დაბრუნება ცხოვრებასთან

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დაბრუნება ცხოვრებასთან
ავტორი: ტერენტი გრანელი


იყო საღამო, გამოთხოვება,
იყო გარშემო ქარის ტრიალი.
მე ვუბრუნდები ახლა ცხოვრებას,
- მომწყინდა ქუჩა და ხეტიალი.

ახლა თოვლია, ღამე დღეს მისდევს,
კმარა ცრემლები, მეყო წამება;
მიწიდან ცამდე სივრცეა ისევ,
მიწიდან ცამდე შავი ღამეა.

ცა სპეტაკია, მთვარე დაბერდა
და ღამით ფიქრი უფრო ხშირია.
ჩემი ცხოვრება გადასხვაფერდა,
ჩემი ცხოვრება სხვანაირია.

რა ვქნა, გამეფდა სულში ჩრდილები
და პოეზია ჩემთვის ფიცია.
ახლა ვმსახურობ, ვემორჩილები
"ახალი სოფლის ექსპედიციას.

იყო საღამო, გამოთხოვება,
იყო გარშემო ქარის ტრიალი.
მე ვუბრუნდები ახლა ცხოვრებას,
მომწყინდა ქუჩა და ხეტიალი.