური მეგრელ ურჯულოებზე, რომ ამდენ მგზავრობაგადატანილმა მართლმორწმუნეებმა ნადავლ-ნაშოვრით ისარგებლონ?“ როგორც კი საქმის განხილვა დაიწყო, გურჯისტანის განმგებელმა საფარ-ფაშამაც მეგრელებისადმი თავისი სიძულვილის გამოსახატავად თქვა: „ისლამის ლაშქრის ქვეითი და ცხენოსანი ჯარი მეგრელებს შევუსიოთ. ჩვენი, ახალციხისა და გურჯისტანის გმირები მეგზურებად მივცეთ და საღვთო ომის ნადავლი მათაც გავუზიაროთ“. ასე დამთავრდა ბჭობა და მე, მწირმა, ამ განზრახვას ფათიჰა წავუკითხე. იმავე წამს მუსლიმ გმირებს შორის ძახილი დაიწყეს მაცნეებმა. მთელი თავისი იარაღით გაემზადნენ და იდგნენ სარდლის ბრძანების მოლოდინში.


  1. სპარს. „ჯუჲ“ – ნაკადული, მდინარე; „რუჰ“ – სული; „ჯუჲ რუჰ“ – სულის მდინარე - გ. ფ.
  2. „ამანით დამორჩილდნენ“ – ე. ი. შეწყალება ითხოვეს და უომრად დანებდნენ - გ. ფ.
  3. ტექსტშია – „დივანა“
  4. თურქები თავს იპარსავდნენ და წვერი მოშვებული ჰქონდათ; ამიტომ ევლია ჩელებისათვის პირგაპარსული და გრძელთმიანი ქართველები „საოცარი გამომეტყველებისანი იყვნენ“ - გ. ფ.
  5. თითქმის ყოველ ლაშქრობაში ოსმალთა ჯარს ახლდნენ თავისი ნებით წამოსულთა რაზმები, რომლებიც საშოვარზე იყვნენ გამოსული და მოსახლეობის ძარცვის საშუალებით გამდიდრებას აპირებდნენ - გ. ფ.
  6. ამ დროს საფარ-ფაშა მოხუცებული იყო და ევლია ჩელები მას კოჯას უწოდებს. ზემოხსენებული ამბავი 1647 წლის შემოდგომაზე მოხდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გავრცელებული აზრი, თითქოს საფარ-ფაშა 1635 წელს გარდაიცვალა, სწორი არ არის და იგი კიდევ დიდხანს /1651 წლამდე/ განაგებდა ახალციხის საფაშოს /საფარ-ფაშას ახალციხის საფაშოში მოღვაწეობის თარიღების შესახებ დაწვრილებით იხ. მ. სვანიძის მონოგრაფია – „საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს“. თბილისი. 1971, გვ. 300-305/ - გ. ფ.
  7. ჩვენის აზრით, ევლია ჩელების მხედველობაში ჰყავს ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I, რომელიც ამ დროს იმერეთში იყო გადასული, ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი /1611-1657/ და იმერეთის მეფე ალექსანდრე III /1639-1660/ - გ. ფ.
  8. ტექსტში შეცდომით წერია – „არზრუმის ფაშა“; ქვემოთ მოთხრობილი ამბების განვითარება ცხადყოფს, რომ აქ ტრაპიზონის ფაშაზეა საუბარი - გ. ფ.

