Jump to content

ეგ სტრიქონი დაიწყება ასე

From Wikisource
ეგ სტრიქონი დაიწყება ასე
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეგ სტრიქონი დაიწყება ასე,
ჩაივლიან ამინდები ცივი.
წამი გადის, მე ვოცნებობ ზღვაზე
და ქვეყანას ვუზიარებ ტკივილს.


ახლა ირგვლივ სიბნელეა და მე,
და მე რა ვქნა, რომ ასეთი დროა.
ისევ მოვა იდუმალი ღამე,
ისევ მოვა იმედების გროვა.


ყვავილივით ჩანს ღრუბელი სადა
და ზეცისკენ ნელა მიდის ბოლი.
შუადღეა, იქ დავწექი, სადაც
ხავერდივით გაშლილია მოლი.


მოვა ღამე, დახურავენ თვალებს,
როგორც ვატყობ, მიღალატე შენაც.
შემოდგომა დაიწყება მალე,
შემოდგომა და ფოთლების ცვენა.


ეგ სტრიქონი მეორდება ასე,
ჩაივლიან ამინდები ცივი.
წამი გადის, მე ვოცნებობ ზღვაზე
და ქვეყანას ვუზიარებ ტკივილს.

რესურსები ინტერნეტში

[edit]