დიდება
დიდება ავტორი: ნოე ჩხიკვაძე |
სიცოცხლის ფიალა აივსო სისხლითა,
ცხოვრების ყვავილებს ქარცეცხლი სწვავს,
სნეული ქვეყანა ითვრება ზიზღითა,
ინთქება, იხრწნება, იხრჩვება, - სვამს!
- სალამი, სალამი აღსასრულ ჟამს!
ჰყვაოდა ოცნება - დამწიფდა ნაღველი,
ლეში და სიმყრალე ამშვენებს ველს,
დაიმსხვრა მიზანი, მზის გამომსახველი,
გავგიჟდით, დავეძებთ ჩვენ განსაცდელს.
დიდება, დიდება, დიდება გველს!
ვიყავით ციხეში - ვგალობდით სიყვარულს,
დავლეწეთ - ტაძარი ავუგეთ შურს,
წამების გვირგვინი დავადგით სიხარულს
და კუპრის ფსალმუნით ვლოცულობთ პურს,
- თაყვანი, თაყვანი ხალხს უსუსურს!
სისხლისა ნადიმზე ქვეყნისა მხეცები
სძიძგნიან, კორტნიან ურთერთსა თვალს,
ხარობენ გიჟები, ლაღობენ ბეცები,
ახალი წარღვნისა ანთებენ ალს!
- კურთხევა, კურთხევა, კურთხევა ხმალს!
სუფევდა სამშობლო: - შრომა და ერთობა,
დავამხეთ, ავსტეხეთ ცრემლისა ზღვა,
და გვინდა მეფობა და გვინდა ღმერთობა,
რომ ტანჯვის უფსკრულში ჩავძიროთ სხვა.
- ესროლეთ, ესროლეთ, ესროლეთ ქვა!
ქვეყანას ახრჩობენ დღეს სპეკულიანტები,
პორფირი ყაჩაღებს დავუთმეთ მთლად,
ჩვენ გავხდით ჩონჩხები, ჩვენ დავრჩით ლანდები
(დაგვმარხეთ, სამარე თუ არის მზად!)
- შენდობა, შენდობა, შენდობა მათ!
სად არის მიზანი, სად არის ნუგეში?
სიმართლე, სინათლე, მზე სიცოცხლის?
ოცნების ბაღნარში, ოცნების მხარეში,
სისხლი და ნაღველი, ბალღამი სდის,
- ილოცეთ, ილოცეთ, ილოცეთ ის.
სიცოცხლის ფიალი აივსო სისხლითა,
ცხოვრების ყვავილებს ქარცეცხლი სწვავს,
სნეული ქვეყანა ითვრება სისხლითა,
ინთქება, იხრწნება, იხრჩვება - სვამს
- სალამი, სალამი აღსასრულ ჟამს!