LXXXII. ღამე თავდასხმა საქართველოს ქვეყანაზე[edit]

ქუფთაჯ-ფაშა ლაშქრის მეწინავე გახდა და 3000 სახელოვანი მეომრით მდინარე ჭოროხის ნაპირის გაყოლებით სამხრეთისაკენ გაემართა. მას უკან გაჰყვა სამეგრელოს მიმართულებით 3000-მდე გურჯისტანის ახალციხის ჯარი, სეიდი აჰმედ-ფაშა კი მათ მიჰყვა მხოლოდ 9 რჩეული მეომრით. ბაკი-ფაშა კი 3000 მეომრით უკან გაჰყვა დუმდარად. არზრუმის შიბინ ყარა-ჰისარის ჯარებს ებრძანათ მარჯვენა ფრთაზე ევლოთ და ქიღის, ბასიანის, მამერვანის ჯარებს – მარცხენა ფრთაზე. ხნუსის, თექმანის, მანასკერტის სანჯაყთა ბეგებს დაევალათ ისლამის ლაშქრისათვის სურსათის, ქერის, ალაფისა და თივის მომარაგება. იმ დღეს ათი საათი ვიარეთ და გავჩერდით ბათუმის სანჯაყისა და სამეგრელოს შორს მდებარე ადგილას, რომელსაც „ზარ ჩაირი“ ეწოდება. დილაადრიან მდინარე ჭოროხზე ფონით რომ გავდიოდით, საფარ-ფაშამ საქართველოს ჯარით დაიწყო სამეგრელოს ნაჰიეს – დერანიეს [1] რბევა-აკლება. ეს რომ დაინახა მეგრელმა მოსახლეობამ, გაქცევა არჩია და მთებში გაიხიზნა. მაშინვე ჩვენი ბატონი დავთარდარ ზადეს პირველი სადროშე, 22 ბოლუქის მთავარი ბაირაღი 2200 მებრძოლით ციცაბო მთებში გაიშალნენ და ბაჯანას მეგრელებს გარს შემოერტყნენ... ტყვიის ერთი ბათქი დაახალეს და მათთან დიდი ბრძოლა დაიწყეს. ამის შემდეგ ბაჯანა დაპყრობილ იქნა და იქიდან შვიდასი ტყვე წამოიყვანეს. ჯარი ნადავლით აივსო. ამ ბრძოლაში [ოსმალო] გმირთაგან შვიდი ვაჟკაცი დაეცა. ბაკი-ფაშაც ნადავლ-ნაშოვრით გამდიდრდა და ისლამის ჯარს შეუერთდა. მუსლიმი გმირები დაიგზავნენ და გუნდ-გუნდად დაყოფილნი, მთებს, ხეობებსა და ბაჯანელებს ყოველი მხრიდან შეესივნენ. თვით „მერვე“-ს ციხემდე მიაღწიეს. [ციხეში] მყოფებმა ციხის ორ მხარეს კარი გააღეს და ისლამის ჯარს ბრძოლა დაუწყეს ციხის გარეთ. სამ საათს იბრძოდნენ და ონიქის ციხის ბეგმა ალი-ბეიმ, ველი-ბეიმ და ნაკიშლი ბოლუქ-ბაშიმ როდესაც ნახეს, ციხის დასავლეთი მხარე ცარიელიაო, ქამანდი რაღაცნაირად ესროლეს, ციხეზე აძვრნენ და ნელ-ნელა თავისი ვაჟკაცებიც აიყვანეს. კედელ-ბურჯებზე აზანი წაიკითხეს. გარეთ გამოსული ურჯულოები შეგ ვეღარ შევიდნენ და ხმლის ლუკმა გახდნენ. ხმალს გადარჩენილები კი ტყვედ ჩაცვივდნენ. ამ ბრძოლაშიც სამოცდაათმა მუსლიმმა შესვა მოწამეობრივი სიკვდილის შარბათი. 300 მეგრელი დაატყვევა და 700 მოკლა. ისლამის ჯარი სიმდიდრითა და ნადავლით აივსო. ბრძოლის დროს დატყვევებული ბიჭები და ქალიშვილები ძლევამოსილ სარდალს ჩააბარეს. აქედან ისევ ავიყარენით, ტყიან ადგილებში 9 საათი ვიარეთ და ბოღდოს ველს მივაღწიეთ. [სულთან] სელიმ-ხან პირველი უფლისწულობის დროს ტრაპიზონის განმგებელი იყო და რადგანაც ამ ულამაზეს მიდამოებში გაჩერდა, მდინარე ზობარის ნაპირზე ერთი მაღალი სოფა [ააგეს]. მხოლოდ ბზის ხეებით დამშვენებული ხეივანია. აქაც გავჩერდით. ისლამის გმირებმა მიდამოები ღამე დალაშქრეს. მეწინავე ქუფთაჯ-ფაშას ფრთაზე ორი გაიძვერა დაიჭირეს. ისინი სეიდი აჰმედ-ფაშას მიჰგვარეს და ალაპარაკეს. მათი ნაამბობი შემდეგი იყო: „ჩვენ მეგრელი ბეგის – ჟაფშხუს კაცები ვართ. ჩვენმა ბეგმა იმისათვის გამოგვგზავნა, რომ გაგვეგო გონიოს ციხე რუსებმა დაიპყრეს, თუ ამჟამად ოსმალთა ხელშიაო? ღვთის ნებით, აი, ტყვეობის მარწუხებში მოვხვდით. ახლა თქვენ იცით!