დიონიჯო კარლი - "თბილისის აღწერა"

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის დასავლეთ ევროპული წყაროები




დიონიჯო კარლი
(1637-1695)

იტალიელი მისიონერი, კაპუცინთა ორდენის წევრი, დიონიჯო კარლი და პიაჩენცა (Dionigi Carli da Piacenza), ან დიონიჯო კარლი დაიბადა 1637 წელს პიაჩენცაში. 1652 წელს 15 წლის ასაკში ბოლონიაში გახდა კაპუცინთა ორდენის წევრი. დიონიჯომ მისიონერობა დაიწყო 1667-1671 წლებში კონგოში, შემდეგ იყო ბრაზილიაში, ხოლო 1678 წელს გააგრძელა მისიონერობა მცირე აზიასა და სპარსეთში. 1681 ჩამოვიდა თბილისში და ექვს თვეს დარჩა. შემდეგ წინამძღვრად იყო გორის კათოლიკეთა ჰოსპიტალში. საქართველოში დიონიჯომ 1684 წლამდე დაჰყო. სიცოცხლის ბოლო წლები დიონიჯომ ნეაპოლში გაატარა, სადაც გარდაიცვალა 1695 წ. 
დიონიჯო კარლის საქართველოში მოგზაურობის შესახებ ცნობები დაცულია მის ნაშრომში "თბილისის აღწერა", რომელიც 1687 წელს გამოიცა ვენეციაში წიგნში: "Le Quattro Parti del Mondo, 1687, Bassano", სათაურით: Dionigi Carli da Piacenza, Il Moro. Della Citta di Tiflis.
1951 წ. კრებულში 1951 - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის - ნაკვეთი 29 გამოქვეყნდა ბეჟან გიორგაძის მიერ შესრულებული დიონიჯო კარლის თხზულების ქართული თარგმანი შესავლითა და შენიშვნებით დიონიჯო კარლი - "თბილისის აღწერა" - იტალიური ტექსტი თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბეჟან გიორგაძემ. ბეჟან გიორგაზემ ეს თარგმანი შეასრულა მიხეილ თამარაშვილის არქივში დაცულ მის მიერ დიონიჯო კარლის წიგნიდან შესრულებული ამონარიდების მიხედვით.


დიონიჯო კარლის თხზულების ქართული თარგმანის PDF ვერსია




დიონიჯო კარლი - "თბილისის აღწერა"

საქართველოს დედაქალაქი თბილისი (ლათინურად "არტაქსადად" წოდებული) მთის ორ ქედს შორის მდებარეობს. ქალაქის მთავარი ნაწილი დაბლობზეა, დანარჩენი კი ზევით, მთის კალთაზეა გაშენებული. მას სამი მხრივ გალავანი აქვს შემოვლებული, მეოთხე მხარეს კი მდინარე მტკვარი ჩამოუდის. სამხრეთით ამართულია ციხე, რომელშიაც სპარსელთა მეციხოვნე ჯარი დგას, და არა ოსმალთა, როგორც ამას ამბობს ერთი ახალი მწერალი.

მდინარეზე გადასასვლელად საჭიროა ციხის კარის გავლა, რომლის მახლობლად, იმ ადგილას, სადაც მდინარე ვიწროვდება ხის ხიდია გადებული. ხიდს გაღმაც ციხე-ქალაქია, ოღონდ ქალაქთან შედარებით ის საკმაოდ მაღალ ადგილზეა. მას, ქალაქთან ერთად დაახლოებით სამი მილის ტერიტორია უჭირავს. ქალაქის ყველაზე ლამაზი ადგილი ბაზარია.