დღე ნელა მიდის, არ ვიღუპები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დღე ნელა მიდის, არ ვიღუპები
ავტორი: ტერენტი გრანელი


დღე ნელა მიდის, არ ვიღუპები,
დღეა მრავალი.
მიმზიდველია თეთრი ღრუბლები,
შორს მიმავალი.

აქაც და იქაც, თითქმის ყოველგან,
მხოლოდ ტერენტი.
ჩემი ლექსების შენ გიყვარს რეკვა
და მემტერები.

კვლავ დუმილია მწვანე ფოთლების
და ხე ბევრია.
ალბათ არიან შორს მეგობრები,
ახლო მტერია.

დღე ნელა მიდის, არ ვიღუპები,
დღეა მრავალი.
მიმზიდველია თეთრი ღრუბლები,
შორს მიმავალი.