“ ამათ დაიწყეს ჩვენი მეგზურობა იმ სოფლებისაკენ, სადაც ბევრი ნადავლის აღება შეიძლებოდა. სეიდი აჰმედ-ფაშამ ისინი გამოიყენა და წინ გაიძღოლა. მათ მიერ ნაჩვენებ მიმართულებას მაინც არ ენდობოდა და ისლამის ჯარისკაცები ერთად იყვნენ, თავით ფეხებამდე შეიარაღებულნი; ასე გადავსერეთ გზები და თეიმურაზ-ხანის ქვეყანაში შევედით. თურმე ეს ტომი ახალციხის ვეზირის – საფარ-ფაშას ქვეშევრდომი ყოფილა. თეიმურაზ-ხანის შვილი სამი ათასი შეიარაღებული, სრულყოფილი, თავით ფეხებამდე რკინაში ჩამჯდარი ქართველი ვაჟკაცებით, ორი ათასი ქვეითი ჯარით და მეთოფე ჯარით მოვიდა და [ოსმალო] ჯარის ერთ მხარეს დადგა. სარდალ ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშას საჩუქრები გამოუგზავნა. ამ თეიმურაზ-ხანის შვილსაც ჰყოლია განდგომილი ტომები. ისლამის ჯარს გაუძღვა, ფერნაქის, სელსელის, ფარაკანის, ფენაქის, ქომლას, სამარღას ნაჰიეები დაიპყრო და სამი დღის შემდეგ ახარის ციხის ძირას დაბანაკდა. ეს ციხეც დაიმორჩილეს. ერთ გორაკზე პატარა, მრგვალი ციხეა. ანუშირვანის შვილის – ჰორმუზ გვირგვინოსანის აშენებული ყოფილა. პატარა ზარბაზნები აქვს. მისი მცხოვრებლები მეომარი ხალხი არ ყოფილა. მაგრამ საშინელი ქურდობა იციან. მათ შეუძლიათ ციდან ვარსკვლავიც კი მოიპარონ. ქუფთაჯ-ფაშას ფრთიდან ორი ისეთი ვარსკვლავივით ლამაზი ქალწული წამოიყვანეს, რომ მათი მსგავსი ვერ მოიძებნება თვით იმ ფერიებში, რომლებიც დამასკოს ახლოს არიან [2]. თითქოს იმათ ამბავს აუწყებს ქვეყანას ყურანის დიდებული აჲა: „ჩვენ შევქმენით ადამიანი საუკეთესო აღნაგობით“ [3]. სეიდი აჰმედ-ფაშამ ისინი ქუფთაჯ-ფაშასაგან ათას-ათას ყურუშად იყიდა და ოც სხვა ქალიშვილთან ერთად სულთან იბრაჰიმ-ხანს გაუგზავნა. ამ დროს მანასკერტის ფრთას ტყვედ ჩაუვარდა სამეგრელოს ბეგის ბიძაშვილი. მან ასი ტყვე, ათასი სული საქონელი, მრავალი საპალნე ოქროქსოვილი, მრავალი საპალნე ფარჩა მისცა და თავი გამოისყიდა. ამ ძლევამოსილ ლაშქრობაში ერთი ზროხა ნახევარ ყრუშად იყიდებოდა და ერთი ცხვარი – ხუთ ახჩად. ამ დროს სეიდი აჰმედ-ფაშას აჩიკ-ბაშის ბეგისაგან საჩუქრად მოუვიდა ხუთი მონა და ხუთი მხევალი. მე, მწირსაც ერთი მონა და ერთი მხევალი მიბოძა. აქედან ძლევამოსილი ლაშქრით გამარჯვებულად ვიარეთ დასავლეთისაკენ და 11 საათში ნიჯახის ციხეში მივედით; იქიდან – ახჩა-ყალაში; იქიდან – ჯიქის ციხეში; იქიდან – ნიკერტის ციხეში; იქიდან ქუჩუკ-ყალაში. ამგვარად, გურჯისტანი და სამეგრელო თავიდან ბოლომდე დაპყრობილ-დამორჩილებულ იქნა. მათი ბეგები ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშასთან საჩუქრებით მოვიდნენ. რადგანაც ეს ციხეები მთიან ადგილებში მდებარეობენ, მათ აღარ მივხედეთ, გვერდი ავუარეთ და ჲუვანეს ნაჰიე დავიპყარით. აქედან გზა განვაგრძეთ, თექრექის ციხის ძირას გავჩერდით და შევისვენეთ. ჯარის ხმაური რომ გაიგონეს, მეგრელები შეშინდნენ, ციხიდან საჩუქრებით გამოვიდნენ და შეწყალება ითხოვეს. თხოვნა მხედველობაში არ მივიღეთ და ჩვენი ჯარი ტყვეებითა და ნადავლით აივსო. ამგვარად ყველა ისე დაიტვირთა, რომ აღარ შეეძლო წაეღო შარიათით გათვალისწინებული თავისი წილი [ნადავლისა] [4].

