Jump to content

გული დარდისგან დაითენთება

From Wikisource
გული დარდისგან დაითენთება
ავტორი: ტერენტი გრანელი



გული დარდისგან დაითენთება,
ისევ წინ მინდა, ისევ წინ ვივლი.
განთიადია, - აჰა, თენდება, -
ეზოდან მესმის მამლის ყივილი.

და ვამჩნევ ღამეს, ცამდე აწეულს,
ღმერთო! შეუნდე ჩემს მოღლილ ხელებს.
პირველად ვხედავ მე პატარძეულს,
პირველად ვხედავ კახეთის ველებს.

მე ვარ სოფელში, ჩუმი წამია
და ცაზე მალე გამაფრენს ლექსი.
წუხელ მოვედი, შუაღამეა
და გზიდან ურმის ჭრიალი მესმის.

გულს მივენდობი - ზღვას დაუნდობელს,
გრძნობას ვეყრდნობი როგორც პოეტი.
მომკლა ქალაქმა, ვეწვიე სოფელს,
მე თბილისიდან გუშინ მოვედი.

უწინ გრიგალში ყვავილს ვფანტავდი,
ახლაც ქარები ახლო არიან.
ძვირფასი ქალი არის ფატმანი
და ელო ისევ მეგობარია.

გული დარდისგან დაითენთება,
ისევ წინ მინდა, ისევ წინ ვივლი,
განთიადია, - აჰა, თენდება, -
ეზოდან მესმის მამლის ყივილი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]