დე, იყოს ქარი, არ შევწუხდები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დე, იყოს ქარი, არ შევწუხდები
ავტორი: ტერენტი გრანელი


დე, იყოს ქარი, არ შევწუხდები,
და თითქოს ღამე იგრძნეს მინებმა.
დგება ფიქრების მძიმე წუთები
და ზაქარია კვლავ იგინება.

ცხოვრების გარდა რაღაც სხვა მღუპავს
და ეს ოცნება მომდევს ისევე.
სწუხს როიალი, იქ ვიღაც უკრავს,
ფიქრს როიალის ხმები მისდევენ.

ეს არის წამი სხვა სიჩუმეთა,
ნუთუ ეს გული მართლა მკვდარია.
დავტოვე ქუჩა, ვზივარ ღუმელთან,
ვზივარ ღუმელთან და ზამთარია.

ყველას მოვშორდი, აბა რა მექნა,
რა მექნა, როცა ირგვლივ მტერია.
ახლაც მარტო ვარ, შავი ღამეა
და მეზობლები ნელა მღერიან.

დე, იყოს ქარი, არ შევწუხდები
და თითქოს ღამე იგრძნეს მინებმა.
დგება ფიქრების მძიმე წუთები
და ზაქარია კვლავ იგინება.

რესურსები ინტერნეტში[edit]