მდინარე ჭოროხს დავყევით, გონიოს ციხის ძირას დავბანაკდით და დავისვენეთ. ნადავლი ტრაპიზონში გაიგზავნა და გონივრულად გაიყიდა.


  1. წერია „დერანიჲე“ - გ. ფ.
  2. მუსლიმთა წარმოდგენით სამოთხეში ცხოვრობდნენ ულამაზესი ფერიები /ჰურიები; დამასკო და მისი სანახები / კი სამოთხის ქვეყნად ესახებოდათ - გ. ფ.
  3. არაბული ფრაზა /ყურანის 95-ე სურა, მე-4 მუხლი/ - გ. ფ.
  4. ყურანის მე-8 სურა, რომელსაც ეწოდება „სამხედრო ნადავლი“, ყველა მუსლიმს ნებას აძლევდა „საღვთო ომში“ დაეხოცა, ან ტყვედ წამოეყვანა „ურჯულოთა“ ქვეყნის მამაკაცები, მონებად ექცია ქალები და ბავშვები და დავლად აეღო ყოველგვარი უძრავი და მოძრავი ქონება /ოქრო-ვერცხლი, ჭურჭელი, ტანსაცმელი, პირუტყვი, სახნავ-სათესი მიწები და ა. შ./. მთელი ამ ნადავლის 1/5 /ხუმს/ სახელმწიფოს მეთაურისა იყო და 4/5 ლაშქრობის მონაწილე მეომრებს უნდა გაენაწილებინათ - გ. ფ.

