დაისი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დაისი
ავტორი: ვალერიან გაფრინდაშვილი


დაისი
კეკლუცთა ჯარი თეთრ გედებზე მიცურავს ნელა,
შავ ნირვანაში დაალურობს დღე ფერწასული,
_ ის ჭკნება,როგორც მშვენიერი ჭლექის ასული,
ტიტველ მხედართა მკრთალ ეთერში გაისმის ხველა.

სრულდება ცაზე მზის ბრწყინვალე ყრუ აგონია,
მისცურვენ ბაღთა და იდუმალ სოფელთა შორის....
კოშკების ჩრდილში ის სიმღერა გაიმეორეს,
გვიანი ხველა ლანდებისთვის გასაგონია.

და ვენერები მიაღწევენ ოდესმე ნაპირს....
(თეთრ გედებს ფარავს ბნელი ღამე გვირგვინოსანი).
ღამის ვაჟები იქ ელიან ქალს რაგინდრაფერს,

რომ დაატყვევონ და დაანთონ შავი კოცონი,
და მცურავ გედებს _ ბნელ ვაჟებთან შესახვედრები,
ვნებიან ხველით აჩქარებენ ნაზი მხედრები.