დაბრუნება (ტერენტი გრანელი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დაბრუნება
ავტორი: ტერენტი გრანელი


ახლა ვერკვევი და ვიცი ვინ ვარ,
ახლა ქარები სულში მღერიან.
ამ კლდეზე ბევრჯერ წამოვწოლილვარ,
აქ ბევრი ლექსი დამიწერია.

გაღმა დამდგარა ხე ათიოდე,
და იმედებიც ჩემთან არიან.
და სადაც უწინ მე დავდიოდი,
ახლა იქ მხოლოდ ცივი ქარია.

ცაზე ღრუბლები ნელა მიდიან,
მე ვდგავარ მთაზე და მიხარია.
უწინ მზის სითბო სადაც მიგრძვნია,
ახლა იქ მხოლოდ ცივი ქარია.

ახლა ვერკვევი და ვიცი, ვინ ვარ,
ახლა ქარები სულში მღერიან.
ამ კლდეზე ბევრჯერ წამოვწოლილვარ,
აქ ბევრი ლექსი დამიწერია.

რესურსები ინტერნეტში[edit]