LXXXIII. მეგრელების ენა [1][edit]

ართი – ერთი; ჟრი – ორი; შ(ს)უმი – სამი; ომ(თ)ხ – ოთხი; ხუთი – ხუთი; ფშქვი – ექვსი; იშქეთი – შვიდი; რუუო – რვა; ჯ(ჩ)ოღ(ხ)ორ – ცხრა; ვთი – ათი; ართი ვთი – თერთმეტი; ქოჲ(ბ)ალ – პური; დაჰ(ჩ)ხირ – ცეცხლი; ფორ – ფარი; იშხური – ცხვარი; დრკ(ყ)ათ – ქამარი; დუდი – თავი; დშქა – შეშა; ჯოღოზ(რ) – ძაღლი; ჯ(ჩ)ხუ – ძროხ; გისინ – ხბო; იჯმ – მარილი; იჯ[ც]ხნ – ცხენი; ღაჯ – ღორი; გრუთ(ნ) – ვირი; თუთ – დათვი; კ[ყ]ვლ – ყველი; მრჯვან – მაწონი; ვაჲ – მოდი; ჩ[წ]აჲ – ადამიანი; დახორ(დ) – დაჯექ; მლაული – არ წახვიდე, თინა – გოგო; ოჯ[ჭ]კომ – ვჭამოთ; ვაჲ ჩ[წ]აჲ – მოდი კაცო; აშ მორთ – აქეთ; მლაული ჩ[წ]აჲ – არ წახვიდე, კაცო; აში მორნ(თ) ცაჲ მამად – ღომი არის მამა; ვაჲ დიას – მოდი, დედა; ართი ღაჯ ოჯ[ჭ]კომ – ერთი ღორი ვჭამოთ; ჯოღოზ(რ) – ძაღლები; თნი იავუ ბჯუდ ჰათმა ღაფა – შევთხოვ, რათა ღმერთმა ქვად გაქციოს; დბ(ი)ჰრ მლად(ვ)ლი იშხური ქობალ ოჯ[ჭ]კომ – დაწექ, არ წახვიდე ცხვარი, პური ვჭამოთ; ვაჲ ჩ[წ]აჲ დახოდ კ[ყ]ვლ ქობალ ჯრჰვან ოჯ[ჭ]კომ – მოდი, კაცო დაჯექ, ყველი, პური, მაწონი ვჭამოთ. კ[გ]დმობრუთ(ნ)დი და მაკოჯ(ც)ე მამა დაგრჩინო – გადმობრუნდი და მაკოცე მამაშენის გულისთვის.

ამ სამეგრელოში ყოველ ტომს თავისი დამახასიათებელი, განსაკუთრებული კილოკავი ქვს. დიდი ქვეყანაა. სამოცდაათნაირი მოსავალი მოდის. ბევრი ჰყავთ ცხვარი, თხა, ღორი. მთებში – ირემი, შველი... ქეჰეილანის ცხენები ჰყავთ, მაგრამ თათარისტანში, გურჯისტანსა და სამეგრელოში სულ არ იცის ვირი და ჯორი. ამ ქვეყნებში ბევრია კვერნა, მელა, გარეული კატა, მგელი და [გარეული] ქათამი. რადგანაც პურსა და ქერს ცოტას თესენ, ცოტაც მოდის; სიმინდი და ღომი ბევრი მოდის. მაღალ მთებში უხვად არის კაკლის, ბზის, ფიჭვის და ღვიის ხეები; კიპარისის ხეები იშვიათია. ესენიც აბაზა და ჩერქეზი ხალხებივით მთებში ცხოვრობენ. მათი სოფლები მუდამ ერთ ადგილზეა – არ მომთაბარეობენ. ბაღ-ვენახიანი, ეკლესიებიანი, კეთილმოწყობილი ციხეები და სოფლები აქვთ. ეს იმიტომ, რომ ისინი ძველი ხალხია და მათი მიწა დიდი ქვეყანაა.

