დღეს გუშინდელი ფიქრი დავშალე
Appearance
დღეს გუშინდელი ფიქრი დავშალე ავტორი: ტერენტი გრანელი |
დღეს გუშინდელი ფიქრი დავშალე,
გაჩნდა ოცნება კიდევ სხვაფერის.
ვფიქრობ: ძვირფასო, რა დავაშავე,
ან რისთვის მოხდა ეს ყველაფერი?!
ისევ საშინელ დღეებს განვიცდი,
წინ მიდევს წიგნი, სისხლით ნაფერი.
ვღონდები, ვდარდობ, თუმცა არ ვიცი
რის ნიშანია ეს ყველაფერი?!
სული ამაღლდა, გული ილევა,
თითქო საკუთარ ცხედარს დავცქერი.
არ ვიცი, მართლა სინამდვილეა,
თუ სიზმარია ეს ყველაფერი?!