აქედან სამხრეთით, არზრუმისაკენ გავემართენით და მესამე დღეს დავანლის ნაჰიეში მივედით. თორთუმის სანჯაყის მიწაზე მდებარეობს და მორჩილი ნაჰიეა. რადგანაც უსაფრთხო და მშვიდობიან ადგილას შევედით, ახალციხის ვეზირმა საფარ-ფაშამ სეიდი აჰმედ-ფაშასაგან ნებართვა აიღო და მრავალი ტურფა და იშვიათი საჩუქარი მიართვა. ჩვენ ბატონ არზრუმის განმგებელსაც საჩუქრები გაუგზავნა. [ახალციხის] ვილაიეთის ჯარი თეიმურაზ-ხანის შვილთან, ალექსანდრე-ხანის შვილთან და ქართველ ბეგებთან ერთად ჩილდირისაკენ გაემართნენ. ყაზი სეიდი აჰმედ-ფაშა კი ძლევამოსილი ლაშქრით 4 საათში მივიდა ერთ ადგილას, რომელსაც ჲუვანეს ხევი ეწოდება. ისპირისა და თორთუმის მთელი მოსახლეობა საჩუქრებით მოვიდა სეიდი აჰმედ-ფაშასა, ბაკი-ფაშასა და ქუფთაჯ-ფაშასთან. საჩუქრები მიართვეს. აქაურობა, სეიდი აჰმედ-ფაშას სანჯაყის საზღვარია. აქედან გზა განვაგრძეთ და ქალაქ თორთუმში შევედით. ყველა წარჩინებული სეიდი აჰმედ-ფაშას შესახვედრად გამოვიდა. შარაგზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს იდგნენ და ულოცავდნენ: – „კეთილი იყოს თქვენი საღვთო ომიო“. მთელი ჯარი რომ გადავიდა, „სამ“-ისა და „ნერიმან“-ივით (იგულისხმება „შაჰ-ნამეს“ და ხალხური ეპოსის გმირები. სამი ნერიმანის მამა და როსტომის პაპა იყო - გ. ფ.) ბედნიერი ყაზი სეიდი-ფაშასთვის ჩვენი ბატონის – დავთარდარ ზადე-ფაშას მიერ გამოგზავნილი კარვის მოწყობილობა კარავში შეიტანეს და მის ცხენს ექვსი ცალი ნახჭევნური ფოლადის ცხენის ჯავშანი გადაჰკიდეს. იმ ქეჰეილანის [ცხენზე] ყაზი [სეიდი აჰმედ-ფაშა] შეჯდა. სუნიტების წესზე თავზე მოხვეული თეჲლესანი ძირს ეშვებოდა, თავით-ფეხამდე რკინაში იყო ჩაფლული, „ბურლუკ“ და „უჲლუკ“ შვიდთავიანი გველეშაპივით მოდიოდა და მარჯვნივ და მარცხნივ სალამს აძლევდა. ხალხი ორივე მხრიდან ლოცვა-კურთხევას უთვლიდა: „ღმერთი შეგეწიოს, ჰეი, ალაჰისათვის მებრძოლო გმირო!“ ამ დროს ციხეში ზარბაზნები გავარდა მისი კეთილი მობრძანების აღსანიშნავად და ქალაქ თორთუმის მთებმაც გუგუნი გამოსცეს. სეიდი აჰმედ-ფაშა დიდი ზარ-ზეიმით მივიდა თავის სასახლეში. ბაკი-ფაშა, ქუფთაჯ-ფაშა და სხვა მუსლიმი გმირები, რვა სანჯაყის ბეგი სამ დღეს ქალაქგარეთ ვბანაკობდით. მეოთხე დღეს არზრუმისაკენ გავემართენით.

ჩვენი მგზავრობის მესამე დღეს, ათას ორმოცდაჩვიდმეტი (1647) წლის კასიმის პირველ დღეს [2] ფეხი შევდგით არზრუმის მიწაზე და გავიარეთ ადგილი, რომელსაც საქართველოს ყელი (გურჯი ბოღაზი) ეწოდება. სოფელ უმდუმში მივედით. აქედან ძლევამოსილი ლაშქარი დიდი ზეიმით არზრუმში უნდა წასულიყო...


  1. შესწავლილი აქვს ს. ჯიქიას /იხ. С. Джикия, Евлия Челеби о мингрельском и грузинском языках, «Советское языкознание», II Л-д. 1936/ და ბლაიხშტაინერს /იხ. R. Bleichsteiner, Die Kaukasischen Sprachproben in Evliya Celebis Seyahatname, Caucasica, II, 1934/
  2. 1647 წლის 8 ნოემბერი - გ. ფ.